დავით გუა: "მსოფლიოში ყველაზე დიდი სურათი ენგურის ხიდზე იქნება" - გზაპრესი

დავით გუა: "მსოფლიოში ყველაზე დიდი სურათი ენგურის ხიდზე იქნება"

"...ორი წელი ვმუშაობდი, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რომ დამეხატა. ამის პოპულარიზაცია მსურდა, ბავშვებს აფხაზეთის ძეგლები რომ სცოდნოდათ...", - ამბობს სოხუმელი მხატვარი დავით ბაძაღუა, რომელიც ფსევდონიმით - დავით გუა არის ცნობილი...

- ბატონო დავით, გვითხარით უმნიშვნელოვანესი პროექტის - "ჩვენ ერთნი ვართ" შესახებ...

- პატრიარქს უკვე შევხვდი და ამ სათაურზე კურთხევა მომცა... ენგურის ხიდზე მსოფლიოში ყველაზე მრავალფიგურიანი სურათის დახატვა დავგეგმე. სამუშაოს ჩასატარებლად სპეციალური კონსტრუქციაა საჭირო, სამშენებლო კომპანიამ უნდა გადაჭიმოს ტილო, ხარაჩოები გაკეთდეს... პირადად მე, ძალიან ბევრ მხატვართან მაქვს კონტაქტი და პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მხატვრები. ისტორიული, საერთაშორისო მასშტაბის სურათი იქნება. ასეთი კომპოზიცია მოვიფიქრე: ცისკენ მიმავალი 15 ათასი ფიგურა, რადგან აფხაზეთის ომში სწორედ 15 ათასი ადამიანი დაიღუპა. შეიძლებოდა 15 ათასი მინიშნებითი წერტილიც ყოფილიყო... ნამუშევარი ყველა ეროვნების დაღუპულს მიეძღვნება, რადგან ზეცაში ეროვნება არ არის! მიწაზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ზეცაში ერთნი ვართ! ამ ამბავს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტელევიზიები გააშუქებენ, რადგან ამდენად მასშტაბური და მრავალფიგურიანი სურათი მხოლოდ საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე შეიქმნებოდა.

ახალ ანაკლიაში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც აშენდებოდა და ვფიქრობდი, ნამუშევარი შემდეგ იქ დაბინავებულიყო ან თბილისში იქნებ ვინმეს აეშენებინა ერთი სურათის მუზეუმი... წელიწადში იმდენად ბევრი ტურისტი მოინახულებდა, მილიონებს მოიტანდა... ევროკავშირის ქვეყანა რომ ვიყოთ, პროექტს მაშინვე დაგვიფინანსებდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ამას.

უწმინდესმა რომ მომისმინა, მითხრა, ეს საქმე აუცილებლად უნდა გაკეთდესო. ასეთი რამ როცა კეთდება, ის ქვეყანა პოპულარული ხდება და ტურისტები ათმაგად შემოდიან... ბევრი ვიბრძოლე და მხარდაჭერა რომ ვერ დავინახე, იმდენად დავიღალე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობიდან გადავდექი... საქართველოს მხატვართა გამგეობის წევრი ჯერჯერობით ვარ... ყველაზე დიდ დროს ხატვას ვუთმობ და ყველაზე მეტ სათქმელს ნამუშევრებით ვამბობ...

280642884-1174528803308135-7193453620151142859-n-1658215127.jpg

- ბევრი ფსევდონიმით გიცნობთ...

- დიახ და ბევრს აინტერესებს, გუა რას ნიშნავს... ეს ჩემი ჩემი გვარის ბოლო სამი ასოა... ბაძაღუა ინგლისურად იწერება, როგორც ბადძზაგუა და ბოლო - გუა დავიტოვე... შევამოკლე, რადგან უცხოელებისთვის ასე უფრო დასამახსოვრებელია და საინტერესოდ ჟღერს... გუას საინტერესო დამთხვევა აქვს, რადგან გულს ნიშნავს. თანამედროვე ქართულში გულის ფუძე გუაა, მეგრულში - გური და აფხაზურადაც გუა. გამოდის, რომ ჩვენ ერთი გული გვაქვს... მთავარი აქცენტები ასეთ რამეებზე უნდა გაკეთდეს, როდესაც აფხაზებისა და ქართველების შერიგებაზე, ურთიერთობის აღდგენაზე ვსაუბრობთ! ასეთი ნიუანსი კიდევ ბევრია და მათ მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ და არა იმაზე, თქვენ სხვა მოდგმის, ჯიშის, აფსუები ხართო... მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, აფხაზები და ქართველებიო... ეს "და" ანგრევს ჩვენს კავშირს. ამ ყველაფერს რომ არ ვითვალისწინებთ, ამიტომაც გავიდა უშედეგოდ 30 წელი და ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა შერიგებისკენ.

- ვიცი, რომ შესარიგებლად ბევრი მცდელობა გქონდათ...

