"რატომღაც საქსოფონისტად მხოლოდ მამაკაცს წარმოიდგენდნენ და არა სუსტი აღნაგობის გოგოს" - გზაპრესი

"რატომღაც საქსოფონისტად მხოლოდ მამაკაცს წარმოიდგენდნენ და არა სუსტი აღნაგობის გოგოს"

საქსოფონი ჯაზის მოყვარულებისთვის საოცნებო ინსტრუმენტია, თუმცა სხვა მუსიკალური ჟანრის მიმდევრებისთვისაც არანაკლებ საინტერესოა. საქსოფონზე დაკვრის შესწავლას ქალბატონები სირთულეების გამო ერიდებიან. გვანცა გიგიბერიასთვის კი, ბავშვობიდან მოყოლებული, ცხოვრების მეგზურად ქცეულა და დღესაც ცნობილი მელოდიების ორიგინალური ინტერპრეტაციით ხშირად ანებივრებს მსმენელს.

- არიან სხვა საქსოფონისტი ქალებიც, თუმცა - არა ბევრნი. ადვილი არ არის ამ ინსტრუმენტზე დაკვრა. ბევრი უნარი სჭირდება, რომ აითვისო: პირველ რიგში, მუსიკალური განათლება, რიტმი, სმენა, ნოტების კითხვა. გარდა ამისა, საქსოფონი საკმაოდ მძიმეა და ფიზიკურადაც უნდა მოერიო. დიდ ენერგიას მოითხოვს. არსებობს საქსოფონის სხვადასხვა სახეობა: სოპრანო, ალტო, ტენორი, ბარიტონი. ალტო-საქსოფონი ყველაზე გავრცელებულია და ხშირად გამოიყენება პოპულარულ მუსიკაში, საკონცერტო ბენდებში, კამერულ მუსიკაში. ტენორი და ალტო ორი ყველაზე ხშირად გამოყენებული საქსოფონია. თავიდან ტენორზე ვუკრავდი, შემდეგ - ალტო-საქსოფონზე. ხშირად მთხოვენ ვასწავლო, მაგრამ სირთულეების გამო მალევე ანებებენ თავს. სწავლის პროცესში, სხვა ყველაფერთან ერთად, დიდი ნებისყოფაც გჭირდება.

- როგორია თქვენი მუსიკალური ისტორია? როგორც ვიცი, საკმაოდ პატარამ დაიწყეთ დაკვრა.

- დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, ანსამბლ "მზიურში" რომ მივედი - საქსოფონისტი სჭირდებოდათ. მაშინ ეს ინსტრუმენტი საკმაოდ უცხო და იშვიათი იყო. როდესაც მითხრეს, დაკვრა უნდა ისწავლოო, სირთულეებზე არც მიფიქრია. სირთულეები როგორ არ იყო, მით უმეტეს - 8-9 წლის ბავშვისთვის, მაგრამ ყველაფერს მოვერიე. განვითარება ყველა სფეროში სჭირდება ადამიანს, მით უმეტეს - ხელოვანს. ერთი დღეც რომ არ იმეცადინო, მაშინვე აისახება შედეგზე. ამიტომაც მუშაობის მუდმივ პროცესში, სიახლეების ძებნასა და აღმოჩენებში ვარ. ჩემ მიერ შესრულებული ყველა კომპოზიცია არის მსმენელისთვის, რომელიც მოუთმენლად ელოდება, როდის აიტვირთება ახალი ვიდეო სოციალურ ქსელში. მართლაც უდიდესი ემოცია და მუხტი მოდის მათგან, ჩემი კომპოზიციები მათთვის ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია და საპასუხო რეაქციასაც გრძნობენ ჩემგან.

- გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება, კონცერტი.

- პირველი კონცერტი ჯერ კიდევ მაშინ მქონდა ფილარმონიაში, საქსოფონისხელა რომ ვიყავი. პატარაობიდანვე პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მქონდა. სცენაზე გასვლის წინ ყველა არტისტი ღელავს. მეც ვიცოდი, რომ კარგად უნდა დამეკრა და ღელვის გამო არ უნდა გამეფუჭებინა ნომერი. მახსოვს, ფარდა რომ გაიხსნა, სიბნელეში არაფერი ჩანდა, მაგრამ მინდოდა დამეთვალიერებინა, ვინ იჯდა დარბაზში, ვინ მოვიდა ჩემს საგულშემატკივროდ... დღემდე შემომრჩა ჩვევად - სულ ვათვალიერებ დარბაზში მსხდომებს, მაგრამ სცენის შიში, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს, მივეჩვიე. პირველ წარმატებად მივიჩნევ პირველ ალბომს, რომელიც ჩავწერე პანდემიის პერიოდში და კვლავაც გაყიდვაშია. უახლოეს მომავალში მეორე ალბომის ჩაწერასაც ვაპირებ. მინდა, სოლო კონცერტიც დავგეგმო. ყველა ამ სიახლეს მსმენელი ჩემი "ფეისბუკის" გვერდიდან შეიტყობს.

- უკვირთ, როდესაც საქსოფონით გხედავენ?

- ადრე უფრო ხშირად უკვირდათ. რატომღაც საქსოფონისტად მხოლოდ მამაკაცს წარმოიდგენდნენ და არა ასეთი სუსტი აღნაგობის გოგოს. მე რომ მხედავდნენ, უკვირდათ, საიდან ამდენი ენერგიაო?!.

- სხვა გატაცებებიც გქონიათ - ხატვა, ცეკვა...

- აქტიური ადამიანი ვარ და ყველა სფეროში მინდა, თავი მოვსინჯო. ხატვა მიყვარს, თუმცა არასდროს მივლია წრეზე, არ მისწავლია. როდესაც ხატვის განწყობა მაქვს, ვხატავ და "ფეისბუკელ" მეგობრებს ვუზიარებ ხოლმე. მიყვარს ცეკვაც, მუსიკის შექმნა და მოსმენა, თავისთავად, მაგრამ ვასრულებ მხოლოდ იმ კომპოზიციებს, რომლებიც ჩემს გემოვნებაში ჯდება.

- ძირითადად ქართული სიმღერების პოპულარიზაციას ახდენთ, ხომ ასეა?

- პირველ რიგში, მინდა, ქართული სიმღერების პოპულარიზაცია გავწიო. ეს საქსოფონისთვის არადამახასიათებელია, რადგან ჟანრობრივად ჯაზი, ბლუზი და ცნობილი სიმღერების ქავერები სრულდება, მაგრამ ექსპერიმენტების მოყვარული ვარ. მეგრული სიმღერებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - "ვა გიორქო მა" ("არ გიყვარვარ მე") შევასრულე. უცებ გადავწყვიტე, სრულიად ახლებურად და ორიგინალურად ამეჟღერებინა. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ათასობით მსმენელმა მომიწონა. ალბათ იმიტომ, რომ უცხო იყო - მანამდე არასდროს შესრულებულა საქსოფონზე. როდესაც ქართული სიმღერების კვირეულს ვაწყობ, მაშინაც ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს, რაც ძალიან მახარებს. მე ყოველთვის ვქმნი მუსიკას ჩემი მსმენელის პოზიტიური განწყობისთვის.

ნინო ჯავახიშვილი