“დედა ექიმი მყავდა და ამით ვალი მოვიხადე, მას უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი” - გზაპრესი

“დედა ექიმი მყავდა და ამით ვალი მოვიხადე, მას უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი”

გიორგი ბერიძე ჟურნალისტურ საქმიანობას 25 წელი ეწეოდა. ამჟამად, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. ასევე, ნიდერლანდების სამეფოში ქართველი ემიგრანტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია World of Diaspora-ს კონსულტანტია საქართველოში.

გიორგიმ ჯერ ტელერეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ - ჟურნალისტიკის, ფსიქოთერაპიის და ბოლოს – BDC აკადემია პიარის განხრით. მისთვის მედიცინა და ხელოვნება ძალიან ახლობელი სფეროებია და ორივეს გულით ემსახურება. არაერთ შესანიშნავ ადამიანს შეხვედრია ცხოვრების მანძილზე და ბევრ მათგანს გზამკვლევადაც თვლის.

„სამშაბათი რომ მეგონა, თურმე ხუთშაბათი ყოფილა“

- ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილება ცალ-ცალკე შენობაშია განთავსებული. ეს არის “ბარაკული” სისტემა. ასე დაიგეგმა საბჭოთა პერიოდში არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა იმ ქალაქში, სადაც ამ ტიპის კლინიკები აშენდა. მიზეზი ის იყო, რომ არ მომხდარიყო ერთი განყოფილების (სადაც ვთქვათ, წითელას მკურნალობდნენ) პაციენტის მიერ მეორე განყოფილების პაციენტის დაინფიცირება. მედიცინა განვითარდა და ახლა ამის საჭიროება აღარ არის. ჩემი სამუშაო კაბინეტი მე-8 კორპუსშია და პანდემიის პერიოდში, დილიდან რომ დავიწყებდი საქმეს კლინიკის შემოსასვლელიდან, ხანდახან შუაღამემდე ვერ ვაღწევდი ჩემს ოთახამდე, მით უმეტეს, კოვიდპანდემიის პიკური პერიოდის დროს, ყოველ ნახევარ საათში იყო საჭირო ტელევიზიების პირდაპირ ეთერში ჩართვის ორგანიზება. ყველაფრის მიუხედავად, დაღლას ვერ ვგრძნობდი. ერთ დღესაც დავფიქრდი, რა რიცხვია ან რა დღე?.. სამშაბათი რომ მეგონა, თურმე ხუთშაბათი ყოფილა. ასე ემართებოდათ იმ ექიმებსაც, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში რამდენიმე დღე გადაბმულად მორიგეობდნენ. ბევრი რთული პერიოდი გავიარეთ. ფაქტობრივად, ყველაზე „ცხელი“ 9 თვე სამსახურში გავატარე და ვიცხოვრე ექიმებთან ერთად.

ერთხელ, ისეთი სულელური შეკითხვა დამისვა ჟურნალისტმა, რომ ძალიან გავბრაზდი, მერე კი ვიცინე. 2020-ის მარტია, კოვიდინფიცირებული პაციენტები უკვე შემოდიან და დილის ხუთის ნახევარზე ჟურნალისტი მირეკავს: პაციენტმა დაწერა “ფეისბუკზე”, რომ კუჭი აეშალა; რა კომენტარს გააკეთებდით?.. ჯერ გავიაზრე, რას მეკითხებოდა, მერე ვეუბნები: “რომელი სააგენტოდან ხართ? ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის და იმდენად დაინტერესებული ხართ პაციენტის ფაღარათით, რომ გამთენიისას რეკავთ? ან ის პაციენტი ამას რატომ წერდა?..” ვუთხარი, თუ პაციენტს დახმარება სჭირდება, ჩვენი პროფესიონალი ექიმები ყველაფერს მოაგვარებენ-მეთქი...

