ნუ მოვკლავთ ადამიანში ადამიანს - გზაპრესი

ნუ მოვკლავთ ადამიანში ადამიანს

ერთი შეხედვით ძალიან მხიარულ ბიჭს, გიორგი მახარაშვილს, რომელმაც საზოგადოებას თავი სოციალური ქსელების საშუალებით გააცნო, არცთუ ისე უდარდელი ცხოვრება აქვს, როგორც მის სახალისო ვიდეოებში ჩანს. 13 წლიდან ბებოსთან იზრდებოდა. დედა იმისთვის, რომ შვილისთვის მომავალი შეექმნა, ემიგრაციაში წავიდა. მშობლებს ოჯახი ჯერ კიდევ მაშინ დაენგრათ, როდესაც გიორგი მცირეწლოვანი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობს, გამომწერებს მხიარულების წუთები აჩუქოს. ბევრჯერ გამხდარა ბულინგის მსხვერპლიც, თუმცა, როგორც საუბრისას აღნიშნა, ამის სათავისოდ გამოყენება ისწავლა და აღარ ნერვიულობს. მან ბედი სცადა გადაცემაში „სამზარეულოს ომები“, მაგრამ კონკურსი პირველსავე ტურში დატოვა.

- რატომ გადაწყვიტე „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობა და ელოდი თუ არა, რომ პირველსავე ტურში მოგიწევდა პროექტის დატოვება?

- ყოველთვის მინდოდა, ამ გადაცემაში მეცადა ბედი. ვმუშაობ რესტორანში მენეჯერის თანამდებობაზე, კულინარია ჩემთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, ბედი მეცადა, მაგრამ არ გამიმართლა. ახლა რასაც გეტყვით, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს რეალობაა. როდესაც დავინახე, ამდენი კამერა მუშაობდა, ძალიან დავიბენი. ვნერვიულობდი და გადაცემის ჩაწერაზე ნასვამი მივედი (იცინის). არა უშავს, ამით ყველაფერი არ დასრულებულა.

- 13 წლის შემდეგ დედაშენი საქართველოში დაბრუნდა, იქნებ ამის შესახებაც გვიამბო. გაუცხოების შეგრძნება ხომ არ გქონდათ დედა-შვილს?

- გაუცხოების შეგრძნება მაშინ უფრო მქონდა, როდესაც 3 წლის წინ საბერძნეთში, დედასთან სტუმრად ჩავედი. ახლა ასე არ არის, ძალიან ბედნიერები ვართ.

- შენმა „ჰეითერებმა“ ამჯერადაც არ დაგინდეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარეს.

- ჩვენი შეხვედრის ვიდეოს ბევრი გაზიარება ჰქონდა, შესაბამისად, ბევრი კომენტარი დაიწერა. მათ შორის არასასიამოვნო კომენტარებიც წავიკითხე, ისეთი, რომლის მოთმენაც სუსტი ფსიქიკის ადამიანს გაუჭირდებოდა.

- ყველაზე მეტად ერთი კომენტარი დამამახსოვრდა. ვიღაც წერდა: „ფეხზეც კი არ წამოდგა და ისევ დედა გაიქცა მასთან შესახვედრად“.

- ვინც აეროპორტში ნამყოფია, იცის, რომ არის ხაზი, რომელსაც ვერ გასცდები. იმის იქით უკვე აკრძალული ზონაა და მე ამ ხაზთან ველოდებოდი დედას. სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება, რომ აგიხსნათ, რა ვიგრძენი მისი დანახვისას, თითქოს გავიყინე. სანამ რეგისტრაციას გაივლიდა, 20 წუთი გავიდა. იმ წამიდან, რაც თვითმფრინავი დაეშვა, ვგრძნობდი, სისხლი როგორ მოძრაობდა და საკუთარი გულისცემა მესმოდა. ეს იყო შეგრძნება, რომლის გადმოცემაც მიჭირს. მე მათ კომენტარებს არ ავყვები, თუმცა შესაძლებელია, სხვა არ აღმოჩნდეს ძლიერი ფსიქიკის, ვერ შეძლოს ამ ბოღმისა და ხალხის უსამართლო ბულინგის ატანა და ამით ძალიან დიდი ზიანი მიადგეს. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ერთი სიტყვითაც შეიძლება მოგკლან. არ მოგწონს რამე ან ვინმე? გაეცალე და წადი, რატომ ცდილობ გული ეტკინოს?..

- როგორ ფიქრობ, რა უფრო სჭირდება შვილს - ფინანსური უზრუნველყოფა თუ დედა გვერდით?

- ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, დედა, არანაირ ქონებას არ აქვს მნიშვნელობა მშობლების გარეშე. ბებოსთან ვიზრდებოდი, თუმცა მიჭირდა ბევრი რამის გაანალიზება, დედა ძალიან მაკლდა. ახლა მამასთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ისიც ემიგრანტია, ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ როდესაც ჩამოდის, ერთმანეთს ვხვდებით.

- მიუხედავად იმისა, რომ დედა ემიგრანტი იყო და მას შეეძლო შენი ფინანსური უზრუნველყოფა, მაინც ყოველთვის მუშაობდი.

- დედის გამოგზავნილ ფულზე არასდროს ვყოფილვარ დამოკიდებული, თუმცა ბევრჯერ დამჭირვებია მისი თანადგომა და ისიც ყოველთვის მეხმარებოდა.

- დედა საბოლოოდ დაბრუნდა ემიგრაციიდან?

- საბოლოოდ არ დაბრუნებულა. მე ყოველთვის მინდოდა, დედა გათხოვილიყო და პირადი ცხოვრება ჰქონოდა, რომ ის ბედნიერი მენახა. ყველა ქალი იმსახურებს კარგად ყოფნას. დედა საბერძნეთში გათხოვდა და ძალიან ბედნიერია, მე კი ეს მახარებს. ერთ თვეში კვლავ ჩამოვა მეუღლესთან ერთად.

- ბლოგერები ხშირად რეიტინგისა და მოწონებების გამო არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, თუნდაც იმავე ბულინგთან დაკავშირებით, ამაზე რას გვეტყვის?

- მინდა, ყველა ბედნიერი იყოს, არასდროს არ უნდა მიაქციო ყურადღება, რას იტყვის სხვა. საკუთარი თავი ისეთი უნდა შეიყვარო, როგორიც ხარ. ყველა ადამიანი ლამაზია, მიუხედავად კილოგრამებისა თუ სანტიმეტრებისა. ჰოდა, გიყვარდეთ საკუთარი თავი თუნდაც ცელულიტებით. ჩემზე ამბობენ, ნახევარი პორცია კაციაო (იცინის). დიახ, ვარ ნახევარი პორცია და ჩემი თავი მიყვარს, ძალიან ბედნიერი ვარ. შენი პოპულარობა დროებითია და ვიღაცის ცხოვრება შეიძლება სამუდამოდ დაანგრიო ერთი დაუფიქრებელი სიტყვის გამო. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი მაყურებელი და გამომწერი გვყავს, მთავარია, დავრჩებით თუ არა ადამიანებად. ამიტომ ნუ მოვკლავთ ადამიანში ადამიანს!

ფიქრია რობაქიძე