14 წლის თვითნასწავლი ბაიკერი დიდი გეგმებით - გზაპრესი

14 წლის თვითნასწავლი ბაიკერი დიდი გეგმებით

საბა ქურდოვანიძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა მოტოციკლეტების მართვასა თუ დაშლა-აწყობაში ისე კარგად ერკვევა, რომ დამწყები ბაიკერების გარდა, მისი რჩევები პროფესიონალებსაც ადგებათ. ბაიკერობა საბასთვის ერთადერთი გატაცება არაა... საინტერესო, მშრომელი და მიზანდასახული მოზარდი არჩეულ პროფესიას, მომავლის საქმედ მიიჩნევს.

- 3-4 წელია, რაც მოტოციკლეტი მყავს. თავდაპირველად, მსუბუქი მოპედი მყავდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე, მოტოციკლეტის მოცულობა და ძრავა "გამეზარდა". ამ სფეროში ნელ-ნელა ვვითარდებოდი.

- თავდაპირველად, მოტოციკლეტით როგორ დაინტერესდი?

- მოტოციკლეტების სიყვარული და ინტერესი თითქმის ყველა ბავშვს აქვს, მაგრამ პირადად მე, იმიტომ დავინტერესდი, რომ ჩემს სამეგობრო წრეში მოტოციკლეტი თითქმის ყველას (უფროსი ასაკის ადამიანებს) ჰყავდა. ძალიან მომწონდა, გადავწყვიტე, თავადაც შემეძინა და ამ სფეროში ჩავრთულიყავი.

- მოტოციკლეტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა როგორ შეიძინე?

- თავდაპირველად - ბაიკერი მეგობრებისგან, შემდეგ - სხვა მოტოვლოგერებისგან, რომლებიც ასაკით ჩემზე უფროსები არიან და ამ სფეროში მეტად განვითარებულები. ასევე არსებობს ბაიკერების ფეისბუკჯგუფები, სადაც ინფორმაციას ყოველთვის თვალს ვადევნებდი. ასე დამიგროვდა საკმაოდ დიდი ინფორმაცია.

- მართვა დამოუკიდებლად ისწავლე?

- კი. წონასწორობის შენარჩუნება ჯერ ველოსიპედზე ვისწავლე. შემდეგ, როცა ველოსიპედის მართვა იცი, პირდაპირ მოტოციკლეტზე არ უნდა დაჯდე - ეტაპობრივად უნდა მიჰყვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გზაზე ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ამის მსხვერპლი გახდე.

- ოჯახის წევრები შენს არცთუ ისე უსაფრთხო გატაცებას როგორ შეხვდნენ?

- მამა ამის მომხრე არ იყო. დედა ახლაც არ მემხრობა (იღიმის)... მამამ ეს სფერო ნელ-ნელა შეიყვარა.

- საბა, ოჯახის წევრები რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან?

- მშობლები საჯარო სამსახურებში მუშაობენ, ჩემი და სტუდენტია - სამართალს სწავლობს, ძმა ჯერჯერობით მცირეწლოვანია.

unnamed-4-1653909834.jpg

- სად მართავ მოტოციკლეტს? ასაკის გამო, ჯერ ხომ მართვის მოწმობა არ გაქვს?

- წინათ, როცა მოპედს ვმართავდი, მოწმობა არ მჭირდებოდა, ახლა ყველაფერს სჭირდება - ასეთი კანონი შემოიღეს. საერთოდ, ისეთ გზებზე სიარულს ვცდილობ, სადაც ავტომობილები არ არის და იქ ვვარჯიშობ. მოტოციკლეტით თბილისში არ დავდივარ, რადგან გადატვირთული მოძრაობაა. თბილისში ვცხოვრობ, უქმე დღეებში კი საგარეჯოში მივდივარ და ბაიკსაც იქ ვმართავ.

- სახიფათო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ, სანამ მართვას კარგად დაეუფლებოდი?

- ერთი-ორჯერ კი, რადგან ყველა დამწყებ ბაიკერს მოსდის შეცდომა. შეიძლება, თავად არაფერი შეგეშალოს, სხვისი ბრალი იყოს, მაგრამ სახიფათო სიტუაცია მაინც შეიქმნას... ერთი-ორჯერ წავქცეულვარ და ჩემთვის ეგეც გაკვეთილი იყო.

- შენს ასაკობრივ კატეგორიაში ბაიკერებს შორის შეჯიბრებები იმართება?

- ჩემსაში - არა, მაგრამ საერთოდ, იმართება რუსთავის ტრეკზე, "ლილო არენაზე"... ასაკის გამო, შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება არ მაქვს.

- ბაიკერობა შენი ჰობია თუ უფრო დიდი მიზნები გაქვს?

