შეუფერებელი წყვილები ანუ რის გამო შეიძლება დაიწუნო სარძლო ან სასიძო - გზაპრესი

შეუფერებელი წყვილები ანუ რის გამო შეიძლება დაიწუნო სარძლო ან სასიძო

მიზეზი ცხადია, სხვადასხვაგვარია, მაგრამ ძირითადად, მათ გარეგნობის ან ასაკის გამო იწუნებენ, დაწუნებული სასიძო-სარძლოების რიცხვი კი ალბათ დამეთანხმებით, არც ისე მცირეა, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ასაკოვანი ადამიანის შეყვარება თითქოს, მოდურ ტენდენციად იქცა.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

მარიამი, 19 წლის:

- ჩემი მშობლები ისეთ სასიძოს ეძებენ, როგორსაც სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი. ალბათ, უნდათ, შინაბერა შვილი ჰყავდეთ, მე კი ეს არ მაწყობს და ამიტომაც, მათგან დამოუკიდებლად ვეძებ საქმროს. თუმცა, რაღას ვეძებ, უკვე ვიპოვე და მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, შეიძლება ამის გამო მშობლები დავკარგო.

- ანუ გაუთხოვრობას ვერ შეეგუები, მაგრამ მშობლებს იოლად შეელევი?

- არც მასეა საქმე, მაგრამ... უფროსებს ვერ შევაგნებინე, რომ ჩემს არჩევანს პატივი უნდა სცენ. ჯერ იყო და, ჩემს პროფესიულ არჩევანში უხეშად ჩაერივნენ - მათი წყალობით ახლა სტომატოლოგიურზე ვსწავლობ, ეს პროფესია კი საერთოდ არ მიზიდავს. მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს - ჩვენი შვილი არ შეიძლება, სცენაზე იდგეს და ხალხს ართობდესო; ახლა კიდევ, საქმროს მიწუნებენ. მითხარით, რა უფლება აქვთ? მხოლოდ იმიტომ, რომ ვაჟა სოფლიდანაა და ჩემზე ოდნავ დაბალია, მისი დაწუნება, აბუჩად აგდება შეიძლება?.. ერთხანს შეყვარებული არც მელაპარაკებოდა, რადგან ჭორიკანებმა ენა მიურბენინეს, - სასიდედრო ლენინს გადარებს და გიწუნებსო.

- ლენინს სიმაღლით ადარებს?

- აბა, სხვა რით შეადარებდა? მისი აზრით, ვაჟას კარგი არაფერი აქვს, დადებითს ვერაფერს უპოვი... აბა, დედამისს ვკითხოთ, თუ უნდა რძლად ისეთი ქალაქელი გოგო, რომლის მშობლებიც მის ვაჟს ცხვირაბზუებულები ხვდებიან...

- მშობლებს ამ თემაზე ელაპარაკე?

- კი, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდათ! მეტიც, იმის შიშით, რომ ცოლად ვაჟას არ გავყვე, უკვე ნათესავებში დაიწყეს გამორკვევა, - ჩვენ გოგოსთვის სადმე კარგი საქმრო ხომ არ გეგულებათო? ჰოდა, ერთ-ერთმა ნათესავმა თავი გამოიდო, მაჭანკლობა მოინდომა და ამას წინათ შინ ვიღაც "მახინჯი" მომაყენეს, რომელიც მართალია, ჩემზე გაცილებით მაღალი იყო და ნაკითხიც, მაგრამ ისეთი გამოშტერებული სიფათი ჰქონდა, მივხვდი, "დედიკოს ბიჭი" იქნებოდა. ჰოდა, მასზე მაგრად ვიკაიფე, მაგრამ მერე ამის გამო დამსაჯეს, - რას ჰქვია, სტუმარს ასე თამამად ელაპარაკე, ახლა შენკენ გამოხედვაც არ მოუნდებაო და ერთი კვირით შინ გამომკეტეს. თურმე, იმ საწყალს უთქვამს: არ მიცნობდა და ენას ატკლიკინებდა; ოჯახში რომ შევიყვანო, შეიძლება მთლად გაცოფდეს და დამკაწროსო. ჰოდა, დამიწუნა ბიჭმა, თავისი ჭკუით. ვაი, მაგის პატრონს!..

