ბებია, გურულები და ლეგენდები
"წლების განმავლობაში არაერთ ისეთ პიროვნებასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს", - ამბობს ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე. ის გვიამბობს ლატვიელ ბებიაზე, რომელიც მისთვის ცხოვრების წესით, დიდი სიყვარულითა და გულწრფელობითაა სამაგალითო; მოგვითხრობს გურული ქალბატონის საოცარ ამბავს და იხსენებს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, ერთდროულად სიდიადითა და თავმდაბლობით გამორჩეულებს.
ლატვიელი ბებია და გურული ჩახუტება
- პირველი ადამიანი, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ, არის ბებია აინა. ის ლატვიელია, წელს 80 წელი შეუსრულდა, გურიაში ცხოვრობს. საქართველოზე ვგიჟდები, ჩვენი სამშობლოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაშინაც იგივე იქნებოდა, ქართველად რომ არ დავბადებულიყავი, რადგან ბებიამ ამის ძალიან დიდი მაგალითი მომცა. მან შვილები ლატვიაში გააჩინა, მაგრამ თავის დროზე თქვა, - მინდა, ჩემმა შვილებმა იმ ქვეყანაში იცხოვრონ, საიდანაც ჩემი ქმარია; მინდა, მშობლიური ენა ისწავლონო და საქართველოში წამოიყვანა. მთელი ბავშვობა გურიაში, ბებიასთან გავატარე. ცოტათი "არაქართული" ცხოვრება გვქონდა.
- რას გულისხმობ?
- "გერმანული წესით" ვიზრდებოდით. კვების დრო განსაზღვრული იყო, ოჯახში მკაცრად გაწერილ "კანონებს" ვემორჩილებოდით, აუცილებლად უნდა მიგვეღო ხილი, წაგვეკითხა წიგნები. ბებიას მეზობლებთან ურთიერთობა სულ სხვა ხარისხში ჰქონდა აყვანილი. საქართველოს შესახებ სულ მეუბნებოდა, რომ ეს ქვეყანა არის უნიკალური, ძალიან დიდი კულტურის მატარებელი... როცა მთელი ბავშვობა ამას გიმეორებს ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში არ დაბადებულა, არის საოცრება. ბებიასთან ურთიერთობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. გურიაში რომ ჩავდივარ, მასთან ერთი ჩახუტებითაც კი უდიდესი ენერგიით ვივსები. მან ქართული ანბანი და ლაპარაკი ისწავლა. ჩვენთვის არასდროს უთხოვია, მისი მშობლიური ენა გვესწავლა. ბებია დღესაც გიჟდება ბაბუაზე, დღემდე ფლირტაობენ და ერთმანეთისადმი საოცარი სიყვარული აქვთ. როცა მათ ვუყურებ, ვხვდები, რას ნიშნავს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. ისინი არავის სივრცეში არ იჭრებიან, თითქოს უბრალო დეტალია, მაგრამ ჩვენთან არ არსებობს შემთხვევა, შენი ოთახის კარი ვინმემ კაკუნის გარეშე შემოგიღოს. ბებია არის პირდაპირი, სიყვარულს ყოველთვის საქმით და მხარში დგომით გიმტკიცებს. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ადამიანებს სხვისი სიხარულის გაზიარება გულწრფელად შეეძლოთ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა.
ყოველთვის მარიგებდა: გულში შური არ გქონდეს, სხვისი ბედნიერება გულწრფელად გიხაროდეს, რადგან ამაზე დიდი ბედნიერება არაფერიაო. სხვისი არაფერი მოგინდეს, არც შეგშურდეს, კარგად ისწავლე, ბევრი იშრომე და ეს მონდომება სამყაროსგან აუცილებლად დაგიფასდებაო. ბებიას ძალიან უნდოდა, ჯვარი დაეწერა, რამდენიმე წლის წინ, მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარი დაიწერეს.
- მათი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
- ბაბუა მეზღვაური იყო, კაპიტნის თანაშემწე. ბებია ლატვიაში გაიცნო, ერთმანეთი მოეწონათ. ბებიას იასამანი უყვარს, ბაბუას ძალიან დიდი თაიგული მიურთმევია, მოუხიბლავს და მალე დაქორწინებულან. ბაბუა დიდ გაჭირვებაში გაიზარდა, მამა II მსოფლიო ომში დაეღუპა.
- ლატვიელ ნათესავებთან ურთიერთობა გაქვთ?
