ქვილთი - სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შექმნილი კომპოზიციები - გზაპრესი

ქვილთი - სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შექმნილი კომპოზიციები

ლელა დავლიანიძის სახლს მისივე ულამაზესი ნახატები ამშვენებს. ძნელი არ არის მიხვდე, რომ სახლის პატრონს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მხატვრობასთან და საერთოდ ხელოვნებასთან. დაახლოებით ერთი წლის წინ ქვილთის ტექნიკით დაიწყო კეთება ნაჭრის ჩანთებისა, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, ფერად და მხიარულ დღეებს კიდევ უფრო გაუხალისებს ქალბატონებს.

274987218-297529309114150-910631696571724532-n-1657625270.jpg

- პროფესიით მხატვარი ვარ, დავამთავრე სამხატვრო აკადემია ინტერიერის განხრით. დედაჩემისგან ვიცი, რომ 3 წლიდან ვხატავდი და სულ ქაღალდები და ფანქრები მეჭირა ხელში. ბებია ძალიან კარგად ქარგავდა, ისევე, როგორც ბევრი მის თაობაში. ჩემი ბიძაშვილები მხატვრები არიან. როგორც ჩანს, გენში გვაქვს მხატვრობისა და ხელსაქმის სიყვარული. ჩემი სტუდენტობისას არ იყო ამდენი ტანსაცმელი, რამე თუ მომეწონებოდა, ვყიდულობდი ქსოვილს, აუცილებლად იმ დღესვე უნდა შემეკერა, რათა მეორე დღეს ჩამეცვა. დღესაც თვითონ ვიკერავ ტანსაცმელს. გარდა ამისა, ხატმწერიც ვარ, ვაწყობ სამკაულებს, რაც მჭირდება. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ, ფეხსაცმელებიც კი შემიკერავს ადრე.

288315987-358386919695055-3786416109526884293-n-1657625311.jpg

ერთხანს ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, სხვა სფეროშიც ვიყავი დასაქმებული. ბოლო წელია, რაც ამ ახალმა საქმემ გამიტაცა. იშვიათადღა ვხატავ, სამწუხაროდ, დრო აღარ მაქვს. ამ სახლში ბევრი ჩემი ნამუშევარია. მაგალითად, ეს ნახატი აბსტრაქციაა, იაპონური ტექნიკით არის შესრულებული, ქსოვილები პენოპლასტზეა გადაკრული. ჯერ სწავლის პროცესში ვარ. როგორც გითხარით, ჩანთების კერვამ მას შემდეგ გამიტაცა, რაც ინტერნეტში ვნახე ქვილთის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები და დავინტერესდი, როგორი გამომივიდოდა. 2-3 თვის განმავლობაში ონლაინ ვსწავლობდი. თავდაპირველად რთული მომეჩვენა. რაც დრო გადის, ტექნიკას ვხვეწ და უფრო და უფრო კარგი გამომდის. ამ ტექნიკით კედლის პანოებიც მაქვს შექმნილი.

- რა სირთულეა ქვილთის ტექნიკით მუშაობისას?

288235464-358386689695078-3300920301929841825-n-1657625324.jpg

- ეს არის უძველესი ტექნიკა, რომელიც პატარ-პატარა ნაჭრების ერთმანეთზე გადაკერებით დიდი ქსოვილის შექმნას გულისხმობს. ბევრ ქვეყანაში გაჭირვების დროს მოიხმარდნენ - ტანსაცმელი რომ გაუცვდებოდათ, მაშინ კერავდნენ მორჩენილი ქსოვილებისგან ან ძველ ტანსაცმელს შლიდნენ და საღ ნაჭრებს იყენებდნენ. ძალიან შრომატევადია, ყველა სახის კომპოზიცია, რაც იქმნება პატარ-პატარა ნაკუწებით, ხელით იჭრება, მუშავდება და იკერება. ფაზლივით აწყობ, ფერებიც უნდა შეუხამო ერთმანეთს, ქაოსურად ვერ გადააკერებ ქსოვილებს, ამის გამო ყველა ერიდება. როგორც ვიცი, საქართველოში თითო-ოროლა თუ მუშაობს ამ ტექნიკით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ქვილთის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები, ასევე - კედლის პანოები, რომლებიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული ექსპედიციების დროს აღმოაჩინეს. ერთი სიტყვით, რაღაც განსხვავებული მინდოდა შემექმნა და გამომივიდა. რაც მთავარია, მომწონს და მსიამოვნებს. მუშაობის პროცესში ისეთ აზარტში შევდივარ, დროს ვეღარ ვგრძნობ. აბა, ახლა რა გამოვა, ამასაც რომ დავუმატებ, სულ მაინტერესებს და თავს ვეღარ ვანებებ.

დღესდღეობით ქვილთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ევროპასა და ამერიკაში და საკმაოდ ძვირადაც იყიდება. იქმნება ტანსაცმელი, კიმონოები, კედლის პანოები, გადასაფარებლები - ერთი სიტყვით, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ ტექნიკით.

288308645-358386626361751-335384028591352981-n-1657625296.jpg

- რა ზომისაა თქვენი ჩანთები?

- ჩანთები საშუალოდ არის 50/50-ზე, პატარა ზომებიც გვაქვს, 20/30-ზე. დამკვეთის სურვილის მიხედვით ვარჩევ ზომებსაც და ფორმებსაც. ზოგჯერ ერთ დღეშიც დამიმთავრებია ერთი ჩანთა, ზოგჯერ რამდენიმე დღეც მიმუშავია. ყოველთვის იმაზე უკეთესი გამოდის ხოლმე, ვიდრე წარმომიდგენია, რაც დიდ სტიმულს მაძლევს. საერთოდ, მკვეთრი ფერები მიყვარს. ვმუშაობ საკერავი მანქანით, ხელით ან ორივეთი ერთად. ვირჩევ ქსოვილებს მკვრივი ტექსტურით. საუკეთესო მასალად ითვლება ბამბა, რომელიც უფრო გამძლეა, ვიდრე სხვა ქსოვილები, ასევე, მოხარშული ტილო, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ. ყოფილა ისე, რომ რაღაც ფერი არ მქონია და ჩემი ტანსაცმელი დამიჭრია, ზოგჯერ "მეორადებში" მინახავს შარფი საუცხოო ფერებში და წამომიღია, ძირითადად კი ვყიდულობ მორჩენილ ქსოვილებს. სათითაოდ ვაგვირისტებ, რათა ჩანთები გამძლე იყოს... თავდაპირველად რამდენიმე შევკერე და, საჩუქრებად რომ დავარიგე, ყველა გაგიჟდა, ისე მოეწონა. მაშინ გადავწყვიტე, ფოტოები სოციალურ ქსელშიც ამეტვირთა, მაგრამ რეალურად რომ ნახულობენ, უფრო მოსწონთ ფერებიც, ნამუშევარიც, და ამას რომ აღნიშნავენ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მახარებს და რამხელა სტიმულს მაძლევს.

ნინო ჯავახიშვილი