“რეალურად ძალიან მშვიდი, მაგრამ როგორც მოფარიკავე, გიჟი და დაუოკებელი ვარ” - გზაპრესი

“რეალურად ძალიან მშვიდი, მაგრამ როგორც მოფარიკავე, გიჟი და დაუოკებელი ვარ”

ნინა თიბილაშვილმა მაისში ეტლით ფარიკაობაში ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ახლა კი გუნდის სხვა წევრებთან ერთად ვარშავაშია, სადაც 7-8 ივლისს ახალ ასპარეზობაში უნდა ჩაებას. როგორც ამბობს, ფარიკაობამ პატრიოტიზმის გრძნობა გაუმძაფრა და განსაკუთრებულად ახარებს ქართველი სპორტსმენების ახალ-ახალი წარმატებები.

- „ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით“ (ონორე გაბრიელ მირაბო).

- ჩემს მშობლებს არასდროს უცდიათ, შეეცვალათ და გადაესხვაფერებინათ ჩემი თვისებები და ხასიათი. ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს სურვილებს. თუ მშობელს განსხვავებული აზრი აქვს, შვილს მშვიდად უნდა აუხსნას, რატომ ფიქრობს ასე. უნდა აუხსნას, რომ მართალია, სხვადასხვანაირი შეხედულება აქვთ, მაგრამ ეს მისაღებიც არის და საინტერესოც. ბარძაყის ანომალია მაქვს დაბადებიდან. ჩემმა მშობლებმა რეალობა დამანახვეს და მეც ვხვდებოდი, რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ არასდროს გაუმახვილებიათ ამაზე ყურადღება და არასდროს გადაუწყვეტიათ რამე ჩემ მაგივრად. მაგალითად, სკოლის ექსკურსიების დროს, როდესაც ბევრი ფეხით სასიარულო იყო და შეიძლებოდა გამჭირვებოდა, ჩემ გარეშე არასდროს გადაუწყვეტიათ, წავიდოდი თუ არა. სიძნელეებს არ მარიდებდნენ, მაგრამ ყოველთვის ჩემ ზურგს უკან იდგნენ და მათ მხარდაჭერას ვგრძნობდი. მე ვწყვეტდი, რა და როგორ მინდოდა, რამაც დამოუკიდებლობა მასწავლა. მნიშვნელოვანია, თვითონ შეძლო და გაუმკლავდე დაბრკოლებებს.

- „რაც მეტი დაბრკოლებაა, მით უფრო მეტი დიდებაა მის დაძლევაში“ (მოლიერი).

- რაც უფრო მეტ სირთულეს გადალახავ, მეტად გაძლიერდები. მე რომ ეს გზა არ გამევლო, მსოფლიო ლიდერებს შორის არ მოვხვდებოდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ იქნები ბრძოლისა და ვარჯიშის ხასიათზე. ყველაფერმა იცის გადაღლა და მობეზრება. ამიტომაც ძალიან უნდა გიყვარდეს შენი საქმე. შეჯიბრების შემდეგ რამდენიმე დღე ვისვენებთ და მალევე მენატრება ვარჯიში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა ხნის წინ ვწუწუნებდი დაღლის გამო. სპორტის გარდა, ჩემი ოჯახი და ახლობლები, მეგობრები მაძლევენ ძალას დაბრკოლებების დაძლევაში.

- „სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა“ (გურამ დოჩანაშვილი).

- პატრიოტიზმის გრძნობა ბევრად გამიმძაფრდა, როდესაც ფარიკაობა დავიწყე და როდესაც პირველად დავინახე, რომ ჩვენი დროშა აღმართეს. მეამაყება და დღემდე, ჰიმნის დროს ვტირი ხოლმე. ჩემს თუ ჩემი გუნდის წევრების წარმატებას ერთნაირად განვიცდი და მიხარია. ვერ წარმომიდგენია, საქართველოს გარდა სხვაგან როგორ უნდა ვიცხოვრო. იმდენად ჩემია ეს ყველაფერი, სხვანაირად შეუძლებელია - ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე; სადაც ჩემი ადამიანები ცხოვრობენ; ქვეყანა, რომლის ტრადიციებსა და კულტურას კარგად იცნობ და ა.შ. შენშია ეს ყველაფერი, ღრმად დამალული. ყოველი ახალი წარმატების დროს უფრო კარგად ვხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ეს გამარჯვება მხოლოდ ჩვენი კი არა, ჩვენი ქვეყნისაც არის. ყველას გვაქვს ვალდებულება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.

- „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“ (მიგელ დე სერვანტეს საავედრა).

- შეყვარებული როდესაც ხარ, კარგისკენ იცვლები და გგონია, ყველაფერს შეძლებ საყვარელ ადამიანთან ერთად. მართლაც დიდი ძალა აქვს სიყვარულს და ალბათ ამიტომ, რაც უნდა ცუდად იყო, გეჩვენება, რომ ყველაფერი მშვენიერია.

51855809-2359701857386771-8773959960515051520-n-copy-1656924375.jpg

- „ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს“ (პასკალი).

- რაც სხვას ნაკლად ეჩვენება, შეიძლება შენთვის სულაც არ იყოს ნაკლი. თუ შენც გაიზიარებ სხვის აზრს, რომ ესა და ეს ნაკლი გაქვს, maSin ალბათ შეეცდები კიდეც გამოასწორო. მე მიყვარს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები, ვიღაცა ამას ნაკლად მიიჩნევს, მე კი მგონია, რომ ეს ნაკლი შეიძლება დადებითად აქციო. ხშირად მეუბნებიან, ასეთი “ფეთქებადი” რომ არ იყო, კარგი იქნებოდაო. ფარიკაობაში ასეთი ხასიათი ძალიან მშველის, ცხოვრებაში კი ბევრჯერ დამაზარალა.

