"დერეფანში რომ მიდიოდა, სტუდენტთა გრძელი შლეიფი მიჰყვებოდა უკან" - გზაპრესი

"დერეფანში რომ მიდიოდა, სტუდენტთა გრძელი შლეიფი მიჰყვებოდა უკან"

ირანისტი მაია სახოკია გასული საუკუნის 60-იან წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა "თეთრი ტაძრის" პირველი ლექციები და ერთ-ერთი დაუვიწყარი ლექტორი ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელსაც ამ წერილით გაიხსენებს.

- პირველ რიგში, ბატონი ვახუშტი უნდა გავიხსენო, როგორც ლექტორი და მასწავლებელი. მეორე კურსზე დაგვეწყო მისი ლექციები. ჩვენამდე მის ჯგუფში თამილა მგალობლიშვილი, ნომადი ბართაია, ინეზა სულაკაძე, მანანა ნუცუბიძე და ლიკა სულაძე ირიცხებოდნენ. მათგან ვიგებდით ყოველივეს: რას ასწავლის, როგორია ვახუშტი, როგორ ურთიერთობენ მასთან... ამ კურსთან, ძირითადად, სწორედ "სავახუშტო" ამხანაგობა გვქონდა და ჩვენი საუბრების თემატიკა, უმეტესად, ლექტორი იყო და საათობით ვლაპარაკობდით ხან უნივერსიტეტის დერეფნებში, ხან ტელეფონით.

კლასიკის ჩინებული სკოლა, მე ვიტყოდი აკადემია, რომელიც გავიარეთ ბატონ ვახუშტისთან, დღემდე მიმაჩნია ჩემს უპირველეს მონაპოვრად, ჩვენი თაობის ირანისტთა უდიდეს სიმდიდრედ და ენის ცოდნის საფუძვლად. იმ დროს, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში, პირველ რიგში, მოსკოვ-ლენინგრადში, კლასიკური სპარსული ენისა და ლიტერატურის ქართულ სკოლას ძალიან კარგი სახელი ჰქონდა და ამ სკოლის მეწინავე დროშა, გამოდის, ახალგაზრდა ვახუშტის ეჭირა.

მეორე კურსზე ჩვენთვის მისი გაცნობა-აღქმა, მისი კლასიკა უმთავრესი მოვლენა იყო. მან მაღალ დონეზე შეგვასწავლა სპარსული კლასიკა. თვითონ ლირიკა უფრო უყვარდა, მაგრამ ეპოსსაც გვასწავლიდა. ხშირად ისიც უთქვამს: ადრეული პოეზია უფრო ახლობელი, გასაგები და საყვარელია ჩემთვის. რუდაქი, ხაიამი უფრო სადაა და თანამედროვე პოეზიასთან მიახლოებული, ვიდრე შემდგომი ეპოქების კორიფეებიო. მაგრამ ვინ იტყვის, არ უყვარდა ჰაფეზი, რუმი, ჯამი... როგორ თარგმნა ეს ყოველივე!

მისი მთარგმნელობითი შემოქმედებითი პროცესი სწორედ მაშინ იწყებოდა და ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა: ამით ვცხოვრობდით, ამით ვსუნთქავდით. იმ პერიოდში ვახუშტი ომარ ხაიამის წრეზე იმყოფებოდა. ყოველდღიურად ახალ-ახალი რუბაიების თარგმანები და მათი ვარიანტები, ხან კათედრის სხდომების სემინარებზე განიხილებოდა ბატონი დავით კობიძის ხელმძღვანელობით, ხანაც სპეციალური საღამოები იმართებოდა. ვახუშტი დავით კობიძის საყვარელი მოწაფე იყო. ჯერ ომარ ხაიამის ის პირველი წითელყდიანი პატარა კრებულიც კი არ იყო გამოსული, რომელიც ჩემი მეორე კურსზე ყოფნისას გამოვიდა და წამსვე სენსაციად მოედო მთელ თბილისს, მერე მთელ საქართველოსაც, უცებ დაიტაცეს. წიგნები რაც შევიძინე, სულ ნაცნობ-მეგობრებსა და ნათესავებში გავაჩუქე - ყველასათვის საძებარი და სანატრელი პატარა წიგნი! ვახუშტის ხაიამს ყველა სუფრაზე კითხულობდნენ. ჩვენ, ირანისტ სტუდენტებს, სპარსული ორიგინალებისა და თარგმანების სინქრონულ წაკითხვას გვთხოვდნენ. არც ერთი ქეიფი და ორკაციანი სუფრაც კი არ ჩაივლიდა ხაიამ-ვახუშტის გარეშე.