- ახლა შენ და ვაჟა რას აპირებთ?

- ერთმანეთი გვიყვარს და თუ ამ სიყვარულს თავად გავუფრთხილდებით, სხვა ვერაფერში შეგვიშლის ხელს. სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინ ჯვარი ჩუმად დავიწერეთ და ეს მხოლოდ ჩვენმა უახლოესმა მეგობრებმა იციან, მაგრამ რამდენიმე თვეში ამ სიახლეს ყველა შეიტყობს, რადგანაც გაპარვას ვაპირებთ.

- ამბობენ, კარგი შვილი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მის მშობლებს ატკენს გულს, თუნდაც მერე ამისთვის მთელი ცხოვრება ეწამოსო...

- რა სისულელეა! მშობლების სულელური ახირების გამო რატომ უნდა ვეწამო? რა მაცხოვრებს ისეთი ადამიანის გვერდით, რომელიც არ მიყვარს, რომლის ენაც არ მესმის და რომლის ღალატიც შეიძლება, ოდესმე გულში გავივლო?.. არა, მშობლების გამოც კი ვერ წავალ ასეთ მსხვერპლზე! ცოლად გავყვები იმას, ვინც მიყვარს და მჯერა, დროთა განმავლობაში მათ ვაჟაც ისე შეაყვარებს თავს, რომ მადლობას მეტყვიან, ასეთი კარგი სიძე რომ შევუყვანე სახლში.

მარი, 17 წლის:

- მშობლებმა ჩემი შეყვარებული იცით, რატომ დაიწუნეს? - ნაადრევად გამელოტებულიაო. მართალია, ჩემზე ასაკით დიდია - 26 წლისაა, მაგრამ ეს პრობლემად არ მიაჩნიათ, მას მხოლოდ გარეგნულად იწუნებენ და სწორედ ეს მაღიზიანებს. მის ასაკში მამაჩემი თუ იყო თმაქოჩორა ბიჭი, ახლა ხომ აქვს თავი დინამოს სტადიონივით უმინდორო და სიპი კლდესავით პრიალა?!.

- გარეგნობის გამო თავად არავინ დაგიწუნებია?

- როგორ არა, ამის გამო ბევრი თაყვანისმცემლისთვის შეხვედრაზეც კი უარი მითქვამს, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, მის გარეგნობას ნაკლებად აქცევ ყურადღებას...

- თავად არ გაქვს ისეთი ნაკლი, რის გამოც შეიძლება, სადედამთილომ დაგიწუნოს?

- არ ვიცი, ნაკლია თუ არა, მაგრამ ერთი მავნე ჩვევა კი მაქვს - საჩვენებელ თითს ბავშვობიდან ვწუწნი და ზოგჯერ ამას საზოგადოებაში ყოფნის დროსაც ვაკეთებ, თავს ვერ ვიკავებ. ჰოდა, შეიძლება, ამის გამო დამიწუნოს, თორემ დარწმუნებული ვარ, სადედამთილო სხვა ნაკლს ვერ მიპოვის! სხვა რომ არაფერი, დედისერთა გახლავართ, მშვენიერი ოჯახის შვილი და გარეგნობაც მიწყობს ხელს იმაში, რომ ხალხს თავი მოვაწონო. ჰოდა, რა ვიცი, მაინც თუ დამიწუნებენ, ჭკუა არ ექნებათ...

- ხომ იცი, ყველა მშობელს შვილისთვის საუკეთესო უნდა და იქნებ, შენზე უკეთეს გოგოს ეძებენ სარძლოდ...

- თუ ასეა, ჩემზე უკეთესო გოგო ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, მაგრამ არა, მე თავი ქუდში მაქვს! სხვათა შორის, სადედამთილოს უკვე ვიცნობ და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან შვილის ხელით საჩუქრებიც კი გამომიგზავნა - ახალი წელი, შობა მომილოცა და არც ჩემი დაბადების დღე დავიწყნია...