- „რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას?!“ (თომას ელიოტი).

- ამ სამყაროში ყველა ერთმანეთს რომ ვეხმარებოდეთ, ბევრად იოლი იქნებოდა ყველაფერი. მე მყავს ადამიანები, ვინც მაძლიერებს და მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ახლა უკვე თვითონაც შემიძლია, სხვებს დავუდგე გვერდში და რთული პერიოდი შევუმსუბუქო.

- „თუ მარცხდები, შეეცადე, ისე დამარცხდე, რომ გამარჯვებულმა ღირსეულ მეტოქედ ჩაგთვალოს“ (ანზორ ერქომაიშვილი).

- ვეთანხმები. მაგალითად, როდესაც შეჯიბრებაზე მივდივართ, მწვრთნელი ყოველთვის გვიმეორებს, ჩემთვის მთავარი არ არის, წამოხვიდეთ მედლით, მთავარია, დამანახვოთ ხარისხი და სწორად გამოიყენოთ ის ყველაფერი, რაც გასწავლეთო. დავმარცხებულვართ კიდეც, მაგრამ მაინც ბედნიერები ვყოფილვართ, რადგან ფარიკაობის მაღალი ხარისხი გვიჩვენებია და მწვრთნელიც კმაყოფილი დარჩენილა. თავიდან ძალიან ვბრაზობდი, როდესაც ვმარცხდებოდი, მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი, სწორედ ამ დამარცხებების ფონზე ძალიან მალევე ვაჩვენე საუკეთესო შედეგი და საბოლოოდ კარგ მოფარიკავედ ჩამოვყალიბდი. წაგების დროს ალბათ იმაზე ვერ ვფიქრობთ, რომ მარცხიც კარგია, მაგრამ ისიც გვზრდის.

- „ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ვინც მძიმე წუთებში ერთხელ უკვე გიღალატა, გიღალატებს მეორედაც“ (დონალდ ტრამპი).

- ამბობენ, ადამიანები არ იცვლებიანო, მაგრამ მე ასე არa მგონია - იცვლება სიტუაციაც და იცვლებიან ადამიანებიც როგორც კარგიდან ცუდისკენ, ისე პირიქითაც. ალბათ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - კონკრეტულ შემთხვევაზე; იმაზეც, თუ რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ადამიანზე ცხოვრება. პატიება შემიძლია, რადგან საყვარელი ადამიანების დაკარგვა მტკივნეულია ჩემთვის. ამიტომაც მირჩევნია ვცადო ურთიერთობის მოგვარება. თუ ვინმე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მის გარეშე უარესად ვიქნები, ავუხსნი, რატომ და რა მეწყინა, კიდევ ერთ შანსს მივცემ. თუ კვლავ ისე მოიქცა, მაშინ - აღარ.

- „ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა“ (ოსკარ უაილდი).

- ალბათ ავტორს ჰქონდა მიზეზი, რაკი ასეთი დასკვნა გამოიტანა. მე მყავს ბიჭი მეგობრები, რომლებთანაც გულწრფელი დამოკიდებულება მაქვს და ვფიქრობ, ეს სულაც არ არის ხელისშემშლელი ჩვენი ურთიერთობისთვის.

- „ქალების უმრავლესობა ღამის პერანგს უფრო გონივრულად არჩევს, ვიდრე საკუთარ მამაკაცს“ (კოკო შანელი).

- არა მგონია, მამაკაცების არჩევა ასე გვიჭირდეს, უბრალოდ, როდესაც შეყვარებულია, ქალიც და კაციც სხვანაირად მიამიტები არიან. ყველაზე პრინციპული ადამიანებიც კი თმობენ რაღაცებს, როდესაც უყვართ. ასეთია სიყვარული, ყველას ცვლის.

42264913-1402451586553586-884444043826692096-n-1656924363.jpg

- „ყველა ნორმალურ ადამიანს თავისი პატარა სიგიჟე აქვს, სხვანაირად შეუძლებელია“ (ზიგმუნდ ფროიდი).

- მგონია, რომ ყველაზე მშვიდ ადამიანშიც კი იმალება სიგიჟე და თავზე ხელაღებულობა. უბრალოდ, რაღაცებს ბოლომდე არ ვამჟღავნებთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან მომწონს სწორედ ის ნინა, როგორიც ფარიკაობის დროს ვარ - რეალურად ძალიან მშვიდი, მაგრამ როგორც მოფარიკავე, გიჟი და დაუოკებელი გახლავართ.

- „მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, საზარელია დადგომა უგრძნობელობის კვალზედა“ (ვაჟა-ფშაველა).

- თითქოს მართლაც ყველაფერი გაუფასურდა. ჩვენს თაობას ბევრი შესაძლებლობა აქვს, ინტერნეტსა და სხვა ტექნოლოგიებს ვგულისხმობ, ერთმანეთთან კომუნიკაცია უკვე სოცქსელების საშუალებით გვაქვს, რამაც ბევრი რამ უარესობისკენ შეცვალა. ადრე უფრო გულწრფელები ვიყავით. კარგი იქნება, თუ ყველანი მივხვდებით, რომ ხშირად პატარ-პატარა რაღაცებიც კი ძალიან გვაბედნიერებს.

ნინო ჯავახიშვილი