75 წლის იუბილარი ფოტოხელოვანის მოგზაურობა ქართლში - გზაპრესი

75 წლის იუბილარი ფოტოხელოვანის მოგზაურობა ქართლში

გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აქვს, ქართლისკენ. პირველი გაჩერება წილკანია. გალავანშემორტყმული წილკნის ტაძრის ეზოში მწვანე ბალახი ბიბინებს. ნაგებობა IV საუკუნეში აუგიათ და მალე ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად ქცეულა. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შესვლისას სიგრილე და სიმშვიდე ერთად გეგებება, აქა-იქ ხატებთან სანთლები ანთია...

შემდეგი გაჩერება სოფელი ძალისია. მუხრანის ველზე, ყაყაჩოებისა და გვირილების მდელოს ქვეშ ნაქალაქარია, ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი. ძალისის ნაქალაქარი მოიცავს სასახლისა და ტაძრის ნაშთებს, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანოს, საცურაო აუზს, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთებს და ა.შ. აქაური კოლექტორები, წყალსადენის ქსელი, გათბობის სისტემა და სხვა არაერთი პრაქტიკული დანიშნულების დეტალი, მშენებელ-დამპროექტებელთა მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს და ერთ დროს მჩქეფარე ქალაქის ცხოვრების სურათის წარმოსახვაში გეხმარება. ეს ქალაქი საბოლოოდ მურვან ყრუს ლაშქრობის დროს, VIII საუკუნის დასაწყისში განადგურდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გოჩა წინამძღვრიშვილის გიდობის შემდეგ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ქალაქის ნაშთების დათვალიერებისას, სინანული ჩნდება, რადგან ამ ადგილის არსებობა ბევრმა არც იცის, არადა წესით, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ რუკაზე.

საღამო ლამისყანაში დგება. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმია. XIX საუკუნის შუა წლებში სასახლისა და მიმდებარე ტერიტორიის ბოლო მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ალექსანდრე ორბელიანის დედამ, ნინო ერისთავმა ციხე-გალავანი სასახლითა და მამულებით თავის რძალს, სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, საზოგადო მოღვაწესა და ქველმოქმედ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს უბოძა (მარიამი ერეკლე მეფის შვილის - თეკლა ბატონიშვილის შვილიშვილი იყო).

არაერთ მნიშვნელოვან და საეტაპო საქმიანობას შორის, უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მიერ შეკრებილი ფულით 1906 წელს გაიხსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში და ასევე ის აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ხოლო ალექსანდრემ (საშიკო), რომელიც თავის დროზე სამხედრო პირი გახლდათ, ლამისყანელებს მოუწესრიგა წყალგაყვანილობის სისტემა და აგვარებდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხებს. ალექსანდრე ორბელიანი ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი, მისი მიმდევარი და აქტიური მხარდამჭერი იყო.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებისთანავე, ალექსანდრე საზოგადოების დამფუძნებელი, ხოლო მარიამი ნამდვილი წევრი გახდა.

აქ თბილ მასპინძლობას გვიწევენ. მუზეუმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თეონა ბეინაშვილი სასახლეს გვათვალიერებინებს. ვჩქარობთ, რადგან დაისს უნდა მივუსწროთ. გზად ერთ-ერთ მდელოზე, გაშლილ სივრცეში ვჩერდებით და ბადრი ვადაჭკორია მზის მორიგ მიძინებას ფოტოაპარატით უსაფრდება.

kambakur-orbelianta-sasaxle3-copy-1653987008.jpg

ბადრი ვადაჭკორია (ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი):

- ჩემთვის შაბათ-კვირა არ არსებობს, ყოველდღიურად ვცდილობ ქალაქგარეთ გავიდე. საქართველო ამოუწურავია და ჯერ კიდევ უამრავი ადგილი არ მინახავს. ეგ კი არა, ჩემს უბანში, სოლოლაკშიც რომ გავდივარ, ყოველდღიურად ვაწყდები ახალ-ახალ ადგილებს. მერე ვფიქრობ, - ეს როგორ, რანაირად? ამ გაზაფხულზე, 30 აპრილს თელეთისა და შულავერის მიდამოებში გადავიღე ყაყაჩოების ველი, მეორე დღეს გაწვიმდა და ზუსტად მესამე დღეს აღარც ერთი ყვავილი აღარ იყო. ხშირად დავდივარ ასეთი ლამაზი სანახაობის გადასაღებად. ვიღებ იმიტომ, რომ მსიამოვნებს, ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო. თან, „ფეისბუკზე“ 70 ათასზე მეტი გამომწერი მყავს და იმ ფოტოებით, რომელსაც ჩემს გვერდზე ვათავსებ, დადებით განწყობასაც ვუქმნი ადამიანებს.

დღეს წილკანში ვიყავით, IV საუკუნის ტაძარში შევიარეთ, შემდეგ ძალისას ნაქალაქარში, სადაც ერთ-ერთი საინტერესო მუზეუმია, როგორც სიძველის მხრივ, ისე მოზაიკითა და კომპლექსის უნიკალურობით. შემდეგ სოფელ ლამისყანაში შევიარეთ, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში, სადაც არაჩვეულებრივმა ადამიანებმა გვიმასპინძლეს, ხვალ-ზეგ კახეთისკენ წავალ და ასე ვცხოვრობ ყოველდღიურად.