კიდევ ერთი ფაქტი მახსენდება: მიმღებ განყოფილებაში გადავედი ინტერვიუს შესათანხმებლად და ჩვენი პერსონალის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, პროფესიონალი და შესანიშნავი პიროვნება, ბოლო ხმაზე კივის ტელეფონში: ვის ეუბნები ამას?! ჩვენ “კლიზმებს” იქით ვუკეთებთ, მოდი აქ, უნდა გნახოო!.. რა ხდება-მეთქი? ყურმილს ხელი დააფარა: ვიღაც რეჟისორი მირეკავს და მეუბნება, “კლიზმები” უნდა გაგიკეთოო... ტელეფონი გამოვართვი და თავაზიანად ვკითხე, რა პრობლემა ჰქონდა? აღმოჩნდა, რომ კლიპის გადაღება უნდოდა და დაბნეული იყო, - “კლიზმა” არ მიხსენებიაო... ეს მოხდა გადაღლილობის გამო, თავის პროფესიასთან რაც ახლოს იყო, ექთანს ის მოესმა: “კლიპები-კლიზმები”... ამაზე ბევრი ვიცინეთ. მეორე დღეს ის რეჟისორი მოვიდა გადამღებ ჯგუფთან ერთად და არაჩვეულებრივი სოციალური კლიპები გააკეთა ჩვენს თავდადებულ თანამშრომლებზე.

giorgi-lali-butbaia-izolda-kviciani-copy-1656924619.jpg

ჟურნალისტური ცხოვრებიდან

- პოლიტიკურ თემებს როცა ვაშუქებდი, ვერ მივაღწიე ინტერვიუს მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან. ყოველთვის ასე მპასუხობდა: ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ მაინტერესებსო. ეს იყო ერთადერთი ფაქტი, სხვა შემთხვევა არ მახსოვს, ვინმეს ჩემთვის უარი ეთქვას. შეიძლება ჟურნალისტისთვის მინუსია, მაგრამ ჩემს თავს ყოველთვის ვაყენებდი რესპონდენტის ადგილას. მით უმეტეს, მის პირად სივრცეში ზედმეტად არასოდეს შევიდოდი. შოუბიზნესის ერთ-ერთ წარმომადგენელზე პროდიუსერი მთხოვდა, იმაზე მეტი ინფორმაცია მომემზადებინა, ვიდრე დასაშვებად მიმაჩნდა. პირადი ცხოვრების ზედმეტად გაქექვა იმ პიროვნებას დააზარალებდა. მივწერე: ამ ნომრიდან გირეკავ და არ მიპასუხო-მეთქი... 25 წელი მეჭირა ან მიკროფონი, ან დიქტოფონი და “წითელი ხაზი” არასოდეს გადამიკვეთia.

სხვათა შორის, ჟურნალისტობა არ მინდოდა, დრამის ან კინოს რეჟისორობაზე ვფიქრობდი. სკოლა 1992 წელს დავამთავრე, დაქცეულ და პოლიტიზებულ ქვეყანაში ცუდი სიტუაცია იდგა. ჩავაბარე ტელესარეჟისოროზე. მაშინ ამდენი ტელევიზია და გადაცემა სად იყო?!. კი ვსწავლობდი, მაგრამ ტელევიზიაც აღარ მინდოდა, თუმცა სადიპლომო გადაცემისთვის მიკროფონის სათხოვნელად რომ მივედი ტელევიზიაში (იქ ჩემი ახლობელი მუშაობდა), დავრჩი და დავრჩი... ვისწავლე ხმის რეჟისორის პულტი, მონტაჟი, კამერა და ა.შ. მერე მიმიღეს შტატგარეშედ - რეჟისორის ასისტენტად. ნელ-ნელა დავიწყე სიუჟეტების მომზადება და შემხვდა დიდი წინააღმდეგობა. ამბობდნენ: რატომ აკეთებს რეჟისორი ჟურნალისტის საქმესო? აი, მაშინ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. პარალელურად ვმუშაობდი პირველ არხზე, მერე დავიმატე მეორე არხიც, სადაც საავტორო გადაცემა მქონდა - პორტრეტები საინტერესო პიროვნებებზე. დამაინტერესა ფსიქოლოგიამ, შევედი ილიას უნივერსიტეტში და გავხდი ფსიქოთერაპევტი. დედა ექიმი მყავდა და ამით ვალი მოვიხადე, მას უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი. 2004 წელს იმ ადამიანებს შორის აღმოვჩნდი, ვისთვისაც პირველ აპრილს „ფარდა ჩამოეშვა“. არ დავკარგულვარ და “პალიტრა მედიაში” გავაგრძელე აქტიური ჟურნალისტობა.

