"მოხუცი უფლებას არ მაძლევდა, ნაგავი სახლიდან გამეტანა" - გზაპრესი

"მოხუცი უფლებას არ მაძლევდა, ნაგავი სახლიდან გამეტანა"

ქველმოქმედება მაკა ხეცურიანის ცხოვრების წესია. ოჯახში ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ სიკეთე ჩუმად ეკეთებინა. ასეც იქცეოდა, სანამ იმხელა პრობლემას არ შეეჩეხა, რომლის დასაძლევადაც მხოლოდ მის მიერ გაწეული დახმარება საკმარისი აღარ იყო... ქალბატონი მაკას ინიციატივით, დღეს მშიერი, ატირებული, უპატრონოდ დარჩენილი მოხუცების დასახმარებლად უამრავი ადამიანი ერთიანდება. ამჟამად, ქალბატონი მაკა დიდ საქმეს შეეჭიდა - სურს, სამოქალაქო სექტორის დახმარებით, სოციალურად დაუცველი ხალხისთვის უფასო თავშესაფარი შექმნას...

- საქველმოქმედო ფონდის შექმნის იდეის გაჩენამდე, ჯერ მისი საჭიროება გაჩნდა: როცა იურიდიულ პირებს ვეკონტაქტებით, მათ ჩვენი სტატუსი სჭირდებათ, რომ ფინანსურად ჩვენი ურთიერთობა სწორი იყოს. სწორედ ამან გამოიწვია ფონდის იურიდიული რეგისტრაცია, თორემ რეალურად, სამოქალაქო სექტორს იურიდიული სტატუსი არ სჭირდება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ. ფონდის შექმნა ემიგრანტების იდეა იყო. ისინი გაერთიანებას და საქართველოში ბევრი სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას გეგმავენ, მაგრამ რადგან პანდემიამ კონკრეტული მიმართულებით წაგვიყვანა, ამ ეტაპზე, ფონდის საქმიანობაც კონკრეტულად, მხოლოდ ქველმოქმედებაა, თუმცა ეს სხვა საქმიანობას არ გამორიცხავს. სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ფონდთან გაერთიანებით, ემიგრანტთა სათვისტომოებთან შეთანხმებით, გვინდა ზამთრამდე სოციალურად დაუცველებისთვის უფასო თავშესაფრის გაკეთება მოვასწროთ. ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება, უნდა ვაღიაროთ: ამ ზამთარს მოხუცებს მიწისქვეშა გადასასვლელებში ვეძებდით, რადგან იქ ცხოვრობენ ისინი, ვისაც არავინ ჰყავს. ზოგს სიარულიც არ შეუძლია, რომ წავიდეს და დარეგისტრირდეს, როგორც სოციალურად დაუცველი. სახელმწიფო ვერ ახერხებს, ეს ხალხი თავად ეძებოს. 8000-მდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცია რეგისტრირებული, არარეგისტრირებული კი - უფრო მეტია...

- პირადად თქვენ, ქველმოქმედება როდის, როგორ დაიწყეთ?

- ქველმოქმედება ჩვენი ოჯახის წესია. ეს ყველაზე დიდი საქმე და ცოდნაა, რომელსაც ტრადიციულად, ჩემს ოჯახში ერთმანეთს გადასცემენ. როცა ემიგრაციაში ვიყავი, ისე მოხდა, რომ ონკოლოგიური ავადმყოფი ქალი სამსახურის გარეშე, ქუჩაში დარჩა. მაშინ დედაჩემმა თქვა, - იქნებ ყველამ ცოტ-ცოტა თანხა შევაგროვოთო. მანამდე ასეთი განწყობა-დამოკიდებულება გვქონდა: როგორც შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ როცა დედამ თქვა, რომ დიდ თანხას ჩვენ ვერ გადავუხდიდით და იქნებ, ყველას ერთად შეგვეგროვებინა, გავაცნობიერე, რომ ამას შევძლებდით. გარდა ამისა, ემიგრაციაში, ამერიკაში ჩემმა მეგობრებმა რომ დაინახეს, ბავშვთა სახლებს ხშირად ვეხმარებოდით, ამ საქმეში თავადაც ჩაერთნენ. ჩემი ოჯახის წევრებთან ამერიკიდან გარკვეულ თანხას ვგზავნიდი. შემდეგ ისინი ამ თანხით ყველაფერს ყიდულობდნენ, რაც საჭირო იყო, ჩემს დას და დისშვილებს კი ბავშვთა სახლებში მანქანებით მიჰქონდათ. ოჯახში ბავშვებს ერთმანეთის მხარდაჭერას ასე ვასწავლით. ჩემი აზრით, ეს ძალიან ლამაზი მეთოდია...

