შვილების უკეთესი მომავლისთვის მიღებული გადაწყვეტილებები - გზაპრესი

შვილების უკეთესი მომავლისთვის მიღებული გადაწყვეტილებები

არც ესპანეთია გამონაკლისი, ამ ქვეყანასაც საკმაოდ ბევრმა ქართველმა მიაშურა, ზოგმა - თავშესაფრის მოთხოვნით, ზოგმა კი საკუთარი შრომით მომავლის შეცვლა გადაწყვიტა. იმ იმედით, რომ ევროპაში მაღალი შრომის ანაზღაურებაა და დასაქმების პრობლემაც ნაკლებადაა, ბევრმა გაყიდა საცხოვრებელი და აქ ჩამოსული უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ბევრიც თაღლითობის მსხვერპლი გახდა - მავანთა დაპირებით, რომ ევროპაში ჩაიყვანდნენ და დაასაქმებდნენ, რომლებმაც დიდი თანხები დასტყუეს.

რამდენიმე დღის წინ ამერიკაში წამსვლელთა 33-კაციანი ჯგუფი მადრიდის აეროპორტში მიატოვეს, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ეს ინფორმაცია დადასტურებულია, თუმცაღა თვითონ ამაზე ღიად საუბარს თავს არიდებენ.

არც ერთ ქვეყანაში არ არის ადვილი ენისა და საბუთების გარეშე დასაქმება, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ესპანეთი ამ გამონაკლისი ქვეყნების რიგში ნამდვილად არ არის. აქ არც ლტოლვილის სტატუსის მიღებაა იოლი და მით უმეტეს - არც რეზიდენტის სტატუსის. ემიგრანტების დიდ ნაწილს კი სჯერა - თუ ქართველებს ევროპის ქვეყნებში ლეგალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ, ეს სხვადასხვა რისკსა და დაზარალებული ადამიანების რაოდენობასაც შეამცირებს.

ჩვენ ესპანეთში მყოფი ემიგრანტები გამოვკითხეთ. უმეტესობამ გვითხრა, რომ დასაქმება გაუჭირდათ, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ თხოვნით, დაიწყოს მოლაპარაკება ესპანეთის მთავრობასთან, რათა ქართველმა ემიგრანტმა ლეგალურად მუშაობა შეძლოს. რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ ეს ადვილი არ იქნება და პრობლემა რამდენიმე დღეში არ მოგვარდება, მაგრამ ამ მოთხოვნას მაინც აჟღერებენ.

მანანა ლუტიძე ამბობს, რომ ბანკის სესხის გამო გახდა იძულებული, ემიგრაციაში წასულიყო.

- ქალბატონო მანანა, რამდენად რთული იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება?

- 9 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. საქართველოში საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, საკუთარი კაბინეტი და 450 ლარი ხელფასი მქონდა. ჩემს ხელფასს ყოველთვიური გადასახადები და ვალდებულებები ბევრად აჭარბებდა, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ოჯახის სიყვარულით ყველაფერს გავუძელი. როდესაც ყველაზე მეტად მიჭირს, ჩემს თავს ჩავაგონებ, რომ ამას ჩემი შვილებისა და ოჯახისთვის უნდა გავუძლო; რომ ვალდებული ვარ!

- შეძელით თუ არა ლეგალურად დასაქმება?

- ამ დროის განმავლობაში ვერ შევძელი რეზიდენტის სტატუსის მიღება, სამსახურის კონტრაქტის არქონის გამო. ოჯახი, სადაც ვმუშაობ, კონტრაქტს არ მიფორმებს, რადგან ეს სხვადასხვა პრობლემასა და ხარჯთანაა დაკავშირებული. ოჯახში მუშაობისას უსაბუთობა, სიმართლე გითხრათ, ხელს არ მიშლის, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ რეზიდენციის შემთხვევაში შევძლებდი, უფრო მაღალი ანაზღაურებით მემუშავა. ჩამოსვლიდან 8 თვე შინ ვიჯექი, სამსახურის გარეშე და ჩემს ვალს ახალი ვალიც დაემატა. სამსახურის გარეშე ყოველი დღე ემიგრაციაში დამატებით ვალსა და პრობლემას ნიშნავს. კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელი სამსახურის პოვნა. თავიდან ძალიან მძიმე პირობებში მიწევდა მუშაობა. არ მაჭმევდნენ, ბებო ყველა ხარჯზე მიმანიშნებდა და ამბობდა, რომ არ ჰქონდა იმდენი ფული, ნორმაზე მეტი მეჭამა, ნორმა კი ძალიან მცირე იყო. ბევრჯერ მისი ნაჭამი ხილი მიჭამია. არ იფიქროს ვინმემ, თითქოს ვწუწუნებ, არა! უბრალოდ, იმის თქმას ვცდილობ, რომ ვარდისფრად არავინ წარმოიდგინოს ემიგრანტობა.