გზამკვლევი პიროვნებები

- ტელერეჟისურაზე სანამ ჩავაბარებდი, კინოსტუდიაში პრაქტიკის გასავლელად მივედი, რომ გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევები მიმეღო. ზაფხულის წვიმიან დღეს დიღმის კინოსტუდიიდან შინ, საბურთალოზე უნდა წამოვიდე და უცებ მესმის: მე წაგიყვან, ბიძიკოო... გივი ბერიკაშვილი იყო. ამ დიდი არტისტისგან ასე მომართვა იმდენად არაამქვეყნიურად მეჩვენა, რომ გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა. ასე თვალებდაჭყეტილმა ვიმგზავრე ბოლომდე... არ ვიცი, ბუნებრივად თუ შემთხვევით, ჩემი გზამკვლევები და დამრიგებლები ასაკით საკმაოდ უფროსი ადამიანები იყვნენ. პირველი ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, დავით ნაცვლიშვილის „ლეონარდო“ იყო, სადაც შევხვდი კოჰორტას, მათ შორის - უნიკალურ რეზო ესაძეს... კინოსტუდიაში ვხედავდი გოდერძი ჩოხელს, ზურაბ ქაფიანიძეს, თენგიზ არჩვაძეს, სოფიკო ჭიაურელს, კახი კავსაძეს, რეზო ჩხეიძეს... მათთან სიახლოვეს ვერ ვბედავდი, ისინი ხომ ხალხის მიერ აღიარებული ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ. ასეთი პიროვნებები შენი ცხოვრების მაგალითები ხდებიან. მათი საუბრები ხელოვნებაზე კარგად მახსოვს და სამაგალითოა ჩემთვის.

გამიმართლა, როცა ინფექციურ საავადმყოფოში მივედი და თენგიზ ცერცვაძეს შევხვდი. ხანდახან ვფიქრობ - ეს მოაზროვნე ადამიანი 23-ე საუკუნეში ცხოვრობს. მისი ნათქვამის სიღრმეს ზოგჯერ ვერ ვხვდები და ერთ კვირაში ვხედავ, რომ ინფორმაცია ზუსტია, მოვლენებს წინ უსწრებს. ის ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობს. მისთვის ჯილდო და აღიარება არაფერია, თუ სარგებელი არ მოაქვს საზოგადოებისთვის. ბატონი თენგიზი არის მკაცრი, მომთხოვნი, მაქსიმალისტი, ხოლო სამსახურს მიღმა - ყველა თანამშრომლის გვერდში მდგომი.

