დედამიწაზე ყველას ადგილია! - გზაპრესი

დედამიწაზე ყველას ადგილია!

ის ემიგრანტია. ალბათ რთულია იყო სამშობლოდან შორს, ახლობლებისგან მოწყვეტილი და იპოვო შინაგანი ძალა, ებრძოლო ბავშვობის ტრავმასა და სხვასაც მოუწოდო, არასდროს ხელყოს ღვთისგან ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქარი...

- ვარ ძალიან უშუალო, უბრალო, ზედმეტად მზრუნველი. როგორც ჩემი მეგობრები აღნიშნავენ, ვარ კარგი და სანდო მეგობარი, მესაიდუმლე. არა მხოლოდ ახლობლები, სრულიად უცხო ადამიანებიც კი გულახდილობის ხასიათზე დამდგარან ჩემთან. როდესაც ვეკითხები, რატომ მენდობიან, პასუხი არ აქვთ. აი, ასე, უბრალოდ გენდობითო. მე ეს ძალიან მახარებს. ზოგჯერ ახლობელთანაც ვერ "იხსნები" და გჭირდება ვინმე, რომ ნაგროვები ემოცია გაუზიარო და ამავდროულად გსურს, სწორად გაგიგოს. ალბათ, ამას ხედავენ ჩემში.

დღემდე დიდი ბავშვი ვარ. ვცხოვრობდი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში. მთელი ჩემი ლამაზი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული და დღემდე გონებით იქვე ვარ. ვიყავი უსაშველოდ ცელქი. მყავდა ყველა ეროვნების მეგობარი: იეზიდი, სომეხი, რუსი, ებრაელი და თავისთავად, ქართველიც. ორი გულისტკენა მაქვს გამოყოლილი: ერთი ის, რომ სიცელქის გამო დამბრალდა ისეთი რამ, რაც მართლა არ ჩამიდენია. მე და ჩემი მეგობარი ვთამაშობდით დახუჭობანას. მე ვიხუჭებოდი, ის იმალებოდა. როდესაც ძებნა დავუწყე, ქუჩის ბოლოდან ყვირილი მოისმა. გავიქეცი. თურმე ეს ბიჭი დასამალად ღობეზე გადამძვრალა, თავი ვერ შეუკავებია და გადავარდნილა, ზურგით წაქცეულა სამშენებლო ბლოკზე და ხერხემალი დაუზიანდა. მას არაფერი დაუბრალებია ჩემთვის. მისმა მამამ და ბებიამ კი თქვეს, თითქოს მე ვკარი ხელი. ამაზე ძალიან ვინერვიულე და დღემდე ვერ ვივიწყებ; მეორე ის იყო, რომ ზუსტად ეს ჩემი მეგობარი და მამამისი ისხდნენ ჭიშკართან. მე შუა გზაზე ვიყავი ჩაცუცქული და ცარცით ვხაზავდი "კლასობანას". თურმე აწყვეტით მოდიოდა მანქანა და მე ვერ გავიგონე ხმა, ვერც დავინახე. ჩემს მეგობარს შევხედე და მივხვდი, რაღაც უნდოდა ეთქვა; წამოიწია კიდეც და ამ დროს მამამისმა ხელი გაჰკრა, გაჩუმდიო. ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გამიმეტა. ბედზე გავხედე გზას და ძლივს მოვასწარი ტროტუარზე ახტომა. ეს ამბავი წლების მანძილზე ვმალე, რამდენიმე წლის წინ კი, სანამ მამაჩემი გარდაიცვლებოდა, ვუთხარი. ნეტავ არ მეთქვა. სამი დღე საჭმელი არ უჭამია მამას, ისე განიცადა...

- როგორც ამბობ უცნაური იყავი? რას ხედავდი შენსავე თავში განსხვავებულს?

- შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ ვგრძნობ, დედამიწელი არ ვარ, სხვა სამყაროში ვცხოვრობ. ჩემი შექმნილია თუ თან მომყვა, არ ვიცი. ხშირად მემართება ასეთი რამ: როდესაც წინასწარ ვხვდები, რას მეტყვიან; იმასაც ვხვდები, ჩემ წინ მდგომი რას ფიქრობს. ტრანსპორტში თუ ვარ, ამოვიჩემებ ადამიანს და მის სამყაროში ვიჭრები ჩემი წარმოსახვით. თითქოს ვიცი, ვინ არის, რა ცხოვრება აქვს, თვალები კი ყველაზე მეტად მეტყველი ორგანოა და ვხვდები, მასში რამდენი დემონია ან ანგელოზი.

