“პოლიტიკოსების სიყვარული და გაკერპება ერთგვარი ავადმყოფობაა” - გზაპრესი

“პოლიტიკოსების სიყვარული და გაკერპება ერთგვარი ავადმყოფობაა”

დავით შანიძე, ანსამბლების „გეორგიკასა“ და „ეგარის“ დამფუძნებელი თვლის, რომ რაც დღეს გვჭირს, ამ ყველაფრის მიზეზი გაუნათლებლობაა. მისი აზრით, მუდმივად სხვის იმედად ყოფნა გვავიწყებს, რა არის ჩვენი საკეთებელი და რა გვევალება.

- „სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან“ (ნოდარ დუმბაძე).

- უკვე ბევრი წელია, რაც მიდის მიზანმიმართული მუშაობა, რათა პატრიოტიზმის ცნება უმნიშვნელო გახდეს. რა წამსაც მოვიპოვეთ თავისუფლება, იქიდანვე დაიწყო ეს პროცესი და, ჩვენდა სავალალოდ, დღემდე გრძელდება. სამშობლო ჩემთვის შრომასა და თავდადებას, გულწრფელობასა და პატიოსნებას, საქმის კეთილსინდისიერად კეთებას ნიშნავს. რაც მთავარია, საკუთარი ადგილი უნდა იპოვო შენს ქვეყანაში და რაკი ვერ პოულობენ, იმიტომაც გარბიან სხვაგან. ალბათ ესეც გათვლილია და ამაზეც მუშაობენ, რომ საქართველო ბევრმა დატოვოს, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავინძრეთ, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ? თუ უცხოეთში შეიძლება ფიზიკურად იშრომო, აქ რატომ არის შეუძლებელი? ბევრ რამეს საკუთარი ხელით ვაკეთებ მარანში - ვალაგებ, ვრეცხავ, ვწმენდ... შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა გაუჭირდა ამის ფასი, თვითონ რატომ აკეთებსო, მაგრამ გაჭირვება არაფერ შუაშია, არ უნდა ითაკილო საქმის კეთება. ყველაზე ადრე აქედან წასვლის შანსი ალბათ, მე მქონდა, 1990 წელს შევქმენი ანსამბლი „გეორგიკა“ და საზღვარგარეთიდან ბევრი შემოთავაზებაც მივიღე, მაგრამ არასდროს მიფიქრია უცხოეთში მუდმივად ცხოვრებაზე, ვერ გადავწყვიტე აქედან წასვლა.

- „ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა…ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება - ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება (დიმიტრი უზნაძე).

- არიან ადამიანები, ვინც დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ - ცოტანი. ამიტომაც არის, რომ არაერთმა განსაცდელმა ერთეულების მხრებზე გადაიარა, მშრომელი და მიზანდასახული ადამიანების მხრებზე. ასეთების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა. ისეთ ადამიანებს ვგულისხმობ, როგორიც იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი... სომხეთში ღვინის მუზეუმი გაიხსნა. ტურისტებს უმტკიცებენ, აქედან დაიწყო მეღვინეობის ტრადიციებიო. მათ მიზნად დაისახეს, მთელ მსოფლიოს გააგებინონ, თითქოს სომხეთია ღვინის სამშობლო და მიაღწევენ კიდეც, ასეთი შედეგი მოაქვს მიზანსწრაფულობას. კიდევ კარგი, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. ჯერ კიდევ როდის წერდა ილია, „ევროპულს ყალბს ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთო“.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ახლაც გვჭირდება, რადგან ყველაფრის სათავე და მიზეზი გაუნათლებლობაში უნდა ვეძებოთ. ბევრი კარგი რამ კეთდება დღეს. მე არ მივეკუთვნები მათ რიცხვს, ვინც მხოლოდ ნეგატიურს ამჩნევს და მოსწონს საქართველოსა და ქართველების ქილიკი, არა! ჩვენნაირი ერი ცოტა თუ მოიძებნება დედამიწის ზურგზე. ეს გაუნათლებლობა და მიზანდაუსახაობა გამომდინარეობს იქიდან, რომ რაღაც ბოლომდე არ იცი. დღემდე სულ ვიღაცის იმედი გვაქვს, სხვამ უნდა გაგვიკეთოს ყველაფერი - ან ბიძინამ უნდა გადმოგვაყაროს თავზე ფული, ან მიშამ. შენ რაღა უნდა აკეთო, შენს გასაკეთებელს ვინ გააკეთებს? ცოტა არ იყოს, მეოცნებეებიც ვართ, ამპარტავნება, სიამაყე და თავმოყვარეობა ერთმანეთში გვაქვს არეული. თავმოყვარეობა არ გელახება, როდესაც ნიჩბის ხმარების მეტი არაფერი გისწავლია, მაგრამ კარგად იცი შენი საქმე. თავმოყვარეობა ილახება მაშინ, როდესაც რაც არ იცი, იმას ეპოტინები. სიზარმაცე ოცნებიდან მოდის და გვავიწყდება, რომ ყოველდღე ქვას ქვაზე თუ დავდებთ, რაღაცას ავაშენებთ.