- როცა ასაკი შეჯიბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას მომცემს, ამ სფეროში პროფესიულ დონეზე ჩართვას ვაპირებ.

- მართვა დამოუკიდებლად ვისწავლეო, მითხარი, მაგრამ ალბათ გამოცდილ ბაიკერებთან გაიარე კონსულტაცია, არა?

- ცნობილ მოტოვლოგერებს, ჩემპიონებს კარგად ვიცნობ, მათთან ვძმაკაცობ. რა თქმა უნდა, მათგან ბევრი რჩევა მიმიღია, მაგრამ ისე არ ყოფილა, რომ მოტოსკოლაში მევლო და ნაბიჯ-ნაბიჯ მესწავლა. უკვე ჩემს "იუთუბ"-არხზე დამწყებ ბაიკერებს ვასწავლი, მოტოციკლეტი როგორ მართონ, საჭირო რჩევებს ვაძლევ... ამ სფეროში ინტერესი ისეთი მაღალია, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 1 საათში 10 ათასი "ნახვა" აქვს. კომენტარებს მწერენ... ბევრი ვიდეო გადამიღია, ჩემი თუ მეგობრების მოტოციკლეტები მიმომიხილავს. მაყურებლებს მართვას ან მოტოციკლეტის "დასერვისებას" ვასწავლი. ჩემი რჩევები არა მხოლოდ დამწყებებს, არამედ გამოცდილ ბაიკერებსაც ადგებათ.

- მოტოციკლეტის დაშლა-აწყობაც იცი?

- კი. როცა ბაიკი გყავს, ამის ცოდნა გჭირდება. დაშლა-აწყობა ძალიან საინტერესოა. შეიძლება, ბაიკი ბევრს ჰყავს, მაგრამ ხელოსანთან დაჰყავს - თავად მხოლოდ მართვა აინტერესებთ. პირადად მე, ჩემი ბაიკი ბევრჯერ თავად შემიკეთებია, რჩევები და ცოდნა კი ჩემი ძმაკაცებისგან მიმიღია.

- პროფესიონალები როგორ გაფასებენ?

- როცა იგებენ, ამ ასაკის ბავშვი მოტოციკლეტს ასე ვმართავ, დადებითი ემოციებით ივსებიან. თავად მეხმიანებიან. უხარიათ, რადგან როდესაც ადამიანი ნებისმიერ საქმეს ბავშვობიდან იწყებს, შემდეგ სხვებზე მეტად პროფესიონალი ხდება, ვისაც ასაკობრივი ზღვარი უკვე გადალახული აქვს, მაგრამ ბაიკერობა - ახალი დაწყებული.

- მოტოციკლეტის მართვის მთავარი ხიბლი რა არის, რა გაჯადოებს?

- ასე არ ხდება, რომ რაღაცამ მოგაჯადოოს. ეს შინაგანად უნდა გინდოდეს. რაც მთავარია, არ უნდა გეშინოდეს. თუ მოტოციკლეტზე დაჯდომისას იმის შიში გაქვს, რომ შეიძლება, კენჭს გადაუარო, ავარია მოგიხდეს და მოკვდე, არ უნდა დაჯდე. უცნაური გამოთქმები არსებობს, მაგალითად - მოტოციკლეტი კუბოაო. არა, მოტოციკლეტი კუბო არ არის. თუ ბაიკით წყნარად, საშუალო სიჩქარით ივლი და ყველა წესს დაიცავ, არც ავარია მოხდება და არც რამე სახიფათო სიტუაცია შეიქმნება. "საგაზაოდ" სპეციალური ზონებია გამოყოფილი, სადაც ბაიკერს ემოციების დახარჯვა შეუძლია და არა - ქალაქში, რომ რამე ხიფათი არ შეემთხვეს.

- ბაიკერებთან დაკავშირებული ყველაზე გამაღიზიანებელი, სტერეოტიპული რა მოსაზრება გსმენია?

- ბევრს გავუჩერებივარ და უთქვამს, - ამაზე როგორ ზიხარ, არ გეშინია? წაიქცევი, დაცული არ ხარო... დაცული ხარ, რა თქმა უნდა, რადგან არსებობს წესები, მაგალითად - მოკლემკლავიან მაისურსა და შორტში გამოწყობილმა ბაიკი არ უნდა მართო. ასევე, არსებობს ეკიპირება - შარვალი, ფეხსაცმელი, ხელთათმანი, საიდაყვეები, ჩაფხუტი... ჩაფხუტი უმნიშვნელოვანესია! ბევრი ბაიკერი ჩაფხუტს იმიტომ იხურავს, რომ პოლიციამ არ გააჩეროს, ჯარიმა არ დაუწეროს... ასე არ შეიძლება. ავტო-მოტოავარიების დროს ბევრი ახალგაზრდა იღუპება, მიზეზი კი ხშირად ის გამხდარა, რომ ბაიკერს უფიქრია, - ამ გზაზე ჩაფხუტი რად მინდაო?!. სწორედ იმ ერთხელ გავლისას ისეთი რამ მომხდარა, რაც არ უნდა მომხდარიყო...