- ბებიას ლატვიაში 5 და და 1 ძმა ჰყავს. საქართველოში პოლიტიკური ვითარება რომ აირია, ერთმანეთთან ხშირად ვეღარ ურთიერთობდნენ. ნათესავებთან ურთიერთობა აღვადგინე, იქ ოჯახები ისე ჩახუტებულები, როგორც ჩვენთან ხდება, არ არიან. 5 წლის განმავლობაში მიმოწერა გვქონდა, შევარდნაძის პერიოდი იყო და აქ ჩამოსვლის ეშინოდათ. პირველად რომ ჩავედი და დიდ ბებიასთან მივედი, მან მითხრა, როგორ უამბობდა ბებია ჩემ შესახებ დედამისს. ეუბნებოდა, რომ ის ბედნიერია, რომ ჩემით ამაყობს. ჩემთვის ამ სიტყვების მოსმენა ძალიან ამაღელვებელი იყო, ცრემლი წამომივიდა. ეს ჩემთვის აქ პირადად არასდროს უთქვამს.
ბებიას თვალზე ცრემლი არასდროს მინახავს, ამის დიდი კულტურა აქვს. თავის ოთახში შეიძლება იტიროს, მაგრამ ამას ისე აკეთებს, არავის ენახვება. თუ ჰკითხავ, - ბებო, რამე პრობლემა ხომ არ არის? - აუცილებლად გიპასუხებს: არა, ყველაფერი რიგზეაო. ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა ურთიერთობაში ვიყავი ადამიანთან, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. მოგეხსენებათ, ამ თემისადმი ხალხის, ოჯახების დამოკიდებულება როგორია. ბებიამ ერთი შეკითხვა დამისვა: შენ ბედნიერი ხარ? მე ვუპასუხე, - ძალიან. ეს მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი იყო.
- ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, როგორ ფიქრობ, რას გეტყვის?
- (იცინის) ზუსტად ვიცი, თავის საყვარელ გულში დიდ სიხარულს იგრძნობს, მე კი მხოლოდ ამ სიტყვებს მეტყვის: ბებია, წავიკითხე, დიდი მადლობა.
- გურულ წეს-ჩვეულებებთან, ხასიათთან შეგუება არ გაუჭირდა?
- ერთხელ ვკითხე, - საქართველოში რომ ჩამოხვედი, ყველაზე მეტად რამ გაგაოცა-მეთქი? - ბაზარში რომ შევედი, ვნახე, ტანსაცმელს კაცები ყიდდნენ, ეს არ არის კაცის საქმეო. გავიკვირვე, რატომ-მეთქი? - კაცს ისეთი დიდი ძალა აქვს, ტანსაცმელს რატომ უნდა ყიდდეს, მას ხომ სხვა ბევრი საქმის გაკეთებაც შეუძლიაო. გურულ ხასიათს მან თავისებური თვისებები შესძინა. ბებია სულ მოწესრიგებულია. არ არსებობს, სახლიდან ისე გავიდეს, არ გამოიცვალოს, პომადა მაინც არ წაისვას. არასდროს დაავიწყდება მოგილოცოს დაბადების დღე ან დღესასწაული, ძალიან ყურადღებიანია.
ლეგენდები
- ამერიკიდან რომ დავბრუნდი, ჩვენი ცოცხალი ლეგენდების გადაღება დავიწყე, ამით მათდამი დამოკიდებულებას გამოვხატავდი. კახი კავსაძე მაშინ გავიცანი, როცა ამერიკაში იმყოფებოდა, ფილმში იღებდნენ. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მივედი, მისდამი გულწრფელი სიყვარული, პატივისცემა გამოვხატე. შეიცხადა - ვა! მართლა მეუბნებიო?! ამ ადამიანმა თავმდაბლობით გამაოცა. მისი არტისტიზმი, ხელით საუბრის მანერა იყო ძალიან დასამახსოვრებელი. ბოლოს რუსთაველზე შევხვდი, ქუჩაში დავინახე და დავედევნე, ისევ სიყვარულში გამოვუტყდი. ჩაფიქრებული ჩანდა. გამიღიმა: - მადლობა ამ სიტყვებისთვის, არც კი იცი, როგორ მჭირდებოდაო.
ახალ თაობას ისე აქვს თავზე "გვირგვინი დადგმული", თავმდაბლობა საერთოდ აღარ გააჩნია. ადამიანს ამბიცია უნდა ჰქონდეს, ჯარისკაცი გენერლობაზე უნდა ოცნებობდეს, ეს ლოგიკურია, მაგრამ პირდაპირ გენერლობაზე რომ ოცნებობ, ჯარისკაცი როდის იყავი?.. ამას ვერასდროს გავიგებ.
