კარგია თუ არა ნერვიულობა და ღელვა გამოცდების წინ - გზაპრესი

კარგია თუ არა ნერვიულობა და ღელვა გამოცდების წინ

ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობელსა და შვილს შორის სწორი კომუნიკაცია, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში - ამ პერიოდში ხომ ბიოლოგიურ ცვლილებებთან შეგუებაც უწევთ და ფსიქოლოგიურთანაც. რატომ არის გარდატეხის პერიოდში აუცილებელი თანადგომა, რატომ არ უნდა ჩავერიოთ შვილების პროფესიულ არჩევანში და როგორ უნდა შეძლონ აბიტურიენტებმა საგამოცდო სტრესთან გამკლავება? - ამის შესახებ ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი თამარ კახნიაშვილი გვესაუბრება.

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოზარდისთვის, რაც მშობლისთვისაც ადვილად შესამჩნევი ხდება, ეს არის არასტაბილურობა და ორგანიზებულობის ნაკლებობა. იცვლება დამოკიდებულება საკუთარი თავის, ასევე სოციალური ვალდებულებების მიმართ და ერთ დროს მოწესრიგებული და კარგი მოსწავლე შეიძლება შეიცვალოს. ამის გამომწვევი მიზეზებია როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური ცვლილებები. მოზარდს უჭირს ამ ცვლილებების ერთბაშად მიღება და „დალაგება“. მისთვის მოულოდნელი რამეები ხდება, თუნდაც გარეგნული ცვლილება: არ მოსწონთ თავიანთი ფორმები; ხშირად ეკითხებიან დედებს, ლამაზები არიან თუ არა? თვითონ არ არიან ამაში დარწმუნებულები და სარკეში რომ იხედებიან, ამდენი ცვლილების აღქმა და მიღება პირველ ეტაპზე ეძნელებათ. ამიტომაც სჭირდებათ დადებითი განმტკიცება ვინმესგან. ზოგიერთი უფრო მფრთხალი და მორიდებული ხდება. ეცვლებათ აზროვნების სტილიც - თითქოს ისე აზროვნებენ, როგორც დიდები, მაგრამ ყველა, როგორც პატარებს, ისე აღიქვამს მათ. ამის გამო აქვთ პროტესტი, სურთ თვითდამკვიდრება შეძლონ და ისინი მიიღონ როგორც ზრდასრულები.

- რა ასაკიდან იწყება გარდატეხის პერიოდი და როდემდე გრძელდება?

- ეს არის დაახლოებით 11-12 წლიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ხდება ბავშვის მომწიფება განვითარების მეორე ეტაპზე. გარდატეხის პერიოდის დასასრულად შეიძლება ჩავთვალოთ 17-18 წელი, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. 20 წლის თინეიჯერებიც გვხვდებიან, ზოგს გვიანობამდე უგრძელდება ეს პერიოდი და ყველა ის გამოვლინება, რაზეც ვსაუბრობთ. მენტალური ჩამოყალიბების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 24 წლამდეც... ამ ასაკში უჭირთ დამკვიდრება საზოგადოებაში, რაიმე მიმართულებით თავის წარმოჩენა, პროფესიის არჩევა. ხშირ შემთხვევაში არჩევანი თავსმოხვეულია გარედან, იძულებითია. მეზობელმა ან მეგობარმა ჩააბარა ამ ფაკულტეტზე და შენ რატომ უნდა ჩამორჩე სხვას? - ამ მიდგომით მშობელი უბიძგებს პრესტიჟული პროფესიის არჩევისკენ, რადგან სურს, მისი შვილი უზრუნველყოფილი იყოს და კარგი შემოსავალი ჰქონდეს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ძირითადი განმაპირობებელი. როდესაც ახალგაზრდა ასეთ გაურკვევლობაშია, უნდა მისცე უფლება, გამოტოვოს ერთი წელი და ამ დროის განმავლობაში მიიღოს მეტი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ, იქნებ ამ ძიების პროცესში უფრო ჩამოყალიბდეს. ბოლოს და ბოლოს, შეუძლიათ გადავიდნენ სხვა ფაკულტეტზე, თუ პირველ-მეორე კურსზე მიხვდებიან, რომ ეს მათი საქმე არ არის. მყავს პაციენტები, 21-22 წლისები, რომლებიც დაბალი თვითშეფასებისა და იმის გამო, რომ ვერ გაურკვევიათ, რა პროფესია აირჩიონ, კონფლიქტში არიან ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, მშობლები ცდილობენ, თვითდამკვიდრების პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობით დაეხმარონ შვილებს. ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. თმენის გარდა, სხვა ტაქტიკა მათთან ურთიერთობისას არ ამართლებს. მან შეიძლება არასწორად გადახარშოს ნებისმიერი სახის ზეწოლა უფროსების მხრიდან, ჩათვალოს, რომ თვითონ არის დამნაშავე და არასწორი გამოსავალი იპოვოს. ასეთ დროს მკვეთრად იცვლება მოზარდის დამოკიდებულება, რადიკალურად სხვანაირი ხდება - მაგალითად, იყო კეთილი, მშვიდი და დამთმობი და უცებ გახდა აგრესიული, ბრაზიანი ან იყო ჩაკეტილი და გახდა ზედმეტად გულღია. ასეთი მკვეთრი ცვლილებების დროს მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან მიზეზების გარკვევა. სხვანაირი დაკვირვება გვმართებს, რათა მოზარდობის ასაკში გამოვრიცხოთ მავნე რაღაცებზე დამოკიდებულება. ყველაზე კარგია, მშობლებს ყოველდღიური საუბარი გვქონდეს მოზარდებთან, რაც უნდა დაკავებულები ვიყოთ.

