ფარცხანაყანეველი პატარა მათემატიკოსების სურვილი
საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომლისთვისაც უცნობი იქნება სოფელი ფარცხანაყანევი. ქვემო იმერეთის ამ უდიდესი სოფლიდან იყო შალვა ნუცუბიძე, გასული საუკუნის დიდი მოაზროვნე, რომელიც ლეგენდად დარჩა არა მხოლოდ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებს. გვაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ, კიდევ არაერთხელ გვასახელებენ ამ სოფელში დაბადებული ადამიანები? - დიახ, გვაქვს!
ყოველ დილით ხათუნა სვანაძე იწყებს ფიქრს, როგორ გადააწყოს უკეთესად გაკვეთილის პროექტი, რომელიც წინადღეს ბავშვებისთვის მოიფიქრა. მათემატიკის სწავლება სახუმარო საქმე არაა, ეს იცის მასწავლებელმა და აუცილებლად უნდა ჰქონდეს სასწავლო სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევში, ეფექტი დაიკარგება. ამ ეფექტს თუ დაკარგავს, ვერც ბავშვების წინაშე იქნება პირნათელი და მით უფრო, რა უნდა უთხრას თავის უფროს შვილს, რომელიც ამერიკაში სწავლობს და პერსპექტივაც დიდი აქვს? არსებობს ასეთი ფრთიანი გამოთქმა: ქალი არასდროს ხდება მოდის გამო მათემატიკის მასწავლებელი. ხათუნა მასწავლებელიც არ გამხდარა მათემატიკოსი მოდის გამო. უყვარს უსაშველო ლაბირინთები და თვალებანთებული ბავშვები...
ახლახან საქართველომ გაიცნო მეხუთეკლასელი თეკლა კვერნაძე. ის ტელესკოლის მათემატიკის ონლაინოლიმპიადის ნახევარფინალისტია. საქართველოს საჯარო სკოლიდან მხოლოდ ის აღმოჩნდა ნახევარფინალისტთა რიგში, დანარჩენი ბავშვები კერძო სკოლებისა და ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სასწავლებლებიდანაა. თეკლა ხათუნა მასწავლებლის ერთ-ერთი მოსწავლე-გამართლებაა.
თეკლა კვერნაძე:
- მიყვარს წილადები, მათი შეკრება, ასევე ლოგიკური ამოცანები; მიყვარს "მარკეტობანას" თამაში და კიდევ ის, როცა მასწავლებლის როლს მაძლევენ. სკოლაში ვხალისობ, ვსწავლობ, სახლში თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ და ვხატავ. ჩვეულებრივ, მეც ბევრი სხვა ბავშვივით ვცელქობ და ხშირად სასაცილო სიტუციაში ვვარდები. ერთხელ ჩემი დისთვისთვის ველოსიპედის მართვის "მასტერკლასს" ვატარებდი და ისეთი სალტო გამოგვივიდა, რომ ჩემი და უეცრად ჩემს მხრებზე წამოსკუპდა. ბავშვებს ტირილი გვინდოდა, მაგრამ ოჯახი იცინოდა და ჩვენც მივხვდით, მთავარი მარცხის გარეშე ცხოვრებაა... სკოლაში კურიოზიც ბევრი ხდება და აფერადებს ბავშვობას. მახსენდება, მათემატიკაში გაკვეთილად გვქონდა მონაცემთა მოპოვება. 4 გუნდად ვიყავით დაჯგუფებული, იყო სახალისო და თან ძალიან ტკბილი აქტივობა: მასწავლებლის მოტანილი რესურსი - სხვადასხვა სახეობის შოკოლადი უნდა დაგვეგემოვნებინა და გამოგვეთქვა ვარაუდი, რომელი შოკოლადი იქნებოდა კლასში ყველაზე პოპულარული, თუმცა ჩვენი ჯგუფის ლიდერმა თავად შეჭამა ყველა კანფეტი და კინაღამ ტირილი დავიწყეთ, მაგრამ მასწავლებელმა გაკვეთილის დამთავრების შემდეგ გული არც ერთს არ დაგვწყვიტა... შეიძლება ვინმეს ასეთი გაკვეთილები არც მოსწონს, მაგრამ მათემატიკის გარდა ბევრ რამეს ვსწავლობთ ასეთი ამოცანების გადაწყვეტით თუ გადაუწყვეტლობით. თანატოლებს მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ ბევრი ისწავლონ, მათემატიკა და სხვა საგნებიც, სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევენ. ამ ასაკში, რომელშიც ახლა ვარ, ათეულში მოვხვდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. სიხარული თუ ბევრჯერ გვინდა გვეწვიოს, სწავლით მიიღწევა სიხარული.
თედორე კოხრეიძე (პატარა ცვანციკა):
- თედორე მქვია და ცვანციკა გასაგები მიზეზების გამო შემარქვეს. უკვირთ ხოლმე, რატომ მიყვარს მათემატიკა ასეთ პატარას. ჩემი მასწავლებელი მათემატიკას თამაშით, საინტერესო პროცესებით მასწავლის და ისე აღნიშნავს ჩემს ყველა მიღწევას, რომ მინდება საგნის სწავლა. უკვე ვხვდები, რამდენად გამოსადეგია ცხოვრებაში თუნდაც წილადები. წილადებიც მიყვარს, ნატურალური რიცხვებიც და მათემატიკური ოპერაციებიც! ერთხელ ხათუნა მასწავლებელმა განმავითარებელი უკუკავშირით შემაფასა და ჩემს მშობლებს ვაჩვენე. გახარებულმა მამამ სამწვადე მიყიდა. არ დაგიმალავთ და ძალიან გამიხარდა... მეც, სხვა ბავშვების მსგავსად, ხშირად ვცელქობ, ვზარმაცობ კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ საჭიროა მასწავლებლების მოსმენა, სწავლა. თავად ხათუნა მასწავლებლის უფროსი შვილი, აქ რომ კარგად სწავლობდა, ამერიკაში წაიყვანეს პროგრამით და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ, ყველას, ამას გვეუბნება: ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და თქვენ მათ შორის უნდა იყოთო. ვიქნებით კიდეც, ის ისე გვასწავლის, ჩვენი გაჩერება აღარ შეიძლება! მე ცვანციკას მსგავსად, ვიდეოებს ვწერ მათემატიკაზე, მერე ვაქვეყნებთ და ბევრ ადამიანს მოსწონს. ისე, ძალიან გამახარებდა დიდ ცვანციკასთან შეხვედრა, მასთან ერთად ვიდეოს ჩაწერა და გამოქვეყნება.
როლანდ ხოჯანაშვილი