მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, დუმილის 241 დღე და დაბრუნება რეალობაში - გზაპრესი

მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, დუმილის 241 დღე და დაბრუნება რეალობაში

"ახლა საით წავიდეთ? ბისმილაჰ", - ასე დაარქვა თორნიკე ჯგერნაიამ თავის გამოფენა-პერფორმანსს, რომელიც "მონოჰოლში" გაიმართა. მისი პირველი გამოფენიდან 10 წელი გავიდა და ახლა, ამ "საიუბილეო თარიღთან" ერთად, ამ დღეს თორნიკეს 33 წელი შეუსრულდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, თორნიკემ ეტაპობრივად დაიწყო ტილოების შექმნა, რომლებიც დამთვალიერებელს კონკრეტულ ამბებს ახსენებს: თოკით გაკოჭილი ხელები წითელ ფონზე ბუჩაში ხელფეხშეკრული დახოცილი ადამიანების ტრაგედიის გამოძახილია, ციდან ჩამოცვენილი ჭურვები და სისხლში ამოსვრილი სათამაშო დათუნია იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად იხოცებიან მოზარდები და ბავშვები.

თეთრ ტილოზე სამგანზომილებიანი ანგელოზის ფიგურაა. ის იმედის, მფარველობისა და ხსნის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც ჩვენს სამყაროში გადმოსვლას ლამობს და სიცოცხლისა და გამარჯვების იმედს იძლევა. ომის თემაზე წარმოდგენილ 4 ტილოს მე-5 იქვე ექსპრომტად შეემატა. წითელსა და მწვანე ფერში გადაწყვეტილი ნამუშევარი წარწერით "დეტი" მარიუპოლის თეატრის წინ, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ერთ-ერთი ცნობილი ტრაგიკული ეპიზოდის ზეგავლენით შეიქმნა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ექსპოზიცია არა ერთ, არამედ მთელ მსოფლიოში მიმდინარე ომების ტკივილს ასახავდა და გამოფენა-პერფორმანსისთვის განკუთვნილი ინტერიერიც ზუსტად მოერგო იდეის შინაარსს: ბეტონის შეულამაზებელი კედლები და ოდნავ განათებული ინტერიერი დაბომბილი შენობის ასოციაციას ტოვებდა და ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა ომის სისასტიკის განცდას.

თორნიკესთან სულ ასე ხდება: ემოცია მოდის, ვულკანივით ამოხეთქავს, "გაისვრის", ის კი მეორე დღიდანვე უკვე ახალ იდეაზე ფიქრს იწყებს. "გუშინ მე ჩავიდინე საჯარო თვითმკვლელობის აქტი, კიდევ ერთი "მე" მოვკალი. დღეს უკვე ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო მომავალში და ვიწყებ ჩემს ემოციებზე ნადირობას", - ასე პასუხობს ყველას, ყოველი პროექტის შემდეგ.

ის წლების წინ, როგორც სამკაულის დიზაინერი, გავიცანი. წერდა და დღესაც წერს ხატებს. ხატწერისა და საიუველირო საქმიანობის პარალელურად, სამკაულის ახალ-ახალი კოლექციების წარდგენისას, ყოველთვის ორიგინალურ გზას ირჩევდა. 2018 წელს წიგნი გამოსცა და სათავგადასავლო მისტიკური დრამის "უკანონო შვილის" ავტორადაც მოგვევლინა. მერე მცირე ხნით "დაიკარგა", თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზი, ოღონდ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. დღესდღეობით ის ერთ-ერთ გადაცემაში რუბრიკა "X ფაილს" უძღვება.