283985289-728556025006768-1125931829347707893-n-copy-1654499853.jpg

როცა ემიგრაციიდან საქართველოში დავბრუნდი, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების სტილს ვაგრძელებდი: თუ ვინმეს სჭირდებოდა, ვეხმარებოდი, მაგრამ 2 წლის წინ, 16 მარტს, ერთ ეპიზოდს შევესწარი, რამაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა: ჩემს უბანში "კათარზისის" 2 სასადილოა. პანდემიის დაწყების დღეს ყველა სასადილო დაიკეტა. შინ ვბრუნდებოდი, როცა დავინახე, დაკეტილ სასადილოებთან, წვიმიან ამინდში, მოხუცები გარეთ იდგნენ და ტიროდნენ. საშინელი კადრი იყო! საერთოდ, ასეთი დამოკიდებულება მაქვს: 80 წელს გადაცილებული მოხუცი ხომ არ გაიზრდება, შეცდომას ხომ ვერ გამოასწორებს, თავის ცხოვრებას ხომ ვერ შეცვლის, არა? მას უკვე ჩვენ უნდა მივხედოთ... მაშინვე სახლში მოვვარდი და გადავწყვიტე, ქველმოქმედება სოციალური ქსელების დახმარებით გამეგრძელებინა. სწორედ მაშინ შეიქმნა ერთ-ერთი უძლიერესი პლატფორმა, რომელსაც არ დაგვითვლია, მაგრამ შეიძლება, დღემდე 2 მილიონამდე თანხა აქვს მოხუცებისთვის შეგროვებული და გაცემული. ხალხის ერთობას უამრავი რამ შეუძლია. პანდემიის დაწყების წუთიდან, მე და ჩემი მეუღლე დილიდან ღამემდე ქუჩაში ვიყავით: დღეში 5-6 ოჯახში შევდიოდით. სასწაულები ვნახე - თურმე, ჩვენს ქვეყანაში ხალხი როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს!.. ქართველები ცოტათი ამბიციური ხალხი ვართ - ჩვენი გაჭირვების სხვისთვის ჩვენება არ გვიყვარს... ავჭალა, სადაც ვცხოვრობ, ძველი უბანია. აქ დიდი ასაკის ხალხი უფრო მეტია. არ იციან, კანონი როგორ გამოიყენონ, მერიას მიაკითხონ... როგორც წინა საუკუნეში ისწავლეს, ახლაც ელოდებიან, რომ მთავრობა მათ თავად მოაკითხავს... ამ ოჯახებში საშინელი სიტუაციაა... სოციალურ ქსელში ჩემი საკეთებლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება უხერხულობას მიქმნიდა: ჯერ ერთი, ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ სიკეთე ჩუმად უნდა ვაკეთო; მეორე - ფაქტობრივად, დახმარებას ვითხოვ და ეს მეუხერხულება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სწორი საქციელია: ისეთი საუკეთესო ხალხი შეიკრიბა, რომ ახლა უამრავი ეპიზოდის გახსენება შემიძლია, მაგალითად - მახსოვს, მოხუცებს 4-5 ახალი მაცივარი უყიდეს. სამედიცინო დახმარებებზე აღარაფერს ვამბობ... ემიგრანტები მწერდნენ - ექიმთან წაყვანის ხარჯებს ჩემს თავზე ვიღებ, მე სახლში ფანჯრებს ჩავუსვამ, მე კი - მაცივარს ვუყიდიო და ა.შ. ემიგრანტები, რომლებიც მეხმარებიან, პირადად არც მიცნობენ, არც დამლაპარაკებიან ან ჩემთან სალაპარაკოდ სად სცალიათ? მძიმედ შრომობენ. მიუხედავად ამისა, მეხმარებიან. ეს როგორ არ ვთქვა?! მათ სამშობლო ძალიან ენატრებათ და საქართველოში არსებულ რთულ სიტუაციას მძაფრად განიცდიან...

