"პარიზში ასპარეზობისას მაისურზე ZUGDIDI მეწერა" - გზაპრესი

"პარიზში ასპარეზობისას მაისურზე ZUGDIDI მეწერა"

ალექსანდრე გეგეჭკორი ერთადერთია ამიერკავკასიიდან, ვინც მსოფლიოს ხუთ ველომარათონს შორის ყველაზე ძველ და ტიტულოვან პარიზი-ბრესტი-პარიზის მარათონში მიიღო მონაწილეობა და ფინალისტიც გახდა. ის ასევე პირველი იქნება ამიერკავკასიიდან, ვინც 7 აგვისტოსთვის ბრიტანეთში დაგეგმილ ლონდონი-ედინბურგი-ლონდონის ველომარათონში იასპარეზებს. როგორ გახდა ველოსიპედი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უკვე მოწიფულ ასაკში, ჩაანაცვლა თუ არა ველოსპორტმა უწინდელი გატაცება სამთო ნადირობითა და ალპინიზმით და რას ითვალისწინებს მისი უახლოესი გეგმა?.. ალექსანდრე გეგეჭკორი უკვე მიღწეული და სამომავლოდ დასახული მიზნების შესახებ მოგვითხრობს.

- ალექსანდრე, სულ რამდენიმე წელია, ველოსპორტმა გაგიტაცათ და სპორტის ამ სახეობაში აქტიურად ჩაერთეთ. ამას რამე კონკრეტული წინა პირობა თუ უძღოდა წინ?

- სამთო ნადირობა ჩემი ბავშვობის ჰობია. ერთ-ერთი გასვლისას მუხლის ტრავმა მივიღე. ექიმის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში აუცილებელი იყო ველოსიპედის ჩართვა. ასე დაიწყო ველოსპორტით ჩემი „მოწამვლის" პროცესი.

თანდათან მანძილი გავზარდე. ერთხელაც გადავწყვიტე, ველოსიპედით თბილისიდან ზუგდიდში ჩავსულიყავი. 324 კილომეტრი 16 საათში გავიარე. თბილისში დაბრუნებულმა გავიაზრე, რომ ეს ჩემთვის არც ისე დიდი დატვირთვა აღმოჩნდა. ველომარათონელების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე. ისინი დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტულ მანძილს ფარავენ. ეს მარათონის პრინციპია.

- მსოფლიოს 5 ველომარათონს შორის ყველაზე ტიტულოვანი და ძველი პარიზი-ბრესტი-პარიზია. ამ მარათონზე არათუ საქართველოდან, არამედ მთელი ამიერკავკასიიდანაც არავის უასპარეზია, ხომ ასეა?

- 1891 წლიდან დღემდე პარიზი-ბრესტი-პარიზის მარათონში ამიერკავკასიიდან მონაწილეობა ნამდვილად არავის მიუღია. ქართველი მონაწილე არასოდეს ყოფილა, ასევე - ბრიტანეთის ველომარათონშიც, სადაც ასპარეზობას აგვისტოში ვგეგმავ. სულ 500-მდე ადამიანია მსოფლიოში, ვისაც თქვენი ხსენებული ხუთივე ველომარათონი აქვს მოგებული. ახლახან საფრანგეთიდან სასაჩუქრე მედალი მივიღე: საფრანგეთს პირველი ველომარათონი 1921 წელს ჩაუტარებია და ამ მოვლენის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, როგორც მარათონის გამარჯვებულს, მედალი მეც მერგო. 11 ივნისს მსოფლიო რბოლას 200-კილომეტრიანი გასვლით მეც შევუერთდი.

- რა გზა გაიარეთ იქ მოხვედრამდე და როგორ მოიპოვეთ გამარჯვება?

- საფრანგეთი ველოსპორტის მიმართულებით ყველაზე პრივილეგირებული ქვეყანაა. ველოსიპედიც მათ გამოიგონეს და მას შემდეგ პირველობას სპორტის ამ სახეობის განვითარების თვალსაზრისით არავის უთმობენ. დიდი ძალისხმევის შედეგად ფედერაციის პრეზიდენტს დავუკავშირდი. მივიღე ლიცენზია, რომელიც ამიერკავკასიაში მანამდე არავის ჰქონდა. უმოკლეს ვადაში, ერთ სეზონში ანუ სამ თვეში 4 საკვალიფიკაციო ეტაპი გავიარე, რისთვისაც სუპერმარათონელის წოდება მომანიჭეს. 113 000 მონაწილიდან საუკეთესო დროის მაჩვენებელ 7 000 მრბოლელს შორის აღმოვჩნდი. 90 საათში 1 200 კილომეტრი გავიარე. გავხდი ფინალისტი და მედალიც მოვიპოვე.

- რამდენად რთულია შემდეგი ტურნირი, რომელში მონაწილეობასაც გეგმავთ?

- პანდემიის პერიოდში მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ველომარათონი არ გაუმართავს. წელს ტარდება ხუთეულში შემავალი ერთ-ერთი რთული მარათონი - ლონდონი-ედინბურგი-ლონდონი. დასაფარია 1 500 კილომეტრი 125 საათში. მარათონში 2 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აქაც პირველი ამიერკავკასიელი ვარ, ვინც ამ ველორბოლაში თავისი ქვეყნის წარმომადგენელი ოფიციალურად იქნება. მართალია, მარათონი ასფალტირებულ გზაზე იქნება, მაგრამ შოტლანდია მეტ-ნაკლებად მაღალმთიანია და კლიმატიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული რბოლა გველის. ხშირია წვიმა და განსაკუთრებულად ცივა ღამით.