rustavi-copy-1656924657.jpg

„ყველა ფეხზე წამოდგა, მე დავჯექი...“

- ტელევიზიაში საშინაო პოლიტიკის რედაქციაში მუშაობისას, მავალებდნენ სიუჟეტების მომზადებას ეკონომიკასა და მრეწველობაზე. დავრეკე საავიაციო ქარხანაში, სადაც მიპასუხეს: ჩავიწერთ თქვენს ტელეფონს და როცა დაგვჭირდებით, დაგირეკავთო. ჩავთვალე, რომ ეს თავიდან მოშორების ამბავია... ერთ კვირაში რედაქტორმა მითხრა, - საავიაციო ქარხანაში ინტერვიუზე გიწვევენო. პირველი მასალა უმნიშვნელო თემაზე მომამზადებინეს. სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამას მოჰყვა მეორე, მესამე... აღმოჩნდა, რომ პირველი ჟურნალისტი ვიყავი ყოფილი 31-ე ქარხნის და შემდგომ „თბილავიამშენის“ ისტორიაში, რომელიც გადაღებაზე საწარმოში შევიდა. მეათე სიუჟეტი რომ გავაკეთე, რედაქტორი მეუბნება: ვერ გავუშვებთ, ზემოდან ასე გვითხრესო... შევარდნაძის პერიოდია. მთავარ რედაქტორთან ვიკამათე. რა მოხდა-მეთქი? - ვკითხე, მაგრამ არგუმენტირებული პასუხი ვერ მივიღე. ზაფხულია, დასვენება მინდა! ოთხშაბათი იყო. გამოვაცხადე - ტელევიზიაში ორშაბათამდე აღარ მოვალ-მეთქი. გზაში ვარ და საავიაციოდან მირეკავენ, - ხვალ, პანტიკო თორდიასთან (დირექტორი) გასაუბრებაზე მობრძანდითო. შავი ფიქრები მომეძალა, ალბათ მისაყვედურებს, სიუჟეტი რომ არ გავიდა ეთერში-მეთქი...

დროზე შევთანხმდით. დადგა ორშაბათი, ქარხანაში საშვი არ დამჭირდა... არადა, მოგეხსენებათ, საავიაციო ქარხანა გასაიდუმლოებული საწარმოა... არც თორდიას მისაღებში მალოდინეს, პირდაპირ შევედი თათბირზე. ნაცნობი სახეები დამხვდა. ქარხანაში დაახლოებით ოცამდე საწარმო იყო და თითქმის ყველა დირექტორთან მქონდა უკვე ინტერვიუ ჩაწერილი. შევედი თუ არა, პანტიკო თორდია ამბობს: იცნობდეთ, გიორგი ბერიძე დღეიდან ჩვენი პრესსამსახურის უფროსიაო. ყველა ფეხზე წამოდგა, მე დავჯექი... აღმოჩნდა, რომ იმ სიუჟეტებით გამომცადეს, როგორ დავიცავდი ინფორმაციის უსაფრთხოებას, რას გავხდიდი საჯაროს, რას - არა. საავიაციო ქარხანაში ნაყოფიერად ვიმუშავე წლების მანძილზე. ბატონი პანტიკო ჩემთვის არის იმის მაგალითი, თუ რა შეუძლია ცოდნას, განათლებას და იღბალს. მასთან დღემდე ვმეგობრობ.

„ანსამბლის ოჯახის წევრად ვითვლები“

- ისე დაემთხვა, რომ 2010 წელს ჰოლანდიაში ფესტივალზე გავემგზავრე ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად. ერთმანეთს უკვე აეროპორტში დავუახლოვდით. მათთან ურთიერთობა პერიოდულად მიწევდა, რადგან კულტურას ვაშუქებდი. როცა მათი პრესსამსახურის უფროსი სხვაგან გადავიდა სამუშაოდ, მე შემომთავაზეს მისვლა. ანსამბლის წევრები კარგად მიცნობდნენ, ჩემთან ბევრი მეგობრობდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ბოლოს და ბოლოს, „რუსთავი“ ლეგენდაა! პირველი შეხვედრა და გასაუბრება ანსამბლის დირექტორ ამირან თოიძესთან მქონდა, მერე უკვე სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანზორ ერქომაიშვილმა, სიტყვასიტყვით, ასე მითხრა: „ბიძიკო, შენი სიყვარული და პატივისცემა ჩემდამი არის მეორეხარისხოვანი, მთავარია გიყვარდეს ქართული სიმღერა-ცეკვა და ანსამბლი „რუსთავი“. აი, ეს იქნება ჭეშმარიტი სიყვარული და პატივისცემა ჩემ მიმართ“. ეს გახდა ერთგვარი ამოსავალი წერტილი ჩემთვის. თავს არ ვზოგავ, რომ ახალი თაობა დავაინტერესო ქართული სიმღერით, ცეკვით და ჩემი აგური დავდო ამ ანსამბლის საკეთილდღეოდ. ბატონი ანზორის გაკვალულ გზას დღეს გიორგი ნატროშვილი აგრძელებს, რომელიც სულსა და გულს დებს საქმეში.

