„საბრალო! დიდ სამამულო ომს გადაურჩა და აქ მოუსწრაფეს სიცოცხლე“... - გზაპრესი

„საბრალო! დიდ სამამულო ომს გადაურჩა და აქ მოუსწრაფეს სიცოცხლე“...

85 წლის ქალბატონ ლილი კაპანაძე-შუბითიძის მოგონებები აფხაზეთის ომის პერიპეტიებსა და მის თავს გადახდენილ დღეებს ასახავს. ამბები მძიმეა, მაგრამ რეალობაა და ვერსად გავექცევით.

- ჩვენ კოჩარაში ვცხოვრობდით, რომელიც ოჩამჩირის რაიონში ყველაზე დიდ და ლამაზ სოფლად ითვლებოდა. 1952 წელს, სტალინის გეგმის თანახმად, აქ ნებაყოფლობით ჩამოასახლეს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობა სვანეთიდან, საჩხერისა და ვანის რაიონებიდან. მათ შორის იყვნენ ჩემი დედამთილი და მისი მაზლი რაჟდენი ოჯახებით. ჩემი მამამთილი შალიკო სამამულო ომში დაღუპულა. ჩემი დედამთილი ლუბა ცარციძე საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში იყო გათხოვილი. ცხოვრების რთულმა პირობებმა აიძულა, აფხაზეთში გადასახლებულიყო. ამ დროს ჩემი მომავალი მეუღლე ზურაბი მეექვსე კლასში ყოფილა. მთავრობამ სახლები აუშენა გადმოსახლებულებს. იმერლები მშრომელი ხალხია. გაჩეხეს ეკალ-ბარდებით დაფარული მიდამო და ბაღნარად აქციეს. გაასუფთავეს ჩაის პლანტაციები და თავდაუზოგავად შრომობდნენ. ხალხი მალე გაიმართა წელში. სოფელ კოჩარას (იგივე „საქართველო“) ძირითად მოსახლეობას მეგრელები, აფხაზები, რუსები, იმერლები და სვანები წარმოადგენდნენ. იმერლებს „ქორთუებს“ გვიწოდებდნენ. სამი შვილი შეგვეძინა - ლალი, ნანი და ზაზა.

...1992 წლის 14 აგვისტოს ყველას თავზარი დაგვცა აფხაზებსა და ქართველებს შორის ატეხილმა ომმა. მთელი ახალგაზრდობა ფეხზე დადგა. ომის დაწყების წინ, ორი თვით ადრე, ყველას ჩამოართვეს თოფები. ხალხი უიარაღოდ დარჩა. თუ ვინმეს შემორჩა იარაღი, ყველა პოსტზე იდგა. ჩვენი სახლიდან ასიოდ მეტრში აფხაზეთის სოფელ ჭლოუს საზღვარი იწყებოდა. კოჩარა გარშემორტყმული იყო აფხაზური სოფლებით. ყველაზე მეტი დაცვა მას და სოფელ ცაგერას სჭირდებოდა, რადგან ორივე ქართული სოფელი იყო. ბიჭები, მათ შორის ჩემი ზაზაც, დღე და ღამე პოსტზე იდგნენ. სროლის ხმა აყრუებდა მიდამოს. ბევრჯერ გავქცეულვართ დასამალად. ზურაბი ამბობდა: თუ თავს დაგვესხნენ, გაიქეცით, მე არც ერთი აფხაზი ხელს არ მახლებსო. მართლაც, მანამდე კარგი ურთიერთობა გვქონდა აფხაზებთან. ერთი მათგანი, მუშნი ჯინჯია, ჩემი ქმრის თანაკურსელი და კარგი მეგობარი იყო, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ომმა ყველა გრძნობა ჩაკლა ადამიანებში.

