ვირტუალური სივრცის უსაზღვრო შესაძლებლობები
ანა თავართქილაძე გრაფიკული დიზაინერია. თბილისის სამხატვრო აკადემიაში მედიახელოვნების, ციფრული პროექტირებისა და მოდელირების ფაკულტეტი დაასრულა. მესამე წელია საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას დამწყებ დიზაინერებს უზიარებს. ციფრული კომუნიკაციის აკადემიაში ლექტორია და ცდილობს სხვადასხვა ასაკის სტუდენტს ყველა იმ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა, რომელიც მას სწავლებისა და პროფესიის დაუფლების საწყისს ეტაპზე ჰქონდა. 28 წლის ხელოვანი მის პროფესიასა და ინტერესებზე, დღემდე განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
- გრაფიკული დიზაინი არის ვიზუალური ხელოვნება, ვიზუალური კომუნიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შენი მესიჯები გაუგზავნო სამყაროს. მიზანი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი: პროდუქციის რეკლამა, კომპანიის ცნობადობის გაზრდა, გლობალური საკითხებზე წუხილი, სოციალური თემები და ა.შ. სათქმელის ვიზუალური გზით გადმოცემა გაცილებით მარტივი, ეფექტური, საინტერესო და ორიგინალური ხდება, ტექნოლოგიების განვითარება კი ამ ყველაფერს უწყობს ხელს. ჩვენი ყოველდღიურობა გრაფიკული დიზაინით არის მოცული, როგორც სოციალურ სივრცეში, ისე ქუჩაში ვხვდებით ბანერებს, რეკლამას; გვაქვს ჩვენი გემოვნებით დაპრინტული ნივთები, ვატარებთ მაისურს. მოკლედ, ეს ყველაფერი ამ სფეროს ნაწილია.
- როგორ გამოიკვეთა ციფრული გრაფიკისადმი ინტერესი?
- ხატვა და ზოგადად, შემოქმედებითი სფერო ბავშვობიდან მიყვარდა. გრაფიკული დიზაინის მიმართულება სრულად რას გულისხმობდა, არ ვიცოდი, მაგრამ სკოლის პერიოდშიც მუდმივად ექსპერიმენტს მივმართავდი, როგორც ხელით ხატვისას, ისე პროგრამაში. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში გრაფიკული დიზაინი აქტიურად შემოვიდა და მეც ფეხი ავუწყვე. სტუდენტი ვიყავი, როცა ციფრული სამყარო უფრო აქტიურად შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში. როგორც ის ვითარდება გრაფიკული დიზაინს მიმართულებით, ისე მეც ვვითარდები და ვცდილობ, მიმდინარე სიახლეებში ბოლომდე ვიყო ჩართული.
- რა იყო პირველი ნაბიჯები სწავლის დასრულების შემდეგ?
- საწყისი ეტაპი მარტივი არ ყოფილა, იყო პატარ-პატარა და მრავალფეროვანი პროექტები. ვცდილობდი გამოცდილება ყველა მიმართულებით დამეგროვებინა. შეიძლება როგორც დამწყებ დიზაინერს, ცოტა რუტინული ეტაპებიც მქონდა, მაგრამ საკმაოდ ლოგიკური და ქრონოლოგიურად სწორი ნაბიჯები გადავდგი. ეს ჩემს პროფესიულ გზას სჭირდებოდა და ვთვლი, რომ ზუსტად ამ გამოცდილებებმა მომიყვანა აქამდე.
- რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია საქართველოში და სად შეიძლება გრაფიკული დიზაინერი დასაქმდეს?
- დღეს უკვე ნებისმიერ სფეროში მოღვაწე კომპანიას სჭირდება რეკლამა, პიარი, მომხმარებელთან კომუნიკაცია... შესაბამისად, გრაფიკული დიზაინერზე მოთხოვნა იმატებს. უწინ, არც ისეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რეკლამას, მაგრამ დღეს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თან, უკვე გზებია მრავალფეროვანი. აუცილებელი არ არის ქუჩაში ბროშურები ვარიგოთ, რეკლამის გავრცელება ინტერნეტის საშუალებით, ციფრული ხერხებითაა შესაძლებელი. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ სწორი კამპანია და ასეთივე ვიზუალური კომუნიკაცია დამკვეთთან, კომპანიის წარმატებაზე აისახება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბევრ კომპანიას აქვს გაცნობიერებული გრაფიკული დიზაინერის აუცილებლობა. როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენთან, ეს პროფესია ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
- დღემდე არაერთ კომპანიასთან გითანამშრომლიათ, მაგრამ განხორციელებული პროექტებიდან, თქვენთვის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი გაიხსენეთ, თუმცა მხოლოდ ისე, რომ კომპანიისა თუ პროდუქტის დასახელება რეკლამად არ ჩაგვეთვალოს...