ფრიდონ სულაბერიძე ცოცხალი ლეგენდაა. მან თავისი სათქმელი მსოფლიოს გარშემო ფეხის წვერებზე შემოვლით თქვა. ჩემთვის დიდი პატივია ურთიერთობა ადამიანთან, რომელმაც არაერთხელ გაუთქვა სახელი ქართულ ხელოვნებას. ბედნიერი ვარ, რომ ანსამბლ „რუსთავის“ ოჯახის წევრად ვითვლები. უამრავი შთამბეჭდავი გასტროლიდან გავიხსენებ სტრასბურგს, სადაც ანსამბლმა „ჩაკრულო“ იმღერა და ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა ევროსაბჭოს სასახლის წინ. ემოციური მომენტი იყო. პანდემიის პერიოდში ვიყავით საერთაშორისო ფესტივალზე მომღერლებთან ერთად. შვეიცარიის ქალაქ სიონში კონცერტი გრძელდებოდა საათი და ოცი წუთი, შვეიცარიელები ტაშს გვიკრავდნენ 45 წუთი...

ანსამბლის ბოლო გასტროლი წელს, 27 თებერვალს პოლონეთის იმ ქალაქებში დაიწყო, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება. რამდენიმე კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად გავმართეთ, უამრავი უკრაინელი დევნილი გვესწრებოდა. კონცერტების შემდეგ ისინი მოდიოდნენ და გვეფერებოდნენ, ფსიქოლოგები კი გვეუბნებოდნენ: მადლობა, ქართველებო, მადლობა „რუსთავს“ იმისთვის, რომ დევნილების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თქვენი ორსაათიანი პროგრამით მოაგვარეთო. კონცერტებზე ისმოდა უკრაინის ჰიმნი, „ხორუმს“ უკრაინის, საქართველოსა და პოლონეთის დროშებით ვცეკვავდით.

284225853-728842134909531-7611566074767200834-n-1656924675.jpg

„ჩემი არაჩვეულებრივი ემიგრანტები“

- ჰოლანდიაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტებზე ქალაქიდან ქალაქში კი არა, ქვეყნიდან ქვეყანაში ჩამოდიან ხოლმე. ასეთები არიან ჩემი არაჩვეულებრივი ემიგრანტები - ლალი ბუთბაია, იზოლდა კვიციანი, ნინო უბილავა. მათ ჩამოაყალიბეს ფონდი World of Diaspora, მე კონსულტანტი ვარ. აქ ვუწევ ორგანიზებას, კონცერტი იქნება, ფესტივალი თუ აფხაზეთის დღეები. ისინი ჰოლანდიაში უამრავ საინტერესო პროგრამას ახორციელებენ, მუდმივად ქართული რიტმით ცხოვრობენ. ჩვენს ღონისძიებებზე საქართველოდან მთავრობის წევრებიც კი ჩამოდიოდნენ. ჭორლდ ოფ დიასპორა არის ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ევროპასა და მსოფლიოს აცნობს საქართველოს და ახსენებს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს.

არაერთი შეხვედრა გაიმართა ჰააგის ქართულ რესტორან „სოხუმში“, სადაც ქართველები და აფხაზები შერიგებულან და ერთად შეუსვამთ ერთიანი საქართველოს სადღეგრძელო, რისი მომსწრეც თავად ვყოფილვარ. აფხაზეთიდან დევნილი აფხაზებიც ბევრნი არიან ჰოლანდიაში. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ერთია, რა ბოროტებას სჩადის რუსეთი და მეორეა ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსების ურთიერთობის საკითხი. ჩვენ ერთმანეთის გულებამდე უნდა მივიდეთ, ერთმანეთის ნდობა დავიბრუნოთ. მინდა მოვიკითხო და წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ემიგრანტს, ვისაც ვიცნობ. მათთან არაერთი საინტერესო მოგონება მაკავშირებს.

ნანული ზოტიკიშვილი