ჩემი რძალი ნატო ფეხმძიმედ იყო პირველ შვილზე. სროლის ხმები ძალიან ახლოს ისმოდა. ყველა გახიზნული იყო რაიონის გარეთ, ნათესავებში. ჩვენ ბლოკადაში ვიყავით. სამყაროსთან მხოლოდ ერთი ავტობუსი გვაკავშირებდა. მოვახერხეთ ნატოს გაყვანა სოფლიდან მშობლებთან, ჭიათურაში. ზაფხულს ჩვენთან ატარებდა ხოლმე ჩემი შვილიშვილი ჯილდა და იმჟამადაც ჩემთან იყო. ყველას გვიჭირდა, პურის ფქვილი გამოელია ხალხს. ზოგიერთი ოჯახი ჭყინტ სიმინდს ხორცსაკეპ მანქანაში ატარებდა და ისე გაჰქონდა თავი. გადაწყდა ჯილდას გაგზავნა მშობლებთან სამტრედიაში, შოთა ორმოცაძის ავტობუსით. ბავშვს წერილი გავატანე და თან დავაბარე: დედაშენს უთხარი, ახლა რომ პურს გატან საჭმელად, ამის მეტი აღარ გვაქვს და შოთას გამოატანე-მეთქი. ჩემი მეუღლე ზურაბი ატირდა: მე ჯილდას ნახვას ვეღარ მოვესწრებიო (მძიმედ ავად იყო). როცა შოთას ავტობუსი დაბრუნდა, ჩემს ჭიშკართან დადო ორი ტომარა ფქვილი და დიდი ჩანთა, სადაც იყო კარტოფილი, ხახვი, ზეთი, თაფლი, კანფეტი (ზურაბი მხოლოდ კანფეტს ითხოვდა). ჩემს მეზობლებს ფქვილი არ ჰქონდათ, ეს იყო საშინელება. ვისზეც ხელი მიმიწვდა, დავურიგე. თონეში ვაცხობდი პურს და პოსტზე გამქონდა ბიჭებთან. ისინი პოსტს არ ტოვებდნენ.

ჩვენი დასახლებიდან ორი-სამი ქალი თუ დავრჩით. ამ პერიოდში ჩვენი სოფლის თავმჯდომარე მხეიძე იყო. მას აფხაზი ცოლი ჰყავდა, ტყვარჩელიდან, რომელმაც გვარი გადაიკეთა და ხუცია გახდა. სწორედ ის ხუცია აიმედებდა ხალხს: ნურაფრის გეშინიათ, თუ ჩვენ არ დავესხმებით აფხაზებს, არც ისინი შემოგვიტევენ, იარაღი საჭირო არ არისო...

იმ საღამოს გვიან დავწექი და ჩამეძინა. გავიღვიძე თუ არა, გამახსენდა, რომ მეუღლისთვის ნემსი უნდა გამეკეთებინა. ზურაბი რაღაც გაუგებარ ბგერებს გამოსცემდა. არ მომეწონა ეს ამბავი. შეშინებულმა მეზობელი ნატაშა შემოვიყვანე. მან მითხრა, არ შეგეშინდეს, მიშას და ნორას (ჩემს ძმას და რძალს) დაუძახეო. ორივე მოვიდა და ზურაბიც გარდაიცვალა... ვიცოდი დღეები დათვლილი ჰქონდა, მაგრამ აღსასრული ჯერ კიდევ შორს მეგონა. ომის ქარცეცხლი ტრიალებდა. შვილები - ლალი და ნანი მეუღლეებით ჩამოვიდნენ. სოფელში ვინც კი დარჩენილი იყო, ყველამ გულწრფელად დაიტირა ზურაბი. ღირსეულად დავკრძალეთ, გული იმაზე მწყდება, რომ საფლავი უბრალო ლითონის ბადით შემოვღობეთ, იმ იმედით, რომ ორმოცამდე უკეთესს გავუკეთებდით, მაგრამ აღარ დაგვცალდა.

