"კონსტანტინე გამსახურდიას ჩემმა მამამთილმა შეუკერა ჩოხა, ზვიადს კი - მე" - გზაპრესი

"კონსტანტინე გამსახურდიას ჩემმა მამამთილმა შეუკერა ჩოხა, ზვიადს კი - მე"

ლულუ ვართაგავა ქართულ ტრადიციულ სამოსს უკვე 60 წელზე მეტია, კერავს. მისი შეკერილი ჩოხები მოცეკვავეების გარდა, ბევრ ცნობილ ადამიანს ამშვენებდა და დღესაც ამშვენებს. 85 წლის ხდება დეკემბერში, სულ 2-3 წლის წინ დაანება კერვას თავი და დარდობს, - ასაკი ხელს არ მიწყობს, რომ კვლავაც ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმეო. ისიც აწუხებს, რომ ეროვნული სამოსის კერვის ტრადიციას მის შემდეგ ზუგდიდში გამგრძელებელი აღარ ეყოლება.

- დავიბადე ზუგდიდში და აქვე გავთხოვდი, სოხუმის ქუჩაზე ვცხოვრობ 1963 წლიდან დღემდე. 2 შვილი მეყოლა, ქალ-ვაჟი. 20 წელია, რაც ბიჭი გარდამეცვალა, 37 წლის იყო, მას შემდეგ დიდი დარდი დამაქვს. ამჟამად ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ, ის ზრუნავს ჩემზე.

- ჩოხის კერვა საკმაოდ რთულია, თქვენ რატომ დაინტერესდით ან ვინ შეგასწავლათ?

- ისე მოხდა, რომ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი. ბებიაჩემმა დაიჩემა, ჩვენს უბანში რომ მკერავი ქალია, იმასთან მივიყვანოთ, ხელსაქმე რომ ეცოდინება, თავის ოჯახსა და შვილებს გამოადგებაო. მართლაც, მიმიყვანეს კერვის შესასწავლად და ასე შემოვრჩი ამ საქმეს. მამა განაწყენებულიც კი იყო იმის გამო, რომ არსად ჩავაბარე, მაგრამ მალევე გავთხოვდი და ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც კერვა უფრო კარგად ვისწავლე. ჩემი მამამთილი - პოკრო ჭაჭუა ნაციონალურ ტანსაცმელს კერავდა. რომ დავინახე, როგორ ოსტატურად და რამხელა სიყვარულით აკეთებდა თავის საქმეს, მეც გამიჩნდა სურვილი, მესწავლა ქართული სამოსის კერვა და ამ ოჯახის ტრადიცია გამეგრძელებინა. არ გამჭირვებია, ერთი ღილკილო (ჩასაღილავი) იყო რთული შესაკერი, მაგრამ ამასაც ავუღე ალღო. მამამთილის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ასეთი კარგი მოსწავლე რომ აღმოვჩნდი. თვითონ საუკეთესო იყო ამ საქმეში. როდესაც მივედი მათ ოჯახში, სიამაყით მითხრა, - კონსტანტინე გამსახურდიას ჩემი შეკერილი ჩოხა ეცვა, თვითონ მოვიდა ჩემთან ზომის ასაღებად და ზუსტად მოერგო, ისედაც მოხდენილი კაცი იყო და ჩოხა კიდევ უფრო ამშვენებდაო. უამრავი ადამიანისთვის, გუნდისთვის, ანსამბლისთვის შეუკერავს ფორმები, საიდან აღარ მოდიოდნენ მასთან - ქუთაისიდან, სოხუმიდან, სვანეთიდან...

285138720-5303974432973936-4260166343166373842-n-copy-1655104265.jpg

ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან შემდეგ უკვე მეც ვთანამშრომლობდი. დასავლეთში არ ყოფილა ადგილი, ზომების ასაღებად რომ არ ვყოფილვარ. ჯერ ვხატავდი, ვის როგორი უნდოდა, რომ გამერკვია, მერე გამოვჭრიდი და ვკერავდი. 2 დღე მჭირდება ერთი ჩოხისთვის, გააჩნია სირთულეს. მაგალითად, ჩოხოსნებისთვის უფრო რთული შესაკერია. ძირითადად შავი, ნაცრისფერი, თეთრი, შინდისფერი და წითელია ჩოხის ფერი. სხვა ბევრი რამითაც განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად, მეგრული ჩოხა ნაცრისფერია ან შავი. ქილები დახრილი აქვს, უბე ფართo უნდა ჰქონდეს და წელში გამოყვანილი იყოს. ქამარს რომ გაიკეთებ, ნაოჭს არ უნდა იკეთებდეს. ჩემი შეკერილი კაბაც და ჩოხაც გამოირჩევა სხვისი ნამუშევრებისგან. თუ კარგად არ იყო გამოყვანილი ტანზე ან რამე არ მომწონდა, თავიდან ვაკეთებდი. ძველებური სამოსი უფრო კარგია და მომწონს, მაგრამ დროება რომ იცვლება, ესეც მოითხოვს ცვლილებას, თუმცა ზოგი ძალიან ამახინჯებს.

- როგორც ვიცი, ზვიად გამსახურდიასაც თქვენი შეკერილი ჩოხა ეცვა...

- მოცეკვავეებისა და მომღერლების გარდა, ვუკერავდი ჩოხოსნებს, პარლამენტარებს. ჩემი შეკერილი ჩოხა ეცვა ზურაბ სოტკილავას, კოტე დაუშვილს, ზვიად გამსახურდიას. კონსტანტინე გამსახურდიას ხომ მამამთილმა შეუკერა ჩოხა, ზვიადს კი - მე. მსგავსი აღნაგობის კაცი მოიყვანეს ზომების ასაღებად და როდესაც გავატანე, დიდი მადლობა შემომითვალა.

ახლა იშვიათად თუ შევკერავ რამეს, ბოლო ჩოხა ავთანდილ გალდავას, პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს შევუკერე. არ შემიძლია და მაინც მინდა გავაკეთო, მაინც მიმიწევს გული საქმისკენ, მაგრამ ჯანმრთელობა აღარ მომდევს - ასაკმა და დარდმა თავისი ქნა. გული მტკივა, რომ დღემდე არავინ დაინტერესებულა და გამოჩენილა ისეთი, ვისაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებდი და ამ საქმეს შევასწავლიდი.

- დღეგრძელობას გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი