"ყველაზე მეტად ჩემი შვილის თვალები დამეხმარა"
წინა კვირას მწერალთა სახლში ჩატარდა პოეტ თეა ბარბაქაძის საქველმოქმედო შემოქმედებითი საღამო. ორგანიზატორი გახლდათ ქველმოქმედთა თეატრ "მხიარული ნიღბების“ დამფუძნებელი და მთავარი რეჟისორი მალხაზ გაბადაძე. როგორც ბატონმა მალხაზმა აღნიშნა, ეს თეატრის 501-ე საქველმოქმედო ღონისძიება იყო.
თეა ბარბაქაძე:
- 1976 წლის 14 აგვისტოს ხაშურში, სოფელ ბეკამში დავიბადე. საოცარი მშობლები მყავდა. სულ ვამბობ, მამას ღმერთის თვალები ჰქონდა (თავმდაბალი და პატიოსანი იყო; ერთ ლოყაში რომ გაგერტყათ, მეორეს მოგიშვერდათ), დედას კი - ღვთისმშობლისა... სათნო და კეთილი იყო. შეეძლო, მთელი სამყარო გაეთბო და შეეფარებინა უბეში. მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა სურამის პროფესიულ სასწავლებელში, საბუღალტრო განხრით გავაგრძელე. მაშინ ვოცნებობდი, მხატვარი გამოვსულიყავი, სკოლის გამოფენებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი ეს ოცნება ვერ ახდა, თუმცა სხვაგვარად მოვხატე სამყარო - კალმით და ვფიქრობ, ცხოვრება ამად ღირდა.
წერა სკოლის პერიოდში დავიწყე. "ლურჯა ცხენები“ რომ წავიკითხე, სურვილი გამიჩნდა, მეც რაღაც ლამაზი შემექმნა და მას შემდეგ კალამი და ფურცელი ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ. ვაგროვებდი ემოციებს, რომ ფურცლებზე გადმომეტანა...
საშინელი პერიოდი გამოვიარეთ ყველამ ერთად, 90-იან წლებს ვგულისხმობ. იყო რთული პერიოდი პირად ცხოვრებაში, შემოქმედებითი კრიზისიც - 17-წლიანი პაუზა. ამ 3 წლის წინ კვლავ აქტიურად დავიწყე წერა. ნოდარ დუმბაძის არ იყოს, მეც ასეთი სურვილი გამიჩნდა და ვთქვი, ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო-მეთქი.
ძირითადად ვრომანტიკოსობ, რისი დეფიციტიცაა დღეს. იმაზე მინდა ვწერო, რაც მიყვარს და რასაც შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ვარ ერთი კრებულის ავტორი, რომელსაც "შემიყვარდა და დედამიწა ავაწრიალე“ დავარქვი, ასევე - "ლექსის აკვანის“, "პოეზიელებისა“ და "სამშობლოვ ჩემოს“ თანაავტორი, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ ბატონი გერმანე საზანოელისა, სწორედ მან მომცა შესაძლებლობა, ამ პროექტის თანამონაწილე გავმხდარიყავი.
სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, რომ ჩემს ლექსებს სასწაულის მოხდენა შეუძლია, რომ ჩემი ლექსებით იკურნავენ სულის იარებს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან რთულია, თან საკუთარი ჭრილობებიც მოიშუშო და თან სხვების სულის მკურნალიც გახდე და თუ ამას შევძლებ, ჩავთვლი, რომ ჩემი არსებობა ნამდვილად ღირდა, ალბათ ამისთვის მოვევლინე სამყაროს.
დაახლოებით ერთი წლის წინ სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა, ინვაზიური სადინროვანი კარცინომა, მეორე სტადია. როდესაც ეს დიაგნოზი დამისვეს, წამიერად გავიფიქრე, რომ ცხოვრება დასრულდა; მხოლოდ წამიერად, მეტად არ დავუშვი, რომ ჩემი თავისთვის სისუსტის გამოვლენის შესაძლებლობა მიმეცა თუნდაც იმიტომ, რომ დედა ვარ. ოპერაცია გამიკეთეს და რაც იყო დაზიანებული ქსოვილი, ამოიღეს, შემდეგ დაიწყო ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია. ეს იყო საშინელი პერიოდი, როცა საკუთარ სხეულს ვეღარ ერევი, რომ ზიდო, მაგრამ რაღაც ძალა მაიძულებდა, არ დავცემულიყავი და საკუთარი თავის რწმენა არ დამეკარგა. სულ ვამბობ, ამ დროს უფალი იყო ჩემ გვერდით, დაცემის უფლებას არ მაძლევდა. ყველაზე მეტად ჩემი შვილის თვალები დამეხმარა; ეს თვალები მაიძულებდა, არ დავნებებოდი; მაგრძნობინებდა იმას, რასაც სიტყვით ვერ გადმოსცემდა. კიდევ, ჩემი ლექსებიც დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში და ის ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩემ გვერდით ტრიალებენ - უცნობები თუ ნაცნობები. მადლობა მათ ამ უანგარო სიყვარულისთვის! ამჟამად ტარგეტულ თერაპიას გავდივარ, ეს არის მედიკამენტური მკურნალობა ჰერცეპტინით, რაც ძალიან ძვირია.
არავინ იცის, სად მთავრდება ცხოვრების გზა; არავინ იცის, სადამდე ვივლით ჩვენით და სადამდე გვატარებს უფალი ხელში აყვანილს. რაც უნდა მოხდეს, მაინც დიდი ბედნიერებაა არსებობა და ამქვეყნად მოვლინება.
საუბრის დასასრულს ჩემი ლექსიდან ერთ სტროფს წაგიკითხავთ, რომელიც სწორედ სიკვდილ-სიცოცხლეზეა: "დავიბუდებდი შენს უბეში, ჩიტის ბარტყივით,/ და შენს თვალებში დავიწყებდი ზღაპრის ახდენას,/ თუ დავიბადეთ ამ მიწაზე, თუნდაც ტანჯვისთვის,/ ისე ვიცხოვროთ, ქუხდეს ჩვენი გარდაცვალებაც“.
P.S. თეას დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ მის საბანკო ანგარიშს:
GE86BG0000000913773600GEL
მიმღები - თეა ბარბაქაძე.
ნინო ჯავახიშვილი