„სოხუმის ხსოვნას ასე ვინარჩუნებთ...“
ნინო ვახანია სოხუმში დაიბადა, გაიზარდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ამ ქალაქში მუშაობდა, მერე კი იქიდან წამოსვლამ მოუწია... დღეს ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი ქალბატონი თბილისში ცხოვრობს და სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს. ცხადია, მისი ცხოვრების უამრავი ეპიზოდი სწორედ სოხუმს უკავშირდება.
მამის არქივი
- ჩემი მშობლები სოხუმის აღების მერე, ასე ვთქვათ, იქ ჩარჩნენ. როცა მოხერხდა მათი წამოსვლა, ქალაქიდან საერთო ავტობუსით გამოვიდნენ. ხელით ბევრს ვერაფერს წამოიღებდნენ, ამიტომ მამამ საკუთარი საკმაოდ დიდი არქივიდან და უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან მცირე ნაწილის გამოტანა შეძლო. მამაჩემი - ვახტანგი იყო სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი და წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს XIX საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში. მამას საქაღალდეები ჰქონდა კოხტად შენახული, თემატურად დალაგებული და დამუშავებული. მაგალითად, საქაღალდეს ეწერა გაბრიელ ჯაბუშანური და პოეტთან დაკავშირებული ყველა მასალა, მისი წიგნები იქ იყო თავმოყრილი. მამის არქივის თვალიერებისას, ერთგან ვნახე ვრცელი პოლემიკური წერილი აკაკი წერეთლის შესახებ, სადაც მამა ეკამათება ცნობილ მეცნიერს (არ მინდა დავასახელო მისი გვარი). აქ მთავარი ისაა, რომ საკამათო სტილს თუ ამოვიღებ, დარჩება მამას მოსაზრება აკაკიზე და მგონი, ერთი შესანიშნავი ნარკვევი გამოვა... ძალიან სწყდებოდა გული რამდენიმე საქაღალდეზე, ეტყობა მოძებნის საშუალებაც არ ჰქონდა. ჩემი ძმა ლექსებს წერდა და ხატავდა კიდეც, ახალგაზრდა კაცი თავის ნამუშევრებს აბნევდა. მამა ყველაფერს აგროვებდა, თარიღს და წელს თვითონ მიაწერდა ხოლმე და საქაღალდეში ინახავდა. სამწუხაროდ, ეს საქაღალდე ვერ ვიპოვე.
რიტუალი
- სოხუმზე როცა ვფიქრობ, ხანდახან მგონია - იქნებ არ იყო ისეთი სამოთხე და ახლა მეჩვენება? არ არის გამორიცხული, რაკიღა დაკარგულია... ნებისმიერი კუთხის და ქალაქის ადამიანისთვის, მშობლიური სახლი ხომ ისედაც უზომოდ ტკბილია. ჯგუბურიას ქუჩაზე, კორპუსის მესამე სართულზე ვცხოვრობდი. მეზობელი ბავშვები და-ძმებივით ვიზრდებოდით. მოპირდაპირე კორპუსში (ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა) ცნობილი აფხაზი მწერალი ივანე პაპასკირი ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, გვიცნობდა, იცოდა ვისი შვილები ვიყავით. მუდამ გამოწკეპილად ეცვა, ქუდი ეხურა, ნაბიჯს არ აუჩქარებდა. ჩვენი ეზო უნდა გაევლო, სანამ თავის სახლში მივიდოდა. იცით, როგორ იქცეოდა? მოდის პაპასკირი, ჩვენ გიჟებივით დავრბივართ, მე და ჩემი ძმა ვთამაშობთ. რომ დაგვინახავდა, გაჩერდებოდა, ფეხებს ერთმანეთთან მიადგამდა, ჯოხით დადიოდა და ამ ჯოხს მარჯვენა ხელიდან ჯერ მკლავზე გადაიტანდა... ჩვენ ვჩერდებოდით და ერთგვარი რიტუალის შემყურენი ვხდებოდით. მარჯვენა ხელით ქუდს მოიხდიდა, თავს დაგვიკრავდა, მერე ქუდს დაიხურავდა, ჯოხს ისევ მარჯვენა ხელში დაიჭერდა და ნელ-ნელა გააგრძელებდა გზას. ჩვენც ვეუბნებოდით „გამარჯობას“, მანამდე გაკვირვებულები ვუყურებდით. არც ერთი ქართველი ასე არ იქცეოდა.