- შეგიძლიათ, რომელიმე გამორჩეული შემთხვევის შესახებ გვიამბოთ?

- როცა ადამიანებთან პირად ურთიერთობებს აბამ, მათ ოჯახში ყოველდღიური სტუმრობა გიწევს, ხედავ მარტოხელა მოხუცების თუ ბავშვების გაბრწყინებულ თვალებს, იცი მათი ყოველდღიურობა, ამ ხალხს უკვე საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევ, მათი სატკივარი გტკივა... ერთ შემთხვევას გავიხსენებ: "ფეისბუკზე", რომელიღაც ჯგუფში, ლათინური ასოებით ნაწერი "პოსტი" ვნახე - ვინმე დამეხმარეთ, ყურადღებას რატომ არავინ მაქცევთ? რომ მოვკვდები, მერე არავისი დახმარება აღარ დამჭირდებაო... იცით, ყურადღება რატომ მივაქციე? ლათინური ასოებით ნაწერს უმეტესობა არ კითხულობს. ვინ იცის, იქნებ ადამიანი მართლა კვდება-მეთქი? მივწერე, ტელეფონის ნომერი გამოვართვი... აღმოჩნდა, რომ შუა ქალაქში, მელიქიშვილზე, ადამიანი შიმშილით და უპატრონობით კვდებოდა. ეს შემზარავი იყო! 80 წლის მოხუცი ქალი 21 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. თავად ამ გოგოსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და ფაქტობრივად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს უვლიდა. მოხუცს "ბებიათი" მიმართავდა, თუმცა დეტალებს არ ჩავძიებივარ, თუ ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ 2 პაწაწინა ოთახში, სახლი ჭერამდე ნაგვით სავსე იყო. ჭერი ინგრეოდა. 1 კვ მ ადგილი იყო სუფთად დარჩენილი, სადაც მოხუცი იჯდა. გოგონაც იქვე, ნაგავზე მიწვებოდა და იძინებდა ხოლმე. პატარა ელექტროქურა ჰქონიათ, რომელზეც წყალს აცხელებდნენ და ისიც გადასწვოდათ... არანაირი ფინანსური სახსარი არ გააჩნდათ, რომ რამე სხვა შეეძინათ. "ქეისი" გართულდა: მხოლოდ საკვების და გამათბობლის ყიდვა საკმარისი არ იყო - სახლის ჭერი ინგრეოდა... ამ ამბის შესახებ "ფეისბუკზე" დავწერე. საქმეში უზარმაზარი ჯგუფები, პლატფორმები ჩაერთო. 9 ათას ლარამდე შეგროვდა. პრობლემა ის იყო, რომ მოხუცი, მისი ასაკობრივი გუნება-განწყობის გამო, უფლებას არ მაძლევდა, ნაგავი სახლიდან გამეტანა - მიაჩნდა, რომ ეს ყველაფერი სჭირდებოდა. ბინა დავუქირავე. ვეხვეწე, - 1 კვირით გადი, რომ ეს სახლი გავარემონტო-მეთქი. არ გავიდა. სიტუაცია წარმოიდგინეთ: მოხუცი შუა ოთახში ზის და გარშემო რემონტი მიმდინარეობს!.. ბევრი ბინა გაგვირემონტებია და აგვიშენებია კიდეც, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მთავარი სხვა რამე იყო: ეს გაჩეჩილი, ჭუჭყიანი, ბრმა, სიფრიფანა ქალი, რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ნაგავში გონებრივი მოშლილობის გამო იჯდა, საოცარი ინტელიგენტი ადამიანი, სასწაული მოსაუბრე აღმოჩნდა. ერთად ბევრი დრო გავატარეთ - რემონტმა თითქმის 4 თვეს გასტანა, რადგან ოთახიდან არ გადიოდა. ამ ხნის განმავლობაში, ოთახის შუაში იჯდა. ყოველ ნივთთან დაკავშირებით აყალმაყალი გვქონდა, - არ წაიღოთ, მჭირდება, ჩემიაო! მოხუცი ბრმა კი იყო, მაგრამ შესანიშნავი სმენა ჰქონდა - ყოველგვარი ფაჩუნი ესმოდა. ჩემი მეუღლე ესაუბრებოდა ლიტერატურაზე, მუსიკაზე, რეჟისორებზე, დირიჟორებზე... მოხუცს ცალი ყური მაინც დაცქვეტილი ჰქონდა, - რა ხდება, რა ხმაურია, რა მიგაქვთო? - მე ვარ, ლიანა ბებო-მეთქი, - ვამშვიდებდი. აი, ასე მოტყუებით, ბინიდან რამდენიმე მანქანა ნაგავი გავიტანეთ. ნაგვის ათობით ფენიდან, როგორც ფერფლიდან ფენიქსი, "ამოვიდა" პატარა, კოხტა აპარტამენტი: ქვეშ აღმოჩნდა უამრავი უძვირფასესი წიგნი, ენციკლოპედია, ძველი ნივთი, ლამპა... სწორედ ამ ნაგვის ქვეშ იყო უძვირფასესი როიალიც. მოხუცს კი ვუთხარით, - ლიანა, ეს როიალი გაყიდე და ფულის თხოვნაც არ დაგჭირდება-თქო, მაგრამ შეიცხადა, - რას ჰქვია, გავყიდოო (იღიმის)?!. ავუშენეთ ტუალეტი, აბაზანა, დავუდგით გაზქურა, სარეცხი მანქანა... ეს ყველაფერი მოხდა უამრავი ხალხის დახმარებით, ნელ-ნელა, წვალებ-წვალებით... ლიანა უკვე გაკეკლუცებული, გაპრანჭული, დაბანილი, თვალებფახულა, ბედნიერი იყო...