- ოდესმე გყვარებია?

- ხშირად ვფიქრობ ამაზე. მიყვარდა კი? ახლა, ამ გადასახედიდან, რომ მეგონა, მიყვარდა, ამაზე მეღიმება. ალბათ იმათაც ეღიმებათ. ისე, რაც ასაკი მემატება, ვგრძნობ, თვითონ სიყვარული მიყვარს და ამაზე შემიძლია ავაგო მთელი სამყარო. მამაკაცებს უჭირთ ქალის გამოცნობა, მისი ფურცელ-ფურცელ წაკითხვა. თან ბევრჯერ უნდა გადაიკითხონ, რომ მისი სული შეიცნონ. ალბათ, არსებობენ ასეთებიც, თუმცა მე არ შემხვედრია.

ზოგჯერ რაღაც მაფორიაქებს: შეგრძნება, რომ თითქოს შენი ადგილი არ არის დედამიწაზე და აუცილებლად უნდა წახვიდე. სინამდვილეში, დედამიწაზე ყველასთვის არის ადგილი!

- მაშინ რა განაპირობებს ამ ფორიაქს?

- უსამართლობა, უადამიანობა, უსიყვარულობა. ზერელედ ვერაფერს ვუყურებ და ვერც შუბლს გარეთ ვატარებ. შევიცვალეთ ადამიანები. შური და გაუტანლობა მეფობს. იშვიათად თუ შეხვდები ნამდვილ გულწრფელობას, ანგარების გარეშე რომ შეუძლიათ შენთან დგომა. ამ ყველაფერს განვიცდი, თუმცა, სუიციდზე ფიქრი ყველაზე დიდი ლაჩრობაა. ჩემს თავს „ვულაწუნებ” ამის გამო. არასდროს და არავინ უნდა გაბედოს მსგავსი რამ, რადგან სიცოცხლე ძვირფასია. ღმერთმა გვაჩუქა და არ გვაქვს უფლება, არ გავუფრთხილდეთ. თორემ სიკვდილი? სიკვდილი თავისითაც მოვა, ჩვენი ჩარევის გარეშე!

- თვლი, რომ არარეალიზებული ადამიანის გზაა „დასვენების“ და ამ ქვეყნიდან გაქცევის მცდელობა?

- უმეტეს შემთხვევაში, კი. ჩემი მაგალითიდან გეტყვი. საკმაოდ გონებაგახსნილი ვიყავი. ვწერდი, მუსიკალური განათლება დამოუკიდებლად მივიღე. მიყვარს პიანინო, სიმღერა. ვხატავდი. პროფესიითაც სახვითი ხელოვნების პედაგოგი ვარ, თუმცა ვერ მოვასწარი პროფესიით მუშაობა. 28 წლის წამოვედი საზღვარგარეთ და გავხდი ემიგრანტი. ზუსტად ეს წლებია ჩემთვის გაყინული, უმოქმედო, არაფრის მომცემი. ამან საშინლად დამთრგუნა. ალბათ, ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ სურვილი გაჩნდა, ყველაფრისგან გავქცეულიყავი.

- გადიოდი ფსიქორეაბილიტაციის კურსს. რა ხდებოდა ფსიქოლოგთან?

- კითხვა-პასუხის რეჟიმი. თუმცა, მილიონჯერ გადაღეჭილი, რაღაც ჩარჩოში მოქცეული სიტყვები...

nik-shuliahin-bunwp1bl0nc-unsplash-scaled-copy-1657625786.jpg

- რა გინდა და რა გჭირდება ყველაზე მეტად?

- ადამიანების და ადამიანურობის დეფიციტია გარშემო და ამ დეფიციტის შევსება მჭირდება.

ვისურვებ, მეტი განათლება, ერთმანეთის სიყვარული და სიკეთის კეთების სურვილი გვქონდეს; ბრძოლა საკუთარი მიზნების მისაღწევად და არანაირი დანებება!

- არიან ადამიანები, ვისაც ენდობი და გულს გადაუშლი?

- კი, საბედნიეროდ, მყავს ასეთები: პირველ რიგში, ჩემი ძმა და მეგობრები. რომ არა ისინი, არ ვიცი, როგორი იქნებოდა ცხოვრება...

- როგორ ფიქრობ, როგორია შენი ხვალინდელი დღე?

- ახლა, რაც გადავყარე შავი ღრუბელი, უკვე მზიანი და იმედით სავსე ჩანს მომავალი. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, თუნდაც ასე გამეზიარებინა სხვებისთვის ჩემი განცდა.

როლანდ ხოჯანაშვილი