"პრეზიდენტს ყველა სამართლებრივი საფუძველი აქვს, დეკანოზი მამალაძე შეიწყალოს" - გზაპრესი

"პრეზიდენტს ყველა სამართლებრივი საფუძველი აქვს, დეკანოზი მამალაძე შეიწყალოს"

მიხეილ სააკაშვილის სკანდალური პატიმრობის ფონზე, ცოტა არ იყოს მეორე პლანზე გადავიდა მამა გიორგი მამალაძის საქმე, რომლის ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობაზე არაერთხელ გვსმენია. ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას მივმართეთ.

- ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყებ, რადგან ამ წუთში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მარჯვენა კიდურები გაჩერებული, პარალიზებული აქვს, ოღონდ ეს დღევანდელი მოცემულობა არ არის - მესამე წელია, ამ მდგომარეობაშია (ხუთ-ნახევარი წლის წინ დააპატიმრეს). ეტლით გადაადგილებასაც ვერ ახერხებს; როცა მასთან ციხეში შევდივარ, ე.წ. საკაცით გამოგვყავს...

ეს არ არის ციხე კლასიკური გაგებით, უფრო საავადმყოფოა. მეორე მხრივ, პრაქტიკულად, არანაირი საშუალება არ არის, რომ პაციენტი განიკურნოს. კიდურების აღსადგენი სხვადასხვა თერაპია აქ უბრალოდ არ არსებობს. ეს არა ცარიელი სიტყვები, არამედ მწარე რეალობაა - მისი ჯანმრთელობის მხრივ არანაირი წინსვლა არ შეინიშნება. პირიქით, კიდურები ამდენი უმოძრაობისგან დავიწროებას იწყებს - ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

- სამართლებრივ მხარეზე რაიმე ახალი თუ გაქვთ სათქმელი?

- ამ ადამიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარდგენილი ჰქონდა, რომელიც 16-დან 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, შემდგომ სრულ გამართლებას ვითხოვდით. სასამართლომ ეს ვერ გაბედა (საქმეში მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული), მცირე ნაბიჯი გადმოდგა იმ თვალსაზრისით, რომ კვალიფიკაცია 108-ე მუხლით შეცვალა - შესაბამისად, სასჯელად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ, სადაც აქტიური სამართლებრივი ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული ის უკანონო ნორმები (მუხლები), რომლითაც ამ საქმეზე დაცვის უფლება შეიზღუდა. საკონსტიტუციოში საქმის განხილვა დასრულებულია და გადაწყვეტილების გამოცხადებას ველოდებით.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის გადავადებას, სამწუხაროდ, ამას სასამართლო ვერ ბედავს. არადა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაიზიარა პოზიცია, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა ნამდვილად მძიმეა, მაგრამ სასჯელის გადავადება ვერ გაბედა და თქვა, ციხის კლინიკის პირობებში განკურნება შესაძლებელი არისო. ამ ფონზე, სამი წლის თავზე, დეკანოზი არათუ არ განკურნებულა, მდგომარეობა გაუარესებული აქვს.

- საკონსტიტუციო სასამართლოსგან რა გადაწყვეტილებას ელოდებით?

- ხაზს ვუსვამ, რომ გასაჩივრებულია კონკრეტულად იმ ნორმების არაკონსტიტუციურობა, რომლითაც დაცვის უფლება შეიზღუდა. შესაბამისად, ჩვენი სარჩელი მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხება, ყველა იმ რეზონანსულ საქმეს უკავშირდება, რომლებშიც სახელმწიფო დაცვის უფლებას ზღუდავს, მათ შორის, გაუთქმელობის ვალდებულებით და კიდევ სხვა, დამატებითი ნორმების უკანონო გამოყენებით. ეს იქნება უდიდესი ცვლილება ქართულ მართლმსაჯულებაში, რომელიც, რასაკვირველია, უპირველესად გიორგი მამალაძის საქმეს შეეხება. ამ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი მოსამართლე განიხილავდა. ერთადერთი, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებდა საკონსტიტუციო სასამართლოში, მანანა კობახიძე იყო. იმის გამო, რომ სახელმწიფო ინტერესი ძალიან მაღალი გახლდათ, მან მოითხოვა, დასრულებული საქმე დიდ პალატას გადასცემოდა ანუ ე.წ. პლენუმს, სადაც უკვე ცხრა მოსამართლეა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაინიშნენ და სახელისუფლებო ინსტიტუტების მიმართ მოწყვლადი არიან. მოკლედ, ერთხელ უკვე დასრულებული საქმე დიდ პალატას გადაეცა. განხილვა თავიდან დავიწყეთ, ახლა დავასრულეთ ეს პროცესი და გადაწყვეტილებას ველოდებით.

- სტრასბურგის სასამართლოსგან რა მოლოდინი გაქვთ?