- ესე იგი, არ უნდა ჩავერიოთ მათ პროფესიულ არჩევანში?

- ვფიქრობ, ნაწილობრივ უნდა ჩაერიოს მშობელი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძალდატანებითი. რაც მე არ გამომივიდა, ჩემს შვილზე ვისრულებ - ეს არასწორი და ყველაზე ცუდი მიდგომაა. რატომ უნდა მიაყენო ტრავმა შვილს ბავშვობაში შენი აუსრულებელი სურვილების გამო? ის არის განსხვავებული ინდივიდი თავისი სწრაფვებითა და სურვილებით.

273024582-356442319631684-1765172119765330397-n-copy-1656924818.jpg

- 4 ივლისიდან იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. როგორ უნდა გაუმკლავდნენ აბიტურიენტები საგამოცდო სტრესს?

- გამოცდაზე რომ არ ინერვიულო, საერთოდ ვერაფერს დაწერ. ჩატარებულია ექსპერიმენტები, როგორი შედეგი აქვთ მათ, ვინც ნერვიულობს გამოცდაზე გასვლის წინ და მათ, ვინც არ ნერვიულობს. ვისაც აქვს შფოთვა და მღელვარება, უკეთესადაა მობილიზებული და კარგად ახსენდება ნასწავლი, ვიდრე მათ, რომლებიც საერთოდ არ განიცდიან. რაღაც დოზით ნერვიულობა კარგიც კია, აუცილებელი შემადგენელი ნაწილია გამოცდის კარგად ჩაბარების, მაგრამ როდესაც სტრესი ძლიერია, ვერაფერს წერენ, ამ დროს რთულია მობილიზაცია და რამის გახსენება. ვისაც ნამეცადინები და ნაშრომი აქვს, შედეგს აუცილებლად მიიღებს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ გამოცდის წინ ზედმეტად ღელავს თქვენი შვილი, შეიძლება სარელაქსაციო სავარჯიშოების კეთება, მშვიდი მუსიკის მოსმენა, მცენარეული მედიკამენტების მიღება.

- კომუნიკაციის პრობლემაზე რას იტყვით. საინტერესოა, ფსიქოლოგთან თუ იხსნებიან?

- ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგი ოჯახის წევრებს ზედმეტად აწუხებს თავისი მდგომარეობის გამო, ზოგი კი უფრო გულჩათხრობილი და ნაკლებად კომუნიკაბელური ხდება. ასეთი ტიპაჟები უფრო ყურადღებამისაქცევია, აუცილებლად უნდა მიმართონ ფსიქოლოგს. ჩემთან თუ თავისი გადაწყვეტილებით მოდიან, ძალიან გახსნილები არიან და გიყვებიან ყველაფერს, თუ მშობლის გადაწყვეტილებით მოდიან, გარკვეული ეტაპი სჭირდებათ. ფსიქოლოგსა და მოზარდს შორის ნდობა უნდა გაჩნდეს, ეს უმთავრესია. მუშაობის პროცესი მიდის თვითშეფასების ამაღლებისკენ და მიზნების დასახვისკენ - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, არსებობდეს მიზანი, რომლისკენაც აქტიურად ივლის. მიზანი თუ სწორად იქნა დასახული, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

- ხშირად ვამბობთ ფრაზას, „გარდატეხის პერიოდი ხომ ჩვენც გამოვიარეთ, მაგრამ ასეთები არ ვიყავით“. მაინც რითი განსხვავდება ახლანდელი თაობა, როგორ დაახასიათებდით?

- ახალმა თაობამ იცის თავისი უფლებების შესახებ, უფრო აგრესიულად მომთხოვნები არიან მშობლების თუ პედაგოგების მიმართ. მეტი ინფორმაცია აქვთ და შეიძლება ითქვას, არასაჭიროც, რომლის მიღება-გადამუშავებაც მათთვის ძალიან რთულია. ეს ზედმეტ გაღიზიანებას და არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ მშობელს ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მოზარდთან, ის მაქსიმალურად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და სიყვარულს. უნდა გრძნობდეს, რომ პატივს სცემენ მის პიროვნებას, უფლებებს, რომ თავში წამორტყმით აღარ გააჩუმებენ. დიდი მნიშვნელობა აქვს, მშვიდ გარემოში გააანალიზონ და მიუთითონ შეცდომებზეც. რამის აკრძალვას ყოველთვის ცუდი შედეგი მოჰყვება.

ნინო ჯავახიშვილი