ზრდილობის მაგალითი
- ჩვენს ეზოში სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, აფხაზი ბორის გურგულია ცხოვრობდა. მისი შვილები ჩემზე ცოტა უმცროსები იყვნენ და ეზოში ერთად თამაშმა არ მოგვიწია, თუმცა ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ, მამებიც და დედებიც. ბორისის უფროსი ვაჟი ახრა დაბრმავდა უბედური შემთხვევის გამო (ხელში რაღაც აუფეთქდა), მხოლოდ გაურკვეველ ლანდებს ხედავდა. მისი მომდევნო იყო აბზა, ჩემზე ასაკით იმდენად პატარა ბიჭი, რომ მარტო შორიდან ვიცნობდი. ძმებს დაც ჰყავდათ - ადა. უკვე სტუდენტი ვარ, ერთ დღესაც სახლში ვბრუნდები და ეზოში უნდა გავიარო, სადაც ბიჭები არიან შეკრებილები. იმათგან ჩემი ტოლი ან ცოტათი უმცროსი ასაკის თუ მომესალმებოდა. ახრა შეიძლებოდა გამომლაპარაკებოდა კიდეც. ვთქვათ, ეკითხა: "როგორა ხარ?" ან "საიდან მოდიხარ?" თუმცა, ის ხომ ვერ ხედავს! შეამჩნევს, რომ ვიღაც მოდის, მაგრამ ვინაა, ვერ ხვდება. ამიტომ აბზა, რომელსაც თითქოს არ ევალებოდა ჩემთან ურთიერთობა, ბიჭებს აჩუმებს (ისინი ლაპარაკობენ, იცინიან), გამოეყოფა წრეს, მიახლოვდება, „გამარჯობაო“ მეუბნება და ისევ ბრუნდება უკან. ამას სისტემატურად აკეთებდა და რატომ? რამე საქმე კი არ ჰქონდა, თავისი ძმის მაგივრად მესალმებოდა. ახრა ჩემთან ასაკით ახლოს იყო და რადგან ის ვერ მხედავდა, აბზა ძმის მოვალეობას ასრულებდა... აფხაზები უაღრესად ზრდილობიანი ხალხია.
რას ვიხსენებთ?..
- ჩვენს ეზოში ძირითადად აფხაზები ცხოვრობდნენ, უმრავლესობა უნივერსიტეტის ლექტორი იყო. მახსოვს პოეტი ნელი თარბა, გენო კალანდია ჩვენი ახლობელი იყო... სოხუმელები ერთმანეთთან საუბრისას, ანდა შეხვედრების დროს ვიხსენებთ პროსპექტს და სანაპიროს, სადაც ყველაზე ხშირად ვსეირნობდით. სოხუმის ქუჩების დასახელებები რომ არ დაგვავიწყდეს, ვიტყვით ხოლმე: აბა, უნივერსიტეტი რომელ ქუჩაზე იყო? შენი სკოლა სად მდებარეობდა? იმ ქუჩის პარალელურ ქუჩას რა ერქვა? იქ რა შენობა იდგა? გენო კალანდია რომელ ქუჩაზე ცხოვრობდა და ა.შ. ჩემს მისამართს რა დამავიწყებს, მაგრამ რომელიღაც ქუჩის სახელი აღარ მახსოვს. სამაგიეროდ, ვინც იქ ცხოვრობდა, ის მეტყვის. სოხუმის ხსოვნას თითქოს ასე ვინარჩუნებთ... იქიდან წამოსვლის წინ, ჩემი ფანჯრიდან ეზოს ფოტო გადავიღე. შემოდგომაა და ხეები გაშიშვლებულია, თუმცა საერთოდ, ბევრად უფრო ლამაზი, მიმზიდველი და სანატრელია, ვიდრე სურათზე ჩანს.
ეპიზოდი სკოლის ცხოვრებიდან
- კარგი მოსწავლე ვიყავი (თავს არ ვიქებ), თუმცა, არც დიდად გამორჩეული, უბრალოდ ლიტერატურა მაინტერესებდა. ამის გამო, ცოტა მეტს მავალებდნენ პედაგოგები. მიყვარდა ლიტერატურული განხილვები, პოეტებთან და მწერლებთან შეხვედრები, ლექსის წაკითხვა თუ რამე ამდაგვარი ღონისძიება. იმხელა პასუხისმგებლობა მქონდა, რომ დავალებას ყოველთვის დიდი მონდომებით, პატიოსნად ვასრულებდი. ამ გადასახედიდან, საბჭოთა მოსწავლეები ცოტა შეზღუდულები ვიყავით. ვგულისხმობ იმას, რომ დავუშვათ, თეატრალური წარმოდგენისთვის მაინცდამაინც კარგ მოსწავლეებს არჩევდნენ. რა დააშავა იმან, ვინც სამებზე სწავლობს, არადა, შეიძლება სწორედ ისაა ე.წ. ტიპაჟი. სხვათა შორის, ეს გააკეთა სოხუმის თეატრის მსახიობმა ლევან ლოგუამ (აფხაზეთში კონფლიქტის დროს, სოხუმში დაიკარგა უგზო-უკვლოდ), რომელიც სკოლამ მოიწვია იაკობ გოგებაშვილზე კომპოზიციის დასადგმელად. წარმოდგენა საქალაქო ღონისძიებისთვის მზადდებოდა. მსახიობი შემოვიდა კლასში, რა იცოდა, ვინ როგორ სწავლობდა? მოსწავლეს სახელს, გვარს ეკითხებოდა, მეტყველებას ამოწმებდა და შეარჩია ისეთები - ბიჭები განსაკუთრებით, რომლებიც სულაც არ იყვნენ ხუთოსნები და პედაგოგები მათ სცენაზე არ დააყენებდნენ. ამ ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას - როლებს და არაჩვეულებრივი წარმოდგენა გამოვიდა.