მდგომარეობა ძალიან გამწვავდა. აფხაზებისა და ქართველების შურისძიებას საზღვარი არ ჰქონდა. მეუღლის ორმოცი დაძაბულ ვითარებაში გადავიხადეთ. ერთ საღამოს სვანი ბიჭები მსუბუქი ავტომობილით შინ ბრუნდებოდნენ. მათ შორის იყო ჩემი ზაზას ნათლიის მეუღლე ლამარა დადვანი. სოფელ ლაბრის გადასახვევთან, დაცლილ სოფელში აფხაზები იყვნენ ჩასაფრებულები და მანქანაში მსხდომთ სროლა აუტეხეს. ჯერ საბურავები დაუზიანეს, შემდეგ ბიჭები დაცხრილეს. ქალმა გადმოხტომა მოასწრო და ეკალბარდიან თხრილში ჩავარდა, მხარში იყო დაჭრილი. იმ ქალის გადმოცემით, მისცვივდნენ აფხაზები ჯერ კიდევ ცოცხალ ბიჭებს, „ვაი ნანას“ რომ იძახდნენ, და დააჭრეს ყურები. შემდეგ ყველა ერთად დაასაფლავეს, მათ შორის იყო ჩემი ყოფილი მოსწავლე მერაბ მარგიანი.

ჩემი ახლო ნათესავის, ყოფილი გვარდიელის, მუხრან შუბითიძის გადმოცემით, თავად მოუსმენია ჭაში ცოცხლად ჩაყრილი ბავშვების წივილ-კივილი. ამ ფაქტმა მის ფსიქიკაზე იმდენად იმოქმედა, რომ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ერთ დღეს ჩემი ძმისშვილი მამუკა, რომელიც სოხუმში იბრძოდა იმ პერიოდში, თანამებრძოლებთან ერთად ტანკით ესტუმრა ბიძას, ჩემს ძმას მიშას. სახელდახელოდ წაიქეიფეს ბიჭებმა, ცოტა საწვავი დაგვიტოვეს, გვანუგეშეს. ზოგმა იარაღის სროლით დაადასტურა, არ გვეშინია, მზად ვართ, მტერს სამაგიერო გადავუხადოთო. ამ ამბავმა თურმე მეზობელი აფხაზები ძალიან გააღიზიანა და ჩვენი გაქცევიდან რამდენიმე წუთში, ჩემს ძმას მანქანა და სახლი გადაუწვეს.

1993023gj-1655714498.jpeg - Copy.jpg

ამას დაერთო ნადეჟდა ბიცოლას - ჩემი ძმის სიდედრის გარდაცვალება. რადგან ბლოკადაში ვიყავით და ქალაქში მიმოსვლა შეუძლებელი იყო, მეზობლებმა და ოჯახმა შეაგროვეს საჭირო პროდუქტები, რომ ტრადიციულად დაეკრძალათ ეს კეთილი ქალი. სამძიმარზე იყვნენ მოსულები, როცა პლატონ ბარბაქაძემ იყვირა: არიქა, თავს ვუშველოთ, გვარდია გაქცეულაო. ყველას შიშის ზარი დაგვეცა. მიცვალებული აღარავის ახსოვდა. ჩემმა ძმამ მომაძახა: წადი ჩქარა სახლში, ტანსაცმელი წამოიღე და ტრაქტორით გაიქეცითო. სახლში შევაგროვე ზაზასა და ნატოს ტანსაცმელი, მომავალი ბავშვისათვის საჭირო სამოსი, სალაროს წიგნაკები, მეუღლის საფლავის ქვისთვის შემონახული ფული. ზაზა პოსტზე იყო, დედამთილი ლოგინში იწვა. გავიქეცი ძმასთან. ყველა ქალი ტრაქტორზე იჯდა. ჩემს რძალს მიცვალებული დაეტოვებინა და ისიც ძარაზე ასულიყო.

მეც მტაცეს ხელი, მაგრამ ავტირდი, ზაზასა და ლუბას ვერ დავტოვებ-მეთქი. მიშამ მითხრა: კაცებს გაქცევა რომ დაგვჭირდეს, ქალები ხელს შეგვიშლით და სჯობს, სამშვიდობოს გახვიდეთო. შიშით და რის ვაი-ვაგლახით ჩავედით ოჩამჩირეში. შეგვყარეს კულტურის სახლში, სადაც სიცივე და სასოწარკვეთილება სუფევდა. ღამე ტირილში გავატარე. უკან დაბრუნებაზე ორი მეზობელი დავითანხმე. ადრიანად გამოვედით ქალაქიდან, ისევ ჩემი ძმისშვილის ტრაქტორით. გადაუღებლად წვიმდა. კოჩარაში რომ შევედით, ჩემი ძმისშვილი მეგობარმა გააფრთხილა: ვეფხია, ფრთხილად იყავი, წუხელი აფხაზებმა ჯომიდავები ამოხოცესო. ცახცახმა ამიტანა. წმინდა გიორგის შესაწირს შევპირდი, ოღონდ ზაზა ცოცხალი დამხვდეს-მეთქი.