ამერიკაში უილიამ დეფოს სამჯერ შევხვდი. მეგონა, ამ დონის ვარსკვლავი არც კი დამელაპარაკებოდა, მაგრამ... ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს დიდხანს ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს, საქართველოს შესახებ ვუამბობდი. მითხრა, ახლა როლის ტექსტი უნდა გადავიკითხო, რამდენიმე წუთი მადროვე და ვილაპარაკოთო. მეგონა, დავავიწყდებოდი, მაგრამ... დიდი ადამიანები, რამდენადაც პოპულარულები, იმდენად ადამიანობით გამორჩეულები არიან.
არასდროს დამავიწყდება მურმან ჯინორიასთან, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრები.
თემურ წიკლაურმა თურქული ყავა მომიდუღა, "ჩხიკვთა ქორწილისთვის" ემზადებოდა, გვირგვინები გამოიტანა, თმას იჩეჩდა, მეკითხებოდა, ეს გვირგვინი მომიხდება თუ ესო?..
ახლახან გურამ პეტრიაშვილთან ვიყავი. გადაღება მინდოდა, უსაყვარლესია, სანტა-კლაუსივით.
ეს ადამიანები აღარავის ახსოვს, ტელევიზიებმა ისეთი პიროვნებები წამოსწიეს, ასეთი ლეგენდები ჩრდილში მოექცნენ.
არასდროს დამავიწყდება დღე, როცა მამუკა ჩარკვიანთან მივედი. დიდხანს ვისაუბრეთ, მერე ფორტეპიანოსთან მივიდა, კლავიშებს შეეხო, სიმღერა მომანდომეო. მისმა მეუღლემ მითხრა, იცი, მამუკას ძალიან დიდი ხანია, აღარ უმღერიაო...
გული მწყდება, გელა ჩარკვიანის გადაღება რომ ვერ მოვასწარი. შეთანხმებული ვიყავით. რომ დავურეკე, ცოტათი შეუძლოდ ვარო და შეხვედრა გადამიდო. მალევე გარდაიცვალა.
ნინო ქათამაძე კი ის ადამიანია, ვინც უდიდესი სტიმული მომცა. ჩემი ფოტო საიუბილეო კონცერტის ბანერად პირველად მან გამოიყენა. ეს გარდამტეხი ამბავი იყო, მივხვდი - საქმე უნდა გამეგრძელებინა.
"ეს ხომ განსხვავებული ამბავია"
- ზაქარია, ალბათ ისეთი ადამიანებიც შეგხვედრია, ერთი ნახვით, ერთი ამბით დიდი შთაბეჭდილება რომ მოუხდენიათ.
- ახლახან ერთ რუსს შევხვდი, მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. ინგლისურად მელაპარაკა, მადლობა მითხრა და თან უდიდესი სინანული გამოთქვა. 2008 წელს, ომი რომ დაიწყო, ხმა არ ამოვიღე, თქვენ წინაშე დამნაშავე ვარ, საქართველომ მიმიღო და ქართველები მხარში ამომიდგნენო. ისეთი სინანული ჰქონდა, იქით ვამშვიდებდი. მითხრა, თქვენ რაც უნდა გამიკეთოთ, ყველაფრის ღირსი ვარო...
ბოლოს ერთი გურული ამბავი მინდა მოგითხროთ. გურია საოცარი კუთხეა, გაივლი სოფელში, ბოსტანში მუშაობს ქალბატონი, ეტყვი, თავისი ცხოვრების შესახებ მოგითხროს და, ფილმის სიუჟეტივით ამბებს მოგიყვება.
ერთი ქალბატონი ქმარს გაშორებია. იმ პერიოდში ოჯახის დანგრევა წარმოუდგენელი ამბავი იყო. ქმარი იმდენად აუტანელი ხასიათის კაცი ყოფილა, ქალს დედამთილი თან წამოუყვანია. გაიხსენა, მე და ჩემი დედამთილი აგურს ხელით ვჭრიდით და სახლი ისე ავაშენეთო. მიუხედავად იმისა, რომ მის დროს გამოთხოვილ ქალს სხვაგვარი თვალით უყურებდნენ, თურმე მას ვერავინ შებედა მეორედ გათხოვებაზე დალაპარაკება. ყოფილი დედამთილი სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩენილა. ეს ხომ განსხვავებული ამბავია. საერთოდ, ქალის სიძლიერე ცალკე თემაა. ემიგრანტებზე ხშირად ვფიქრობ, - რამდენი რამ შეძლეს, რამდენი რამ გადაიტანეს!.. როგორ შეიძლება, ეს არ დაინახო, არ დააფასო, თითოეულ მათგანს მადლობა არ უთხრა, არ მიეფერო?!.
თამუნა კვინიკაძე