- დიახ, არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა და აფხაზეთში გადავდიოდი, ბავშვებს მასტერკლასებს, კონკურსებს ვუტარებდი. თბილისში პარლამენტშიც ჩამოვიყვანე იქაური მოზარდები კულტურულ ღონისძიებაზე...

უცხოელი და ქართველი მხატვრები შევკრიბე და პროექტისთვის - "ჩვენი სახლისკენ მიმავალი გზა" ნახატებს ვქმნიდით... სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან თუ კერძო პირებისგან მხარდაჭერა არ მქონდა და მომბეზრდა, დავიღალე... ვხედავ, დრო ფუჭად იკარგება, არადა, მხატვრისთვის ერთი ცხოვრება ისედაც ძალიან ცოტაა...

- გამოფენები გქონდათ საზღვარგარეთაც...

- მადრიდში, ბერლინში, პრაღაში, ამერიკის ქალაქებში, ლიტვაში ხშირად ჩავდივარ... ზოგჯერ გამოფენებზე მხოლოდ ნამუშევრებს ვგზავნი და ცოტა ხნის წინ, დიპლომები გამომიგზავნეს... ალბათ ქვეყანა არ დარჩა, სადაც კერძო კოლექციებში ჩემი ნამუშევრები არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბევრჯერ წაუღია, როცა დელეგაცია მიემგზავრებოდა და იქ შეხვედრაზე საპატიო სტუმრებს გადასცემდნენ... რამდენიმე ნახატი მუზეუმშია... პანდემიამდე გალერეა მქონდა ვერცხლის ქუჩაზე, სადაც ძირითადად, უცხოელები შემოდიოდნენ... ბევრმა შეიძინა ჩემი ნახატები; ბლოგერები შემოდიოდნენ და სიუჟეტებს, ვიდეოებს იღებდნენ... ამით ძალიან ცნობილი გავხდი და ერთ-ერთმა უცხოურმა ტელევიზიამაც გადაიღო ჩემზე სიუჟეტი...

ერთხელ თემურ წიკლაურზე რომ იყო სიუჟეტი, საუბრისას კედელზე დაკიდებული ნამუშევარზე მიუთითა, - ამ დიდი ნახატის ავტორი დავით ბაძაღუა გახლავთო. ძალიან გამიხარდა. აფხაზეთის ზღვა მქონდა დახატული.

ერთხელ ჩინელების დელეგაცია სამი მანქანით მოვიდა, თან თარჯიმანი გოგონა ახლდათ. მთელი კოლექცია ვაჩვენე, არც ერთი არ მოეწონათ და ბოლო სამი ნახატი რომ ნახეს, სადაც ეკლესიები იყო დახატული, შეიძინეს... ჩინელების დელეგაცია ვინც გამოაგზავნა ეკონომიკის სამინისტროდან, იმ ბიჭს დავურეკე, - ესენი ვინ იყვნენ-მეთქი?.. მითხრა, ეს ჩინელი მილიარდერია, 80 მილიარდი აქვს და ნახატებს ძირითადად სოთბის აუქციონზე 40-50 მილიონად ყიდულობსო... ბევრ მხატვართან მიუყვანიათ, ვიდრე ჩემთან მოვიდოდნენ და თარჯიმანმა გოგომ მითხრა, არსად არაფერი მოეწონაო. ისე მოხდა, რომ ჩემი დახატული ეკლესიები აირჩია. ერთ ნახატზე აფხაზეთის ბედიის ტაძარი იყო, საიდანაც არის ჩვენი უდიდესი განძი - ბარძიმი... სადაც განისვენებს ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ მესამე... უმნიშვნელოვანესი ტაძარია! ახლა ეს ნახატი, "აფხაზეთის ბედიის ტაძარი" ჩინეთშია...

ერთხელ უცხოელებმა ჩემთან რაღაც პორტრეტი შეიძინეს და მერე მომწერეს: გილოცავთ, თქვენ მიერ დახატული პორტრეტი კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაბინავდაო... ვილნიუსში ხშირად ჩავდიოდი, სადაც ჩემი ნამუშევრები ასევე ერთ-ერთი მუზეუმისთვის შეიძინეს, წიგნიც დაბეჭდეს და გამომიგზავნეს...

