26-საუკუნოვანი ძმობა, ქუთაისელი ებრაელობის ღვაწლი - გზაპრესი

26-საუკუნოვანი ძმობა, ქუთაისელი ებრაელობის ღვაწლი

ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ძალიან ცოტას თუ სმენია იმ ისტორიების შესახებ, რომლებსაც მამუკა აშვეთია გვაწვდის. „ამ ისტორიულ მოვლენას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელმაც აღნიშნულ თემაზე 2006 წელს გადაიღო ფილმი - „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ“... პროფესიით იურისტი, ქართულ-ებრაული ურთიერთობების მკვლევარი მამუკა აშვეთია გაუხმაურებელ ამბებზე, რიტუალებზე, ტრადიციებზე, მნიშვნელოვან პიროვნებებზე მოგვითხრობს.

- მრავალ ქარტეხილს გადაუვლია ქუთაისელ ებრაელთა თავზე, მრავალი განსაცდელი გადაუტანიათ, მაგრამ 1928 წლის 10 მაისი ყველაზე მძიმე თარიღი და შავი ფურცელია ქუთაისელ ებრაელთა ისტორიაში: 90 წლის წინ, იმ დღეს ქუთაისს დიდი უბედურება დაატყდა თავს. დილის 11 საათზე, ებრაელთა ზედა სალოცავთან მცხოვრები ისხაკ ელიგულაშვილის სახლში ცეცხლმოკიდებულმა პრიმუსმა იფეთქა. ხანძარმა ძლიერი ქარის გამო სწრაფად იმძლავრა და ცეცხლის ალში გაეხვია ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბანი. დღისით-მზისით იწვოდა კერძო სახლები და სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, მსროლელთა დივიზიის კუთვნილი შენობა... წყალს რიონიდან ეზიდებოდნენ მანქანებით, ეტლებით, თულუხჩებით. ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით სასწრაფოდ აყარეს ქვაფენილი. ცეცხლის ალმა თავის არეალში მოაქცია შაუმიანის, გელათის, აზერბაიჯანის, კლარა ცეტკინის, ინტერნაციონალის და ჯაფარიძის ქუჩები. ირგვლივ სიცხის, მტვრის ალმური ტრიალებდა... ხანძარს გადარჩენილი მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. მათი ცრემლები, ხმამაღალი ტირილი და წივილ-კივილი ერთმანეთში ირეოდა. შიშისაგან გზააბნეულებმა არ იცოდნენ, საშველად ვისთვის მიემართათ. თუ რაიმე გადაურჩა ხანძარს, ყველაფერი ქუჩაში უწესრიგოდ ეყარა. აქა-იქ აკვანში ჩაკრულ ჩვილ ბავშვებსაც ნახავდით. საღამოს ხანძარმა იკლო. მეორე დღეს გამთენიისას ნახანძრალი, გადამწვარ-გადაბუგული უბანი შემზარავი სანახავი იყო.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვილბავშვიანი დედებიც, შველას ითხოვდნენ. ხანძარმა ოთხასზე მეტი მოსახლის საცხოვრებელი შეიწირა. დაიღუპა 10 ადამიანი, 300 მძიმედ დაშავდა, რამდენიმე კი ფსიქიკურად დაავადდა.…ხანძრის ლოკალიზებაში ფაქტობრივად მთელი ქალაქი ჩაერთო. განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს უმცროსმა მილიციონერებმა: ვალოდია ყიფიანმა, ივანე ფაღავამ, ნიკოლოზ ჯუღელმა, დავით ქუთათელაძემ, სერგო მანაგაძემ, აკაკი კუჭუხიძემ და სხვებმა... უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა შეასახლეს ქალაქის სკოლებში, საავადმყოფოებსა და კერძო ოჯახებში. ყოველგვარ სახსარს მოკლებულად მიიჩნიეს 808 პირი. ქალებისთვის გამოიყო 800 მანეთის ტანსაცმელი, მამაკაცებისთვის - 690 მანეთის, ხოლო ბავშვებისთვის - 600 მანეთის, დღიურად მათ გამოსაკვებად კი სულზე 6 შაური, რაც თვიურად 7 272 მანეთს უდრიდა.

დიდი იყო სახელმწიფოს და განსაკუთრებით ქუთათურების თანადგომა გაჭირვებაში ჩავარდნილი ებრაელებისადმი. 40 ობოლი და ღარიბი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს განათლების სახალხო კომისარიატის განკარგულებაში. ქალაქში შექმნილი საქველმოქმედო ფონდისა და უცხოეთიდან შემოდინებული ფულის საშუალებით სწრაფი ტემპებით დაიწყო კერძო სახლების მშენებლობა და ხანძრიდან ერთი წლის შემდეგ “შაუმიანმა” ახალი ცხოვრება დაიწყო.

- როგორი იყო ქუთაისის ებრაელობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია?

- ქუთაისის ებრაელობას მართლაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ქალაქში მცხოვრებ მცირერიცხოვან წარმომადგენელთა შორის ებრაელ თემს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, განსაკუთრებით - გასული საუკუნის 70-იან წლებამდე, სანამ ალია - მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყებოდა. რიონისპირა ქალაქში ისინი ძირითადად ქალაქის შემოსასვლელში, აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დასახლდნენ. ამ დასახლებას ებრაელების უბანი ეწოდა. უბანს „შაუმიანის“ სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სტეფანე შაუმიანის სახელს ატარებდა. ქუთაისელმა ებრაელებმა საუკუნეების მანძილზე მტკიცედ შეინარჩუნეს სარწმუნოება, თავიანთი ადათ-წესები, ენა და დამწერლობა. ბუნებრივია, ყოველივე ამან ზეგავლენა მოახდინა ორივე ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საუკუნეების მანძილზე საქართველოში მოგზაურ უცხოელებსაც არ გამოჰპარვიათ მხედველობიდან და ამის თაობაზე ბევრი საინტერესო ჩანაწერი შემოგვინახეს. ისინი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ ქალაქის ცხოვრებაში. ხაზგასასმელია მათი წვლილი კულტურულ, სპორტულ და განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში.

ქალაქში სამი სინაგოგაა, მათგან ყველაზე ძველი კი 210 წლისაა. აღსანიშნავია, რომ სამივე სალოცავი ერთ ქუჩაზე მდებარეობს, ეს არის ბორის გაპონოვის სახელობის ქუჩა (ყოფილი შაუმიანი), რომელიც იმ კაცის სახელს ატარებს, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად მიიჩნევა.

ქუთაისელ და საერთოდ, მთელ საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა ისრაელში დაბრუნების პროცესიც ქუთაისიდან იწყება. სწორედ ამ ქალაქში მცხოვრებმა ფინანსისტმა შაბთაი ელაშვილმა შემოიკრიბა თანამოაზრეები და დაიწყო ბრძოლა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისთვის, რაც წარმატებით დაგვირგვინდა. ამ ისტორიულ მოვლენას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელმაც აღნიშნულ თემაზე 2006 წელს გადაიღო ფილმი „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ“.

აღსანიშნავია, რომ ალიას ორგანიზატორის, ქუთაისელი ებრაელის შაბთაი ელაშვილის სახელს იერუსალიმის ერთ-ერთი მოედანი ატარებს.

როგორც უკვე ვთქვი, ებრაელთა დიდმა ნაწილმა ქუთაისი გასული საუკუნის 70-იან წლებში დატოვა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს და თაობიდან თაობასაც გადასცემენ ამ ქვეყნის სიყვარულს. მთლიანად კი საქართველოში მათი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების ისტორია დადასტურებაა ქართველებისა და ებრაელების მტკიცე მეგობრობისა.

264476270-1015790212309369-7827624525029339613-n-copy-1656921562.jpg

- ქართულ-ებრაული ურთიერთობებიდან რას გამოარჩევდით?

- ფაქტები ქართულ-ებრაული ურთიერთობებიდან ასეთია:

ოდესაში მოღვაწე ქუთაისელი ქიმიკოსი საბა კლდიაშვილი ებრაული უბნის დარბევის დროს, უიარაღო ხალხის გადარჩენისას გმირულად დაიღუპა. ეს ამბავი მოხდა 1905 წლის 5 ოქტომბერს და მას შემდეგ ებრაელი ხალხი საბას „ხასიდი უმოთაყოლამის“ (“მსოფლიო წმინდანი”) სახელით მოიხსენიებს.

1928 წელს ებრაული უბანი ხანძრისგან თითქმის მთლიანად განადგურდა, ეს იყო ყველაზე მასშტაბური ხანძარი ქალაქის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ ქალაქის საზოგადოების, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დიდი შრომის შემდეგ ებრაულმა უბანმა ახალი სიცოცხლე დაიწყო.

კომუნისტური რეჟიმი მრავალ დაბრკოლებას უქმნიდა სასულიერო პირებს. 30-იან წლებში ქუთაისის მწვანეყვავილას წმინდა მთავარანგელოზთა ტაძრის დეკანოზ ნაომ შავიანიძეს (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი) დიდი რაოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტაძარს დაკეტავდნენ. დამწუხრებულ დეკანოზს მშველელად ქუთაისის რაბინი იაკობ დავარაშვილი მოევლინა, რომელმაც, როცა მისი გაჭირვების შესახებ შეიტყო, თანხა გადასცა და უთხრა: - დღეს თქვენთან მოვიდნენ, ხვალ ჩემთან მოვლენ, ამიტომ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთო. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში, როდესაც ქუთაისის სინაგოგებიდან თორები გაიტანეს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში ებრაელ სასულიერო პირებთან დეკანოზი ნაომ შავიანიძეც იყო ჩართული.

„დათა თუთაშხიას“ პერსონაჟის, ებრაელი მურდუხაის პროტოტიპი ქუთაისელი დიდვაჭარი არონ rიჟiნაშვილი იყო, მისი სახლი ქუთაისში დღესაც დგას.

მე-19 საუკუნის ბოლოს საზღვარგარეთ სავაჭროდ გამგზავრებულ ქართველ ებრაელთა შორის ქუთაისიდან წასულ ვაჭართა რიცხვი 2-3-ჯერ აღემატებოდა საქართველოს ნებისმიერ ქალაქ-დასახლებიდან წასულ ებრაელ ვაჭართა რიცხვს. ამ კომერსანტთა რიგს მიეკუთვნებოდა არონ რიჟინაშვილიც, ის საქართველოს ქალაქების გარდა, ასევე თურქეთში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას.

ქუთაისის რაბინი მოშე დავარაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი იყო, ასევე, ეროვნულ კრებაში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას.

ჰოლოკოსტის დროს ქუთაისმა ათეულობით პოლონელი ებრაელის ოჯახი შეიფარა.

მანანა გაბრიჭიძე