- ამ პროფესიაში რაც მიყვარს, ისაა, რომ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულების კომპანიებთან ითანამშრომლო. ეს ძალიან გზრდის და ამგვარი მრავალფეროვნება პროფესიულ გზაზე საინტერესოა. ჩემი პროექტები ეხებოდა როგორც კვების სფეროს, ისე ნაციონალური ღვინის თემატიკას - ეტიკეტის დიზაინს. მომწონს პერსონაჟების დიზაინზე მუშაობაც და ამ მხრივ გამოვარჩევ პროექტს, რომელშიც რობოტის კონცეფციის დიზაინზე ვიმუშავე. ვითანამშრომლე მუსიკალურ ფესტივალებთანაც, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ასპარეზზე. ვისთანაც მითანამშრომლია, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ პრესტიჟულ და ცნობილ კომპანიებად ითვლება. გამოვყოფდი მუსიკალურ სივრცეში არტ-ვორქებს და პოსტერებს - მათ დიზაინზე მუშაობა მიტაცებს.
- ტილოსთან მუშაობისთვის დრო თუ გრჩებათ და თუ გაქვთ ამის სურვილი?
- დიახ, ვფიქრობ, ციფრული ტექნოლოგიები და პადი ვერ ჩაგინაცვლებს იმ კომფორტს, რაც ტილოზე ფანქრით, აკვარელით ხატვას გულისხმობს. პირადად ჩემთვის ამას თერაპიული ხასიათი აქვს. შეიძლება ინტენსიურად ვერ ვხატავ, მაგრამ განტვირთვის დღეებში ვცდილობ ჩანახატები ხელით შევქმნა. ჩემს თავს მაინც შეიძლება „ძველი სკოლა“ ვუწოდო, რადგან მაშინ, როცა ხატვა დავიწყე, არ იყო ამდენი ტექნოლოგია, პლანშეტი, ციფრული ხატვა. ჩანახატებს სულ ხელით ვაკეთებდი. ეს დღემდე შემომრჩა: სანამ რამეს გავაციფრულებ, ფურცელზე ფანქრით ვხატავ. თან, სახატავი მასალა გამრავალფეროვნდა და ესეც ამარტივებს ხელით შექმნა რაღაც საინტერესო.
- როგორც ვიცი, თქვენი სამომავლო გეგმები საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება...
- დიახ, დიდი სურვილი მაქვს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდე. ამ ქვეყანასთან კავშირს ყოველთვის ვგრძნობდი. ეს ფიქრი კიდევ უფრო გამყარდა, როცა ამერიკიდან შეკვეთები და საინტერესო პროექტები წამოვიდა. ესენია: ელექტრონული ფესტივალების პოსტერები, ასევე არტისტებს ბრენდინგს, ლოგოს ვუკეთებ. შეკვეთა მქონდა იაპონიიდანაც, რომლის კულტურაც სულ მხიბლავდა. ასეთი საერთაშორისო პროექტები მეტად მიჩენს ამ სფეროში უფრო ფართო ასპარეზზე გასვლის სურვილს. რთულია განსაზღვრო, რა იქნება სამომავლოდ, მაგრამ მზად ვარ მივიღო, გამოვიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რაც მომეცემა.
- ერთგვარი შიშის ან დაძაბულობის განცდა არ გაქვთ იმის გამო, რომ უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად, მარტო მოგიწევთ ცხოვრება?
- ლოგიკურია, მაგრამ მიყვარს გამოწვევები, მკვეთრი ცვლილებები, რაც დადებითად აისახება პიროვნულ ზრდაზე. უცხო ადამიანები, კულტურა უფრო სასიამოვნო გამოწვევაა, ვიდრე შიში და სტრესი. უახლოეს მომავალში გავემგზავრები. ბავშვობიდან მქონდა ამის სურვილი, დასახული მიზანი და ახლა ამ ოცნების ასრულება ძალიან სასიამოვნო პროცესია და არა სირთულე.
- დავასახელოთ ის მუსიკოსი ან მუსიკალურ თემაზე შექმნილი პოსტერი, რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი...
- პოსტერი მაქვს გაკეთებული NITEPUNK-სთვის. მუსიკალური პროდიუსერი ლაშა მამულაშვილი უკვე დიდი ხანია ამერიკაშია, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. ასევე მისთვის შექმნილი მაქვს ცნობილი ფესტივალების არტ-ვორქები.
- თქვენი ფოტოები ვნახე და გამიჩნდა კითხვა, სამოდელო კარიერა ხომ არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ან ახლა ხომ არ დგას ეს ეტაპი?
- არა, სამოდელო კარიერა არა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავი სხვადასხვა გზით გამოვხატო და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. გარდა იმისა, რომ ჩემი პროფესია არის გზა, ჩემი შინაგანი მდგომარეობა, წარმოსახვა, სამყარო, მიყვარს ფანტასტიკა და სიურრეალისტური თემატიკა, ალბათ ეს ყველაფერი ორგანულად ჩემს ვიზუალურ გამომეტყველებაზე აისახება. შესაბამისად, ამგვარი ფოტოების გადაღება სიამოვნებას მანიჭებს და ეს ჩემი ერთგვარი ჰობია.
ანა კალანდაძე