"ამ ომში იმდენი მეგობარი დავკარგე, არსებობა უაზრობად მეჩვენებოდა" - გზაპრესი

"ამ ომში იმდენი მეგობარი დავკარგე, არსებობა უაზრობად მეჩვენებოდა"

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. 18-დან 51 წლამდე მოქალაქეები ნებაყოფლობით ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებენ და გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტერიტორიული (ტოტალური) თავდაცვის სახელმწიფო პროგრამა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ თემაზე რეზერვისტ ზაირა მიქატაძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ზაირა, სანამ რეზერვში წახვიდოდით, რა შეხება გქონდათ თავდაცვის სფეროსთან?

- ჩემში ჯარისკაცი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ გვარდიელთან ასოცირდება. ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ქართული ჯარი ჩემ თვალწინ იქმნებოდა, ვითარდებოდა. მაშინ რომ გამჩენოდა ჯარისკაცობის სურვილი, კიდეც გავხდებოდი, მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩემი მომავალი პროფესია ყველაფერს მერჩივნა. აფხაზეთის ომშიც ჩემი პროფესიით მოვხვდი, თორემ იარაღთან შეხება საერთოდ არ მქონია. მაშინ ვინ იცოდა ომის კანონი და როცა საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე გავდიოდით, მეომრებისგან განმასხვავებელი სამოსის ნაცვლად, მეც სამხედრო ფორმა მეცვა, "სატინის" ქსოვილისგან შეკერილი. ომის შემდეგ იგი ჩემი წარსულის რელიკვიად იქცა და სასოებით ვინახავდი, სანამ მეზობლის ბიჭმა არ მთხოვა მიმეცა, რომელიც ჯარში ახალგაწვეული იყო. ჯარისკაცს ფორმა არ ჰქონდა და როგორ დავუკავებდი?! ასე რომ, მე ჩაუცმელ ჯარსაც მოვესწარი. აფხაზეთის ომში ბიჭები რომ სამოქალაქო ტანსაცმლითა და საკუთარი ჯინსის შარვლებით იბრძოდნენ, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

მოგეხსენებათ, 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებისას ეროვნული გვარდია ორად გაიყო. ნაწილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას იცავდა, მეორე ნაწილი კი, თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, კანონიერი ხელისუფლების დასამხობად იბრძოდა. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც იმავე აზრის ვარ - ეს იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო და მოღალატეობრივი ფურცელი, რომელმაც ქვეყანა წელში გატეხა. თავდაპირველად სწორედ გვარდიის ეს ნაწილი შევიდა აფხაზეთში და აღმოჩნდა რუსული სამხედრო ძალებისა და შეიარაღებული სეპარატისტების პირისპირ. მტერს, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში პუტჩი მოაწყო, ქართველი ხალხის ერთობა არც ამჯერად აძლევდა ხელს და ამუშავდა კრემლის აგენტურაც. ქართული ჯარი აფხაზეთში საძარცვავად და საყაჩაღოდ წავიდაო, ხშირად მოისმენდით მოარულ ხმებს. როგორ არ მინდოდა, ასე ყოფილიყო!.. საკუთარი ჯარის იმიჯზე ფიქრი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც მე აფხაზეთის ომში წასვლა მაიძულა. პატარა გოგო არ ვყოფილვარ, 22-23 წლის გახლდით, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა ომის კადრების ნახვა და აღწერა. ჩემს კალამს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: მეწერა ახალბედა ქართული ჯარის რეპუტაციის შემლახავი დეზინფორმაციის წინააღმდეგ და გადმომეცა ომის ისტორიები. "მძარცველებისა" და "ყაჩაღების" ნაცვლად იქ ვნახე თავგანწირვითა და სიმამაცით გამორჩეული ქართველი მეომრები. როცა ამდენ თავდადებულ მებრძოლს ვხედავდი, საკუთარ სიცოცხლეზე ფიქრის მრცხვენოდა. ამ ომში იმდენი მეგობარი დავკარგე, არსებობა უაზრობად მეჩვენებოდა, მაგრამ ისევ და ისევ მათი სახელებისა და საქმეების უკვდავსაყოფად ძალები მოვიკრიბე და ცხოვრება გავაგრძელე. მუდმივად ვეძებ უსახელო გმირებს და ვწერ მათ ისტორიებს. ამ საქმისთვის დავაფუძნე და გამოვეცი სამხედრო-პატრიოტული ჟურნალი "მეციხოვნე", სადაც სწორედ ასეთი გმირები არიან თავმოყრილი. სულ ეს არის ჩემი შეხება თავდაცვის სფეროსთან.

afxazetis-omi-copy-1652427719.jpg

- აქტიურ სარეზერვო სამსახურში როგორ მოხვდით?