- პარიზში ისეთი მომზადებული არ წასულხართ, როგორიც ახლა ხართ. ამის გამო მაშინ რამე გაუთვალისწინებელი დაბრკოლება ხომ არ შეგხვდათ?

- 200 კილომეტრი მქონდა გავლილი, როცა უკანა გადამრთველი ერთ სიჩქარეზე გაიჭედა. კენჭი ჩამივარდა და კბილანა გამიტეხა. ამ მდგომარეობაში გავიარე 400 კილომეტრი და ასეთი დატვირთვის გამო მარჯვენა მუხლის ტრავმა მივიღე. მას შემდეგ, რაც პრობლემა მოგვარდა, კიდევ 600 კილომეტრი ვიასპარეზე.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტურნირში წარმატებისთვის ფსიქოლოგიურ მზადყოფნას?

- პარიზში ისე გავემგზავრე, არ ვიცოდი, წინ რა სახის დატვირთვა მელოდა. 1 200 კილომეტრის დაფარვა სათანადო მომზადების გარეშე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ახლა უკვე გავდივარ სწორ მომზადებას და ძალების სათანადო განაწილებასაც შევძლებ. უკვე ვიცი ძილისა და დასვენების წესები, ფაზები. მარტივი არც ეს ტურნირი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, წინა ტურნირთან შედარებით ბევრად უფრო მზად ვარ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

- ახლობლებს, მეგობრებს რა რეაქცია აქვთ თქვენს ამ გატაცებაზე?

- პარიზის მარათონის დაძლევა სრულად მეგობრების მხარდაჭერით მოხდა. ახლაც ძალიან მამხნევებენ და ახალი მარათონიც უკვე დაგეგმილი აქვთ. მათთან ერთად აქვე მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კომპანიებს, რომლებიც ტურნირზე გამგზავრებაში მეხმარებიან.

- მიმბაძველებიც ხომ არ გამოგიჩნდათ?

- ჩემი ქალიშვილი, ანასტასია დამყვება ხოლმე მოკლე მანძილებზე. გარდა ამისა, გავიცანი ახალგაზრდების ჯგუფი. შორ მანძილებზე ვარჯიშობენ, მოგზაურობენ. გადიან საზღვრებს გარეთაც. როგორც საფრანგეთის ტურნირის მონაწილემ, მათ მივეცი ლიცენზია, შეექმნათ ველოორგანიზაცია. ნოემბერში გეგმავენ ბრევეტს ანუ კონკრეტული მანძილის დროის შეზღუდულ მონაკვეთში გავლას. ასეთი, 200, 300, 400 და 600-კილომეტრიანი ბრევეტები მე მარტომ დავძლიე.

- ვიცი, რომ კვირაში რამდენჯერმე თქვენი საყვარელი ყავისა და კრუასანის მისართმევად ველოსიპედით გორში ჩადიხართ...

- დიახ, როცა 200-კილომეტრიანი ვარჯიშის დღეები მაქვს, გორში მივდივარ და ამ ტიპის განტვირთვას ვიწყობ (იცინის).

- სავარჯიშოდ სანახაობრივ ადგილებსაც არჩევთ?

- დიახ, ერთფეროვნებას რომ თავი ავარიდო, სხვადასხვა სანახაობრივ ადგილს ვარჩევ. ახლო მომავალში გეგმაში სამცხე-ჯავახეთი, ფშავ-ხევსურეთი, კახეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი მაქვს.

288375415-1096871080928717-2573350528517963486-n-copy-1656316333.jpg

- გზად ალბათ საინტერესო თავგადასავალიც ბევრია...

- სხვათა შორის, რატომღაც, ყველას უცხოელი ვგონივარ. უკვე ამდენი წელია დავდივარ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ქართულად მომსალმებოდა. როგორც უცხოელს, წარმატებას მისურვებენ, მაქებენ; როგორც კი ვიტყვი, რომ ქართველი ვარ, განწყობა მაშინვე ეცვლებათ - კარგი ერთი, სხვა საქმე არაფერი გაქვსო?! - მეტყვიან ხოლმე ხელის ჩაქნევით. ასეთი განწყობა მწყინს, რადგან ამ საქმეს მართლა დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობ.

- სტუმრად არ გეპატიჟებიან ხოლმე?

- ყოველთვის. ჰოდა, როცა სტუმრობაზე უარს ვამბობ, აუცილებლად საგზალს მთავაზობენ. მახსოვს, ერთხელ დასავლეთში, ღვინის ჭიქით ხელში ფეხით კარგა მანძილზე მდია ადგილობრივმა. ვუხსნიდი, რომ დალევა არ შემეძლო, მაგრამ თავი არაფრით დამანება.

- რაც შეეხება ალპინიზმს: ველოსპორტამდე თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გატაცება ალპინიზმი იყო...

- პირველი სერიოზული შედეგი ყაზბეგის მყინვარწვერის დალაშქვრა იყო. ამჟამად ალპინიზმმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ვგეგმავ იალბუზის, თეთნულდისა და არარატის დაპყრობას. ევერესტი ჩემი ოცნებაა.

შორენა ლაბაძე