- „მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს“ (ვიქტორ ჰიუგო).

- მუსიკა არის ტრფიალება ყველა დიდი შემოქმედისა. ის ძლიერი სამოქმედო იარაღია, კარგი თუ ცუდი გაგებით, უდიდესი ძალა აქვს. ბევრჯერ მელოდია ისე აგეკვიატება და ისე ღიღინებ, სიტყვების მნიშვნელობაც არ იცი. მუსიკა თითქმის ყველა შემოქმედებით მიმართულებას მოიცავს თავის თავში და ამიტომაც არის ზებუნებრივი.

- „თუ მასწავლებელი სანთელივით არ იწვის, მოსწავლეს გზას ვერ გაუნათებს“ (ანზორ ერქომაიშვილი).

- ამ სფეროში გამოცდილება სწორედ მისი გადაწყვეტილებით მივიღე, როდესაც „მართვეს“ მოსამზადებელი ჯგუფის პედაგოგი გავხდი. ანზორ ერქომაიშვილი თვითონ იყო ასეთი პედაგოგი/სანთელი. თვითონ რომ არ განეცადა, სხვა შემთხვევაში ამას არც იტყოდა. თუ გინდა, სახელმწიფო ფეხზე დააყენო, საუკეთესო პედაგოგები უნდა გყავდეს, - ამას ხშირად აღნიშნავენ. მასწავლებელი მართლაც, რომ გზას უნათებს ბავშვებს. ბევრი ღირსეული პედაგოგი გვყოლია და ახლაც გვყავს, თუმცა ამ თაობას ისე ასწავლიან საქართველოს ისტორიას თუ პატრიოტიზმს, აღარ ვიცი, სად და როდის გაანათებს ეს სანთელი.

- „ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად. ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ“ (კონსტანტინე გამსახურდია).

- ძლიერს მეტი პასუხისმგელობა აქვს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვის მორევას და ჯობნას ძალით, გონებით თუ ნიჭით. რთულია იყო ძლიერი და შეინარჩუნო თავმდაბლობაც. ზოგჯერ თრითინებს, თაგვებსა და ციყვებსაც უნდათ იყვნენ ძლიერები, მაგრამ ლომები და ვეფხვები მაინც ვერ ხდებიან.

- „თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ“ (ჩერჩილი).

- ღმერთზე მეტად რომ ვინმე შეგიყვარდება, უნდა დაფიქრდე, რა გჭირს. ამა თუ იმ ადამიანებისგან თვითონ ვქმნით კერპს მის საამებლად. ამ შემთხვევაში იმასაც ვღუპავთ და საკუთარ თავსაც. პოლიტიკოსების სიყვარული და გაკერპება ერთგვარი ავადმყოფობაა, სწორედ ამ დროს უნდა დაიწყო ექიმთან ან მოძღვართან სიარული და ამოშანთო ეს ავადმყოფობა.