283265093-3113261122318574-2530867567295584418-n-copy-1654499867.jpg

- ქალბატონი ლიანა ახლა როგორ არის?

- სამწუხაროდ, წინა კვირას დავკრძალეთ, მაგრამ გასული 1 წელი აღარ გაატარა არც ნაგავში, არც - სიცივეში. ეს არის სამოქალაქო სექტორის დამსახურება - თანხა თითო ლარობით შეიკრიბა. არ ვამბობ, რომ 100 ლარი არავის ჩაურიცხავს, მაგრამ ადამიანების 90% 1-2 ლარს რიცხავდა. თან, ანგარიშგებას აუცილებლად ვაწარმოებთ და გახარჯვების ქვითრებს იმ ჯგუფებში სრულად ვაქვეყნებთ, რომლებშიც თანხები გროვდება... კიდევ არის გამორჩეული "ქეისები", მაგალითად - ქსოვრისში საოცარი ბებო ცხოვრობს, რომელსაც ღამღამობით სიზმრად ვნახულობ, მისი თვალები ყოველთვის თვალწინ მიდგას... საოცარი ქალია!.. საუკეთესო საზოგადოება გვყავს. თავად სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი დედები სხვებს ეხმარებიან. იცით, რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა მათთვის დამირეკავს და მითქვამს, - რაღაც უნდა მოგიტანო-მეთქი, 6 შვილის დედას კი უპასუხია, - წინა კვირას ხომ მომიტანე? ჯერ მაქვს. იქნებ სხვას სჭირდებაო... ასეთი ადამიანები გათბობენ, იმედს გაძლევენ...

- ყოფილა შემთხვევა, როცა თანხების მობილიზება ვერ მოგიხერხებიათ?

