"პურზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ჩემს ბავშვობაში ხალხს მჭადი ენატრებოდა" - გზაპრესი

"პურზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ჩემს ბავშვობაში ხალხს მჭადი ენატრებოდა"

ქალბატონ ნუნუ გრიგალაშვილს "სიკეთის დედოფალს" ეძახიან. ამბობენ, რომ ის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიზანს მიაღწიო და წარმატებულიც გახდე. თავად ამბობს, რომ მხოლოდ შრომა არ არის მიზნის მისაღწევად საკმარისი, ამისთვის დამატებითი "ჯადოქრობებიცაა" საჭირო: სიკეთის გაცემის უნარი, ადამიანების უპირობო სიყვარული და რაც მთავარია, გამბედაობა, შეუპოვრობა...

საკმაოდ პოპულარული რესტორნების ქსელის მფლობელი ქალბატონით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ეს ამბავი მოვისმინე: "ნუნუ ისრაელში გავიცანი. ერთსა და იმავე ტურისტულ ჯგუფს გავყევით წმინდა ადგილების მოსალოცად. ჩვენთან ერთად მგზავრობდა სიმსივნით დაავადებული ქალბატონი, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ნუნუსთან რესტორანში მუშაობდა და სწორედ უფროსის წყალობით აისრულა დიდი ხნის ოცნება, წმინდა ადგილები მოელოცა... სხვა ამბავია, როგორ დაიპყრო ქალბატონმა ნუნუმ ჩვენი გულები. თვითმფრინავშივე დაიწყო ჯგუფის წევრების განებივრება. საოცარი ადამიანია, მხიარული, დაუზარელი, კაცთმოყვარე... როგორც ვიცი, მანანას, თავის რიგით თანამშრომელს სიცოცხლის ბოლომდე უპატრონა და მის დაკრძალვაზეც იზრუნა... ალბათ დამერწმუნებით, ასე მოქცევა ერთეულებს შეუძლიათ და ეს ზღვაში წვეთია იმ სიკეთეებს შორის, რაც ქალბატონ ნუნუზე მსმენია..."

- მიხარია, ადამიანებს სიკეთე რომ ამახსოვრდებათ, მაგრამ ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი არა მგონია, ლამაზი იყოს. უბრალოდ, მე მქონდა საშუალება, ადამიანი, რომელიც სიკვდილს ებრძოდა, გამეხარებინა და რატომ არ უნდა გამეკეთებინა ეს? საერთოდაც, არ მესმის, სიკეთის კეთება როგორ არ უნდა გსიამოვნებდეს?.. როგორ შეიძლება, ადამიანს უჭირდეს, საჭმელი არ ჰქონდეს, შენ იცოდე ეს, შეგეძლოს დახმარება და ხელი არ გაუმართო? მე ასე არ აღვუზრდივარ ჩემს მშობლებს...

- როგორც ვიცი, ბავშვობაშივე მიგაჩვიეს შრომას...

- ხარაგაულის რაიონis სოფელ ნადაბურში, პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. გვარად კურტანიძე ვარ, მამას გერონტი ერქვა, დედას - თამარი. გრიგალაშვილი მეუღლის გვარია. 6 და-ძმა ვიყავით, 5 და და ერთი ძმა. მამა სკოლის დირექტორი გახლდათ. მაშინ რთული პერიოდი იყო, 70 მანეთი ჰქონდათ პედაგოგებს ხელფასი, მაგრამ მაინც ყველაზე შეძლებულ ოჯახად ვითვლებოდით იმ პერიოდში, ოღონდ იმიტომ, რომ ყველა ვშრომობდით, ბავშვებიც კი მიგვაჩვიეს საქმის კეთებას... ჩვენს ოჯახში ყოველთვის იგრძნობოდა დიდი წესრიგი. სულ 9 სული ვიყავით და წარმოიდგინეთ, ყოველდღე, დღეში სამჯერ, ამდენ ადამიანზე იშლებოდა სუფრა. ერთადერთი, ჩვენი ძმა იყო ძალიან გათამამებული (სამწუხაროდ, შარშან, 63 წლის ასაკში, "კოვიდით" გარდაიცვალა)...

- ალბათ სიკეთის მაგალითი იმ პერიოდში უფრო მეტი იყო, მით უფრო, სოფლად...

- პურზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ჩემს ბავშვობაში ხალხს მჭადი ენატრებოდა. რაკი ამ თემაზე მეკითხებით, ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელსაც ვერ ვივიწყებ: მამა ძალიან მკაცრი პედაგოგი იყო. ერთხელ გაკვეთილს გვიტარებს და მოსწავლეს, რომელმაც გაკვეთილი არ იცოდა, უსაყვედურა: რატომ არ ისწავლეო? - რატომ, გერონტი მასწავლებელო და, დედას გუშინ მჭადი არ ჰქონდა, ჩემთვის რომ მოეცა. მშიერი ვიყავი და რაც წავიკითხე, ვერ დავიმახსოვრეო. მამას კოსტიუმის ჯიბით დაჰქონდა გაზეთში შეხვეული მჭადის ნატეხები, ამოიღო და მისცა. მახსოვს, ეს ბავშვი კუთხეში დაჯდა და ისე გემრიელად შეექცა, რომ მეორემაც შეჰბედა პედაგოგს, - გერონტი მასწავლებელო, მეც მშიაო. იმასაც მისცა... აი, ეს იყო ჩემთვის სიკეთის მაგალითი. მაშინ დავფიქრდი, თურმე ასე მოქცევა ძალიან კარგია-მეთქი... მიხარია, რომ მშვიდობისმოყვარე და კეთილები იყვნენ ჩემი მშობლები. ღმერთმა უნდა მოგმადლოს ეს თვისებები და მადლობა უფალს, რომ მეც მათ ვგავარ, შურიანი არ ვარ. ვისაც უჭირდა, მასთან იყვნენ ჩემები, ჭირშიც, ლხინშიც და რაღაცნაირად, მხარში დგომის უნარი ალბათ, მეც განმივითარდა. მეზობელი თუ გადმოვიდოდა მაგალითად, მჭადის ფქვილი გვასესხეთო, ხომ ვიცოდი, დედა უარს არაფრით ეტყოდა, ჩაუყრიდა და გაუვსებდა ე.წ. ფუთიან ჭურჭელს, მაგრამ ისინი რომ საუბრობდნენ, მე მაშინ დროს ვიხელთებდი და კარგად დავტკეპნიდი, მერე კიდევ დავაყრიდი ფქვილს, რომ იმ ვიღაცას მეტი წაეღო.

- დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, აუცილებელია, ბავშვი შრომას ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს?

- რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, რომ მერე ცხოვრებაში არაფერი გაუჭირდეს, თავის გატანა შეძლოს. იცით, მანქანაც ვერ მოდიოდა ჩვენს სოფელში, ისეთი მაღალმთიანი ადგილია და თან არც გზა იყო მოწესრიგებული. მოგვყავდა ბოსტნეული, ბაღჩეული და მერე ყოველ შაბათ-კვირას, დედას ბაზარში მივყვებოდით, რომ იქაც დავხმარებოდით, ამისთვის კი კილომეტრების ფეხით გავლა გვიწევდა. ბავშვები იმდენს ვშრომობდით და ვშოულობდით, რომ ჩვენით ვიცვამდით და ვიხურავდით, მამას არაფრით ვაწუხებდით, ჩვენი შემოსავალი გვქონდა. იოლი არ იყო, მაგრამ შემდეგში ნამდვილად დამეხმარა...

- და დრო სწავლისთვისაც გრჩებოდათ, არა?..

- რა თქმა უნდა, სწავლა საჭირო იყო, ამასაც ვაცნობიერებდით მშობლების შემხედვარეები. თუმცა, 9 კლასის მერე არჩევანის წინაშე დავდექი: ან სწავლა უნდა მიმეტოვებინა, ან ხევის საშუალო სკოლაში გადავსულიყავი და 7 კილომეტრი გამევლო ფეხით ყოველდღიურად, მიუხედავად ამინდისა. რადგან სწავლა ავირჩიე, ცოტა ხანში მშობლებს შევეცოდე და ხევში სახლი მიქირავეს, სკოლასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი. მოკლედ, სახლიდან წამოვედი, საშუალო სკოლა ხევში დავამთავრე და 17 წლის იქვე გავთხოვდი.

ჩემი მეუღლე მოწადინებული იყო, უმაღლესი განათლება მიმეღო. ვაბარებდი პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჯერ ქუთაისში, მაგრამ ჩამჭრეს. მივხვდი, რომ კარგი თვალით არ შემომხედეს, ნიშანს არ მაღირსებდნენ და ბოლო შეკითხვა რომ დამისვეს, - ქრისტიანობა როდის შემოვიდა საქართველოშიო? გაბრაზებულმა მივუგე: ვატყობ, არც შემოსულა ქრისტიანობა საქართველოში, არც არასდროს შემოვა-მეთქი და საწერკალამი გავისროლე. ვაღიარებ, ხულიგანი ვიყავი. მერე თბილისშიც ვცადე ბედი და აქაც რომ დამაკლეს ქულა (რამე რომ მიმეტანა, პატივისცემის ნიშნად, ამის საშუალება არ მქონდა, თორემ დარწმუნებული ვარ, არავინ არაფერს დამაკლებდა), პედაგოგიურზე ფიქრს თავი დავანებე. იცი, რა არის, შვილო? რაც ღმერთს არ უნდა, ის არასდროს იქნება. ეტყობა, პედაგოგობა არ იყო ჩემი საქმე, სხვა მისია მქონდა ამ ცხოვრებაში... მერე შვილიც გამიჩნდა და საერთოდ დავანებე უნივერსიტეტში სწავლაზე ფიქრს თავი.

