პატარა სამოთხე - გზაპრესი

პატარა სამოთხე

ოთხასი ძირი სხვადასხვა ჯიშისა და ფორმის ნაძვი, ეზოსა თუ ქოთნის ასეულობით ყვავილი, ფანჩატურები და მოსასვენებელი სავარძლები - ეს ყველაფერი გურჯაანის ერთი ჩვეულებრივი სახლის ეზოშია თავმოყრილი. პროფესიით ბიოლოგმა იზა გაბიტაშვილმა შეძლო და საკუთარი კარ-მიდამო წალკოტს დაამსგავსა. საუცხოო ხეებსა და ყვავილებს შორის ულამაზეს დეკორაციებსაც შეხვდებით - მინიშადრევნები და აუზები, ორიგინალური ფორმის ქოთნები, სანათები და ნაგვის ურნებიც კი... ზოგიერთი მათგანი საკუთარი ხელით აქვს შექმნილი, ზოგი ნაჩუქარია, ზოგიც - ნაყიდი. უფრო ვრცლად ეზოში მოწყობილი წალკოტის შესახებ დიასახლისი თავად გვიამბობს.

- ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა. მთელი ცხოვრება ლამაზი ბაღის გაშენებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა, რადგან კორპუსში ვცხოვრობდით. 14 წლის წინ ჩემმა შვილმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, ეს სახლი მიყიდა. როგორც კი ეზო ვნახე, მაშინვე დავისახე მიზნად ბაღის გაშენება.

- კახეთის მცხუნვარე მზე მცენარეებისთვის სახარბიელო არ უნდა იყოს. როგორ ახერხებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას?

- კი, კახეთის მზე ნამდვილად მცხუნვარეა, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში. ამიტომ დილით ადრე ვიღვიძებ, მზეს ვასწრებ ამოსვლას და მორწყვას ვიწყებ. მარადმწვანეები უკვე დიდი ნერგებია და მორწყვა აღარ სჭირდებათ. მოყვავილეებს უფრო ველოლიავები, ხელს ვუწყობ, რომ მზეში არ მოიწყინონ. მთელი ზაფხული დილიდან საღამომდე ამ ბაღში ვტრიალებ, დასასვენებლადაც კი ვერსად მივდივარ.

20220626-142552-copy-1657527092.jpg

- ნიადაგს რითი ანოყიერებთ?

- ძირითადად დამწვარი ნაკელითა და ნაცრით. ვარდებს ძალიან უყვართ ნაკელი და ნაცარი, მაგრამ წამლობაც სჭირდებათ, ისევე, როგორც ზოგიერთ ნაძვს.

- პალმა და მარადმწვანე მცენარეები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ბაღი დასავლეთშია.

- “ფეისბუკში” ასეთი ჯგუფია - „ყვავილნარი“. იქ ხშირად ვდებ ჩემი ბაღის ფოტოებს. ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება და ადგილმდებარეობას მეკითხება. რატომღაც ყველას უკვირს, როდესაც გაიგებენ, რომ ეს ბაღი კახეთშია. უფრო მეტიც, ზოგს ისიც კი არ სჯერა, ეს სილამაზე საქართველოში რომ არის. მარადმწვანე ხეების ნერგები სანერგეებში შევიძინე, დანარჩენი ჩემი დაუღალავი შრომის შედეგია. თუ დამიჯერებთ, ყველა ხე, ყველა ყვავილი მიყვარს. ადრე ბალბებს არ ვაფასებდი, მაგრამ ამათაც შემაყვარეს თავი და ახლა დიდ პატივში მყავს. ინათებს თუ არა, გამოვაკითხავ ჩემს გოგონებს, ზოგს მორწყვა სჭირდება, ზოგს ამჩვილება, ზოგსაც გასხვლა, თან ვუვლი, თან ვეფერები, ველაპარაკები, დარდსა და სიხარულს ვუზიარებ. როდესაც ვინმე გამაბრაზებს ან რაიმეზე გავღიზიანდები, მაშინვე მათთან გამოვრბივარ და შევჩივი. დამიჯერეთ, ამაზე კარგი თერაპია არ არსებობს. სხვათა შორის, კონკურსებშიც ვმონაწილეობ და ამათი წყალობით ჯილდოებსაც ვიღებ. 2019 წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ეზოს გამოსავალენად კონკურსი გაიმართა და პირველი ადგილი მერგო. შვედეთის ელჩმა სიგელითა და პატარა საჩუქრით დამაჯილდოვა.