- ყოფილა შემთხვევა, როცა 50 ლარის მეტი ვერ შეგროვებულა და ასევე, ყოფილა შემთხვევა, როცა 10-12 ათასი მოგროვებულა და სახლი აგვიშენებია, თუმცა ადამიანის ცხოვრების გამოსასწორებლად ეს საკმარისი მაინც არ არის. მაგალითად, არსებობს ახალგაზრდული მოძრაობა - "მთიელი წიგნები". ეს არის ჭკვიანი, განათლებული ახალგაზრდების საოცარი გუნდი. მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ - მუშაობენ. გადაწყვიტეს, საქართველოს მთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვები წიგნებით მოამარაგონ. 2.500 ლარს რომ მოაგროვებენ, ოცი ათასს ხარჯავენ, საქმეს აკეთებენ. ამიტომ აღვნიშნე, რომ მთელი სიმძიმე სამოქალაქო სექტორზე გადადის. ამას პოლიტიკურ იერს არ ვაძლევ. არც ვკითხულობ, სახელმწიფოს რა აქტივობები აქვს. მიმაჩნია, რომ ჩემი საკეთებელი თავად უნდა ვაკეთო. საერთოდ, თუ ადამიანი ქრისტიანია, ინტელიგენტურ ოჯახში აღიზარდა და საკმარისი განათლება აქვს ან უბრალოდ, ამ ქვეყნის მოქალაქეა და მის გვერდით ბავშვი ტირის ან მოხუცს სცივა, იცის, რომ უნდა დაეხმაროს. მეტს არავის არაფერს ვავალებთ და არც დავავალებ - ეს ყველა ჩვენგანის გასაკეთებელია.

- ამჟამად რა შემთხვევაზე მუშაობთ?

- თებერვლის ბოლოს ერთმა ქალმა მომწერა, რომ ექთანი, მოხალისე გახლდათ, გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ძალიან უნდოდა, ჩემთვის ერთი მოხუცი გაეცნო. აღტაცების გამომწვევი იყო ის ფაქტი, რომ მოხალისე ექთანი მწოლიარე ავადმყოფებს უფასოდ უვლიდა. რა თქმა უნდა, მაშინვე წავედი... ადგილზე მისულს ჯოჯოხეთური სიტუაცია დამხვდა: კერძო სახლის აივანზე, მუყაოს ყუთებით შეჭედილ საცხოვრებელ ფართში მოხუცი ცხოვრობს. წვიმდა და ჭერიდან, 6-7 ადგილას, წყალი ისე თქრიალით მოდიოდა, როგორც ონკანიდან. საშინელება იყო! მის დახმარებას ძალიან ვეცადეთ, ბევრ სხვადასხვა ჯგუფში დავწერე... სახურავისთვის საჭირო მასალა უკვე გვაქვს. ასევე, დღეს მოხუცის საცხოვრებელში ერთი ადამიანი უნდა მისულიყო: ხელოსანი ვარ, ვნახავ და თუ შემიძლია, მეგობრებთან ერთად, სახურავს ისე გავაკეთებ, რომ სანაცვლოდ "კაპიკი" არ მინდაო. საბრალო ციალა ბებოს ღმერთმა ერთი სიკეთე მომადლა - თეძომოტეხილი ქალი წევს და მეხსიერება არ აქვს, ვერ აანალიზებს, რა სჭირს... მისი საცხოვრებლის სახურავი რომ გარემონტდება და სახლში წვიმა, თოვლი აღარ ჩაუვა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში აუცილებლად დავწერ. ჩემს გამოცდილებაში ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა...

- თქვენ შესახებ გვიამბეთ - რას საქმიანობთ?