ვახუშტი კოტეტიშვილის სკოლა-აკადემიიდან მოვდივართ ყველა ამჟამინდელი ირანისტი, იქიდან გამოგვყვა ტრადიციები, ცოდნა, წვრთნა და გამოცდილება. მეორე კურსიდანვე თითქმის ყველა ნასწავლი ლექსი ზეპირად ვიცოდი: მთელი ხაიამი, დავით კობიძის ქრესტომათიის 104 რუბაი, ჰაფეზი, რუმი, რუდაქის სიბერის ელეგია. ეს ვახუშტის დავალებით ხდებოდა. ენის შესწავლის სხვა გზა არ არსებობსო, მტკიცედ იტყოდა ხოლმე. მესამე კურსზე, ჯემშიდ გიუნაშვილმა თავის პირველ ლექციაზე, სტუდენტთა გაცნობის მიზნით ცოდნა შეგვიმოწმა. მე სურვილი გამოვთქვი და სიბერის ელეგია ჩავარაკრაკე თავიდან ბოლომდე. "ოო, ეს ვახუშტის სკოლაა", - თქვა ბატონმა ჯემშიდმა. კოლეგებს უყვარდათ ვახუშტი, იგი მართლაც საერთო სიყვარულით სარგებლობდა, რაც მისი პიროვნების ბუნებრივი შეფასება იყო.

saxokia-maia-1656314114.jpg

მახსოვს პოეზიის საღამო მაისის ბოლოს, ვიდრე ომარ ხაიამის თარგმანების ის პირველი კრებული გამოვიდოდა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ვახუშტი დასაბეჭდად გამზადებულ რუბაიების თარგმანებს კითხულობდა თავისი განუმეორებელი ბარიტონული ხმით, რომელსაც ვერც ერთ ხმაში ვერ აურევდი. დარბაზი გადაჭედილი იყო...…მერე წვიმამ დასცხო, მაისის ჩვეულმა თბილისურმა კოკისპირულმა წვიმამ. ბედნიერი მივქროდი ქუჩაში, ვხარობდი ჭექა-ქუხილით და ზეპირად ვიმეორებდი რუბაიებს.

არაჩვეულებრივი გულმოდგინებით გვასწავლიდა, შინ - თითო ლექსი 5-10-ჯერ უნდა დაგვეწერა და ასე დაგვესწავლა. საკონტროლოებს გვიტარებდა, ცხადია, ნიშნებს გვიწერდა. თავისი ხელით ჩაგვიწერა ნასთალიყის ნიმუშით თითო ლექსი და დაგვავალა ხელწერისთვის მიგვებაძა. შენახული მაქვს ეს რვეული. არასდროს იგვიანებდა ლექციაზე და საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი იყო. სისტემატურად გვიმოწმებდა ლექსიკის ცოდნას. მისი მოთხოვნით, საკუთარ ლექსიკონს ვაწარმოებდით და ახალ ლექსიკას ვიწერდით. ეს რვეულებიც შენახული მაქვს.

სტუდენტებთან გამორჩეული, იშვიათი და ამხანაგური ურთიერთობა ჰქონდა. გულწრფელად უხაროდა მათი წარმატებები. თავად ჩინებული მთარგმნელი სტუდენტების მონაცემებს არაჩვეულებრივი ზრუნვითა და მხარდაჭერით ექცეოდა. ასე იყო ნომად ბართაიასთან, ჯემალ აჯიაშვილთან და სხვებთან. ისინი თავის ნაწარმოებებს მაშინვე ვახუშტისთან მიარბენინებდნენ, შთაბეჭდილებებს და შენიშვნებს ისმენდნენ, იქვე, ლექციებზე ვარჩევდით. მესამე კურსამდე დილის ცვლაში ვიყავით, ვახუშტის სპარსული ცხრის ნახევარზე გვქონდა ხოლმე. ზოგადად, დილა არ მიყვარდა, მაგრამ ვახუშტის ლექციაზე არასდროს ვიგვიანებდი. ის ყოველთვის ფეხზე იდგა, ხშირად კათედრაზე ადიოდა. იშვიათად ჯდებოდა, მიდი-მოდიოდა დაფის წინ. ერთხელ ჩემი ფოტაპარატით, მაღალ კათედრაზე დაყრდნობილ და შემართულად მოსაუბრე ბატონ ვახუშტის ფოტო გადავუღე.

ასპირანტურაში სწავლის წლებში ზოგჯერ ასპირანტებს ლექციების ჩატარებას გვთხოვდნენ, რაც ჩვენთვის საუკეთესო პრაქტიკაც იყო. ბატონი ვახუშტი ერთი თვით საფრანგეთში გაგზავნეს მივლინებით და მის ნაცვლად კლასიკური მწერლობის კურსები მე ჩამაბარეს. ვახუშტიმ შემიყვანა პირველ ლექციაზე და მათ განუცხადა: "სანამ მე არ ვიქნები, ლექციებს ჩაგიტარებთ ჩემი ყველაზე ნიჭიერი სტუდენტი, ვინც კი მყოლია ოდესმე". ბოდიშს ვიხდი კოლეგებთან, ეს მაშინ მხოლოდ სიტუაციის შესაბამისი იყო. თუმცა, დიახაც, კარგად ვასწავლიდი ის ერთი თვეც და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, კიდევ სამი წელი. კლასიკის სწავლებაში დღემდე ვახუშტის სკოლის მოწაფედ ვთვლი თავს.

ის არ სჯერდებოდა მარტო სავალდებულო კურსებს. სტუდენტებს ზოგად განათლებას აძლევდა. მახსოვს, ანა კალანდაძის ლექსებზე გვითხრა: ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავდა ანა ჩემი ბავშვობის პერიოდში, საბჭოურ გარემოში ურარტუს თიხის ნამტვრევები, ანდა ნინოს ჯვარი, ან ოთახში შემოჭრილი წელზე შემოხვეული თუთაო და ა.შ. სულგანაბულები ვისმენდით პოეზიის უჩვეულო, ორიგინალურ შეფასებებს. ჩვენ ის გვიბიძგებდა, პოეზიით გვესუნთქა. მერე იყო პოეზიის საღამოები... ჩვენი მწერალთა კავშირიც დიდ ცვლილებებს განიცდიდა, ახალი ტალღა შემოიჭრა. კარგად მახსოვს სარტრისადმი მიძღვნილი საღამო, გადაჭედილი დარბაზი. აბა, უჩვენოდ რა იქნებოდა! ვახუშტის სტუდენტები, მისგან დარიგებულნი, უკანა რიგებში ან სულაც - ფეხზე ვიდექით. ვახუშტი და ლია მეგობრებთან ერთად, წინ სხედან. მოტრიალდება ვახუშტი, გადმოგვხედავს, მოგვიწონებს იქ ყოფნას. მის უდიდებულესობას - ლიტერატურას, ზოგჯერ, ლექციის ბოლო 10-15 წუთს უთმობდა ვახუშტი. დიდი, ფართო განათლება მოგვცა. ახლა, საკუთრივ სპარსულს არ იკითხავთ? კლასიკას არ სჯერდებოდა, თანამედროვე სახელმძღვანელოები მოჰქონდა საკითხავად და ავჩინიკოვას სავაჯიშოებშიც ზეპირად გვავარჯიშებდა იმავე 10-15 წუთში. გვეტყოდა ხოლმე: ეცადეთ ილაპარაკოთ, ნებისმიერად, ოღონდ ილაპარაკეთო. მაშინ ირანს ვინ გვაღირსებდა. მეორე კურსზე ოფიციალური პრაქტიკა ტაჯიკეთში ტარდებოდა. ჩვენი და წინა კურსები ერთად შუა აზიაში, პრაქტიკაზე ერთი თვით ვახუშტიმ წაიყვანა, როგორც ხელმძღვანელმა.

არასდროს ლაპარაკობდა ვახტანგზე - მამამისზე, თავის თავზეც ცოტას საუბრობდა. ჩვენ კი ვიცოდით ბევრი რამე, მაგრამ არ ვაძლევდით თავს უფლებას, ზედმეტი გვეთქვა. საერთოდ, მისი ყველაფერი გვაინტერესებდა. პატარა ტატო ერთი-ორჯერ შემოიყვანა ლექციაზე... რა ლამაზი მეუღლეები ჰყავდა - ლია, მანანა, მზეო. ვახუშტის კულტი იყო. დერეფანში რომ მიდიოდა, სტუდენტთა გრძელი შლეიფი მიჰყვებოდა უკან. ამ საყოველთაო "აბაჟანიეში" ერთობ გამორჩეული გახლდით. იყო კიდევ ერთი შტრიხი, უმისოდ სრული პორტრეტი ვერ დაიხატება: ვახუშტი ქართულ სუფრაზე - ქეიფი, თამადობა და ამ სუფრის სკოლაში გამოზრდილი სტუდენტთა მთელი თაობები. ეს იყო ნამდვილი ლიტერატურული ბოჰემა, ინტელექტუალური ქეიფი ლექსებითა და სიმღერებით. ვახუშტი საყოველთაოდ სასურველი თამადა და სტუმარი იყო.

მოგვიანებით პოეტური მუზა მეწვია და ორასამდე ლექსი დავწერე. მათ შორის საუკეთესოები პერიოდიკაში დაიბეჭდა და მერე კრებულიც გამოიცა. თავიდან მანანა გაბაშვილმა გაიგო ჩემი გაპოეტება, რამდენიმე ლექსი მოისმინა, აღფრთოვანდა და მაშინვე გადაწყვიტა ვახუშტისთვის წარგვედგინა ჩემი შემოქმედება. მანანა და მე ვეახელით პოეზიის უზენაეს მსაჯულს საქართველოში. მერე ბევრ სხვა მსაჯულსაც ვეწვიე, მაგრამ პირველი ვახუშტი იყო, მისი დასკვნა კი დადებითი. მთელი საღამო მაკითხა ჩემი ლექსები. რა კარგი ფერებიაო, - თქვა. ერთ ლექსში მიწერია: "მინდა ქოჩორი მოგაჭრა". ამაზე მითხრა: კარგია, ძალიან ქალურიო. მოკლედ, მწვანე შუქი მომეცა. ვახუშტის სწავლების პერიოდში მთარგმნელობას არ ვეწეოდი, მაგრამ მისი თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ იმდენი მსმენია, რომ ჩემს მთარგმნელობით შემოქმედებაშიც მის მოწაფედ მიმაჩნია თავი.

ვახუშტიმ საქვეყნოდ გაითქვა სახელი, როგორც ხალხური პოეზიის შემგროვებელმა. ჩემს დედულეთში, ხარაგაულის რაიონის საყვარელ სოფელ ფარცხნალში შემთხვევით წავაწყდი მოდერნულ ხალხურ სახუმარო პოეზიას და უშუალოდ ჩავიწერე ოჯახებში. იმათ მთხოვეს, რომ ჩანაწერები ვახუშტისთვის გადამეცა. დავპირდი, ოღონდ ეს თხოვნა მოგვიანებით შევუსრულე. თბილისის ომის დროს ვახუშტის სახლი დაიწვა და ჩიოდა, რომ რაღაც მასალებიც დაღუპულიყო. ჩემი ჩანაწერები ვინახე და ალბათ, 2005 წელს, უკვე კომპიუტერულად აკრეფილი, გავამზადე მისატანად.