- უჩაფხუტობის გარდა, კიდევ რა მთავარი მიზეზია, რის გამოც ბაიკერის სიცოცხლე ფატალურად სრულდება?

- უმეტესად, მოტოავარიები ავტომობილის მძღოლების ბრალია, რადგან მანქანასთან შედარებით, მოტოციკლეტს უფრო პატარა გაბარიტები აქვს. გზაზეც ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორიც მანქანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოტოციკლეტი ზოლიდან უნდა გადავიდეს და ავტომობილი გაატაროს, მანქანამ შუა ზოლზე რომ იმოძრაოს. ბევრჯერ ავტომობილს პარკინგზე მდგომი მოტოციკლეტისთვის მიურტყამს, მერე მანქანის მძღოლს წერილი დაუტოვებია - აქ მე უნდა გავაჩეროო. ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს, მაგრამ არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში... თუ არ გეშინია, იმაზე დადებითი ემოციები არ არსებობს, რაც ბაიკის მართვისას ეუფლება ადამიანს...

- რას გრძნობ, როცა მოტოციკლეტს მართავ?

- თუ ნელა დადიხარ, ვერაფერს გრძნობ. როცა სწრაფად მართავ, სხვანაირი გრძნობებია!.. ვერავინ შემედავება, რომ ზოგს ბაიკი "სამარიაჟოდ" აქვს ნაყიდი... ბაიკით შინაგანად თუ არ ხარ დაინტერესებული, მასზე არ უნდა დაჯდე.

- სკოლის მოსწავლე ხარ. განსაკუთრებულად რომელი სასწავლო საგნები გაინტერესებს?

- ჩემთვის პირველ ადგილზე სკოლაა. მოტოციკლეტით უქმე დღეებში დავდივარ. მეცხრე კლასის მოსწავლე ვარ. ჩემი საყვარელი საგნები მათემატიკა და ქიმიაა, ისინი მასწავლებელმა შემაყვარა. რა თქმა უნდა, მოსწავლეს ის საგანი გიყვარდება, რომელიც კარგად გესმის და რომელსაც კარგი მასწავლებელი გასწავლის.

- პროფესია არჩეული გაქვს?

- მფრინავობას ვაპირებ. საავიაციოზე უნდა ჩავაბარო. ახლაც საჭირო ინფორმაციას ვკითხულობ, რომ აქედანვე ინფორმირებული ვიყო. იმ საგნებს შედარებით უკეთ ვსწავლობ, რომლებიც მფრინავობისას დამჭირდება...

- კიდევ რამით ხომ არ ხარ დაკავებული?

- წყალბურთელი ვარ. "დინამოს" აკადემიაში დავდივარ. სხვათა შორის, წინა კვირას ჩემმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა... მანამდე, 3-4 წელი ცურვაზე დავდიოდი. დაახლოებით 7 წელია, წყალბურთზე დავდივარ. შეიძლება ითქვას, ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში უკვე წარმატებული წყალბურთელი ვარ. კარგად ვთამაშობ. ჩემი აზრით, წყალბურთში კარგი მომავალი მაქვს.

- შრომატევადია, არა?

- ძალიან. ისე არ ხდება, რომ კვირაში ერთხელ მიხვიდე, 1 საათი იცურო, წამოხვიდე და რამეს მიაღწიო. კვირაში 6 დღეს ვვარჯიშობ. ფიზიკურად ძალიან ვიტვირთები... ბევრი ენერგია დავხარჯე, რომ აქამდე მომეღწია და კიდევ ბევრის დახარჯვას ვაპირებ, რომ რამეს მივაღწიო.

- საბოლოოდ, როგორ გესახება შენი მომავალი?

- მინდა, პროფესიას გავყვე, რადგან ყველაზე დიდი მომავალი ამ სფეროში - ავიაციაში იხატება: ომიდან დაწყებული, ყველაფერი ცაში, ფრენით ხდება... მოკლედ, ეს მომავლის საქმეა. ეს სფერო ახლაც ძალიან განვითარებულია და ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტად განვითარდება. უკვე მფრინავი მანქანაც გამოიგონეს... ბაიკერობის მსგავსად, მფრინავობაც შინაგანად უნდა გინდოდეს და არა იმიტომ, რომ განვითარებულია და ბევრი ფული იშოვება.

ეთო ყორღანაშვილი