შვილიშვილისთვის შექმნილი სათამაშოები - გზაპრესი

შვილიშვილისთვის შექმნილი სათამაშოები

დაახლოებით 50 წლისამ შვილიშვილს შეუკერა პირველი თოჯინა და მერე უკვე სხვებს, ვისაც მოეწონა. ასე იქცა მუსიკის პედაგოგისთვის გატაცება საქმედ, რომლის კეთებაც სიამოვნებას ანიჭებს. მზია ფილფანი წარმოშობით გალიდან არის და, ბუნებრივია, გვერდი ვერ ავუარეთ აფხაზეთზე საუბარს.

- აფხაზეთიდან ვარ, გალის რაიონიდან. ამჟამად წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში ვცხოვრებ. დედა მყავს ჯვარელი და ამიტომ ომის შემდეგ აქეთ წამოვედით. მაშინ 21 წლის ვიყავი და 2 შვილი უკვე მყავდა. დიდი გულისტკივილი და სიყვარული მაკავშირებს იქაურობასთან ტყუპისცალი ძმა გარდამეცვალა, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. 21 წლის იყო, ერთი ბიჭი დარჩა, 9 თვის. ჩემი ძმის გარდაცვალებიდან 4 თვეში მოგვიხდა წამოსვლა, მისი საფლავი იქ დავტოვეთ. 5 თვის განმავლობაში ოჯახის 5 წევრი დავკრძალეთ, კარგს ვერაფერს ვიხსენებ იმ წლებიდან. არადა, როგორი ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. 5 და-ძმა ვიზრდებოდით მშობლებთან, ბებია-ბაბუასა და მამიდასთან ერთად. დღეს გადამწვარია ჩვენი ეზო-კარი, მარტო კედლებიღაა დარჩენილი, არავინ ცხოვრობს. როდესაც წამოვედით, მაშინ ჩემი უფროსი გოგო 2 წლისაც არ იყო, მეორე - 7 თვის. მერე, თანდათანობით დაიწყო ხალხმა შესვლა და დაბრუნება და ჩემი დედამთილ-მამამთილიც დაუბრუნდა თავიანთ საცხოვრებელს. როგორღაც ჩვენც ვახერხებდით ხოლმე წასვლას, წელიწადში 5-6 ჯერ მაინც. ის პერიოდი უკვე კარგად ახსოვთ ჩემს შვილებს, დიდი სიყვარული იგრძნეს მაშინ თავიანთი მიწა-წყლისა, ფესვებს ვერაფერს ვერ უხერხებს ადამიანი, მაინც ვერ ივიწყებს, ხომ იცით.

279491523-530082878556542-419732752470387814-n-1652427873.jpg

- მუსიკის პედაგოგი ყოფილხართ, თუ მუშაობთ თქვენი პროფესიით?

- სტავროპოლის მხარეში, კარაჩაევსკში დავამთავრე დაწყებითები და შემდეგ უკვე მუსიკალურიც. 12 წელია ვმუშაობ საბავშვო ბაღში და ვთვლი, რომ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს.

- ამ სიყვარულმა ხომ არ გიბიძგათ ახალი საქმიანობისკენაც?