ციცო დვალსაც გაუჭირდა მცირეწლოვანი შვილების დატოვება. ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ ისიც კარგა ხანს ეძებდა სამსახურს.

- 9 წლის დემეტრე და 5 წლის ანიტა მელოდება საქართველოში. დედის გარეშე იზრდებიან უკვე მეოთხე წელია. მარტოხელა დედა ვარ და სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე, ბავშვები დედას მივაბარე და წამოვედი. დედისთვის ცოტა რთულად მისაღები აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოოდ გამიგო და მიხვდა, რომ ამას ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვის ვაკეთებდი. ახლა მათ აქვთ ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მეტად ვინც სჭირდებათ - დედა, - არ ჰყავთ გვერდით. მეშინია, რომ გაიზრდებიან, იქნებ ეს ნაბიჯი არ მაპატიონ, მიუხედავად ჩემი წამოსვლის მიზეზისა.

- რამდენად ადვილად შეძელით დასაქმება?

- სხვათა შორის, გამიმართლა და 2 თვეში დავიწყე მუშაობა ძალიან კარგ ოჯახში, მოხუცთან. დღემდე მათთან ვმუშაობ. რომ გაიგეს, საბუთის გარეშე არ შემეძლო ჩემი შვილების სანახავად წასვლა, ძალიან შეწუხდნენ და დაიწყეს ჩემს საბუთებზე ზრუნვა. ესპანეთის კანონმდებლობა კი არ იძლევა საშუალებას, სამ წელზე ნაკლებ დროში მიიღო რეზიდენცია, ჩემი საბუთი დღემდე განხილვაშია.

- უერთდებით თუ არა ემიგრანტების მოთხოვნას, ესპანეთში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით სამთავრობო მოლაპარაკების აუცილებლობის თაობაზე?

- რა თქმა უნდა, ვუერთდები. ეს ყველა ემიგრანტის ყოფას შეამსუბუქებს, შევძლებთ ლეგალურად, შიშის გარეშე მუშაობას.

ანა ბურდული 25 წლისაა. ისიც უკეთესი მომავლის ძიებამ ჩამოიყვანა ესპანეთში, მაგრამ დღემდე არა აქვს სტაბილური სამსახური.

- ჩემი წამოსვლის მიზანი მართლაც რომ უკეთესი მომავლის ძიება იყო. ვფიქრობდი, სახლს ვიყიდდი, პატარა ბიზნესს წამოვიწყებდი, რაც ჩემი შემოსავლის წყარო გახდებოდა და უკან დავბრუნდებოდი. ბრმად არ წამოვსულვარ, ყველაფერი გავიკითხე, მოვიძიე ინფორმაციაც, თუ რა სირთულეებთან მომიწევდა შეჭიდება, მაგრამ აქ უფრო მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. 2 წელია აქ ვცხოვრობ და ვერ შევძელი სტაბილური სამსახურის პოვნა. დალაგებაზე ვმუშაობ კვირაში ოთხი დღე, ამით ჩემი ოცნებების ახდენას ვერ შევძლებ.

კარგი იქნება, საქართველოს ხელისუფლებას გავახსენდეთ ემიგრანტები და დაიწყოს მოლაპარაკება ესპანეთის მთავრობასთან, რათა მოგვცენ უფლება, ლეგალურად დავსაქმდეთ. ასე მუშაობის დაწყებაც გაგვიმარტივდება და შესაძლებლობაც მოგვეცემა, ადამიანურ პირობებში ვიმუშაოთ. ახლა ვიღაც იტყვის, თუ დანაზოგი და სამსახური არ გაქვს, ადექი და წადი შენს ქვეყანაშიო. ეს იოლი არ არის, დამიჯერეთ. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ვერ ვბრუნდები იქ, სადაც ისიც არ მექნება, რაც დღეს მაქვს. მე კი მინდა, ფეხზე მყარად დადგომა მშობლების გარეშე შევძლო.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან