“ვერ წარმოუდგენიათ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ვიოლინოზე თუ ვუკრავ” - გზაპრესი

“ვერ წარმოუდგენიათ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ვიოლინოზე თუ ვუკრავ”

21 წლის მევიოლინე იოანე ტუღუში მალე ფიტნესის მწვრთნელიც გახდება. ორივე პროფესიას ერთნაირი ინტერესითა და მონდომებით ეკიდება. რთულია დროის გადანაწილება - ვიოლინოზე დაკვრაც დიდ დროს მოითხოვს და ვარჯიშიც, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი სურვილია.…

- ვიოლინოზე დაკვრა პატარაობიდანვე მინდოდა მესწავლა, რადგან მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე - დედა მევიოლინეა, მამა ფლეიტისტი იყო, მოგვიანებით მან სასულიერო ცხოვრება არჩია, მთავარი დიაკვანი გახლდათ. ასე რომ, დაძალებით არავის შევუყვანივარ მუსიკალურ სასწავლებელში. ჩავირიცხე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, „ნიჭიერთა ათწლედში“. მონდომება და ინტერესი დიდი მქონდა, არასდროს მიფიქრია, რომ სხვა ინსტრუმენტზეც მესწავლა დაკვრა. ჯგუფში თავიდან ბევრნი ვიყავით, მაგრამ თანდათან შევცოტავდით. მიხარია, რომ ვიოლინომ გამიმართლა მოლოდინი და ამ საკრავის მიმართ ინტერესი დღემდე არ დამიკარგავს. ათწლედის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე კონსერვატორიაში, ალტიზე, მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ალტი საშემსრულებლო ტექნიკით იგივე ვიოლინოა, ოღონდ კვინტით დაბალი წყობა აქვს. მასიური საკრავია და პროფესორებმა ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო მითხრეს, ის ამერჩია. ჩაბარებისთანავე დავიწყე მუშაობა თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრში, თუმცა ამ ეტაპზე ვეღარ ვახერხებ იქ დაკვრას, რადგან შეჯიბრებისთვის ვემზადები სპორტში.

- სპორტიც და მუსიკაც ორივე მაქსიმალურ ძალისხმევასა და ვარჯიშს მოითხოვს, დროის გადანაწილება ალბათ გიჭირთ.

- ჩემი სფეროა ფიტნესი, კვირაში 5-6 დღე ვვარჯიშობ, დღეში მაქსიმუმ 1 საათი, მაგრამ აუცილებელია კვების, ასევე, ძილის რეჟიმის დაცვა და ამ ყველაფრის მორგება სამეცადინო გრაფიკთან, ლექციებთან რთულია, მაგრამ ვახერხებ.

- სპორტითაც პატარაობიდანვე დაკავდით?

- ბავშვობაში ძალიან არასპორტული ვიყავი. ცეკვაზე კი დავდიოდი, მაგრამ არც ფეხბურთზე მივლია, არც ჭიდაობაზე, არც სხვა რომელიმე სახეობაზე. თინეიჯერობისას ექსტრემალური სპორტით დავინტერესდი, დაუნჰილით. მასში მონაწილეობს ერთი ან რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ველოსიპედებით ეშვებიან ციცაბო მთის რელიეფზე ან სკეიტპარკებში სხვადასხვა ილეთს აკეთებენ. იმ პერიოდში ჩემმა მეგობრებმა ფიტნესდარბაზში ვარჯიშიც დაწყეს. 16 წლის ვიყავი, ძალიან გამხდარი და მაღალი, როგორც იტყვიან, ცარიელი ძვლები და ამიტომაც დავინტერესდი ძალისმიერი სპორტით. ამჯერად საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნულ ფედერაციაში გავდივარ სასერტიფიკატო ტრენინგებს და მალე პერსონალური ტრენერი გავხდები. სამოყვარულო კატეგორიაში გავდივარ. ბოდიბილდინგსა და ფიტნესში შედეგის მიღება რთულია, ფაქტობრივად, შენი ცხოვრება და სურვილები უნდა დაივიწყო - საჭიროა ყოველ სამ საათში ერთხელ კვება, დღეში რამდენიმე ლიტრი წყლის, ასევე, ვიტამინებისა და სხვა დანამატების მიღება, ამ ყველაფერს დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება. მაქსიმალურად ვცდილობ, რეჟიმი დავიცვა. დავდივარ კონტეინერებით და რეპეტიციებს შორის სულ რაღაცას ვჭამ, ოღონდ მხოლოდ მოხარშულს, მარილისა და ცხიმის გარეშე, ძირითადად, წიწიბურას, ბრინჯს, კარტოფილს. შემიძლია რამდენიმე თვე არ დავარღვიო დიეტა. გვერდით ვიღაც მწვადსა და შაურმას რომ ჭამდეს, მე შემიძლია წიწიბურა მივირთვა. ქართველებს ისეთი კერძები გვაქვს, იოლი არ არის, სუფრაზე რომ მოხვდები, ყველაფერზე უარი თქვა, მაგრამ ამასაც ვახერხებ.

