"ვცდილობ, ნაკლები ტკივილი და მეტი იუმორი გამოვხატო" - გზაპრესი

"ვცდილობ, ნაკლები ტკივილი და მეტი იუმორი გამოვხატო"

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" სრულიად ახალი რეჟისორული ხედვითა და ინტერპრეტაციით დაიდგა. ომის თემისადმი მიძღვნილი ექსპერიმენტული ნამუშევრის ინსცენირება, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება ელენე მაცხონაშვილს ეკუთვნის. მსახიობებთან ერთად ელექტრონული და კლასიკური მუსიკალური თემების ფონზე როლებს ვახტანგ ქორიძის მიერ შექმნილი ფაქიზოსა და მურადას თოჯინებიც ასახიერებენ. სპექტაკლი მხოლოდ ორ ფერში - შავსა და მწვანეშია წარმოდგენილი, რაც ომისა და სიცოცხლის, მომავლის რწმენის თანაარსებობას უსვამს ხაზს.

279407651-745800126440451-702503989365163034-n-1652954268.jpg

ლაშა გრძელიძე, მსახიობი:

- ამ ცნობილი ნაწარმოების განსხვავებული რეჟისორული გადაწყვეტა ძალიან საინტერესო იყო. ორმაგად საპასუხისმგებლოა, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში ამავე ავტორის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს თამაშობ. შავი ომის სიმბოლოა, მწვანე კი - სიახლის, სიცოცხლის. თითქოს ყველაფერი უფერულია, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული და სიცოცხლე მაინც გრძელდება.

- რამდენადაც ხშირად დადგმულა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები სცენაზე, ალბათ, იმდენად რთულია გმირები განსხვავებულად და დასამახსოვრებლად წარმოაჩინო. ამ გაგებით, ზურიკელას პერსონაჟის არატრადიციულად განსახიერებაზე თუ იმუშავეთ?

- დიახ, რამდენადაც გენიალურია დუმბაძე, იმდენად რთულია, რადგან უდიდესი ტრაგედია, სევდა და იუმორი წამებში ენაცვლება ერთმანეთს. თუმცა, სწორედ ამ სირთულიდან გამომდინარეობს ისიც, რომ მსახიობისთვის ამ როლების შესრულება აზარტული და საინტერესო ხდება. სწორად რეაგირებენ ბავშვებიც და სწორად მოგვყვებიან მოზრდილებიც. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზრუნა, რომ სპექტაკლი ამ სახით დადგმულიყო და შესაბამისად, პერსონაჟებიც ცოტა სხვაგვარი ყოფილიყვნენ; ვინც საშუალება მომცა, მსგავსი ექსპერიმენტული ნამუშევრის მონაწილე გავმხდარიყავი.

ნაირა გელაძე, მსახიობი:

- დასაწყისში ცოტა ვშფოთავდი, რადგან გმირი ნოდარ დუმბაძის არაერთ ნაწარმოებში განმისახიერებია და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ტრადიციული ფორმებით უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ ნამუშევარმა დაამტკიცა, რომ მისი დადგმა ექსპერიმენტის სახითაც წარმატებულია. როცა რეპეტიციას გავდიოდით, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა სესილიას ნათამაშები ბებიის ჩრდილისთვის თავი დამეღწია; როგორ მომეხერხებინა, რომ მას არ დავმსგავსებოდი. ვცდილობ, ნაკლები ტკივილი და ოხვრა იყოს და მეტი იუმორი. სპექტაკლი ანშლაგით მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ის შედგა.

279857864-673120393772624-7013369959969667314-n-1652954255.jpg

მერაბ შარიქაძე, მსახიობი:

- ასეთი გადაწყვეტით სპექტაკლში პირველად ვითამაშე. ნოდარ დუმბაძე არც განსასახიერებლადაა რთული მსახიობისთვის და არც გასაგებად მაყურებლისთვის, რადგან ის სრულიად ორგანულია ქართველის ხასიათის, იუმორის, სევდის, ტკივილისა და სიხარულისთვის.

კახა გაბელაია, მსახიობი:

- საერთოდ, ჩვენს თეატრში დუმბაძის ნაწარმოებები ხშირად იდგმებოდა. შესაბამისად, მისი წარმოჩენა განსხვავებული რეჟისორული ხედვით - ნამდვილად რთულია. ეს ნამუშევარი ერთ-ერთ საინტერესო ინტერპრეტაციად მიმაჩნია. ასეთი "დუმბაძე" დღემდე არ დადგმულა. ყოველგვარ სიახლეს მივესალმები, მიყვარს ექსპერიმენტები.

შორენა ლაბაძე