რა პრობლემები ვლინდება კოვიდგადატანილ ბავშვებში? - გზაპრესი

რა პრობლემები ვლინდება კოვიდგადატანილ ბავშვებში?

რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები (გართულებები) გვხვდება კოვიდგადატანილ ბავშვებში, როგორია მკურნალობა-პრევენციის გზები, მთავრობის პოლიტიკა? - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბავშვთა კარდიორევმატოლოგ გიორგი ჩახუნაშვილს ვესაუბრეთ.

- ჩემი პედიატრიული პროფილის გათვალისწინებით, 18 წლის ასაკამდე არსებულ მდგომარეობაზე მოგახსენებთ. ინფორმაცია გვქონდა და კლინიკებშიც ვაკვირდებოდით - პირველ ეტაპზე კოვიდინფექციები ბავშვებში ნაკლებად გვქონდა. ნელ-ნელა ეპიდემიამ მთელი საქართველო, ყველა ფენა მოიცვა. ვფიქრობ, ეს უფრო პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობის გამო მოხდა.

ბავშვებს იმუნური სისტემით უფრო იოლად გადაჰქონდათ და სტაციონარში ნაკლებად ხვდებოდნენ. ეპიდემიამ იმძლავრა და, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, შინ მკურნალობა გართულდა. მით უმეტეს, ნელ-ნელა პატარებში რთულმა შემთხვევებმაც იმატა, სისტემა უკვე გადაგვეტვირთა. ნულიდან ერთ წლამდე ბავშვები ხომ ისედაც სახლში სამართავად სირთულეს წარმოადგენდნენ. კლინიკებმა ასეთ დატვირთვებს ვერ გაუძლეს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სიმძიმეებს რაც შეეხება - დრო გვიჩვენებს, რომ პოსტკოვიდური პერიოდი არცთუ მარტივია. სხვადასხვა გართულებაა, როგორც გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, რაც დიდებში ხშირადაა (უფრო კოაგულოპათიების, ჰიპერტენზიების შემთხვევები, გულის დაავადებებმაც სხვადასხვა ხასიათი მიიღო, არითმიებმაც იმატა), ბავშვებში ჯერჯერობით არ ჩანს. უშუალოდ რაც შემხვედრია (მით უმეტეს თუ სპორტსმენები, მოცეკვავეები არიან, ბალეტზე დადიან და დატვირთვას იღებენ), პოსტკოვიდური პერიოდი თუ არასერიოზულად აღიქვეს, ასეთებში უფრო ხშირადაა არითმია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დროს მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვები. ჯანმრთელებსაც ვაძლევდით რეკომენდაციებს და ახლა მით უმეტეს, კოვიდგადატანილები მეტ კონტროლზე უნდა იყვნენ.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ - ბავშვი უფრო მეტად იღლება თუ არა, "კოვიდის" გადატანიდან ერთ-ორ თვეში დიდად დატვირთვა არ შეიძლება. თუ მაინც დავტვირთავთ, აუცილებლად კარდიოგრამა მაინც უნდა იყოს გადაღებული, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რაიმე მძვინვარე პათოლოგია არ მივიღოთ.

- "კოვიდმა" გულსისხლძარღვოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მიმართულებით უფრო მეტი პრობლემა რატომ გამოიწვია?

- სიმართლე გითხრათ, ვირუსი ჯერ კიდევ შეუსწავლელია - რას დატოვებს და რას - არა, ღმერთმა უწყის. ჩემი აზრით, ძალიან ვერაგი რამაა. საერთოდ, მარტო "კოვიდი" კი არა, არის ვირუსები, რომლებიც აზიანებს გულსისხლძარღვოვან სისტემას - იწვევს პერიკარდიტს, კარდიომიოპათიებსაც კი, გართულებულ შემთხვევებში. გულსისხლძარღვოვანი სისტემა მოზრდილებშიც და პატარებშიც მაინც მგრძნობიარეა... იცით, ვირუსი ვინც გადაიტანა, მას შემდეგ ყურადღებას აღარ აქცევენ. არადა, ამ დროს სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.

- პრობლემა 18 წლამდე ასაკში რამდენად ფართოდ არის გამოხატული?

- ვინც სპორტსმენია, მოცეკვავეა, ბალეტზე ვინც დადის, თითქმის 90%-ში გარკვეული პრობლემებია. ვინც 6 თვის, ერთი წლის წინ გადაიტანა, მათგან მომართვის შემთხვევები მატულობს. მათ აქვთ კარდიალგიები. მშობლები აღნიშნავენ, რომ უფრო სწრაფად იღლებიან. უფრო ადრე რომ მოემართათ და დიაგნოსტირებული ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ მოსახლეობას არ შევაშინებ - რთული შემთხვევები არ გვხვდება. როცა პაციენტი დროულად იყო მოყვანილი, მშობელმა მცირე პათოლოგიით ყურადღება რომ მიაქცია, პრევენციული ღონისძიებებით მდგომარეობა მალევე გამოსწორდა.

- რა ღონისძიებებს ატარებთ და რამდენად კარგად კონტროლდება ეს პროცესი?

- უპირველესად, ფიზიკური დატვირთვები უნდა შემცირდეს - 10-20%-ით მაინც. ზოგი ფეხბურთზე დადის, ზოგი ჩოგბურთზე - იმის მიხედვით, თუ ვინ სად ვარჯიშობს, დატვირთვები კონტროლზე უნდა იყოს. სრული შეზღუდვა დაუშვებელია, რადგან თუ მოზარდი დატვირთვებს მიჩვეულია, უარეს შედეგს მივიღებთ, - რა თქმა უნდა, თუკი გულის კუნთში ღრმა ცვლილებები არ არის.