- იოანე, ცოტა რამ ოჯახის შესახებაც მიამბეთ.

- ტუღუში ლაზური გვარია, მე წარმოშობით გურიიდან ვარ. ოზურგეთში არის ასეთი სოფელი, ძიმითი ჰქვია. გურულები განსაკუთრებული მუსიკალურობითა და სმენით რომ გამოვირჩევით, ეს ახალი ამბავი არ არის. ერთხანს, როდესაც კადრების ნაკლებობა ყოფილა ნიჭიერთა ათწლედში, ჩასაბერ საკრავებზე არ ჰყოლიათ მოსწავლები, რეგიონებში დაუწყიათ ბავშვების მოძიება. სმენას უმოწმებდნენ და საბოლოოდ შერჩეულების 80% თურმე სწორედ გურიიდან იყო.

მუსიკა ახლა უკვე ცხოვრების ნაწილია ჩემთვის. შეუძლებელია, დღე გავიდეს და ინსტრუმენტი არ ავიღო ხელში, სხვანაირად აღარ შემიძლია. მყავს ერთი და - მარიამი, პიანისტია. დაამთავრა კონსერვატორია, საზღვარგარეთ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდა და საკმაოდ წარმატებულადაც, კარგი მუსიკოსია.

- ინტერნეტში აქტიურად აქვეყნებთ მუსიკალურ ვიდეოებს, მხოლოდ “ფეისბუკზე” 27 000-მდე გამომწერი გყავთ. როგორც ჩანს, მსმენელს მოსწონს ვიოლინოზე თქვენ მიერ შესრულებული ნაწარმოებები.

- გამოხმაურება მართლაც ძალიან დადებითია, უარყოფითი კომენტარები თითქმის არ მხვდება. მწერენ, რომ ვანგრევ სტერეოტიპებს და ეს ძალიან მოსწონთ. რატომღაც მთელ მსოფლიოში ფიქრობენ, რომ მევიოლინე უდრის გამხდარ ადამიანს. მიაჩნიათ, რომ ვარჯიში დაკვრის ტექნიკაში შეუშლით ხელს, ამიტომ უკრძალaვენ პროფესორები ვიოლონისთან ერთად სხვა რამეზე სიარულს. ამ სტერეოტიპს შეძლებისდაგვარად ვანგრევ. ვერავის წარმოუდგენია, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ვიოლინოზე თუ ვუკრავ. ამას წინათ სიმების შესაცვლელად ვიყავი ოპერაში. თურმე დაცვის თანამშრომლის ვაკანსია ყოფილა და ეგონათ, სამსახურს ვეძებდი. ვუთხარი, ვიოლინოს ხელოსანთან ავდივარ, დაბარებული ვარ-მეთქი და გაუკვირდათ.

166399935-1173474999778735-6071492405303790230-n-1656924239.jpg

- ალბათ გოგონები უფრო აქტიურობენ?…

- გოგონებიც, მაგრამ მიხარია, რომ აუდიტორიის დიდი ნაწილი უცხოელია და თან, მუსიკოსი, მათ შორის ბევრი მევიოლინეა. საზღვარგარეთის კონსერვატორიის პროფესორებიც აკომენტარებენ ჩემს ვიდეოებზე, რაც სასიამოვნოა.

ცოტა რთული ხასიათი კი გვაქვს არტისტებს, უცნაურები ვართ, ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ სპორტსმენი გოგონები არ მომწონს, მით უფრო - ბოდიბილდერები.

- საუბრის დასასრულს სამომავლო გეგმების შესახებაც გკითხავთ...

- შემდეგი ზაფხულისთვის ვგეგმავ ტურნეს საქართველოში. მინდა, ცნობილი ჰიტები შევასრულო, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ბევრმა შეიძლება ვიოლინოს ცოცხლად ვერასდროს მოუსმინოს. პირველ რიგში, ეს ბავშვებისთვის იქნება სასარგებლო და კარგი. მგონია, მათაც მოეწონებათ. შარშან მე და ჩემმა დამ გურიაში, ჩვენს ეზოში გავმართეთ კონცერტი და ისეთი აღტაცებულები გვისმენდნენ, ვერ წარმოიდგენთ, წელსაც ვაპირებთ. შემდეგ წელს ვგეგმავ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობასაც. 10 ივლისს კი, 6 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება ჩემი სოლო კონცერტი, შესრულდება შუბერტის, ბახის, ასევე სხვა კომპოზიტორის ნაწარმოებები და ვფიქრობ, მსმენელი ძალიან ისიამოვნებს.

ნინო ჯავახიშვილი