მოხევე ჩემპიონი კიოკუშინკაი კარატეში - გზაპრესი

მოხევე ჩემპიონი კიოკუშინკაი კარატეში

11 წლის ელენე სამქანაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა - კიოკუშინკაი კარატეში გამართულ საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 50 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და სადებიუტო ტურნირზევე შეძლო წარმატების მიღწევა. ელენე ყაზბეგიდან არის, მისი სოფელი არშა მდინარე თერგის ნაპირზე მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელია. ელენე უსაზღვროდ გაახარა ამ წარმატებამ, მაგრამ ძალიან თავმდაბალი, მორიდებული აღმოჩნდა და გაუჭირდა ესაუბრა ამის შესახებ. ამიტომაც ელენეს დედას, ხატია გოგიტაძეს დაველაპარაკეთ.

- წარმოშობით კახეთიდან ვარ. მე და ჩემმა მეუღლემ, ილია სამქანაშვილმა 2008 წელს გავიცანით ერთმანეთი ყაზბეგში, მეგობრების წრეში. დეიდასთან გუდაურში ვისვენებდით მეგობრები, ერთ-ერთის ნათლიაა ჩემი მეუღლე. იმ წელს პირველად დავდგი ყაზბეგში ფეხი და თურმე, სამუდამოდ. გაცნობიდან მალევე, 2009 წელს შევქმენით ოჯახი. გვყავს ოთხი შვილი: გაგა 12 წლისაა, ელენე ჩვენი მეორე სიხარულია, შემდეგი ლილეა - 7-ის და ნაბოლარა დაჩი 4 წლის. ჩემი მეუღლე ყაზბეგიდანაა, იქვე მუშაობს და დროის დიდ ნაწილს იქ ვატარებთ. ახლა მე ბავშვებთან ერთად თბილისში ვარ, თუმცა პანდემიის ორი წელი იქ ვიყავით. გვინდა, შემოდგომიდან უკვე სოფელში გადავიყვანოთ ბავშვები სკოლაშიც და ბაღშიც. სწორედ ამ ულამაზესმა გარემომ იქონია გავლენა ჩვენი შვილების ჯანსაღ განვითარებაზე.

286202313-3123388107922512-4681477233940422707-n-copy-1657625055.jpg

- რატომ დაინტერესდა ელენე სპორტის ამ სახეობით?

- ელენეს სპორტით დაინტერესება პატარა ასაკშივე ეტყობოდა. მამამისმა შენიშნა მისი მონდომება და შეიყვანა კიოკუშინკაი კარატეზე, სენსეი მარიამ ნარგიზაშვილთან. ეს იყო 5 თვის წინ. მასწავლებელიც აღნიშნავს, რომ თავიდანვე შენიშნა მოხევე გოგოს მტკიცე ხასიათი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. 5 ივნისს საქართველოს ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობაში ელენეს გამარჯვება ნამდვილად მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო ამბავი იყო ყველასთვის. ჩემპიონატი საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს იკო მაცუშიმას ფედერაციამ ჩაატარა, მონაწილეობდა ფედერაციის სხვადასხვა კლუბი, სულ 200-ზე მეტი სპორტსმენი. ჩემპიონატს ხელმძღვანელობდა საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ბატონი ნოდარ კვანჭიანი.

ელენე სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობს, მე-6 კლასში გადავიდა. განსაკუთრებულად მათემატიკა, ინგლისური და ქართული უყვარს. მასწავლებლებს უთქვამთ, არც კი ვიცოდით, სპორტით ასე სერიოზულად თუ იყავი დაკავებულიო. ამჟამად ჯგუფთან ერთად გადის გაძლიერებულ ვარჯიშებს ქობულეთში და ემზადება მომავალი შეჯიბრებისთვის.

- წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს!

ნინო ჯავახიშვილი