- ეს იმას ნიშნავს, რომ შეყვარებულის ოჯახს სარძლოდ მოსწონხარ, მაგრამ მშობლებს რომ არ მოსწონთ შენი არჩევანი?

- სხვა გზა არა აქვთ, სასიძოს სიმელოტეს უნდა შეეგუონ... სხვათა შორის, ჩემი შეყვარებული ბანკში მუშაობს, ნორმალური შემოსავალი აქვს და თუ მშობლები არ მიგვიღებენ, თავის რჩენას დამოუკიდებლადაც შევძლებთ!

სტარიკა, 16 წლის:

- უკვე ცოლიც მყავს და 7 თვის შვილიც. ასე რომ, საცოლეს ვეღარავინ დამიწუნებს!

- ამ ასაკში ოჯახის შექმნა ნაადრევი ხომ არ არის?

- შენი აზრით, რას უნდა დავლოდებოდი?.. ცოლ-შვილის რჩენაში ოჯახი მეხმარება, მაგრამ მეც ვცდილობ, საკუთარი ჯიბის ფული ვიშოვო.

- შენთვის ცოლის შერთვა არავის დაუშლია?

- მშობლებმა ამის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ; ისინი ფაქტის წინაშე დავაყენე და ნონას სახლიდან ხომ არ გააგდებდნენ?!

- უკვე შინ მიყვანილი რძალი მოეწონათ?

- გარეგნულად კი, მაგრამ როცა გაიგეს, რომ სომეხია და თანაც - ჩემზე 2 წლით უფროსი, ლამის გული გაუსკდათ. დამაყარეს კითხვები: რა გაჭირვება გქონდა, ასაკით უფროსი გოგო რომ არ მოგეყვანა? ან ქართველი ვერავინ იპოვე, სხვა სარწმუნოების ქალი რომ არ შეგერთოო? არადა, მიუხედავად იმისა, რომ სომეხია, ნონა ჩვეულებრივად დადის ეკლესიაში და ბევრ ქართველზე მორწმუნეცაა - მარხვასაც ინახავს და მოძღვარიც ჰყავს.

- არჩევანი რომ დაგიწუნეს, როგორი რეაქცია გქონდა?

- ყველა გავაფრთხილე: ამის შესახებ კრინტიც აღარ დაძრათ! ნონა მიყვარს და თუ ვინმეს რაიმე არ მოგწონთ, შეგიძლიათ, მას ხმაც არ გასცეთ, გარეგნულად კი მახინჯი არაა, მის დანახვაზე გული რომ აგერიოთ და ვიდრე საცხოვრებლად ქირით გადავალთ, თქვენ გვერდით უნდა აიტანოთ, თუ არა და, მეც დამკარგავთ-მეთქი! მას შემდეგ ხმაც არავის ამოუღია. მეტიც, ნონამ იმდენი მოახერხა, რომ უკვე მშობლები "წამართვა"...

- რას გულისხმობ?

- მათ თავი ისე შეაყვარა, რომ "შვილოს" ეძახიან, მე კი იმის უფლებასაც აღარ მაძლევენ, რომ ცოლს საყვედური ვუთხრა; როგორც კი რაიმეს ხმამაღლა ვიტყვი, მაშინვე თავს დამაცხრებიან ხოლმე, რაც ნამდვილად მახარებს. აი, ასეა: ზოგჯერ მშობლები არჩევანს გვიწუნებენ, მაგრამ მერე თავადვე ნანობენ საკუთარ საქციელს, რადგან შვილის მეორე ნახევრები საკუთარი შვილივით უყვარდებათ!