საჭირო რჩევა და „მოხუცი“ ლექტორი
- ასპირანტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე, ყველა ლექტორი არაჩვეულებრივი იყო და თითოეული სიკეთით მახსოვს. თენგიზ კიკაჩეიშვილმა ლექცია ჩამატარებინა - ეს მევალებოდა, როგორც ასპირანტს. შიშით შევედი აუდიტორიაში, პირველად ყველა ასეა. ბატონმა თენგიზმა შემატყო და მითხრა, სია ამოიკითხეო. ეს არ მქონდა გათვალისწინებული, ლექცია პირდაპირ ნიკოლოზ ბარათაშვილზე საუბრით უნდა დამეწყო და გაოცებულმა შევხედე. მერე მითხრა: სიის ამოკითხვის დროს ხმას დაიყენებ და თან სულს მოითქვამო, ამას რა დამავიწყებს! ერთხელ, უნივერსიტეტის დერეფანში ვხედავ, ასაკოვანი მამაკაცი ნელ-ნელა მოდის... შევედი აუდიტორიაში ლექციაზე დასასწრებად, ისიც იქ შემოვიდა. ვზივარ მერხთან ჩემთვის, ბოლო რიგში, რვეული მიდევს, მზად ვარ ჩასაწერად. ლექტორი მოგვესალმა და საუბარი დაიწყო. იმდენად ახალგაზრდული ხმა ჰქონდა და ისეთი შემართებით დაიწყო ლექცია, თავი ავწიე, ვიფიქრე - შემეშალა? სხვა ლექციაზე ხომ არ შემოვედი-მეთქი? ნამდვილად სოლომონ ხუციშვილი იყო, აბსოლუტურად გარდაიქმნა. რომელი ასაკოვანი კაცი? ჩვენ წინაშე ახალგაზრდა ლექტორი იდგა.
საგანგებო წერილი...
- დისერტაცია ალექსანდრე ორბელიანის შესახებ დავიცავი და თავის დროზე მისი ხელნაწერები წავიკითხე. ახლა მათ ხელახლა მივუბრუნდი, რადგან აკადემიური გამოცემა უნდა გამოვიდეს. ხელნაწერების გადახაზულ ადგილებსაც ვკითხულობ, რისთვისაც ახალგაზრდობაში ყურადღება არ მიმიქცევია. რაც გადაშლილია, ის არ არის ავტორის ნება და ამიტომ საბოლოო ვარიანტებს ვკითხულობდი. ახლა კი, მისი წაკითხვა აუცილებელია და ერთგან ისეთ რამეს წავაწყდი, შეიძლება ადამიანს გაუკვირდეს კიდეც. ალექსანდრე ორბელიანი ევროპულად მოაზროვნე კაცი რომ იყო, ეგ ვიცოდი, ჩანს მის ნაწერებში, მაგრამ ერთ-ერთ გადახაზულ ტექსტში ევროპას მიმართავს რუსეთის შესახებ. ალბათ, საგანგებო წერილად ჰქონდა გათვალისწინებული ან ნოტა უნდა გაეგზავნა ევროპისთვის. ის წერს: „მართლმსაჯულო ევროპავ, გამოიხედე თვალებში, ალაგმე რუსეთის თარეში. ჩვენ თუ არ გეცოდებით, საკუთარი თავი შეიცოდეთ, თორემ თავის ვეშაპის პირს რომ გააღებს და ერთიანად გადაგვყლაპავს, მერე გვიანი იქნება... რასაც ვამბობ, ვიცი, ახლა არავინ დამიჯერებს და ამას არავინ გააკეთებს, მაგრამ თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ მართალს გეუბნებით“. თითქოს, ახლა დაწერა!..
ნანული ზოტიკიშვილი