შინ დაბრუნებულმა ზაზა რომ დავინახე, დავმშვიდდი. ჩემს ძმას სიდედრი მეზობლების დახმარებით, ღამის ათ საათზე ჩუმად დაუკრძალავს. ჩემი დედამთილი მეზობელ ქალთან გველოდა. ჩვენი სახლი დავალაგე, საქონელი გავუშვი, ბოსელი დავასუფთავე, ეზო ფოთლებისაგან გავწმინდე... ატყდა სროლა. გული გამისკდა. ადგილს ვერ ვპოულობდი. შემდეგ მიშას გამოვუცხვე პური და კიდეც მოსაღამოვდა. დავბრუნდი სახლში, ცეცხლი და ლამპა ავანთე, თან რძე დავდგი ასადუღებლად. დედამთილს ვუთხარი, რომ ომი იყო და ოჯახი უნდა დაგვეტოვებინა. მეუბნებოდა, როგორ უნდა დავტოვო ახალგარდაცვლილი შვილის სახლ-კარიო?.. თავისი მაზლი რაჟდენი მივუგზავნე, რომელმაც დაარწმუნა წასვლის აუცილებლობაში.

ვუბრუნდები იმ უკანასკნელ საღამოს, როცა სამუდამოდ დავტოვეთ ჩვენი სოფელი. ექვსი საათი იყო. ატყდა საშინელი სროლა. გვეგონა, ქართველები ისროდნენ, რადგან პოსტზე მდგარ ბიჭებს გამოუცხადეს: იარაღი აღარ გჭირდებათ, კოჩარა ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო. მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად იყო. როგორც შემდეგ გავიგეთ, შამილ ბასაევის ბანდა შემოსულიყო და სამი მხრიდან ისროდა. თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, ხოცავდნენ. გაქცევა მხოლოდ ერთი მხრიდან იყო შესაძლებელი.

ზაზამ გვითხრა: აქ დარჩენას აზრი აღარა აქვს, ბებია მოამზადე, მე მიშასთან ჩავალ, იქნებ მივუსწრო და ტრაქტორით გავიქცეთო. ბარგი ჩავალაგე და ზაზას მივეცი. დედამთილს ჩავაცვი პალტო, ჩექმები, ხელში პატარა ჩანთა და ხელჯოხი დავაჭერინე. მე ორი ჩანთა და ერთი ტომარა უნდა წამეღო. მეგონა, ისევ დავბრუნდებოდით. სახლი მოწესრიგებული დავტოვე. მეორე სართულზე კარს რომ ვკეტავდი, ამ დროს კინაღამ ტყვია მომხვდა. ჭიშკართან მისული ისევ უკან შევბრუნდი. სახლის მეორე სართულის ფანჯარაში, ზურაბის გადიდებულ სურათს „ჩავაბარე“ ჩემი ოჯახი... ეს მომენტი ჩემთვის ენით გამოუთქმელი მწუხარებისა და ტკივილის განცდა იყო. მივატოვე 35 წლის ნაშრომი ფუძე, რომელიც მიყვარდა, სადაც ჩემი შვილები დავზარდე და მომავალზე ვფიქრობდი. ეზოდან რომ გამოვედით, ჭიშკართან ჩვენი მეზობელი უშანგი შუბითიძე მხარზე თოფგადაკიდებული, გაოგნებული იდგა. ვერც ის გარკვეულიყო საქმის ვითარებაში. ვთხოვე, ლუბასთვის ხელი მოეკიდა, უარი არ უთქვამს და ჩანთაც გამომართვა.