ნიაზი, 19 წლის:

- მშობლებს ვერაფრით შევაგნებინე, რომ უკვე დიდი ბიჭი ვარ. მათ ჰგონიათ, ისევ უკან დევნა მჭირდება, რათა საკუთარ თავს რაიმე არ დავუშავო; ყველა ჩემს ნაბიჯს ამოწმებენ, შორიდან მზვერავენ და თუ რაიმე არ მოეწონათ, იმწუთასვე თავს ქორებივით დამაცხრებიან ხოლმე. გინდა, გაცინო? ამას წინათ ტელეფონით ვიღაც გოგო გავიცანი. ერთმანეთს დიდხანს ვემესიჯებოდით, მერე კი პაემანიც დავუნიშნე. იმ გოგოს ბუკიას ბაღთან შევხვდი, შემდეგ ბარში, ყავაზე დავპატიჟე. ოფიაციანტს ყავა მოტანილიც არ ჰქონდა, დედამ რომ დამირეკა და მკითხა: სად ხარ? სასწრაფოდ სახლში მოდი, ძალიან მჭირდებიო. - ხომ მშვიდობაა-მეთქი? - ჩავეძიე. - შენსიგრძე მიწას რომ გაგითხრი, მერე იქნება ჩემს თავს მშვიდობაო, - იმხელაზე იკივლა, რომ ეს სიტყვები თამუნამაც გაიგონა. მაგრად "გამიტყდა" და ტელეფონი გავუთიშე, მერე კი იმ გოგოს ბოდიშები ვუხადე: მშობლებთან რაღაც პრობლემა მაქვს და დედაჩემი ამიტომაცაა გაცოფებული-მეთქი, სინამდვილეში კი ვერ მივხვდი, დედას ჩემგან რა უნდოდა; ამ ამბიდან 10 წუთში თვალი ქუჩისკენ გამექცა და ბუკიას ბაღში იცით, ვინ აღმოვაჩინე? - დედაჩემი, რომელიც ბოლთას სცემდა და მობილურ ტელეფონს აწვალებდა, თან - ბარისკენ იხედებოდა. მივხვდი, რისთვისაც დამიბარა შინ. ჰოდა, თამუნას სასწრაფოდ გამოვემშვიდობე, - რაღაც საქმე მაქვს-მეთქი და გოგო ბარში მივატოვე, მე კი გარეთ გამოვედი, დედას დავურეკე და ვუთხარი: მეტროში ვარ, ჩამოდი-მეთქი, იქ კი დავამშვიდე: ის გოგო არ მომწონს, უბრალოდ, ვერთობოდი და მერე მივატოვე კიდეც, ხომ ხედავ-მეთქი?! - მე კიდევ მეგონა, შენი შეყვარებული იყო და გული გამისკდა. ეს როგორი ძველი, გახეხილი ჩანთა ეკავა ხელში ან როგორი სიარულის მანერა ჰქონდაო. არადა, მერწმუნეთ, მართლა მშვენიერი გოგო იყო.

- იმ დღის მერე თამუნას აღარ დაკონტაქტებიხარ?

- არა! აბა, ამას რა აზრი ჰქონდა? საინტერესოა, შენ როგორ მოექცევი ბიჭს, რომელიც გაცნობისთანავე მიგატოვებს და ამით გეტყვის, - ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც ხდება, ვიდრე შენთან ლაპარაკიაო?.. ცხადია, იმ გოგოსაც არ გაუჩნდებოდა ჩემთან დაკონტაქტების სურვილი; შეიძლება ისიც იფიქრა, - არ მოვეწონეო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის...

- შეყვარებული გყავს?

- არა!

- იქნებ, ის გოგონა იყო სწორედ ის, ვინც გაგიგებდა, შენს მშობლებსაც შეაყვარებდა თავს...

- (მაწყვეტინებს) შეიძლება, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანია. რომ დავურეკო, რა ვუთხრა, - გიჟი დედა მყავს და მაპატიე, იმ დღეს მის გამო რომ მიგატოვე-მეთქი?..

- შენც ნუ ეტყვი, რომ დედის ახირების გამო მიატოვე, უბრალოდ, მოუბოდიშე...

- კარგი, მაშინ ამას თქვენი მეშვეობით გავაკეთებ: თამუნა ქაცარავა, იმ დღეს მომხდარის გამო ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი. მერწმუნე, საოცრად ლამაზი ხარ და ჩემი დასაწუნი არაფერი მაქვს, უბრალოდ, ხომ იცი მშობლების ამბავი... არც ის გეგონოს, რომ "დედიკოს ბიჭი" ვარ, მაგრამ "ნიკალაში" რომ ამოსულიყო, მერწმუნე, ორივეს სირცხვილს გვაჭმევდა, სახალხოდ მოგვჭრიდა თავს... ისე, თამუნას ჩემთან დალაპარაკება რომც მოუნდეს, როგორ ფიქრობ, დედაჩემისნაირი დედამთილის რძლობას მოისურვებს? თუ ჭკვიანია, არა მგონია, გამომეხმაუროს.