მეორე: პრეპარატებსაც ვერ დავარქმევ, საჭიროა საკვების მიღება გულის კუნთისთვის და სისხლძარღვოვანი სისტემისთვის, რომელიც მის მუშაობას გააaდვილებს. პრევენციულად კარდიოგრამით დინამიკაში კონტროლდება. თუ ბავშვებს ანამნეზში აქვთ მიტრალური სარქვლის კოლაფსი ან რაიმე მცირე დაავადება, რაც მშობელმა იცის, ასი თვალი და ასი ყური სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, პოსტკოვიდურ პერიოდში რამდენმაც მოგვმართა, გართულებები არც ერთს არ ჰქონია. არის შემთხვევები, როცა რთულად მიმდინარეობს, მთელ ორგანოებს იპყრობს, მაგრამ ასეთი ჩვენში, უფლის წყალობით, ბევრი არ დაფიქსირებულა.

- საკვები დანამატები ახსენეთ; კონკრეტულად რომელს გულისხმობთ?

- მე უფრო ფუტკრის აპითერაპიის მომხრე ვარ. ქართულ ფუტკარს ოქროს მედლები ტყუილად არ აქვს მოპოვებული. მას დიდი ნესტარი აქვს, 50-100 კილომეტრზე დაფრინავს და ყვავილებიდან ყველა იმ ელემენტს კრეფს, რომლებიც საჭიროა.

- ეს საშუალებები აფთიაქებშიც ჩვეულებრივად იყიდება?

- კი, ხელმისაწვდომია და პრინციპში, ძვირიც არ არის. მასში არის ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, რაც მთავარია - სხვადასხვა მოდიფიკაციით ის პრეპარატები, რეალურად ბუნებიდან მიღებული ანტიოქსიდანტები ორგანიზმისთვის სასარგებლოა და ხელს უწყობს იმუნობიოლოგიური ძალების მობილიზებას.

- ეს რეკომენდაცია ზრდასრულებზეც ვრცელდება?

- რა თქმა უნდა, თუკი ალერგია არ აქვთ თაფლზე.

- რამდენ ხანს გრძელდება პროცესი, რომ კოვიდგადატანილი ბავშვის ჯანმრთელობა სრულ კონტროლს დაექვემდებაროს?

- ჩემი დაკვირვებით, ორი-სამი თვე სჭირდება მწყობრში ჩასადგომად, მერე ერთი თვე მაინც, ყურადღება რომ მივაქციოთ. სამი-ოთხი თვე საკმარისია, როგორც ყველა დაავადებისას, რეაბილიტაციის პერიოდი გასული რომ იყოს.

- მკურნალობისთვის, პრევენციისთვის, მთავრობის მხრიდან საჭირო ნაბიჯები თუ იდგმება?

- ჯერ ერთი, ეპიდემია პოლიტიკურად იმართებოდა, რაც ყოვლად მიუღებელია. რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ (17 ათასამდე გარდაცვლილი), პატარა ქვეყანაში ნორმალური მართვისას ასე არ უნდა მომხდარიყო! ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და უკან მიდევნებული ლამპარივით არ იქნება.

- რაც შეეხება მკურნალობის დაფინანსებას?

- გარკვეული პროგრამები ამუშავებულია, მაგრამ საკმარისი არაა. ეს უნდა იყოს ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციური დიდი პროგრამები, რაც სოლიდურ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ვერ გეტყვით, ამ მხრივ როგორ განვითარდება მოვლენები.

- რეაბილიტაცია რას უნდა ითვალისწინებდეს?

- კომპლექსურ ღონისძიებებს - ჯერ ადგილზე რეაბილიტაციას (მათ შორის პრეპარატებით), შემდეგ - კურორტოლოგიურს, ფიზიოთერაპიულს, კვებით რეჟიმთან დაკავშირებულს და ა.შ., რათა ადამიანი ბოლომდე შრომისუნარიანი გახდეს. ფინანსური თვალსაზრისით ოჯახები ამას ვერ გაუძლებენ, ამიტომ ცალკეული პროგრამებია საჭირო, ასაკების მიხედვით.

- ამ მიმართულებით მიდის მუშაობა?

- ამ ყველაფრის აუცილებლობაზე რამდენჯერმე ითქვა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, რომ რეაბილიტაციის სრული კურსები, თავისი კურორტოლოგიით, კვებითი წესრიგითა და სამედიცინო მეთვალყურეობით, კომპლექსურად მიმდინარეობდეს.

- დაბოლოს, კოვიდგატანილებისთვის მთავარი რჩევები როგორია?

- პირველ რიგში, დატვირთვებზე კონტროლი ოჯახში, გნებავთ - გარეთ, სპორტზე; მეორე - კვებით რაციონში (თუ ალერგია არ გვაქვს) აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი ფუტკრის პროდუქტები; მესამე - აუცილებელია რეჟიმის შედგენა და თუნდაც იაფი ელექტროკარდიოგრამის გადაღება თვეში ერთხელ, რომ რამე არ "გაიპაროს". კიდევ, მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ყურადღება მიაქციონ წლების შესაბამისად: მაგალითად, პატარა ბავშვი იღლება თუ არა ადვილად, ვერ გაიგებს, მაგრამ თამაშის ნირი შეეცვალა, უფრო ჩაცუცქული თუ თამაშობს ან ჩახუტებისას ბავშვის გულისცემა უფრო ძლიერად რომ გვესმის; ფეხბურთს დღე და ღამე თუ თამაშობდა და ახლა უფრო სათადარიგოთა სკამზე ზის და ა.შ. - ეს გადაღლის მაჩვენებლებია; ასეთ პატარა ნიშნებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რითაც შევძლებთ თავიდან ავიცილოთ გართულებები.

გელა მამულაშვილი