281158365-7639568349449060-5192022725285617428-n-1658215140.jpg

ერთხელ პრაღაში ჩავედით, აფხაზეთის მთავრობასთან ერთად... რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: დიმა ჯაიანი ჟიურის წევრი გახლდათ სიმღერის კონკურსზე "ბრილიანტის ხმა", სადაც საქართველოდან ერთი გოგო მონაწილეობდა... მოგეხსენებათ, არზაყან ემხვარი იყო აფხაზეთის მთავრობის პირველი, დამოუკიდებელი, ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, მას ნოე ჟორდანიასთან ერთად მოუხდა ქვეყნიდან გაქცევა და შემდეგ ჩეხეთში ცხოვრობდა... მისმა ძმისშვილიშვილმა - ნატო მარშანიამ არზაყანის შესახებ ინფორმაცია მოაგროვა და ორი წიგნი გამოსცა... შემდეგ იპოვეს ბინა, სადაც არზაყან ემხვარი ცხოვრობდა და პრაღაში იმ სახლთან მემორიალური დაფა გახსნეს. მემორიალის გახსნა ფესტივალის მიმდინარეობას დაემთხვა, აფხაზეთის მთავრობა ჩავიდა და მეც წამიყვანეს, რადგან სასტუმროს ფოიეში პერსონალური გამოფენა მქონდა... ადგილობრივებმა რომ გაიგეს, აფხაზეთის მთავრობის დელეგაცია იქ იყო, ერთმა შეძლებულმა აფხაზურმა ოჯახმა დაგვპატიჟა - პაატა ბოკერიასთან ვიმყოფებოდით, ცნობილი ადვოკატი გახლავთ პრაღაში. წარმოშობით სოხუმელია. არნახული სუფრა იყო, ძალიან სასიამოვნო განწყობა, დიმა ჯაიანი თამადა გახლდათ, ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ლექსებს ამბობდა და ყველა აღფრთოვანებული იყო... კედელზე ერთი სურათი ეკიდა, ზღვის ხედით, ღამე, ევკალიპტები... ამ სურათმა ყველას ყურადღება მიიპყრო და გარჩევა დაიწყეს: დიმა ჯაიანმა მთხოვა, ნახატზე ჩემი აზრი გამომეთქვა...

ვიცი, როცა საღამოა დახატული და ზღვა ლივლივებს, ზღვის ანარეკლი ძვირიანი საღებავით კეთდება... მხოლოდ ის ვთქვი, შუქი ჩააქრეთ-მეთქი... დიასახლისმა შუქი რომ ჩააქრო, სურათზე ზღვის ლივლივა ტალღები ისევ ჩანდა... ყველა განცვიფრდა... მასპინძელმა თქვა, მე ოჯახში კიდევ ბევრი ნახატი მაქვსო... თურმე პაატა ბოკერია ომის დროს რუს მხატვარს, მოხუც ქალს ნახატების გადარჩენაში მიეხმარა და იმ ქალმა ორი სურათი აჩუქა, რომლებიც პრაღაში წამოიღო... ჯაიანი სახელს კი არა, ბაძაღუას მეძახდა და თურმე დიასახლისი რამდენჯერაც ჩემს გვარს გაიგონებდა, ყურებს არ უჯერებდა... მერე თქვა, კიდევ ერთ ნახატს გაჩვენებთ, საძინებელში წამობრძანდითო... ყველამ იუარა, საძინებელში ამდენი ხალხი როგორ წამოვალთო. ამიტომ, მოხსნა ქალბატონმა ნახატი, გამოიტანა და ჯაიანი აყვირდა, სურათს უკან ბაძაღუა რომ ეწერა... ბედნიერება ხომ იშვიათია, წამებია და ეს იყო უბედნიერესი წამი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კიდევ რამდენ ოჯახში იქნება ჩემი ნახატები, ვინ იცის. 2500-ზე მეტი მხოლოდ საზღვარგარეთ არის გაყიდული.

293029196-737548440819037-2305275931094083870-n-1658215080.jpg

- აფხაზეთზე რა პროექტები გაქვთ?

- აფხაზეთში რა უბედურებაც დატრიალდა, იმის კვალი დღესაც ამჩნევია მთელ ქვეყანას...

ცნობილმა მხატვარმა ეთერ ჭკადუამ მე და ამირან კუპრავას გვთხოვა, პროექტს ჩავუდგეთ სათავეში, როგორც მისი პარტნიორები: უნდა შეიქმნას თითო სურათი საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით და მერე მოეწყოს გამოფენა ჯერ თბილისში, შემდეგ მთელ მსოფლიოში... კარგი იქნებოდა, მხარდამჭერი გვყავდეს, ყველგან მივიტანდით ჩვენს სათქმელს...

მინდა ვთქვა, რომ თბილისს ხელოვნება არ აკლია, მაგრამ რეგიონები უყურადღებოდაა. იქ არ ეძლევათ საშუალება, ხელოვნებას ეზიარონ... ასე როგორ გვინდა ქვეყანა განვითარდეს? ბუმბერაზი ადამიანები რეგიონებიდან მოდიან... სახელმწიფო პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ვთქვათ, მე ჰონორარი მაიძულებდეს რეგიონში წავიდე! ჰონორარზე თუ ხელი მაქვს მოწერილი, მაშინ კეთილს ვინებებ, რეგიონში ჩავალ, ერთი კვირა იქ ვხატავ, გამოფენას მოვაწყობ, ხელოვნებაზე ბავშვებსა და უფროსებს დაველაპარაკები... ვინც ხელოვნებას ეზიარება, მერე უფრო ესთეტი ხდება...

მანანა გაბრიჭიძე