- მის ადგილას, პირადად მე, ნამდვილად არ გამოგეხმაურებოდი, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება... იქნებ მას ისე მოეწონე, რომ ვერ გივიწყებს.

- თამუნა, დედაჩემი მთლად ისეთიც არაა, როგორი წარმოდგენაც მასზე შეგექმნა, უბრალოდ, შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო ემეტება და ფრთხილობს; როგორც ამბობს, - არ უნდა, ვინმე ქარაფშუტა და უჭკუო გოგომ "გამომიჭიროს". კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს!

ვერ გეტყვით, ამ აღიარების შემდეგ თამუნას ნიაზთან დაკონტაქტების სურვილი გაუჩნდება თუ არა, მაგრამ პირადად მე დავინტერესდი, როგორ იპოვა თავად ნიაზის წუნია დედამ საქმრო და მას სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოდ, შინ დავურეკე.

ქალბატონი კლარა:

- რა უცნაური კითხვაა? რას ნიშნავს, როგორ შევარჩიე საქმრო? პირველ რიგში, მან დამადგა თვალი, მერე კი იმდენი ქნა, რომ თავი შემაყვარა.

- მაინც, რით მოგხიბლათ?

- ყვავილებით, საჩუქრებით...

- მის გარეგნობაში ყველაფერი გაკმაყოფილებდათ?

- გოგა ჩემი ოცნების პრინცი ნამდვილად არ იყო, მაგრამ... ყოველთვის სიმპათიური გახლდათ, დახვეწილი მანერების მქონე...

- მისი ჩაცმის სტილიც მოგწონდათ?

- ნუ, არც ისე, მაგრამ ხომ იცი, თუ მოინდომებ, ადამიანს გემოვნებას იოლად შეაცვლევინებ.

- როგორც ვიცი, ქალ-ვაჟი გყავთ. საინტერესოა, შვილების არჩევანში თუ ჩაერევით?

- ცხადია, ჩავერევი! ბოლოს და ბოლოს, მათი მტერი ხომ არ ვარ?! მირჩევნია, ბავშვების პირად ცხოვრებაში აქედანვე ჩავერიო და შვილებს რჩევა-დარიგებაც მივცე, ვიდრე მერე გამიხდეს თავში სარტყმელი.

- მაინც, როგორ სარძლოს ეძებთ?

- ისეთს, როგორიც ჩემს ოჯახს შეეფერება. პირველ რიგში, გოგონა დახვეწილი უნდა იყოს; აუცილებელია, რომ დიპლომიც ჰქონდეს.

- თქვენ თუ გაქვთ დიპლომი?

- მე რომ არა მაქვს, ამიტომაც ვეძებ დიპლომიან სარძლოს.

- ისიც ხომ არ გაქვთ განსაზღვრული, თუ ვინ უნდა იყოს პროფესიით?

- კარგი იქნება, თუ ჩემი შვილი ექიმს შეირთავს, მაგრამ არც ჟურნალისტ ქალზე ვიტყოდი უარს.

- და მსახიობი რომ შეირთოს?

- დიდად არ გამიხარდება, მაგრამ თუ ჩემს შვილს ეყვარება, წინააღმდეგობას არ გავუწევ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანს პროფესიის შეცვლა ნებისმიერ ასაკში შეუძლია!

გიგა, 56 წლის:

- სვეტი გოგოს რძლობას ვერ ავიტან. კაცო, რძალმა ცხვირწინ სიგარეტი რომ გამიბოლოს, ინფარქტი დამარტყამს; ან ისეთი მინიკაბა რომ ჩაიცვას, რომლის დანახვისას ჩემი ძმაკაცები ცუდად გახდებიან, ხომ შევიშლები ჭკუიდან და საყვედურსაც ვეტყვი, რასაც ცხადია, ახალგაზრდა გოგო ვერ აიტანს და ჩვენ შორის კონფლიქტი მოხდება... საბედნიეროდ, ისეთი რძალი მყავს, რომელიც არც გარეგნულად დაიწუნება და არც - "სვეტსკი" არაა. მართალია, ის მინიქვედაბოლოებსაც იცვამს, მაგრამ ისე გამომწვევს არა, რომ კაცები უკან აედევნონ...

