"რუსებიც გამწარებულები გვყავდა" - გზაპრესი

"რუსებიც გამწარებულები გვყავდა"

ქართული რაგბის ერთ-ერთი პიონერი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ნოდარ კაჭარავა საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. დაიბადა 1934 წელს, პედაგოგების ოჯახში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის ჩამოყალიბებაზე. რაგბის ემოციის გარეშე დღესაც ვერ უყურებს და უფრო მეტი წარმატების იმედი აქვს. წერს ლექსებს, ნოველებს.

- საინტერესო პერიოდში მომიხდა ცხოვრება. რა თქმა უნდა, საქართველო იყო ჩვენი სამშობლო, მაგრამ საბჭოთა კავშირიც სამშობლოდ ითვლებოდა. 1978 წელს სემინარზე გამგზავნეს საფრანგეთში, სადაც დამახვედრეს სამკერდე ნიშანი წარწერით: "ნოდარ კაჭარავა, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, საბჭოთა კავშირი". არ მესიამოვნა, - საბჭოთა კავშირიდან კი არა, საქართველოდან ვარ-მეთქი, ვუთხარი ორგანიზატორებს. რუსები გაგიჟდნენ, არ მოეწონათ ჩემი პროტესტი. ფრანგებმა კი მეორე დღესვე მომიტანეს შეცვლილი ნიშანი, რომელზეც ეწერა: "საქართველო, საბჭოთა კავშირი".

- ამის გამო საყვედური არ მიიღეთ?

- მაშინ არაფერი მითხრეს, მაგრამ მომდევნო წელს პერსონალური მოწვევა რომ მოვიდა, დამსაჯეს და აღარ გამიშვეს. ბევრი რამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ბედნიერი თაობა ვიყავით. იყო გადაცდომებიც, დანაშაულიც ხდებოდა, ვჩხუბობდით კიდეც ახალგაზრდები, მაგრამ ისე არ ვიმეტებდით ერთმანეთს, როგორც დღეს.

კარგად არ მახსოვს ომის წლები. მხოლოდ ის მახსოვს, მამა ომში რომ წაიყვანეს და დედა ყოველდღე ტიროდა. მამა, გვარდიის უფროსი ლეიტენანტი, სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის იმ მებრძოლებს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც გერმანიასთან ომში ჩართვა გარდატეხის პერიოდში მოუხდათ. ფრონტიდან დაბრუნებული ბევრ საინტერესო ამბავს მიყვებოდა. სწორედ ეს ამბები და განცდები აღვწერე ჩემს წიგნში, რომელიც მალე დაიბეჭდება.

- სპორტით როდიდან დაინტერესდით?

- პატარაობიდანვე სპორტული ვიყავი. თავიდან ტანვარჯიშზე დავდიოდი. დედასთან მოვიდა მასწავლებელი და სთხოვა, კარგი მონაცემები აქვს და თავი არ დაანებებინოთო, მაგრამ ტანვარჯიში არ მომწონდა. ძალიან მიყვარდა ფეხბურთი, ქალაქის ნაკრებშიც კი ვიყავი. ჩვენი ეზოს სიახლოვეს, ერთ ვიწრო ქუჩაზე, ყოველ შაბათ-კვირას უბნელი ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით. ერთხელ, გახურებული თამაშის დროს, რომ იტყვიან, ბურთი „ფეხზე მომაჯდა“ და მეც მთელი ძალით დავარტყი. გოლი გავიტანე, მაგრამ ფეხსაცმელი გამძვრა, ერთ-ერთი ფანჯრის მინა შეამსხვრია და შიგ შევარდა. თვალის დახამხამებაში დავიფანტეთ. ცალი ფეხსაცმლით ისე შევიპარე სახლში, რომ დედაჩემს არ გაუგია, მაგრამ მალე დაზარალებულმა შინ მომაკითხა და დედაჩემს ცალი ფეხსაცმელი დაუდო წინ. მასზე კომბოსტოს, სტაფილოს, ხახვისა და სხვა მწვანილის ნარჩენები იყო. აი, თქვენი შვილის ნამოქმედარი, დღეს სადილის გარეშე დამტოვაო. შეწუხებულმა დედამ ბოდიში მოუხადა და შესთავაზა, ახლავე ბაზარში წავალ და პროდუქტებს ვიყიდიო, მაგრამ ქალმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მამამ მინა ჩაუსვა, მე თამაში კი არა, იმ ქუჩაზე გავლაც ამეკრძალა. ამ შემთხვევას როცა იხსენებდა, მამა სიცილით მეტყოდა ხოლმე, - რაღა მაინცდამაინც ბორშჩის ქვაბს დაუმიზნე ფეხსაცმელიო? ამ ამბავს გაგრძელებაც ჰქონდა. ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელი გვიყვებოდა, რუსეთის დიდი რევოლუცია მაშინ დაიწყო, როცა მეფის ბალტიის ფლოტის კრეისერ „ავრორას“ მეზღვაურებმა ბორშჩში მატლები აღმოაჩინეს, ასე რომ, შეძახილი „ბორშჩში მატლებია“, რევოლუციის დაწყების მიზეზი გახდაო. თხრობას რომ მორჩა, ვუთხარი: მასწავლებელო, ბორშჩში შეიძლება ზოგჯერ ფეხსაცმელიც აღმოჩნდეს-მეთქი. რა ფეხსაცმელი, ხომ არ შეიშალეო? - შემომიბღვირა. რა ფეხსაცმელი და, აი, ასეთი-მეთქი, მერხიდან ფეხი გამოვყავი და წვნიანში ნამყოფ ჩემს ფეხსაცმელზე მივანიშნე. კლასში ხარხარი ატყდა, პედაგოგი კი სიბრაზისგან გაფითრდა და მშობელი სკოლაში დაიბარა. არაფრით დაიჯერა, რომ ეს ისეთივე ნამდვილი ამბავი იყო, როგორც კრეისერ „ავრორაზე“ მომხდარი. არ მაინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდა, გარეთ გადიო, - მიბრძანა. რა თქმა უნდა, დედამ ნახა ეს მასწავლებელი და იმასაც მოუყვა, როგორ აღმოჩნდა მეზობლის ბორშჩში ჩემი ფეხსაცმელი, რაზედაც ბევრი უცინია ისტორიის პედაგოგს.