წინ მე მივდიოდი, უკან უშანგი და დედამთილი მომყვებოდნენ. მივატანეთ ლანგუსი შუბითიძის სახლს და ოთხივე მხრიდან საშინელი სროლა ატყდა. თან პროჟექტორები სერავდა მიდამოს. შიშმა შემიპყრო. უკან მივიხედე და სად გაქრნენ ჩემ უკან მომავალნი... ვერაფრით გავიგე. ერთი ჩანთა ლანგუსის ეზოში გადავაგდე. გზაზე აქოშინებული ზაზა შემომხვდა: მიშა ბიძია, დათო და ვეფხია ტრაქტორით ცხენისწყალთან გველოდებიანო. ერთი ტომარაღა შემრჩა, ისიც გამომართვა და გავიქეცით ტრაქტორისაკენ. საჭესთან ვეფხია იჯდა და ჩქარობდა. ზაზა უკან დაბრუნდა, ლუბას მოსაძებნად, ისევ საშინელი სროლები ატყდა. ზაზა ყვიროდა, ბებიას ეძახდა, მაგრამ ხმა ვერ მიაწვდინა. ვეფხიამ ტრაქტორი დაძრა... როგორც იქნა, დაგვეწია მთლად დასველებული ზაზა. ტრაქტორი წყალ-წყალ მიგვყავდა შუქჩამქრალი, რომ არავის შევენიშნეთ. სოფლის ცენტრში საშინელი წივილ-კივილი ისმოდა, ყველა ტრანსპორტს ეძებდა. ჩვენი ტრაქტორი ხალხით აივსო.

ჩემს დედამთილსა და მეზობელს სროლის დროს თავი სხვისი სახლისთვის შეეფარებინათ, ამიტომ ვეღარ გავიგეთ მათი ასავალ-დასავალი. ოჩამჩირემდე უსაფრთხოდ ჩავედით. იქ საშინელი სიტუაცია დაგვხვდა, ზოგს შვილი მოუკლეს, ზოგს - ქმარი, ზოგს - დედა... ტირილით ავედით მატარებელში. ხობის მახლობლად მატარებელი საშინელი ხმაურით შეირყა, თითქოს რაღაცას დაეჯახაო. შეშინებულებს გვეგონა, აფხაზებმა დაგვბომბეს. ჩამოვედით მატარებლიდან ტვირთმოკიდებულები, სველები, მშივრები. მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით.

როგორც იქნა, აბაშამდე ჩასვლა მოვახერხეთ. სითბო და გულისხმიერება გამოიჩინეს ჩვენ მიმართ აბაშელებმა. პურით გაგვიმასპინძლდნენ და მანქანებით გაგვამგზავრეს სამტრედიამდე. ჩვენი მარშრუტი სამტრედიაში მთავრდებოდა, მეზობლები კი ქუთაისამდე მიემგზავრებოდნენ. ჩემმა ზაზამ დაიჟინა, კოჩარაში უნდა დავბრუნდე ბებიას მოსაძებნადო. ეს სიგიჟე იყო. მთელი სოფლები აფხაზებს ჰქონდათ დაკავებული. ამ ვითარებაში ძალიან საშიში იყო ზაზას იქ გაშვება. ყალბი დეპეშა მოვიტანეთ ფოსტიდან: „ნატო ცუდადაა, ჩამოდი ჭიათურაში“ (ზაზას მეუღლე ნატო ბავშვს ელოდებოდა). გაჭრა ამ ხერხმა და ზაზა წავიდა ჭიათურაში. მალე თეონა დაიბადა. ეს დიდი ნუგეში იყო და სიმბოლო იმისა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლე გრძელდება...