- დეტალურად განხილვა ამ ეტაპისთვის მართებულად არ მიგვაჩნია. ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოს მკაცრი კრიტერიუმები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოებაში არ იღებს - მასში მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძვლები უნდა დაინახოს. სტრასბურგმა გიორგი მამალაძის საქმე განხილვაში მიიღო, რაც უკვე პირველი გამარჯვებაა. შიდა დეტალებზე საუბარი სტრატეგიულად გამართლებული არ იქნება.

- დღეს საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია როგორია?

- მინდა, „გზის“ მკითხველმა ჩვენი პოზიცია სწორად გაიგოს. ყველა ადამიანისადმი, ვინც სხვადასხვა დროს საქართველოში უკანონოდ დაიჩაგრა, თანაგრძნობა გამოხატეს კოლეგებმა - ეს იყო სპორტსმენი, ხელოვანი, მუსიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე თუ სხვა. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც საკუთარი კოლეგა, სულიერი ძმა გაწირა, ეს იყო საპატრიარქო, რომელმაც დეკანოზის დასაცავად აბსოლუტურად არაფერი გააკეთა; უფრო მეტიც, გარკვეული დაჯგუფებები დეკანოზის წინააღმდეგაც მოქმედებდნენ და ამაზე არაერთი საჯარო განცხადებაც გაგვიგონია. ასევე ცნობილია, კულუარულად რას და როგორ აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ყველა თანამშრომელს ერთ განზომილებაში არ მოვიაზრებ.

- ამჟამად დეკანოზი მამალაძე რომელ დაწესებულებაში იმყოფება?

- ეს არის სასჯელაღსრულების ნომერ მე-13 დაწესებულება. მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ციხის საავადმყოფო, მაგრამ რეალურად, ვინც თუნდაც ერთხელ ნამყოფია, მიხვდება, რომ საავადმყოფოსი არაფერი სცხია.

mamaoebtan-copy-1652954033.jpg

- ეს დაწესებულება ჯეროვან მკურნალობას რატომ ვერ უზრუნველყოფს?

- მარტო დეკანოზის მიმართ კი არა, საერთოდ არაა პირობები, ჯანმრთელობის პრობლემები რომ გადაჭრას. იმას არ ვგულისხმობ, ვიღაცას თითი რომ გაეჭრება და შეუხვევენ, - რეალური პრობლემების მქონეთა მკურნალობას ვერაფრით უზრუნველყოფს, შესაბამისი პირობები არ არის.

არ მინდა, სხვა საქმეზე გადავიდე, მაგრამ თუ გახსოვთ, ორი თვის წინ ამ დაწესებულებაში გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. მთელმა საზოგადოებამ ნახა, აპარატურა სხვა კლინიკებიდან შეიტანეს, რათა ექსპრეზიდენტს გამოკვლევებისა და მკურნალობის მინიმალური სტანდარტი მაინც ჰქონოდა.

ვფიქრობ, დეკანოზი ან პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს და ამისთვის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ყველა სამართლებრივი საფუძველი აქვს, ან კიდევ, სასჯელის გადავადება მოხდეს მანამდე, სანამ ეს ადამიანი გამოჯანმრთელდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ხელისუფლება იქნება თუ მომავალი (პირდაპირ გეუბნებით, არასოდეს არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნებოდი), მთავარია, საქმე დეტალურად გამოიძიონ.

- შეწყალებისთვის პრეზიდენტს რა კონკრეტული საფუძვლები აქვს?

- იქიდან დავიწყოთ, რომ არსებობს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ჩამოყალიბებული აზრი დეკანოზის მიმართ, რომ ის მსხვერპლია; მეორე - არსებობს კონკრეტული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და კვლევების პასუხები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა; მესამე - ამ ადამიანს შეფარდებული სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს, 9 წლიდან - 5,5. ასე რომ, სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა შეწყალებულ იქნეს.

არა მხოლოდ ადვოკატმა, არამედ როგორც ობიექტურად თანაგრძნობით გამსჭვალულმა ადამიანმა, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ბრალდებით დეკანოზს თავს დაატყდა ტრაგედია, ოჯახმა ძალიან დიდი ტკივილი განიცადა. ყოველივეს უშუალო გამოძახილია, რომ ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ქვეყნის პრეზიდენტს და საპატრიარქოში მათ, ვინც შედარებით ჯანსაღ ნაწილს მიეკუთვნებიან, ასევე - საზოგადოებას: ნუ გაწირავენ ადამიანს იმის გამო, რომ უბრალოდ, სიმართლის მხარეს იყო - სხვადასხვა სისტემასა და დაჯგუფებასთან უკანონო გარიგებებში არ შევიდა. სიმართლის გამო დასჯილ ადამიანს ნუ გაწირავენ!.. რაც დრო გადის, ნაკლები შანსი რჩება, რომ ოდესმე გამოჯანმრთელდეს, ჯანსაღი ცხოვრებით ემსახუროს საკუთარ ოჯახს, ქვეყანას და დედა-ეკლესიას.

გელა მამულაშვილი