- კიდევ, რის გამო შეიძლება დაიწუნოთ სარძლო ან სასიძო?

- უკულტურობის გამო! კიდევ, ვერ ავიტან, ქალი ჩემს ვაჟზე ბევრად უფროსი რომ იყოს. რა, ცოლი სათავისოდ უნდა მოიყვანოს თუ საჩემოდ? ვერ ვხვდები, ამ ბიჭებს ბებრუხანებში რა მოსწონთ?!. ამას წინათ ჩემი მეგობრის შვილმა შეირთო ცოლი. მერე გავიგეთ, რომ ის გოგო ქმარზე 12 წლით უფროსი ყოფილა და რა გასაკვირია, რომ დღესდღეობით მშობლები ბიჭს აღარ ელაპარაკებიან, როცა იმ ქალის რძლობა ჩვენ, მისი ოჯახის კარგის მსურველებსაც "გაგვიტყდა"? თან - ყველაფერთან ერთად, განათხოვარიც ყოფილა. ეტყობა, რაღაც გაუკეთა, თორემ როგორ შეიძლება, ახალგაზრდა კაცს დედისტოლა ქალზე მიგივიდეს გული?..

ნანი, 45 წლის:

- სარძლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიწუნებ, თუ მეცოდინება, რომ მას გრძელი ენა აქვს. მთავარია, ჩემს შვილს უყვარდეს და შევეცდები, გავუგო. მერწმუნეთ, გოგოს იმიტომ ნამდვილად არ დავიწუნებ, თუ ჩემს ვაჟზე დაბალი ან უსწავლელი იქნება; არ მომეწონება, ჩემი ასაკის ქალი რომ შეირთოს, მაგრამ თუ მათ შორის სხვაობა მაქსიმუმ, 5 წელი იქნება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ...

- ქალიშვილი არ გყავთ?

- მყავს, მაგრამ ის უკვე გათხოვილია.

- თავის დროზე სასიძო ხომ არ დაგიწუნებიათ?

- ცოდვა გამხელილი ჯობს და დავიწუნე, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. მაშინ მეგონა, რომ ის ბიჭი ჩემს გოგოს არ შეეფერებოდა, ჰოდა, როცა გავიგე, ერთმანეთი უყვარდათ და დაქორწინებას აპირებდნენ, გავცოფდი.

- მაინც, რას უწუნებდით სასიძოს?

- გარეგნულად არ მომწონდა. ჩემი ქალიშვილი მოდელი გახლდათ, ის კი მოჭიდავეა და ცხვირმოგრეხილი ბიჭის სიძეობა არ მინდოდა, ქალიშვილისთვის ბრედ პიტისნაირ კაცს ვეძებდი... ახლა კი მგონია, რომ ჩემმა გოგონამ საუკეთესო არჩევანი გააკეთა და თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე ღირსეულს გაჰყვა ცოლად.

- მაინც, ასე როგორ შეგაყვარათ სიძემ თავი?

- თავისი საქციელით. ის ჩემს შვილს ისე ექცევა, როგორც ანგელოზს შეიძლება მოექცე. თბილი, ყურადღებიანი ქმარი და მამაა, ჰოდა, სხვა რა შეიძლება ინატროს ქალიშვილის დედამ?! სხვათა შორის, ყურადღებას არც სიდედრ-სიმამრს გვაკლებს, ყოველდღე გვირეკავს, ჩვენს ამბავს კითხულობს. ხოლო როცა ნასვამია, მხოლოდ იმისთვის გვსტუმრობს, რომ გულში ჩაგვიკრას და ნინოს აღზრდისთვის მადლობა გადაგვიხადოს.

ლიკა ქაჯაია