დღევანდელობა ანუ უკრაინის ომის ქრონიკები ახმეტელის თეატრის სცენაზე - გზაპრესი

დღევანდელობა ანუ უკრაინის ომის ქრონიკები ახმეტელის თეატრის სცენაზე

ბნელი ქუჩები, ნანგრევებად ქცეული გადაბუგული სახლები. ჰაერში მუდმივად ტრიალებს დამწვრისა და გახრწნილი გვამების სუნი. დროდადრო სირენის ხმა ისმის, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ აფრთხილებს. აქ ყოველი წუთი შეიძლება უკანასკნელი იყოს, ხოლო გადაადგილება - ათასგვარი საფრთხის შემცველი.

ადამიანების თვალებში შიში დაბუდებულა, თუმცა სასოწარკვეთა მაინც არ იგრძნობა. გადაღლილების, დამშეულების, გამოფიტულების, განადგურებულების გონებაში ზოგჯერ ნათელი ფერებიც კრთება. მომავალზე ფიქრს საბრძოლო განწყობა და შემართების ძალა მოაქვს - ტირანიასა და ფაშისტურ იდეოლოგიაზე გამარჯვების იმედი!..

13, 14, 15 მაისს თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. თანამედროვე უკრაინელი დრამატურგის - ნატალია ვოროჟბიტის პიესა „ცუდი გზები“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ დადგა. პიესა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდა.

სპექტაკლში დონბასის ომის ქრონიკები და ადამიანების ტრაგედიაა გადმოცემული. დღეს ომის რეალობის წინაშე ვართ ყველანი, უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობა, სადაც მთელი უკრაინის ტერიტორია ბრძოლის ველია და ასევე, იქ მყოფთა ნათესავ-მეგობრები, რომლებსაც ყოველი მომდევნო დღე თუ საათები მათთან კომუნიკაციის გარეშე გონებაში ათასგვარ მძიმე ფიქრს აჩენს.

cudi-gzebi3-copy-1652954558.jpg

- დღემდე ასეთი თანამედროვე არაფერი დაგიდგამთ. ვგულისხმობ, რომ დრო, ვითარება და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, სცენაზე გადაიტანეთ. როგორ ფიქრობთ - მაყურებლისთვის როგორი აღსაქმელი იქნება? და რატომ ახლა და არა - მერე, როცა ომი დასრულდება?

- ბოლო წლებში უკრაინაში ჩემი პროექტებით ხშირად ჩავდიოდი და კოპროდუქციებს ვაკეთებდით. ნებისმიერი ქართველისთვის ეს ომი მძიმეა, რადგან თითქოს მათ უკან ჩვენც ვდგავართ. პირველი კვირა ალბათ არავის გვეძინა, სულ ახალ ამბებს ველოდით. ასევე ვიყავი მეც და პლუს ამას, დაახლოებით ასამდე მეგობარს ვკითხულობდი. მოვდიოდი თეატრში, ვერაფერს ვაკეთებდი, ტვინი სულ ომზე მქონდა გადართული. უკრაინაში წასვლაც კი მომინდა. ვიცი, მე "ჯეველინიდან" ვერ ვისვრი, მაგრამ ვფიქრობდი, რამეში მაინც დავეხმარებოდი, ვიღაცას წყალს მივაწვდიდი ან მძღოლად გამოვადგებოდი. სწორედ იმ დროს, ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა რეჟისორმა მითხრა, - მოდი, ახლა ეს ყველაფერი დადგი, ამით ყველაზე მეტად დაგვეხმარები და თან შენც დაწყნარდებიო.

cudi-gzebi1-copy-1652954571.jpg

ეს პიესა 2018 წელს დაიწერა, დონბასის ომის პერიოდში. სასწრაფოდ ვათარგმნინე და ფაქტობრივად, ერთ თვეში დავდგით. რაც შეეხება მაყურებელს, სპექტაკლს ძნელად მიიღებს, რადგან ქართველ ადამიანს უყვარს დასრულებული ომის შემდეგ გამარჯვებულთან დგომა. ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა იყო, იმ ადამიანებზე მოგვეთხრო, რომლებიც იმ სტატისტიკის უკან დგანან, ყოველდღიურად რომ მოგვეწოდება. ჩვენ იმ ადამიანების ფოტოებს ვათვალიერებთ, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ამას წინათ მეგობარმა ჩერნიგორიდან გამომიგზავნა ფოტოები. ის იქ ჰუმანიტარული მისიითაა და ჯარისკაცებს საკვებით ეხმარება. ფოტოებზე დაბომბვისგან დანგრეული შენობები ჩანდა, მათ შორის იყო რესტორანი „თბილისიც“, რომლის მხოლოდ ერთი კედელია დარჩენილი. ამ დროს ქუჩაში ხალხი დადის და ეს მათი ყოველდღიურობაა... ეს სპექტაკლი ჩემთვის არ არის პოზიციის გამოხატვა, არამედ სწორედ ამ რეალობის ჩვენებაა. პიესას „ცუდი გზები“ ჰქვია, სპექტაკლსაც და ეს სწორედ ის ცუდი გზებია, რომლებსაც ჩვენ თავად ვუკვეთავთ, ვირჩევთ ან გვარჩევინებენ ჩვენი მეზობლები. ომს გვარები არ იწყებენ, არამედ - სისტემები, ამიტომ ხშირად უნდა შევახსენოთ კაცობრიობას წარსულის თუ დღეს მიმდინარე ტრაგედიების შესახებ. ხალხს ჰგონია, რომ პუტინს აქვს კიბო, მოკვდება და ნავალნი გაათავისუფლებს სლავურ სამყაროს. მაგრამ მეორე იმპერიალისტი დიქტატორი მოიძებნება და გააგრძელებს ამ გზას, ამიტომ მთავარია გამოვაფხიზლოთ რუსი ერი. რუსი პოლიტიკოსები - არა, მაგრამ მეცოდებიან დაზომბირებული ადამიანები - მაგალითად, რუსი ბებო რომელიღაც დასახლებიდან, რომელსაც 80 დოლარი აქვს პენსია, აქედან 40-ს კომუნალურ გადასახადებში იხდის, ხოლო დარჩენილი თანხით წვნიანსაც ვერ იმზადებს. მას შთააგონეს, რომ მთელ მსოფლიოს შურს მისი, ჰყავს პუტინი, აღმშენებელი და ამით კმაყოფილი უნდა იყოს. მას ამის სჯერა, ზის უხმოდ და თავადაც არ იცის, რატომ ცხოვრობს...

დაბოლოს: „ცუდი გზები“ უკვე ახმეტელის თეატრის რეპერტუარშია. პიესის თარგმანი გიორგი ყაჯრიშვილს ეკუთვნის, ტექსტის სცენური ვერსიის ავტორი ოთარ ქათამაძეა, მხატვრები: ანა ქობულაშვილი, ირაკლი ბილისეიშვილი, ხოლო რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ყაულაშვილი. სპეციალურად პროექტისთვის იმუშავა ირანელმა კომპოზიტორმა მეჰრან მირმირიმ. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, თეკლა სულაქველიძე.

P.S. მასალაში გამოყენებულია გიორგი ყაულაშვილის ფოტოები.

ანა კალანდაძე