10644342-835955079848698-5490200830126999141-o-copy-1657525031.jpg

- „მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ“ (ნიცშე).

- მხოლოდ ამაში კი არა, ნიცშეს სხვა ბევრ რამეშიც ვეთანხმები. წმინდანიც რომ იყო, არასასურველ წრეში თუ მოხვდები, აუცილებლად დაიზიანებ თავს. მეგობრებს შორის მთავარი გულწრფელობა, სიმდაბლე და უღალატობაა. ღალატის შემთხვევებიც მომხდარა, მაგრამ ამის გამო ხატზე არავინ გადამიცია. მეგობრობაში არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ვიღაცას რამე არ შეეშლება. უნდა დაელაპარაკო, გაარკვიო, რატომ და რა მოხდა. გახსნილი უნდა იყო და ყოველთვის თქვა სათქმელი, შენს პრინციპებს არ უნდა უღალატო.

- „ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია – მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს ჰპატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება – ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია“ (მარკუს ავრელიუსი).

- ყველა ადამიანი მოღალატეა, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად. საბოლოო ჯამში ღმერთს ხომ ყველა ვღალატობთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებსაც უღალატო ყოველ წამს. ნარკოტიკს რომ მოიხმარ, ესეც ღალატია; კაზინოში რომ თამაშობ, ესეც; კაცი რომ შენს იმედზეა, ელოდება შენს დახმარებას და არ მიხვალ - ესეც, მაგრამ დასაკარგად მაინც არ გემეტება ადამიანი. მპატიებელი კაცი ღმერთს ემსგავსებაო, იტყვიან ხოლმე, თუმცა იოლი არ არის, თავს აჯობო და აპატიო. სხვას რომ ღალატობ, პირველ რიგში, ხომ საკუთარ თავსაც ღალატობ, ამის გაანალიზება კიდევ უფრო მწარეა.

- „ყვავილი სურნელით გიზიდავს, ქალი - ხასიათით“ (ანზორ ერქომაიშვილი).

- ხატოვანი ნათქვამია, თუმცა სანამ სურნელამდე მიხვალ, ხასიათი გიზიდავს. ეს იქნება შინაგანი თუ გარეგნობის ხასიათი, ხასიათი ხომ ქალის გარეგნობაშიც იკითხება - მიხრა-მოხრაში, ქცევაში. შეიძლება გარეგნულად ძალიან მოგეწონოს, მაგრამ რაღაც ისეთი აღმოაჩინო, მთლიანად ჩამოანგრიოს შენი წარმოდგენები და სულ სხვანაირი აღმოჩნდეს ის ქალი.

- „კაცები მოწყენილობის გამო ქორწინდებიან, ქალებს ინტერესი აწუხებთ, ბოლოს კი ორივე იმედგაცრუებული რჩება“ (ოსკარ უაილდი).

- ადამიანის შექმნის ბიბლიურ ამბავს თუ გავიხსენებთ, ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმოთ ამ სიტყვების ავტორს. შესაძლებელია, აქედანაც იყოს ნასაზრდოები ოსკარ უაილდის ეს ვარაუდი, მაგრამ დასასრულს არ ვეთანხმები. სწორედ ქორწინების შედეგია შვილები და როგორ შეიძლება დარჩე იმედგაცრუებული? რაც მთავარია, წარმოიდგინეთ, რამდენი მსგავსება ყოფილა ღმერთთან - თუ ჰპატიობ, ღმერთის მსგავსი ხდები, თუ ქმნი, მაშინაც ღმერთის მსგავსი ხარ. ღმერთის შვილები ვართ და მთავარია, ეს კარგად გავიაზროთ.…

ნინო ჯავახიშვილი