ვიარე წყალბურთზე, ბოქსზე, კალათბურთზე და ბოლოს ხელბურთზე, წარმატებებიც ბევრი მქონდა. ეს იყო 60-იანი წლები. მაშინ ფეხბურთის მოედანზე ვთამაშობდით ხელბურთსაც, ძალიან გამიტაცა ამ სპორტმა. ერთხელ, ვარჯიშის დროს, უცნაური ბურთი დავინახე და დავინტერესდი. იმ პერიოდში არავინ არაფერი იცოდა რაგბის შესახებ. მოსკოვში, ახალგაზრდობის ფესტივალზე ფრანგებმა ითამაშეს და საბჭოთა კავშირში მაშინ შეიქმნა რამდენიმე გუნდი. საქართველოშიც ჩამოყალიბდა გუნდი და ბიჭებმა შემომთავაზეს, მეთამაშა. ჩვენ გვავარჯიშებდა გივი მრელაშვილი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი და რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი. მისი დამსახურებით 1961 წელს საბჭოთა კავშირში პირველად, სწორედ თბილისში შეიქმნა რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც შემდეგ ფედერაციად გადაკეთდა და მისი თავმჯდომარე თვითონ გახდა. სპორტის ეს სახეობა ჩემს ბუნებასთან ახლოს აღმოჩნდა, ვაჟკაცური და გუნდური თამაშია.

1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი. რუსეთში, ჩელიაბინსკში გამანაწილეს, მაგრამ მამამ არ გამიშვა, - იქაურ ცოლს მოიყვან, გარუსდებიო და აქ მომიძებნა სამსახური. „კომუნისტის“ რედაქციაში მთავარი ენერგეტიკოსი ვიყავი. სწორედ სტუდენტობის დროს მოვხვდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში, მერე „დინამოში“ გადაგვიყვანეს, საკავშირო შეჯიბრებებზე დავდიოდით. 1967 წელს დავქორწინდი და რაგბისაც დავანებე თავი, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი, ერთ წელიწადში ისევ უკან დავბრუნდი, ოღონდ - უკვე მსაჯად.

იმ პერიოდში ბევრი არაფერი ვიცოდით რაგბის შესახებ, არც ლიტერატურა გვქონდა. ფედერაციის თავმჯდომარედ ბორის პაიჭაძე დავნიშნეთ. ვიფიქრეთ, იქნებ დაგვეხმაროს ან ლიტერატურა ჩამოგვიტანოს საზღვარგარეთიდან, ან იმაზე იზრუნოს, რომ ჩვენი მოედანი გვქონდეს, მაგრამ ვერაფერი შეძლო. სხვათა შორის, ნონა გაფრინდაშვილს ვთხოვეთ და მან მართლაც ჩამოგვიტანა ინგლისიდან წიგნები, რომელიც ვათარგმნინეთ და ბევრი რამ გავიგეთ რაგბის თამაშის წესების შესახებ.

ამიერკავკასიაში ჩვენ გვყავდა წამყვანი გუნდი, აზერბაიჯანელებსა და სომხებს ყოველთვის ვუგებდით. რუსებიც გამწარებულები გვყავდა. მსაჯები ყოველთვის იმათ სასარგებლოდ იქცეოდნენ და მაინც ვამარცხებდით. კარგად ავუღეთ ალღო, ალბათ ამაში დაგვეხმარა თამაში „ლელო“. რაგბი ძალიან ჰგავს „ლელოს“. ეს თამაში ქართული ხასიათისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა, თანაც, რაგბი ეს მხოლოდ თამაში არ არის, ემოციების წყაროა. სწორედ ამ ემოციური აკომპანიმენტით ყალიბდება კავშირი რაგბისა და პოეზიას შორის, რაგბისა და მუსიკას შორის. წარმოსახვა და ინტუიცია, ძალასთან, გონებასთან და გამბედაობასთან ერთად, მორაგბეს წინსვლის საწინდარია.

ნინო ჯავახიშვილი