მზეოს მეშვეობით დავთქვით დრო და ვახუშტის აღდგენილ სახლში ვეახელი. იმ საოცნებო სახლში შეკრებილ სტუმრებს შორის იყვნენ ჩემი მამიდაშვილი შუქია აფრიდონიძე და ჩვენი ინგლისელი კოლეგა ლორენსი. სასიამოვნო საზოგადოება დიდ კისკისში იყო და მეც სიამოვნებით შევუერთდი. ჩემი მიტანილი მასალა ჩავაბარე პატრონს და დღის წესრიგში ჩავერთე. აღმოჩნდა, რომ ლორენსი სკაბრეზული და პორნოგრაფიული ლექსიკის მოსაძიებლად მისულიყო ვახუშტისთან. ლორენსი ქართველოლოგია, შუქიას მოწაფე, რონალდ რეიფილდთან ერთად წლების მანძილზე მუშაობდა დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონზე და ამისთვის რამდენჯერმე იყო ჩამოსული თბილისში. ავტორთა მიზანი იყო მაქსიმალურად ამომწურავად აესახათ იმდროინდელი სასაუბრო ქართული ენა, ქუჩური გამოთქმებით, ჟარგონით, სლენგით და სკაბრეზებით. პირადად მეც ბევრი ჩავაწერინე თბილისური ჟარგონიდან.

j-kasradze-82-1656314101.jpg

ვახუშტი სკაბრეზულ-პორნოგრაფიულ ლექსიკას სწორედ ისე განიხილავდა, როგორც ნამდვილი ჭეშმარიტი მეცნიერი უნდა უდგებოდეს ნებისმიერ პირუთვნელ მასალას და როგორც ლორენსს და დონალდს გაუხარდებოდა ამ შემთხვევაში! დონალდი ყოველთვის თვლიდა, რომ პორნოგრაფიული ჟარგონი ენის მნიშვნელოვანი ლინგვისტური მასალაა და ვახუშტიც ამ აზრის იყო. მაშინ გავიგე, რომ მოამზადა და სადაცაა გამოიცემა მისი "მოუკრეფავნი", ანუ "ქართული ხალხური სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები". მალევე მქონდა ბედნიერება, რომ "მოუკრეფავნის" პრეზენტაციაზე მოვხვედრილიყავი. იქაც, როგორც ვახუშტის სახლში, სიტყვის ზეიმი სუფევდა. იყო ერთი მხიარულება, სიცილ-ხარხარი. ვახუშტი დასასრულ ასე დაგვემშვიდობა: "მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც უყვარს ქართული სიტყვის ძალა".

პროფესიულ ლიტერატურაშიც ვახუშტისთვის მხოლოდ ერთი საზომი არსებობდა - ლიტერატურული ხარისხი. სხვა მხრივ, ოდენ სილაღე და თავისუფლება იყო მისი ბუნებაც და დევიზიც. ასეთ აღქმებს მიგვაჩვია ჩვენც, ყველა მისი მოწაფე. ყველაფერთან ერთად ვახუშტი თავისუფალ აზროვნებასა და სიტყვის თავისუფლების სიყვარულსაც გვინერგავდა. მოგვიანებით ბობოქარ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულიც შემხვედრია, მაგრამ ჩემთვის, ჩემს ცნობიერებაში ვახუშტი დარჩა ლექტორად და მასწავლებლად, ვინც მე სპარსული ენის სიტკბოდან მასმინა მუსიკობანი.

ნანული ზოტიკიშვილი