- ბევრი პროფესია მაქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე ჟურნალისტობაა. ალბათ ამიტომ დამჩემდა ინფორმირების სურვილი და ინფორმაციის მოძიების გზების ცოდნა. ჩემს ცხოვრებაში აღტაცების გამოსახატავი არაფერია: ჩვეულებრივად, კომუნისტების დროინდელ საქართველოში, ინტელიგენტის ოჯახში გავიზარდე. 90-იან წლებში ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციის მადლობელი ვარ, უბრალო მიზეზის გამო: ამერიკაში ყოფნამ საკუთარი შრომის დაფასება და ის მასწავლა, რომ თურმე, ფული საჭიროა... საქართველოში იმიტომ დავბრუნდი, რომ ქართველი ვარ - სულით, გულით და განწყობითაც. საქართველოს გარეშე ცხოვრება არ გამომდის. მირჩევნია, ცუდად, მაგრამ აქ ვიყო... არსებული მნიშვნელოვანი პროფესიებიდან უმეტესობას ვფლობ. შემოსავალი, რაც მაქვს, მყოფნის. საბურთალოზე ბინა გავყიდეთ და ავჭალაში გადმოვსახლდით, სადაც კერძო სახლი, უზარმაზარი ეზო, ყვავილები გვაქვს, უამრავი ცხოველი გვყავს... ასეთ ადგილზე სრულიად ბედნიერები ვართ. საქმის კეთების საჭიროება მხოლოდ მორალურად მაქვს... შვილები არ მყავს. ეტყობა, ბუნებით მზრუნველი ვარ. ჩემ გვერდით გახარებული ადამიანების ყოფნა მაბედნიერებს, სხვისი სიხარული მახარებს... ჩემგან განსხვავებით, მეუღლეს მშვიდი, წყნარი ხასიათი აქვს. ვინმეს ტკივილის, მით უმეტეს - მოხუცის და ბავშვის ჩაგვრის დანახვა არ შეუძლია. აფხაზეთის ომის ვეტერანია. საკმარისი ტკივილი უნახავს... ამიტომ საქველმოქმედო საქმეშიც ჩემ გვერდით სიამოვნებით არის. თანამოაზრის და მხარდამჭერის ყოლა, ვინც ყოველთვის უღალატოდ შენ გვერდითაა, დიდი ბედნიერებაა. დედაც მხარში მიდგას: ასაკის გამო, საქმეებზე ჩვენთან ერთად არ დარბის, მაგრამ მორალურად, სიტყვით, საქმით, თანამოაზრეობით, თავისი სამეგობროთი მხარს გვიჭერს. შეიძლება ზოგი ფონდივით 10 მილიონ ადამიანს არ ვაერთიანებთ, მაგრამ პროცენტულად რომ შევადარო, თამამად ვიტყვი: ქართველებს შორის ქველმოქმედების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ერში. ჩვენ ეს ბუნებით მოგვდევს. ცხოვრების წესის გარდა, ჩვენი აღზრდა და წინაპრების ისტორია ასეთი იყო. ბევრი ენა ვიცი, მაგრამ ქართულის გარდა, ეს გამოთქმა არსად შემხვედრია: ქვრივ-ობლის წილი ყველას ჯიბეში არისო... ასეთი ხალხი ვართ... გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანმა ინიციატივა გამოიჩინოს: როგორც კი ინიციატივა გამოვიჩინე და ჩვენი გასაკეთებელი საქმის აუცილებლობა გავაჟღერე, გვერდით უამრავი ადამიანი დამიდგა... ახლა ერთ-ერთ ტელევიზიასთან ერთად, საქველმოქმედო სახალხო მოძრაობას ვაანონსებ, რომელიც სავარაუდოდ, მთელ საქართველოს გააერთიანებს, რადგან შემოერთების მსურველთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება. მოძრაობა ითვალისწინებს, რეგიონებში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახების და საერთოდ, სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოებამდე მიტანას. რეგიონებში უკვე დავდივართ, მოსახლეობის პრობლემებს ვიწერთ და ხელისუფლების წარმომადგენლებს გადავცემთ...

სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" ადამიანებს ჩემთან დაკავშირება რომ გაუიოლდეთ, გეტყვით, რომ ასე ვარ დარეგისტრირებული: Maka Key.

ეთო ყორღანაშვილი