- ტელევიზიაში მუშაობა პანდემიის დაწყებიდან 3-4 თვეში დავიწყე. რამდენჯერმე მქონდა იდეა პანდემიის თემაზე გამოფენა-პერფორმანსი გამეკეთებინა, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული საკითხის მიმართ ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება მქონდა, სანამ მკაცრი რეგულაციები არ მოიხსნა, ეს ნაბიჯი არ გადავდგი. მერე კი პანდემია ომის თემამ შეცვალა... ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში მიწევს მუშაობა. არ გამჭირვებია, რადგან პატარა ვიყავი, როცა პირველი ინტერვიუ მივეცი და ასე თუ ისე, კამერას შეჩვეული ვიყავი. თუმცა, ვფიქრობ უკეთესი რესპონდენტი ვარ და ეს ამპლუა უფრო კომფორტულია ჩემთვის, ვიდრე ინტერვიუერის. რესპონდენტი სრულიად თავისუფალია და ცოტა მაშინებდა, ხომ არ დავკარგავდი იმ განცდას, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიას ხომ თავისი წესები აქვს, მით უმეტეს დილის ეთერს, სადაც დადებითი და პოზიტიური განწყობა უნდა შექმნა. მე კი როგორც არტისტი, ვარ ცოტა პროვოკატორი, ცოტაც დეპრესიული და ცოტ-ცოტა ყველაფერია ჩემში, მაქვს "მძიმე" გამონათქვამები და რეპლიკები, თან, არ მიყვარს ვალდებულებები და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მქონდა შიში, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ისე არ გამოსულიყო, როგორც საჭიროა, თუმცა ამ რუბრიკის წაყვანისას მივიღე სწორედ ის თავისუფლების ხარისხი, რაც მჭირდებოდა, ასიდან ასივე და გარკვეული დროის შემდეგ პროდიუსერები და მეც მივხვდით, რომ ამ ყველაფერმა გაამართლა.

- ესე იგი, გულწრფელობამ გაამართლა. შეგიძლია თქვა, რომელმა თემამ გამოიწვია ყველაზე დიდი რეზონანსი?

- დიახ, გულწრფელობამ გაამართლა... ჩემს რუბრიკაში ხშირია მისტიკური თემა, თუმცა ვფიქრობ, ის გაცილებით ფართო და მრავალფეროვანია, ვეხები პოლიტიკას, სხვადასხვა ქვეყანას, ლიდერებს და ა.შ. რამდენიმე თვე რომ გავიდა, მუდმივად ვადევნებდი თვალს მაყურებლების რეაქციებს და მივხვდი, სწორ გზას ვადექი. თავად ვირჩევ თემას, ვწერ სცენარს, ხანდახან ვიწვევ სტუმარსაც. ქრონომეტრაჟი 15-20 წუთია და თუ თემა მოითხოვს, ზოგჯერ მეტიც ეთმობა. შეიძლება ითქვას, ჩემი რუბრიკა ჩემს გამოფენებს ჰგავს, რადგან თემიდან დაწყებული, სტუმრით დამთავრებული, ყველაფერი ჩემია (იღიმის). რაც შეეხება რეზონანსს, ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია გადაცემამ, რომელიც მაცხოვრის სუდარაზე მოვამზადე. ვიცოდი, გაამართლებდა და ასეც მოხდა, დღემდე ყველაზე მეტი ნახვა აქვს. ასევე გაამართლა პორტრეტებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ღვთისმშობლის. ეს იყო სრულიად განსხვავებული კუთხით მიწოდებული ქალური ამბავი და არა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ ხატებიდან. მისი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. გოგონა დაიბადა და გაიზარდა ოკუპირებულ იერუსალიმში და ბუნებრივია, ასეთ გარემოში რთული ბავშვობა ექნებოდა. ბევრმა მოიწერა, რომ ცრემლებით უსმენდა ღვთისმშობლის ამბავს. შეიძლება, იმავე პრობლემას ჩვენს რეალობაშიც ვაწყდებით და ეს პარალელიც გახდა ამგვარი ემოციების მიზეზი...

3-copy-1656313948.jpeg

- გამოფენებზე გადავინაცვლოთ. თითოეულ შენს გამოფენაზე ჩიტები ფიგურირებს და ახლაც არ იყო გამონაკლისი. თუმცა, მოდი, შენს სამკაულების კოლექციებსა და ამ საქმიანობაში გამოვლილ გზაზე ვისაუბროთ.