- შარშან გამოფენა გქონდათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წელსაც იღებთ და ამზადებთ საგამოფენოდ ფოტოებს. ამჯერად რას მოიცავს თქვენი ობიექტივი?

- საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი, „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი და შარშან დეკემბერში ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 30-ის ნაცვლად, 50-მდე ფოტო გამოვფინე. კულტურის სამინისტრომ ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი წელსაც გააგრძელა და ამჯერადაც გამარჯვებული გავხდი.

ახლა ვმუშაობ „შიდა ქართლის საზღვრისპირა კულტურის ძეგლების ფოტოგრაფიულ აღწერაზე“. პროექტის ფარგლებში გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 43 სოფელში მომიწევს კულტურული მემკვიდრეობის 50 ძეგლის ფოტოფიქსაცია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის სისტემატიზებული ფოტომასალა. მომავალში რომელიმე ძეგლი სტიქიამ ან ვინმემ გამიზნულად რომ დააზიანოს, ეს ფოტოები იარსებებს, დახედავენ და სარესტავრაციო-საპროექტო სამუშაოებს წაადგება.

- მინდორში ვდგავართ, სანამ თბილისში დავბრუნდებით, მზის ჩასვლას ველით. საინტერესოა, სად გინახავთ ყველაზე ლამაზი აისი და დაისი?

- ყველაზე ლამაზი აისი სინას მთაზეა, მსგავსი სილამაზე არც ნეპალში მინახავს და არც სხვა ქვეყნებში, სადაც ბერგან ტურების ერთ-ერთ პუნქტად აისის ნახვაა მითითებული. საქართველოში კი ბევრგან არის ლამაზი დაისი, განსაკუთრებით ზღვაზე.

თუმცა მთა მეტად მიყვარს, ველები, ტბები... ახლახან ბატეთის ტბა გადავიღე, ძალიან ლამაზია. ისე კი, ხანჩალის ტბაა ულამაზესი, სამცხე-ჯავახეთში.

cilkis-eklesia1-copy-1653986996.jpg

- მოსწავლეები გყოლიათ?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უნივერსიტეტს უთხოვია ლექციები წამეკითხა. საამისოდ არც დრო მაქვს და არც სურვილი. რჩევას არავის ვამადლი, მომბაძველიც უამრავი მყავს. დღეს უკვე ბევრი იმავე რაკურსით იღებს ფოტოებს, რომლითაც მე - წლების წინ, თუმცა, ასეთ ფაქტებზე არ ვბრაზობ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ვიღაცებს მოსწონს ჩემი სტილი, ამიტომ მათაც გადაიღონ.

- 29 მაისი თქვენი დაბადების დღეა. 75 წელი და ძველებურად ახალგაზრდული ენერგია. ბევრს გაუჭირდება ამდენი მოგზაურობა, ჰაერის, გარემოს, წნევის მუდმივი ცვლა...

- მსგავსი რამ ჩემზე არ მოქმედებს, ღვთის წყალობით და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. 70 წელი რომ შემისრულდა, პატრიარქმა ოჯახთან ერთად თავისთან მიმიწვია. მოვედით მე, ვაჟი ირაკლი, რძალი და ახლდაბადებული შვილიშვილი. ახალგაზრდულად გამოიყურებით, ბატონო ბადრიო, - მითხრა. საჩუქრად წიგნი გადავეცი, სადაც ის ფოტოზე რომის პაპთან ერთად არის აღბეჭდილი. საერთოდ, თითქმის ყველა ჩემი წიგნი, პატრიარქის კურთხევით არის გამოცემული ან წინასიტყვაობა მას ეკუთვნის, ეს ფაქტი მახარებს და დიდ ძალას მაძლევს. პატრიარქმა ბევრი მელაპარაკა, მომეფერა და მითხრა, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ, ალბათ 120 წლამდე იცოცხლებთო. ამ სიტყვებმა ისე დამაბნია, მგონი მეტი არაფერი გამიგია. მას შემდეგ უკუღმა ვითვლი და კიდევ დამრჩა სიცოცხლის 45 წელი (იცინის).

აისი რომ აღბეჭდა, მერე შორს სამთავისის ტაძარი დალანდა და ახლა იქით მიაპყრო ყურადღება. ქართლის ველების მწვანე ხავერდიც უკვე მის „ხელთაა“. ფოტოაპარატს მანქანაში ინახავს, საჭესთან ჯდება და გეზს უკვე დედაქალაქისკენ იღებს. უმეტესად მარტო მოგზაურობს. მანქანაში ჩართული აქვს კლასიკა ან ინფორმაციის გასაცნობად დღის ამბებს ისმენს. მეორე დილას საით წავა, ზოგჯერ წინასწარ არც გეგმავს. მართალია ამ ეტაპზე ქართლზეა კონცენტრირებული, თუმცა, ეს არანაირად ზღუდავს, - შეიძლება დღეს აღმოსავლეთში იყოს, ხვალ კი სამხრეთში...

ანა კალანდაძე