- მთელი სიცხადით ვგრძნობდი, მეტი შემეძლო გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე ვაკეთებდი. ხშირად ვაწყობდი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მხარდამჭერ და წამახალისებელ ღონისძიებებს. 2013 წელს თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით განვახორციელე პროექტი სახელწოდებით - "წერილები ავღანეთიდან". სოლიდარობის ნიშნად ღონისძიებაზე ყოველთვის სამხედრო ფორმით მივდიოდი. სამხედრო ფორმისა და ფორმიანის სიყვარული და პატივისცემა ეროვნული გვარდიის შექმნის დღიდან მომყვება. ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა მოვინდომე, თავადაც ჩამეცვა ფორმა.

როდესაც აფხაზეთის ომში ტამიშის დესანტის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოვჩნდი, მივხვდი, მამაკაცების გვერდით მეომარი ქალები სიმამაცისა და გამბედაობის წყარო იყო. ამიტომაც ვთვლიდი - ქართულ ჯარში რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა ყოფილიყო. ახლახან 202-ე ბატალიონის 30-მა რეზერვისტმა სწავლების საკმაოდ რთული კურსი გავიარეთ. ხშირად მიხდებოდა პარალელების გავლება აფხაზეთის ომის სიტუაციებთან და თავს იმით "ვიმხნევებდი", რომ მაშინდელისგან განსხვავებით, ამჯერად არც ერთი ჩვენგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. სულ ორი ქალი ვიყავით - მე და თეა შარაშიძე. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ, ბიჭები ცოტას მაინც წაიწუწუნებდნენ. მოკლედ, რეზერვში ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, ჩემი გამოცდილებითა და ასაკით სხვებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის მაგალითის მიცემა, რომ სამშობლოს დაცვის მოვალეობამ ასაკი არ იცის, შემდეგ კი - ჩემი ბიჭების საფლავებთან მათთვის მიცემული სიტყვა, რომ მათ შეწყვეტილ საქმეს მე გავაგრძელებდი. მე ამ სიტყვის შესრულების შესაძლებლობა მომეცა რეზერვში. უფალმა მაზიარა უნეტარეს წუთებს, როდესაც ფიცი დავდე სამშობლოს წინაშე, თუმცა გული ცრემლით მქონდა სავსე: მე ფიცს ვდებ და ჩემი ბიჭები მიწაში ქრებიან-მეთქი...

ვიდრე პირველ შეკრებაზე წავიდოდი და კონტრაქტს გავაფორმებდი, წინა ღამით პოსტიც კი დავწერე ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე, სადაც მთელი ჩემი ემოცია გადმოვეცი: "ხვალ ჯარში მივდივარ..."

კაცმა რომ მკითხოს, რატომო? - პასუხი ბევრია. რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, ნაბიჯიც არ გადამიდგამს სახელმწიფოს ინტერესებისგან განკერძოებით. მერგო პატივი და მონაწილეობა მივიღე ჩემი ქვეყნის ერთიანობის დაცვაში. ახლა კი საშუალება მეძლევა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; მოვიხადო სამხედრო ვალდებულება სამშობლოს წინაშე. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის და ყოველთვის მჯეროდა, დადგებოდა დრო და ჯარისკაცის ამპლუასაც მოვირგებდი. ასე რომ, მართლაც არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს" და არც შესაძლებლობებზე დაიჩივლო, რადგანაც მას დიდი მონდომება აჩენს, მონდომება, სურვილი და მიზანი. ჩემი მიზანი კი ისაა, ბოლომდე დავიხარჯო, ბოლომდე დავიწვა, ბოლომდე ამოვწურო საკუთარი თავი და ეს ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. კარგა ხანია, წლებს აღარ ვუყურებ და იგი მხოლოდ წელთაღრიცხვაა და სხვა არაფერი. წლები ჩემთვის წარსულზე მეტად, გამოცდილებაა - გამოცდილება, რომელიც ახლის შექმნაში მეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცხო არაა ყაზარმა, დენთის სუნი და ტყვიის წუილი, მაინც მგონია, რომ სრულიად განსხვავებული ეტაპი დგება ჩემს ცხოვრებაში, სადაც არ მაქვს არათუ დაღლის, არამედ წელში მოხრის უფლებაც კი, რადგანაც მტერმა მხოლოდ მხრებგაშლილი და წელგამართული უნდა გნახოს. ეს განცდა მქონდა მაშინაც, როცა ომში მივდიოდი, როცა თოფის ხმის მეშინოდა და არც თვითმფრინავში ვიყავი ნაჯდომი. სხვათა შორის, მკვდარსაც არ ვიყავი შენახები... მერე იყო პირველი ცრემლები ომში შეძენილი მეგობრების ცხედრებზე. მერე იყო ჩუმად დადებული ფიცი მათ კუბოებთან, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებდი. ხვალიდან ამ ფიცის განხორციელების შესაძლებლობა მეძლევა, რისთვისაც ასიათასჯერ ვმადლობ უფალს... ხვალ ჯარში მივდივარ... თუმცა არ ვიცი, რა ჰქვია ამას - წარსულში დაბრუნება თუ დაბრუნება წარსულიდან...

- პროგრამა კონკრეტულად რას ითვალისწინებს?

- ტოტალური თავდაცვის კონტექსტში რეზერვი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. რეზერვისტები ჩვეულებრივ გადიან ჯარისკაცის საბრძოლო მომზადებას. რეზერვის სამსახური თანდათან ფართოვდება და შედეგი ის იქნება, რომ პირველ რიგში გაიზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. გარდა იმისა, რომ რეზერვი კონფლიქტურ სიტუაციებში იქნება ჩართული, იგი დაეხმარება მოსახლეობას სტიქიური უბედურებების დროსაც. აქტიური რეზერვის ფარგლებში ტერიტორიული რეზერვის განვითარებით რეგიონს ეყოლება თავისი მცველები. პირადად მე, თბილისის მასშტაბით ვირიცხები ტერიტორიულ რეზერვში და ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადის ბატალიონის ასეულში ვმსახურობ.

miqatadze-axvlediani-copy-1652427706.jpg

- რა პირობებში მსახურობთ?

- სამსახურს საწვრთნელ ბაზაზე გავდივართ. ნორმალური პირობებია. ყოველ შემთხვევაში, პირობების გამო სწავლებაში ნამდვილად არ გვეშლება ხელი. როგორც გვპირდებიან, მალე საგურამოში გადაგვიყვანენ, სადაც ბაზის გარემონტება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. გვყავს არაჩვეულებრივი მეთაურობა და კარგად მომზადებული ინსტრუქტორები, რომლებიც ცდილობენ, მთელი თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაწვრილებით გადმოგვცენ და გაგვიზიარონ. რაც მთავარია, რეზერვისტები მოტივირებული და მონდომებული არიან. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა მათ გვერდით სამსახური. აქვე მინდა აღვნიშნო: წელს პირველად, თავდაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში რეზერვისტთა ქვედანაყოფმაც მიიღო მონაწილეობა, რაც მისასალმებელია და ყველა რეზერვისტისთვის სასიხარულო ფაქტია. კარგი იქნება, თუკი ეს ტრადიცია დამკვიდრდება და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გვარდიის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებებშიც ჩაგვრთავენ. თავდაცვის უწყების ასეთი მიდგომა რეზერვის სამსახურის იმიჯს კიდევ უფრო ამაღლებს და მეტ სერიოზულობას სძენს. გარდა ამისა, საზოგადოებაში მის პოპულარიზაციასაც ეხმარება.

- ამ პროცესს დამსაქმებლები რამდენად უწყობენ ხელს?

- პირადად მე, ამის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, რადგან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ და ჩემი სამსახური თავისთავადაა ჩართული რეზერვის პროგრამის საინფორმაციო კამპანიაში. ესეც რომ არ იყოს, ჩემი ხელმძღვანელები მაღალი რანგის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და მეომრები არიან, მათზე უკეთ არავინ იცის სამხედრო სამსახურის როლი და ფასი... ახლახან ჩვენი ბატალიონის პირველმა ასეულმა საჩვენებელი სწავლება გამართა, სადაც მათი დამსაქმებლებიც იყვნენ მიწვეული. იმედია, დაინახეს და დააფასეს თავიანთი თანამშრომლების ძალისხმევა, მონდომება და ენთუზიაზმი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში და ამიერიდან შეუფერხებლად გამოუშვებენ რეზერვის შეკრებებსა თუ სხვადასხვა სწავლებაზე. საერთოდ, ქვეყანას და მით უმეტეს ჩვენ, რაც მეტი სამხედრო საქმის მცოდნე გვეყოლება, მით უფრო დაცულად იგრძნობს თავს თითოეული მოქალაქე.

გელა მამულაშვილი