- გარდა ჩემი ისტორიისა, რაც სტიგმატებსა და თეოლოგიას ეხება, დაინტერესებული მაყურებელი და მკითხველი მიცნობს, როგორც სამკაულის დიზაინერს. სამკაულს ვქმნი პერფორმანსისთვის და პირიქით. მის წარმოსაჩენად პერფორმანსი ყოველთვის საჭიროა, რადგან მნახველი სანახაობით მიგყავს შენს სათქმელამდე. ეს საქმე ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო და ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წელს, ჩემი პირველი გამოფენა-პერფორმანსი "ჰიჩკოკის ჩიტები" გავმართე. მას შემდეგ ჩიტები არაერთხელ განმეორდა ჩემს კოლექციებში. მაგრამ სამწუხაროდ, 3 წლის წინ მძიმე დიაგნოზი დამისვეს. არ მიყვარს დაკონკრეტება, ამიტომ ასე ვიტყვი: ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სამკაულების დამზადების საქმესთან, რომლის დროსაც გიწევს მუშაობა "შხამებთან", მძიმე ლითონებთან: ოქრო, ვერცხლი, მინანქარი. შემდეგ იწყება თერაპიის კურსი, არცთუ ისე იოლი, და ამას მოჰყვება ოპერაცია. შუალედში მითხრეს, რომ ეს საქმიანობა უნდა დამევიწყებინა. ძალიან რთული პერიოდი მქონდა. არ ვიცი, რა უფრო რთული იყო - საქმეს ჩამოშორება რომ მომიწევდა თუ ის, რაც მჭირდა. იმ დროს მე "გავქრი", თითქმის არავისთან მქონდა კონტაქტი. ფაქტობრივად, ცხოვრებაში ყველაფრის გადაფასებამ მომიწია. რთულია, როცა ერთ დღეს იღვიძებ და შენს საყვარელ საქმეს კარგავ. ვდუმდი არა იმიტომ, რომ დიაგნოზს ვმალავდი ან ახლა ვმალავ, უბრალოდ, მე გავექეცი იმ შეცოდების განცდას, რაც ხშირად ჩნდება ასეთ დროს ადამიანებში. ჩემ შესახებ მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იცოდნენ და მათ შორის ოპერაციის ამბავიც, ვიწრო წრის გარდა, არავინ იცოდა. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი ძალების აღსადგენად დამჭირდა და დუმილის 241 დღე დავასრულე 2019 წლის 25 დეკემბერს, ამავე სახელწოდების პერფორმანსით "დუმილის 241 დღე". ჩავჯექი დიდ შუშის კუბში, მაყურებელი მოდიოდა, თვალებში მიყურებდა, მაგრამ ჩვენ შორის არსებული შუშის ბარიერი მათ ახლოს მოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მაშინ რომ მკითხეს, თუ რისი თქმა მსურდა ამ პერფორმანსით, ვუპასუხე: ჩვენ ერთმანეთის ჩახუტება შეგვიძლია, მაგრამ ამას ვერ ვაფასებთ. შეიძლება ისეთი დრო დადგეს, ერთმანეთის ჩახუტება აღარ შეგვეძლოს და ამას მხოლოდ სითბოს დეფიციტი მიგვახვედრებს-მეთქი. ეს პერფორმანსი გაიმართა 25 დეკემბერს და იანვრის ბოლოს უკვე მთელ დედამიწას გამოუცხადეს, რომ პანდემია დაიწყო. ფაქტობრივად, მთელი დედამიწა კუბი გახდა. არტისტები ყოველთვის უსწრებენ დროს თავიანთი იდეებით, მეც ინსტინქტებით ვიმოქმედე და ეს დამთხვევა "ჰაერში მფრენი ფიქრების" გამოძახილი იყო და ამაში გასაკვირი არაფერია.

მერე, როცა მეკითხებოდნენ, გამიჭირდა თუ არა პანდემიისას თვითიზოლაცია, ვპასუხობდი, რომ არა, რადგან მე მანამდეც თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი და ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო. არც დეპრესია მქონია, პირიქით, გამოცდილება მქონდა, ბევრს ვეხმარებოდი, ვისთვისაც ეს უჩვეულო მდგომარეობა დამთრგუნველი აღმოჩნდა.

