ვინ არის მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანიდან ერთ-ერთი - გზაპრესი

ვინ არის მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანიდან ერთ-ერთი

მაისის მიწურულიდან შუა ივნისამდე ზემო იმერეთში გვირილები ყვავის. თეთრი ყვავილების ზღვა გავიწყებს ასაკს, დარდს, ტკივილს და ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. ამ დროს ამჯობინებს ხოლმე ჭიათურელი მაია ტყემალაძე მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვას. მაია ის ადამიანია, რომელსაც არ ავიწყდება არც ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, ხელოვნების არც ერთი ღირებული პწკარი, ფერი და ხმა და რა გასაკვირი უნდა იყოს, თუ არ დაავიწყდა ასი წლის ელენე აბაშიძე, რომელიც ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13200 ექსპერიმენტისა. გარდა ამისა, აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ ნუსხაში...

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის სცენიდან გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 100 წლის მეცნიერი ელენე აბაშიძე მადლობას უხდიდა მშობლიურ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღებისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის. გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგი დაიბადა 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში. დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1944 წელს გაანაწილეს სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში, სადაც 4 საგანს ასწავლიდა... ამის შემდეგ დაიწყო დიდი ძალისხმევისა და აღიარების პერიოდი, რომელსაც დეტალურად ვერც ერთი სქელტანიანი წიგნი ვერ daიტევს, თუმცა, ეცადა მაია ტყემალაძე, მცირეოდენ სიტყვებში ჩაეტია სასახელო თანაქალაქელის ცხოვრება და ამასთან, მოგვაწოდა ელენე აბაშიძისადმი მიძღვნილი გულწრფელი ბარათები:

„ნამდვილი ვარსკვლავი“ - ასე უწოდა პაწაწინა გოგონამ, მეორეკლასელმა ლიზი მოდებაძემ საუკუნის ქალბატონს:

„ქალბატონო ელენე, გილოცავთ დაბადების დღეს. იყავით ბედნიერი და ჯანმრთელი. ვამაყობ, რომ ჭიათურიდან ბრძანდებით და თანაც ასეთი წარმატებული ადამიანი ხართ, ნამდვილი ვარსკვლავი. ვისურვებდი, მეც თქვენნაირი ცნობილი გავხდე“.

საამო განცდებით აღსავსე, საუკუნის ქალბატონის საიუბილეო საღამოზე მივიჩქარი. ხელში მოწნული კალათა მიჭირავს, ყვავილებით სავსე. ჰო, ფერად-ფერადი ბარათებით, ბავშვურად გულწრფელი, ლამაზი, გულუბრყვილო სურვილებითაა კალათა დახუნძლული... ვუახლოვდები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. ამ შენობაში ყოველთვის გული მითრთის. აქ მუხლჩაუხრელად იღვწიან, დინჯად დადიან, დარბაისლურად საუბრობენ უაღრესად პატივსაცემი მამულიშვილები... შენობაში შევდივარ. ლიფტს ბევრი ადამიანი ელოდება. სამსახურში, მეცხრე სართულამდე ფეხით ავდივარ-ჩავდივარ და აქაც, ცხადია, კიბეს ფეხით ავუყევი. წინ მიმავალი მამაკაცი შემობრუნდა და აღფრთოვანებული მეუბნება: „ნახეთ, ნახეთ, ქალბატონი ელენე მეხუთემდე ფეხით მიდის!“ ვხედავ, მსუბუქად მიაბიჯებს, ულამაზესი მწვანე კაბა, დაბალქუსლიანი, ღია ფერის ფეხსაცმელი აცვია. რა მშვენიერია! ძალიან მინდა მივეფერო, ჩავეხუტო... დერეფანში შეჩერდა. ღვაწლმოსილი ადამიანები შემოეხვივნენ, სიყვარულით ულოცავენ. ერთი, საკმაოდ ცნობილი მამაკაცი (სახელს და გვარს არ ვწერ) ეფერება და ეუბნება: „ბოდიშს გიხდით, მძიმე დღე მაქვს. არ შემეძლო, არ მოვსულიყავი. თუმცა, უნდა დაგტოვოთ, უმცროსი ძმა გარდამეცვალა...“