- მეზობლებში, ნაცნობ-მეგობრებში თუ გამოგიჩნდნენ მიმდევრები?

- თავიდან შეეცადნენ, მაგრამ მერე თავი დაანებეს. ეს ამბავი მხოლოდ შრომასა და ყვავილების სიყვარულთან კი არა, ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. მე უცხოეთში მყოფი ჩემი შვილი ამომიდგა მხარში. საჭმლის ფულს რომ მიგზავნიდა, მცენარეებს ვყიდულობდი. მარადმწვანე ხეები ძალიან ძვირია.

- დეკორაციების შექმნისას ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით ისარგებლეთ თუ ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია?

- როდესაც ამ ბაღის გაშენება დავიწყე, მაშინ ინტერნეტიც კი არ მქონდა, ყველაფერი ჩემი ფანტაზიითა და გემოვნებით გავაკეთე. ახლა „ყვავილნარი“ ბევრ რამეში მეხმარება, სხვა საიტებიდანაც ვიღებ საჭირო ინფორმაციას.

20220626-142659-copy-1657527107.jpg

- ქვის კალათებიც თავად გააკეთეთ?

- კი, ქვა ჩემი ხელით ამოვიტანე ხევიდან, მერე რკინის კარკასი გავაკეთე და წებოცემენტითა და ქვებით გავაკეთე ეს კალათები.

- პატარა ვირუკას ისტორია როგორია?

- ამაგიანი ვირუკა თბილისიდან წამოვიყვანე, წელიწადში რამდენ ყვავილს იცვლის, აღარც კი ვიცი. მართალია, ვირუკა ჩემი ხელით შექმნილი არაა, მაგრამ სამჯერ თუ ოთხჯერ ნამდვილად თავად შევარემონტე? ხან ურმის თვალი უფუჭდება, ხან საპალნე, ხან ხიდები და ა.შ.

- როგორც გავიგე, თქვენს ბაღს შორს აქვს სახელი განთქმული. შემოსავლის წყაროდაც ხომ არ აქციეთ?

- ეზოს სანახავად თითქმის ყოველდღე მოდიან. ბევრმა მთხოვა, იქნებ გასაყიდი ნერგი გქონდეთო. მეც ჭკუაში დამიჯდა და დავიწყე ნერგების გამოყვანა. 14 წელია, ნერგებს ვყიდულობ, იქნებ დრო დადგა, ახლა ჩემგანაც იყიდონ?! უკვე აღარც კი ვიცი, რამდენი სახეობის ყვავილი მაქვს. ახლა ჩანჩქერის გაკეთება მინდა და მერე ჩემს ეზოში საქორწილო რიტუალების ჩატარებაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

- დამწყებ მებაღეებს თუ ურჩევთ რამეს?

- მე ბაღის გაშენება მოყვავილე მცენარეებით დავიწყე. ამასობაში ცოდნა, გამოცდილება დავაგროვე და მერე მარადმწვანე მცენარეების გახარებაზე გადავედი. ზამთარშიც საოცრად ლამაზია აქაურობა, საახალწლოდ ჩემი ეზოს ყველაზე დიდ ნაძვს ვრთავ. ვისაც ყვავილები გულით უყვარს, ყველას გამოუვა ეს საქმე. თავიდან არაფერი ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა, მზეში რომელი ყვავილი უნდა დამერგო და ჩრდილი რომლისთვის შემერჩია. საქმეში ბევრი რამ ვისწავლე. მთავარია, მოინდომონ და ყველა შეძლებს თავისი პატარა სამოთხის შექმნას.

ხათუნა ბახტურიძე