- ახლა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა უკვე წარსულია თუ მაინც ყურადღება და სულ კონტროლი გიწევს?

- ხშირად ვამბობ, რომ ავადმყოფობა ძალიან ჰგავს პატრონს. არასდროს ვიყენებ სიტყვებს: "გავიმარჯვე", "დავამარცხე", რადგან ეს ხმამაღალ ნათქვამად მიმაჩნია. არის პერიოდები, როცა ავადმყოფობა მამარცხებს ან პირიქით, მე - მას. ეს ერთგვარი ომია, შინაგანი ბრძოლა, თუმცა - არა ხმალამოღებული, არც მუდმივი ჭიდაობა მაქვს გამართული, უბრალოდ ეს არის თანაცხოვრება. დღემდე მაქვს მძიმე პერიოდები, მიწევს პრეპარატის მიღება, რომლის დოზა განსაზღვრავს ჩემს მდგომარეობას, ამიტომ ვამბობ, ვისწავლე ავადმყოფობასთან თანაცხოვრება და ეს არის ჩემი რეალობა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ჩემი, როგორც არტისტის საქმიანობა ბევრად მასშტაბური გახადა. შემიძლია შევქმნა ტილო, პერფორმანსებში სრულად ვიყო ჩართული და ამას თანამედროვე ხელოვნება მოითხოვს კიდეც. ორი წლის წინ, როცა მხოლოდ მე ვმონაწილეობდი პერფორმანსში და შუშის კუბში ვიჯექი, მივხვდი, ეს ყველაფერი ჩემია, პროცესებში მე უნდა ვიყო სრულად ჩართული. წელსაც პერფორმანსი ჩემით დაიწყო. რაღაც რომ გაწუხებს, თავად უნდა თქვა და ეს არ უნდა დაავალო მსახიობს ან მოცეკვავეს.

tornike1-copy-1656313936.jpeg

- სულ ამბობ, რომ არ იცი, ხვალ რა იქნება. და მაინც უნდა გკითხო, რას აპირებ უახლოეს მომავალში?

- საქართველოდან გამგზავრებაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა ვგეგმავ. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ამბობს, რომ ჩემს ქვეყანაში არ დამაფასეს და ამიტომ სხვაგან უნდა წავიდე. არა, ამას სხვა მიზეზი აქვს. გულახდილად გეტყვი, ემოციური რესურსი ფიზიკურად ამოწურვადი არ არის, მაგრამ ტილოს შექმნა, პერფორმანსის გაკეთება და მუშაობის გაგრძელება თანხებთან არის დაკავშირებული. არტისტმა რომ იმუშაოს, ელემენტარული პირობები სჭირდება. წასვლა სწორედ ამის გამო მინდა, რომ დავბრუნდე და როცა ჩამოვალ, მხოლოდ გამოფენაზე ვიფიქრო და არა იმაზე, თუ საიდან მოვიძიო მის გასამართად თანხები. ანუ ისევ და ისევ ჩემი საქმიანობისთვის მინდა წასვლა, რომ სამომავლოდ თავს შევუქმნა კომფორტი სამუშაოდ და ის საქმე გავაგრძელო, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის გარეშეც არ შემიძლია.

- რა არის სულ მოძრაობისა და, თუ შეიძლება ითქვას, შენი სულიერი სიმტკიცის მთავარი მამოძრავებელი ძალა?

- საკუთარი თავის რწმენა. როცა რაღაც ხდება, ამას არ ვუყურებ როგორც პრობლემას, არამედ - როგორც ბარიერს და ვაკეთებ გათვლას იმისა, თუ როგორ "გადავახტე". პატარა ვიყავი, როცა ჟანა დ’არკის სიტყვები წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ცხოვრებაში რწმენის გარეშე ყოფნაზე დიდი სასჯელი არ არსებობსო. ასეა... რასაკვირველია, საკუთარი თავის რწმენის გარდა, მაქვს მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანის იმედი, ვისთანაც ემოციური ბმა მაკავშირებს, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მივხვდი მთავარს - გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

ანა კალანდაძე