საამაყო ხელოვანი ჭიათურიდან - გზაპრესი

საამაყო ხელოვანი ჭიათურიდან

ჭიათურის სახელოვნებო ისტორია ამ ქალაქის ჩამოყალიბების დღიდან იწყება და დღესაც ისეთივე წარმატებით გრძელდება, როგორიც სამთოელთა ქალაქის კულტურულ ყოფას შეეფერება. რეალობაა, რომ თანამედროვე საქართველოს კულტურის ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება სანდრო გეგეჭკორის წარმატებების შესახებ. უახლოესი დიდი და მორიგი აღიარება ჭიათურელი ხელოვანისთვის იქნება 2022 წლის 16 სექტემბრის კონცერტი, რომელიც გაიმართება ამსტერდამში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სადაც სანდრო ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. სოლო კონცერტს კი გამართავს ამსტერდამის სამეფო კონცერტგებაუში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში. გთავაზობთ ინტერვიუს მუსიკოსის დედასთან, ქალბატონ გულთა კვანტრიშვილთან.

- რა შეგრძნება გეუფლებათ, როცა თქვენზე ამბობენ, რომ გენიოსის დედა ხართ?..

- პირველ რიგში, ეს უდიდესი სიამაყის და სიხარულის გრძნობაა, თუმცა ვცდილობ, სანდროსთან არ გამოხატო, რადგან ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მეტი და მეტია საჭირო...

- შეგიძლიათ გვიამბოთ სანდროს ბავშვობიდან რომელიმე ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

- სანდროს ბავშვობიდან ყველა დღე დასამახსოვრებელი იყო. ძალიან ცელქი, მოუსვენარი გახლდათ, ერთ ადგილას გაჩერება არ შეეძლო. იყო აქტიური ბავშვიც და გამოირჩეოდა ლიდერული თვისებებით.

- როგორ დაიწყო სანდროს ურთიერთობა მუსიკასთან?

- სანდროს მუსიკასთან ურთიერთობა რეალურად, მისი გარდატეხის ასაკში დაიწყო. ამ დროს მიხვდა, რომ მუსიკის გარეშე არც ერთი წუთის გატარება არ სურდა. უნდოდა, მასთან მუდმივი კავშირი ჰქონოდა და ეს დღემდე გრძელდება.

- "უფროსები" და სანდრო...

- ჩემს მშობლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით სანდროს აღზრდაში. ჩემი შვილის ცხოვრება ბებოს და ბაბუს გარეშე, წარმოუდგენელია.

- მუსიკალური სკოლა სად გაიარა?

- სანდროს პირველი ნაბიჯები დაიწყო ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის მუსიკალური სკოლიდან, ქალბატონ ლუდა ნადირაძის მოსწავლე იყო. ქალბატონმა ლუდამ დიდი როლი შეასრულა სანდროს განვითარებაში და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ის მუდამ დგას თავისი სკოლის წარმატების სადარაჯოზე.

- სანდროსთვის საეტაპო, თქვენი აზრით, რომელი გამარჯვება აღმოჩნდა?

- ესპანეთში მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც მან პირველი პრემია მოიპოვა. ამ კონკურსში 400 პიანისტი მონაწილეობდა.

- შეგიძლიათ, ყველა ის აღიარება და გამარჯვება ჩამოთვალოთ, რასაც თქვენმა შვილმა მიაღწია?

- ჩემი შვილის წარმატება იწყება 7 წლის ასაკიდან და ეტაპობრივად იზრდებოდა გამარჯვებაც. ბევრი წარმატება ჰქონდა სანდროს. გავიხსენებ ერთ-ერთს: ავსტრიაში ფოირიხის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე აიღო გრან-პრი. სანდროს აღიარებათა ნუსხა ძალიან გრძელია...

- მე მინახავს სანდრო ინსტრუმენტთან, რომელთანაც ძალიან ორგანული და დიდებულია, მინახავს ინსტრუმენტის გარეშე - უბრალოების დემონსტრირება...

- რაც შეეხება პროფესიულ მხარეს, ის ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და არის შრომისმოყვარეც, ხოლო პროფესიული მხარის გარეშე არის გულწრფელი, ასევე პირდაპირიც, არ უყვარს ტყუილი, ძალიან მეგობრულია და ჯიუტიც...

- როგორია სანდროს დღის რეჟიმი?

- ორი სიტყვით ვიტყვი: ძალიან დატვირთული.

- სანდროს გარდერობი როგორია?

- სავსეა პერანგებითა და პიჯაკებით, უყვარს კლასიკური ჩაცმულობა.

286332296-548963070160791-4006416709377751048-n-copy-1655713737.jpg

- თქვენი შვილი წერს მსოფლიო კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს - ის საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაზრისით უმაღლეს დონეზეა. თვლით, რომ სანდრო კიდევ მეტად დაიხვეწება თუ უკვე არის განვითარების პიკზე?

- როგორც სანდრო ამბობს, მუსიკაში ყოველ ახალ მწვერვალს მოსდევს უფრო მაღალი მწვერვალი და ის თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არასდროს შეწყვეტს განვითარების გზისკენ სვლას.

- რა უყვარს განსაკუთრებით?

- მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა.

როლანდ ხოჯანაშვილი