"გვაკლია ბევრი პოზიტივი და გვავიწყდება, რომ ამას შეუძლია ჩვენი გადარჩენა" - გზაპრესი

"გვაკლია ბევრი პოზიტივი და გვავიწყდება, რომ ამას შეუძლია ჩვენი გადარჩენა"

"ტიკ-ტოკი" ვიღაცისთვის შემოსავლის წყაროდ, ვიღაცისთვის კი უბრალოდ გასართობ პლატფორმად იქცა. სოციალურ სივრცეში არაფერი კონტროლდება, არადა, მისი მომხმარებლების დიდი ნაწილი ბავშვები არიან. სოციოლოგები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სოცქსელები მოზარდებისთვის საშიშია და მშობელმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს შვილის აქტივობა. 18 წლამდე არ არის სასურველი "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი გახდე. მოზარდები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი ჩაცმის სტილის, მეტყველების მანერისა თუ ვიზუალის გამო. ამას ყველა ბავშვის ფსიქიკა ვერ უძლებს. სამწუხაროდ, ამაზე ბლოგერები არ ფიქრობენ ისევ და ისევ რეიტინგის გამო.

იმის გარკვევას, თუ რამდენად არის "ტიკ-ტოკის" ბლოგერობა შემოსავლის წყარო, გიორგი ერქვანიძესთან, იგივე „ძიძაგიორგუნასთან“ შევეცადეთ. გიორგი, რომელიც სოცქსელში პოზიტივითა და მხიარულებით გამოირჩევა, ცოტა არ იყოს, მორცხვი აღმოჩნდა. სტუდენტია, წარმოშობით იმერეთიდან. დღეს უკვე მის ვიდეოებს 35 000 ადამიანი ელოდება. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მას არ ჰყავს ე.წ. ჰეითერები და მის ვიდეოებს უარყოფითი კომენტარები თითქმის არ აქვს.

- ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდია. სკოლა ძალიან მიყვარდა და ვერ წარმომედგინა ის დღე, როდესაც რაიმე მიზეზით გავაცდენდი და არ წავიდოდი. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, ხშირად დავდიოდი ბანაკებში, რისი წყალობითაც უამრავი მეგობარი მყავს.

- რატომ დაიწყეთ ვიდეოების გადაღება და რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი გახდით?

- ვიდეოების გადაღება დეიდაჩემმა დაიწყო, სულ ტელეფონით დამდევდა და შემდეგ ახლობლების წრეში აგზავნიდა. ისე ატვირთა "ტიკ-ტოკზე" პირველი ვიდეო, მე არც ვიცოდი ამის შესახებ.

- ეს ვიდეოები დადგმულია თუ ნამდვილად ასეთი მხიარული ხართ?

- არა, დადგმული არაფერია, მართლა ძალიან მხიარული და კონტაქტური ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და პოზიტივის გაცემა.

- როგორ ფიქრობთ, ქართველებს გვაკლია პოზიტივის გაცემა ან მიღება?

- კი, სამწუხაროდ, გვაკლია ბევრი პოზიტივი და გვავიწყდება, რომ ამას შეუძლია ჩვენი გადარჩენა.

- რა მოგიტანათ ბლოგერობამ?

- ხალხის სიყვარული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემს ვიდეოებს თითქმის არ აქვს ცუდი კომენტარები. რა თქმა უნდა, ერთი-ორი ყოფილა უარყოფითიც, მაგრამ არ ვუპასუხეთ - ჩვენ არ ვართ კონფლიქტური ადამიანები.

- ვინ არის გოგო, რომელიც ეკრანზე არასოდეს ჩანს და მისი ხმა მხოლოდ ეკრანს მიღმა ისმის?

- დეიდაჩემია. ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ათი წელია, მისი დამსახურებით გამიცნეს და შემიყვარეს ადამიანებმა. ის პატარა გოგონა კი ჩემი დეიდაშვილია.

- ხშირად ხუმრობთ ბიძაზე. მას როგორი რეაქცია აქვს თქვენს ხუმრობაზე?

- ძალიან პოზიტიურად იღებს ამ ყველაფერს. ან რა უნდა ეწყინოს? სიმართლეს ვამბობ და ეს თვითონაც იცის (იცინის).

img-20220605-wa0011-copy-1655104552.jpg

- იქცა თუ არა "ტიკ-ტოკი" თქვენთვის შემოსავლის წყაროდ?

- არა. მსმენია, რომ უამრავი ადამიანი იღებს სარგებელს, აკეთებენ რეკლამებს, ამით თანხასაც გამოიმუშავებენ და საჩუქრებსაც იღებენ. ჩემს შემთხვევაში ასე არ ხდება, მხოლოდ ერთხელ გავაკეთე ერთი კომპანიის რეკლამა.

- არის თუ არა დაცული "ტიკ-ტოკ" სივრცე ბავშვებისთვის და უნდა ჰქონდეთ თუ არა ბლოგერებს ვალდებულება, რომ დაიცვან ცენზურა და იზრუნონ მაყურებელზე?

- რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ბავშვი უყურებდეს ჩვენს ვიდეოებს. ამიტომ ცენზურა აუცილებლად უნდა დავიცვათ. თუმცაღა ბრალი მხოლოდ ბლოგერებს არ უნდა ედებოდეთ ამაში, მშობელმაც უნდა აკონტროლოს შვილი. ეს პლატფორმა ბავშვებისთვის ხომ არ არის? ბლოგერებს ჩვენი მორალური ვალდებულებები გვაქვს, თუმცა ამას ვინ რამდენად ითვალისწინებს, ეს სხვა საკითხია.

ფიქრია რობაქიძე