- 3 წლის შვილიშვილი მყავს, გოგონა და პირველი თოჯინა სწორედ მისთვის გავაკეთე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ შარშან, რადგან წითელი ხარის წელიწადი იყო, მოვინდომე საახალწლოდ მეყიდა პატარა ხარი. ბაზრობაზე რაც ვნახე, უხარისხო იყო, ფასიც არარეალური ჰქონდა და ვიფიქრე, მოდი, სახლში რა მასალაც მაქვს, ვცდი, თუ გამომივა-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ისეთი კარგი გამოვიდა, ჩემს შვილიშვილს ხომ მოეწონა და წამართვა და ვინც ნახა, ყველამ მთხოვა, ჩემთვისაც გააკეთეო. მართლაც საჩუქრებად გავაკეთე კიდევ რამდენიმე. შემდეგ ვიფიქრე, იქნებ თოჯინაც კარგი გამოვიდეს, შვილიშვილს გავახარებ-მეთქი. პირველ თოჯინას „მახინჯულა“ დავარქვი, იმდენად მახინჯი იყო, მაგრამ საყვარელი. მერე გადავაკეთე ის თოჯინა, რასაც დღემდე ვნანობ. მეორედ უკვე ძალიან ლამაზი გამოვიდა და აზარტში შევედი. 1 თოჯინას 10 დღე რომ სჭირდებოდა, 4-5 დღეში ვამთავრებდი, დღე და ღამე გასწორებული მქონდა, ვერ ვიძინებდი ჯერ საქმის გამო და მერე სიხარულით, ეს რა ლამაზი თოჯინა შევქმენი-მეთქი. ბევრჯერ ღამე ავმდგარვარ ჩემი ნაკეთობისთვის რომ შემეხედა, იმდენად მომწონდა და მსიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდი. პირველ ეტაპზე ნაკლი ალბათ ბევრი ჰქონდა ჩემს თოჯინებს, მაგრამ მე მაინც მომწონდა, თანდათან ტექნიკა დავხვეწე. იუთუბიში ბევრი ვიდეოა, თუმცა პრაქტიკაში უფრო მეტს სწავლობ. ბოლოს ისე ვიყოჩაღე და იმდენი ვიმუშავე, რომ მყესი დამეჭიმა და ექიმმა რამდენიმე თვით ამიკრძალა თოჯინების კეთება. ასე რომ, ახლა იძულებითი შესვენების პერიოდი მაქვს.

საკმაოდ შრომატევადია, მხოლოდ თმის კეთებას 3-4 საათი სჭირდება. ფეხსაცმელსაც დაახლოებით ამდენივე, ყველაზე რთული მაინც ფეხების მიბმაა, რადგან სიმეტრია თუ არ დაიცავი და მილიმეტრითაც ააცილე ზევით-ქვევით, თოჯინა ვერც დადგება და ვერც დაჯდება. ჩემი თოჯინების ხელებიც მოძრაობს, ფეხებიც და თავიც, სიგრძით დაახლოებით 45-დან 55 სანტიმეტრამდეა. სხვათა შორის, მხოლოდ პატარებს არ მოსწონთ ჩემი თოჯინები. ნაბოლარა ბიჭი სამედიცინოზე სწავლობს და საჩუქრად ხშირად მაკეთებინებს ხოლმე თოჯინა ექიმებს.

279897594-495555818965164-7993459333616978360-n-1652427899.jpg

- დიზაინერიც თავად ყოფილხართ.

- ტანსაცმელსაც თვითონ ვუკერავ და ფეხსაცმელსაც. ჩემი შვილი მეუბნება, იქნებ საბავშვო ფეხსაცმლის კერვაზეც გეფიქრა, იმდენად კარგები და უცხოებიაო. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვიცი, მაგრამ ბოლომდე არაფერი-მეთქი - ვკერავ, ვქარგავ, ვხატავ. ხეზე მუშაობაც ძალიან მიყვარს, მაგრამ პატარა ბინაში ყველაფერს ერთად ვერ ვახერხებ. ჩემი ეზო რომ მქონდეს, რატომღაც მგონია, კიდევ უფრო ბევრ რამეს გავაკეთებდი.

- მასალად რას იყენებთ?

- ნატურალურ ტყავს, ქსოვილებს. თვითონ თოჯინა ნაჭრისგან იკერება და იტენება სინდიპონით. ქსოვილებიც ნატურალურია და არც საღებავებს ვიყენებ, თმას საქსოვი ძაფით ვუკეთებ და ამიტომ თოჯინები ბავშვებისთვის უსაფრთხოა. შეკვეთა ბევრი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, ჯერ ვერ ვმუშაობ. ერთი სული მაქვს, როდის გამოვკეთდები. ყოველდღიური რუტინისგან ხომ ვისვენებ, საკუთარი შესაძლებლობისა და თავის რეალიზების საშუალებაცაა და თან შემოსავლის წყაროც.

ნინო ჯავახიშვილი