ღმერთო, რა საოცარია ქართული გენი, რა სიდიადეა ჩვენს ფესვებში, აქამდე რომ გვკვებავს. ნამდვილი რაინდი დგას ქალბატონი ელენეს წინ და როდესაც ასეთი ადამიანები არსებობენ, რა გადაგვაგვარებს, რა გადაგვაშენებს?! დიდებულ მანდილოსანს მეც მოკრძალებულად ვუახლოვდები. ვულოცავ. ვეუბნები, რომ მისი მშობლიური ჭიათურიდან უზღვავი სიყვარული ჩავუტანე, დიდ-პატარა გოგო-ბიჭების ბარათები მივართვი... ო, რა ლამაზად მიღიმის, თვალები უბრწყინავს, დიდ მადლობას მიხდის... საღამო იწყება. საუბრობენ ღვაწლმოსილი მეცნიერის პიროვნულ ღირსებებზე, ნაღვაწსა თუ დამსახურებაზე. მშობლიურ ქალაქს გადასწვდა ჩემი ფიქრები. ჩვენ უთუოდ უნდა მოვეფეროთ, ძალიან, ძალიან ლამაზი, უთბილესი საიუბილეო საღამო უნდა მოვუწყოთ პატარა ქალაქში, სადაც პირველად გამომზიანდა მეოცნებე გოგონას განცდები, სურვილები... მეორეკლასელი იოანა კაპანაძის ბარათი მახსენდება:

„ელენე ბებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ 100 წლის იუბილეს! მინდა, რომ გაგიცნოთ. ჩემს ბაბუას სოფელში ლამაზი ბუხარი და დიდი ეზო აქვს. წავიდეთ, ლამაზი ყვავილები დავკრიფოთ. მდინარე არის კიდევ და იქ ვისეირნოთ. ჩემს ბაბუას ეზოში ძალიან ბევრი ვარდი აქვს და გაჩუქებთ. შორიდან ათას ჩახუტებას და ათას კოცნას გიგზავნით“.

ქალბატონი ელენეს ჭიათურაში ჩამობრძანებით, როგორ გაიხარებს დიდ-პატარა! დიდებული მანდილოსანი დაიბადა სწორედ ჭიათურაში, 1922 წლის 18 მარტს. მამა, მიხეილ აბაშიძე, ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარე იყო. 14 წლის გოგონას თავს დიდი უბედურება დაატყდა. როგორც ბევრი სხვა, მამამისიც დააპატიმრეს და იმ დროიდან მოყოლებული, ადრეული ასაკიდანვე, თავად მოუხდა ცხოვრების მძიმე გზების გაკაფვა. ჯერ კიდევ მოსწავლემ, თბილისში წასასვლელი ფული რომ მოეგროვებინა, მუშაობა დაიწყო. მიზანდასახული ქალიშვილი, როგორც ფრიადოსანი, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის ფაკულტეტზე, თუმცა, მალევე გადავიდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე შექმნილ ახალ მიმართულებაზე, ჰიდროლოგიაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჭიათურის სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში, სადაც მასწავლებლების ნაკლებობის გამო, ერთდროულად ასწავლიდა გეოგრაფიას, ფიზიკას, გეომეტრიას, საქართველოს ისტორიას და ამავდროულად, იყო სასწავლო ნაწილის გამგე. მერე განვლო სიახლეებით, მიღწევებით, თუმცა ლაბირინთებით ჩახერგილი გზები...

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჩააბარა მუსიკალურ ტექნიკუმში და გამოცდაზე, თურმე, ისე თავდავიწყებით უკრავდა, მთელი კომისია თავს დაsდგომია. ტექნიკუმის დირექტორს უთქვამს, მეორე კურსზე დაგსვამ, ოღონდ თეორიაც უნდა მოამზადოო. ქალბატონ ელენეს მორიდებია გაემხილა, რომ ინსტრუმენტი არ ჰქონდა... ელენე აბაშიძე იმ თერთმეტ ადამიანს შორის იყო, ცნობილი მთამსვლელების, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების ორგანიზებით, ხვამლის მთაზე პირველად რომ ავიდნენ... რა სასიხარულოა, რომ იგი დღესაც ენერგიულად განაგრძობს საქმიანობას და თანამედროვეებისათვის მისაბაძია. იდეები ახლაც საგულისხმო, გამორჩეული აქვს. საუკუნის ქალბატონი რომ საუბრობს, სულ გინდა უმზირო, ყურაღებით უსმინო, რადგან მისი გულიდან, ბაგეებიდან სიყვარული გამოკრთის; სიყვარული, რომელიც ასე გვაკლია, ასე გვჭირდება, რომელიც სიძულვილით, ქიშპობით, დაუნდობლობით ჩავანაცვლეთ...