73-copy-1655714509.jpg

დევნილობიდან რვა თვის თავზე ჩემი დედამთილი დავიბრუნეთ აფხაზეთიდან. 1993 წლის აპრილში წავედი ოჩამჩირეში (ჯერ ისევ აუღებელი იყო) ჩემი ხელფასისა და მეუღლის პენსიის ასაღებად. მაშინ მოვახერხე და ლუბას ვაცნობე: ყველა კარგად ვართ, თეონა შეგვეძინა და შენს გათავისუფლებაზე ვფიქრობთ-მეთქი. როცა სახლიდან გამოვიქეცით, საქონელი და ძაღლი დაბმული დამრჩა. მეორე დღეს ჩემი ქმრის ბიძას - რაჟდენს აუშვია როგორც ჩვენი, ისე სხვა მეზობლების უპატრონოდ დარჩენილი პირუტყვი. თვითონ რაჟდენი ჩვენი გამოქცევიდან მეოთხე დღეს მოუკლავთ თავის ეზოში და ცელოფანში გახვეული დაუმარხავთ იქ დარჩენილ ქართველებს. საბრალო! დიდ სამამულო ომს გადაურჩა და აფხაზებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე. ჩვენი გაქცევის შემდეგ უამრავი ხალხი დაღუპულა კოჩარაში. იმ ღამეს მოკლეს ვიქტორ შუბითიძე, მირიკო ორმოცაძე, ნოდარ ხარაიშვილი, ვახტანგ ლომსაძე... 36 კაცი მოუკლავთ აფხაზებს. ეს დიდი ტრაგედიაა ერთი სოფლისათვის.

ბევრმა ვერ დატოვა თავისი საცხოვრებელი და შეგნებულად დარჩა სოფელში. ისინი ტყვედ წაიყვანეს ტყვარჩელში. ჩემი ქმრის ბიძაშვილი, პოეტი შაქრო შუბითიძე და მისი ვაჟი მირზა ნათესავებთან - ვეკუებთან იმალებოდნენ. დიდი გაჭირვება გამოიარეს. ბოლოს, ოფიციალურად მოხდა მათი გამოყვანა. ჩემი კოლეგა, პედაგოგი ჟინორა ვეკუა და მისი მეუღლე - სოფლის ბუღალტერი სოფელში იყვნენ დარჩენილები. ჟინორას მეუღლეს თავზე ჩამოაცვეს ცელოფანის ტომარა და მოაჭრეს სასქესო ორგანო; ჟინორას კი ცოცხალს მოაჭრეს მკერდი და წამებით ამოხადეს სული. ჩემი მეზობელი შაქროს მეუღლის, ნელის და-ძმა, ამალია და ვახტანგი, სოფელ ჭლოუში ცხოვრობდნენ, სადაც აფხაზებს შტაბი ჰქონდათ. იქ გაუგონარი ტრაგედია დატრიალდა. ნელის დისშვილი ქართულ ბატალიონში იბრძოდა. ეს ამბავი აფხაზებს არ გამორჩენიათ. ნელის რძალი ლიანა მისულა ამალიასთან და რა დახვდა: ამალია და მისი ქმარი მიუბამთ აფხაზებს საწოლის თავებზე და ორივესთვის ყელი გამოუჭრიათ. გულგახეთქილ ლიანას ვახტანგისთვის მოუტყუებია, ისინი უკვე წასულანო. ცოლ-ქმარმა ტყე-ტყე ბილიკებით ჩააღწიეს ოჩამჩირემდე. ვახტანგმა მერე შეიტყო რაც მოხდა...

მწარეა ეს ყველაფერი გასახსენებლად. თვითმხილველის გადმოცემით, სოფელი კოჩარა ეკალ-ბარდითაა დაფარული. გაგრისა და კოჩარის ტრაგედიას ერთმანეთს ადარებენ. მარტო აფხაზები კოჩარას იმდენ ზიანს ვერ მიაყენებდნენ, რომ არა ჩეჩნებისა და კაზაკების თარეში.

მიუხედავად ყველაფრისა, უფლის მადლობელი ვარ - მაინც ბედნიერი დედა, ბებია და დიდი ბებია ვარ. მყავს სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. მეუღლის უპატრონო საფლავი მაწუხებს მხოლოდ. და კიდევ, ამჟამად ლტოლვილთა საქმემ უკანა პლანზე გადაიწია. ასაკოვანი ვარ და თუ აფხაზეთში დაბრუნება მოხდა, რაც დაუჯერებლად მეჩვენება, მე მაინც ვერ მოვესწრები.

ნანული ზოტიკიშვილი