ქართველი ებრაელები - გზაპრესი

ქართველი ებრაელები

საბა დეკანოიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა და მისი ინტერესის სფერო მრავალმხრივია. აქტიური სპორტული ცხოვრების პარალელურად, ეთნოგრაფიის საკითხების კვლევითაც დაინტერესდა და განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრო საჩხერელ ებრაელთა ცხოვრების თავისებურებებს. წარმოგიდგენთ მის მიერ მომზადებულ მცირე ნარკვევს, რომელიც უახლოესი წარსულის ამსახველია და ქართულ-ებრაული ურთიერთობების განსაკუთრებულობის კონსტანტაციაა.

საბა დეკანოიძე:

„ებრაელები სემიტური მოდგმის ხალხია. ისინი ქალაქ ურიდან პალესტინაში, დაახლოებით 4000 წლის წინ გადასახლდნენ. ზუსტად არავინ იცის, საიდან აღმოჩნდნენ ურში. „ხალხი ევფრატის გაღმა ნაპირიდან“, ანუ ებრაელები საინტერესო ისტორიის ხალხია. ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი. თავდაპირველად აბრაამი ოჯახთან ერთად სირიაში გაემგზავრა, შემდეგ კი ქანაანში (დღეს ცნობილია, როგორც პალესტინა) ჩავიდა და იქვე დამკვიდრდა.

ებრაელები საქართველოში მოვიდნენ ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ, ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. ცნობილია, რომ ებრაელები განდევნილ იქნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოს უდიდესი ნაწილიდან და განსახლდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდნენ განადგურებისა და ეთნოასიმილაციის მუდმივი შიშით. მათთვის ასეთ საფრთხეს არასდროს ჰქონია ადგილი საქართველოში. პირველად ისინი ქალაქ მცხეთში დასახლდნენ.

1886 წლისთვის საჩხერეში 235 კომლი (ოჯახი) ცხოვრობდა, მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი 1183 კაცს შეადგენდა. დაბის მოსახლეობის უმრავლესობას იმ დროისთვის ებრაელები წარმოადგენდნენ - 668 კაცს, ანუ მოსახლეობის ნახევარზე მეტს. ამჟამად საჩხერეში არც ერთი ებრაელი აღარ ცხოვრობს. ებრაელთა დიდი ნაწილი ლაპარაკობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ. ებრაელთა ნაწილი ლაპარაკობს აგრეთვე ებრაულ ენებზე (ივრითი, იდიში და სხვა). ძირითადად, გვხვდება ბილინგვურად მოსაუბრე ებრაელები. ისინი აღმსარებლობით, ძირითადად, იუდეველები არიან. დიასპორაში გაყოფილი არიან აშქენაზებად და სეფარდებად. ებრაელები საჩხერეში, ძირითადად, ვაჭრობით იყვნენ დაკავებული. აქ მათ ენას ისე ჰქონდა ფეხი გადგმული, რომ ქართველებიც და სომხებიც იყენებდნენ (გავასუხარე, ეთომარე, დავიადე, მიამსევრე, ჩათოხლა, დაუქამა, შეკერე...). ებრაელთა ნაწილი დაკავებული იყო ხელოსნობითა და ხელოვნებით. კაკო ცოციშვილი იყო ებრაელი ფოტოგრაფი, რომელიც დადიოდა სოფელ-სოფელ და იღებდა ფოტოებს, ანაზღაურებად კი ქათამსა და ბატს იღებდა. ნინო ხოტოველი ცეკვის მასწავლებელი გახლდათ და ქართულ ცეკვას ასწავლიდა. სოფლებში ასევე დადიოდნენ ებრაელი ხელოსნები, მაგალითად მეირა ანუ მინის ხელოსანი. ასევე, საჩხერეში, რკინიგზის სადგურზე ყოფილა ცნობილი მაღაზია, რომელსაც ზურია ებრაელის მაღაზიას ეძახდნენ.

საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები იძულებული იყვნენ, ჩაეცვათ ან ჰქონოდათ რაიმე აქსესუარი, რომელიც მათ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისაგან გამოარჩევდა. ებრაული სახლები გამოირჩეოდა კარზე მიმაგრებული ცილინდრის ფორმის მეზუზებით. მეზუზა იყო სახლის მფარველი, მშვიდობისა და დოვლათიანობის მცველი ლითონის ყუთი, რომელშიც ჩასვენებულია თორის ფრაგმენტი. საჩხერეში სამი მოქმედი სინაგოგა იყო, მათგან ერთი ხის, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა, ხოლო დღეს არსებული სინაგოგა აღდგენილ იქნა 2012 წელს. ის მოქმედი არ არის, ვინაიდან საჩხერეში ებრაელი მოსახლეობა აღარ დარჩა.

საჩხერეში ებრაელთა ცხოვრების შესახებ ცნობებს ოთხი საუკუნის წინანდელი ებრაელთა სასაფლაო იძლევა. სასაფლაოების, როგორც ისტორიული წყაროს მიმართ, ინტერესი პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სასაფლაოები განიხილება როგორც არქეოლოგიური და ისტორიული წყარო, რომელმაც ფასდაუდებელი ცნობები შეიძლება მოგვაწოდოს ამა თუ იმ ერის კულტურულ მემკვიდრეობაზე. სწორედ ასეთ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ქალაქ საჩხერეში, ისლარის დასახლებაში არსებული ებრაული სასაფლაო. ებრაულ საფლავის ქვებზე არსებული ეპიტაფია ორენოვანია, ის ივრითსა და ქართულ ენაზეა შესრულებული.

საქართველოში ანტისემიტიზმის საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი. შემორჩენილია ლეგენდები ებრაელების მიერ სისხლის გაღების რიტუალზე, ბავშვების მსხვერპლად შეწირვაზე, რითაც მოსახლეობაში შიშს ნერგავდნენ ებრაელების მიმართ. მიუხედავად ამისა, საჩხერეში, ისლარის დასახლებაში ებრაული, სომხური და ქართული თემი ერთად, მშვიდობიანად ცხოვრობდა საუკუნეების მანძილზე..."

როლანდ ხოჯანაშვილი