საუკუნოვანი ქალბატონის საიუბილეო საღამოს შესახებ ყოველგვარ თანადგომას გვიცხადებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების გუნდთან ერთად. საღამოთი დაინტერესებულია ქალბატონი ელენეს უმცროსი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, მე-2 საჯარო სკოლის ეკოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი მეგი მამაცაშვილი, 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხიხაძე. მადლობა მათ, რომ თავიანთი მოსწავლეების მიერ დაწერილი საინტერესო ბარათები მოგვაწოდეს (იბეჭდება შემოკლებით):

284362261-4530285883741186-7551906320310046254-n-copy-1655104675.jpg

ო. ჯაფარიძე: "თამრიკო მასწავლებელმა გაგვაცნო თქვენი ბიოგრაფია და გვესაუბრა უდიდეს ღვაწლზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის გაგიკეთებიათ. იცით, რამ გამახარა ყველაზე მეტად? პირველად მუშაობა ჩემს სოფელში, პერავისაში რომ დაგიწყიათ... როგორ მინდა, პირადად მოგილოცოთ 100 წლის იუბილე, მაგრამ ამ ეტაპზე, ვიცი შეუძლებელია, ამიტომ შორიდან გილოცავთ სიყვარულით და გმადლობთ, რომ ამდენი იშრომეთ ქვეყნისათვის.“

დ. ლაბაძე: "მე მომეწონა თქვენი პროფესია. რა საინტერესო იქნება მიწისქვეშა წყლების კვლევა. მინდა გნახოთ და მომიყვეთ თქვენი აღმოჩენების შესახებ. მერე ერთად აღმოვაჩინოთ სიახლეები და ერთად გავიხაროთ".

კ. თაბაგარი: "გავიგე, რომ დაბადების დღე გაქვთ და ასი წლის გახდით. იცით, მეც მყავს დიდი ბებო, დაახლოებით თქვენი ასაკის და ის ძალიან მიყვარს. მჯერა, თქვენც ასე უყვარხართ ყველას. თან ისიც გავიგე, რომ პედაგოგი ყოფილხართ და ალბათ რამდენ მოსწავლეს უყვარხართ... ჯერ პატარა ვარ, მე-2 კლასში. თქვენი პროფესიის შესახებ ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ მეც მინდა, მსოფლიოში თუ არა, საქართველოში ცნობილი ადამიანი გამოვიდე. ჯანმრთელობას და თბილ სიბერეს გისურვებთ! ბებოები ხომ ყველაზე ტკბილები არიან მსოფლიოში!"

ი. სევასტოპულო: "მე თქვენ გუშინ გაგიცანით და გუშინვე შემიყვარდით. თქვენი თავი თამრიკო მასწავლებელმა გაგვაცნო. სურათი ვნახე, ძალიან გიხდებათ გადაწეული თმა და ღიმილი. წარმომიდგენია, როგორი საყვარელი მასწავლებელი იქნებოდით. ალბათ ბავშვებს ძალიან უყვარდით. დაბადების დღეს გილოცავთ!"

გ. ხვედელიძე: "რომ გიცნობდეთ, ჩემი ბებოსავით შეგიყვარებდით. მანაც თქვენსავით დიდხანს მინდა იცოცხლოს. ჭიათურაში რომ ჩამოხვალთ, ერთმანეთს გაგაცნობთ და მეც გაგიცნობთ".

ა. აბდუშელიშვილი: "ქალბატონო ელენე, გამარჯობა. რამხელა გაზრდილხართ! უკვე 100 წლის ხართ. მე როდის ვიქნები მაგხელა? უჰ, დიდი დროა მანამდე. ახლა როგორ გამოიყურებით, ნეტავ? სურათი გამომიგზავნეთ, რომ გნახოთ. გილოცავთ იუბილეს, სულ ჯანმრთელად იყავით. იმედია, თქვენც მომწერთ".

ბ. გაფრინდაშვილი: "გავეცანი თქვენს ბიოგრაფიას, თქვენს მიღწევებს, საქმიანობას და ძალიან მიხარია, რომ ისეთი განათლებული ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ, დაიბადეთ ჩემს ქალაქში. ვისურვებდი თქვენთან შეხვედრას, გაცნობას და სიამოვნებით მოგისმენდით".

ც. ცარციძე: "თქვენი სურათი ვნახე და ძალიან მომეწონეთ. რამდენი გიშრომიათ. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და ჯანმრთელად გამყოფოთ. მეც თქვენსავით ვისწავლი და ჩემს ქვეყანას გამოვადგები".

დღეს, როცა სულში ასე გვცივა, როდესაც პანდემიით, ომით ასეთი გათოშილები ვართ, ყველამ, ყველამ, ვისაც გულები სიკეთით გვიძგერს, ყოველ კუთხე-კუნჭულში სიყვარული უნდა ვახაროთ, ვამრავლოთ. მაგალითები კი ღირსეული ადამიანებისაგან ავიღოთ... მაპატიეთ, 100 წლის დიდებულ ქალბატონზე სათქმელი შესაფერისად თუ ვერ ვთქვი...

როლანდ ხოჯანაშვილი