- თუმცა საბუღალტრო წარჩინებით დაგიმთავრებიათ...

- კი, ზესტაფონში ვსწავლობდი. მერე გადავიბარე ხევის სასურსათო და სამრეწველო მაღაზია, სადაც ნაშთი მილიონი მანეთი იყო. კალკულატორი სად გვქონდა და "ჩოთქი" ხუთიანზე ვიცოდი, მილიონებს წამებში ვყოფდი და ვამრავლებდი. აღწერაზე რომ მოდიოდნენ, გიჟდებოდნენ, რა კარგი კადრი გყავთო. თავიდან ცოტა დანაკლისები მქონდა, მაგრამ როგორც წარჩინებულს და შრომისმოყვარეს, მპატიობდნენ და ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა. 20 წელი მეუღლესთან ერთად, ამ მაღაზიაში ვიმუშავე, სადაც იმპორტული საქონელი შეგვქონდა: ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ისეთი რაღაცები, რისი შოვნაც მაშინ ჭირდა. ვცდილობდი, ყველასთან საერთო ენა გამომენახა და მყიდველებს ვახალისებდი: ვინმე 20 მანეთის საქონელს რომ იყიდდა, მას რაღაცით ვასაჩუქრებდი; მეტს იყიდდა? კიდევ უფრო მეტად ვცემდი პატივს. ამ მაღაზიის წყალობით არა მარტო ხევში, არამედ სხვა რაიონებშიც გამიცნეს...

შემიყვარა სოფელმა, რადგან მადლის კეთება არასდროს მეზარებოდა და ახლა ვფიქრობ, რომ უფლისგან მოდიოდა ეს ყველაფერი. ჩემს სოფელში, სადაც დავიბადე, წმინდა გიორგის ტაძარია. მიყვარს წმინდა გიორგი, ჩვენი მფარველი ანგელოზია და თუ რამე შემეშლებოდა, მაგალითად ჩემს დას ხანდახან რომ გავულაწუნებდი, ვიცოდი, ეს დანაშაული იყო, ცოდვა ჩავიდინე და ტაძარში გავრბოდი, უფალო, მიშველე, რა ვქნა, მოჩხუბარი ვარ და ამისთვის არ დამსაჯო-მეთქი. როცა ადამიანს უფლის შიში გაქვს და თან ადამიანები გიყვარს, უნებურად ცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში, გარშემო მყოფებზე იზრუნო და მერწმუნეთ, ამაზე უკეთესს ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ...

- პირველი რესტორნის გახსნა რამ გადაგაწყვეტინათ?

- 90-იან წლებში აირია სიტუაცია და ბევრმა რამემ გადაიარა ჩვენს თავზეც. ჯერ მაღაზია დაიხურა და დავრჩით უსამსახუროდ, თან იმ პერიოდში ჩემი შვილები სტუდენტები იყვნენ. ვაჟი მხატვარია, ქალიშვილმა ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა. სტუდენტების შენახვას თანხა ხომ სჭირდებოდა? მართალია, სწავლის საფასურს არ იხდიდნენ, მაგრამ მილიონი ხარჯი იყო: ბინის ქირა, სტუდენტების სხვა მხრივ შენახვა. მოკლედ, ძალიან გავიჭედეთ, აღარ ვიცოდით რა გვექნა, იმ პერიოდში მაზლიშვილმა სამტრედიაში წამიყვანა სამუშაოდ, რესტორანი ჰქონდა. ახლა ვფიქრობ, ღმერთი იმ გზას გამოგიჩენს ხოლმე, რაც მერე ცხოვრებაში დაგჭირდება. საერთოდ არ ვიყავი სამტრედიაში ნამყოფი და მერიდება-მეთქი, ვუთხარი მაზლიშვილს, მაგრამ მან თავისი გაიტანა და ბუფეტში დამაყენა. 35 წლის ახალგაზრდა ქალი ვიყავი, სიცოცხლით სავსე და არაფერი მეზარებოდა, ამიტომ ხანდახან მიმტანადაც ვმუშაობდი. მოკლედ, იმდენი შემოსავალი გამიჩნდა, რომ შვილებს სწავლაში ხელს ვუწყობდი.

- იმ პერიოდში მეუღლე არ მუშაობდა?

- ჩემი მეუღლე სამუშაოდ სოფელ ღორეშაში წავიდა, რადგან ხევში გაჩერება არ შეიძლებოდა, "მხედრიონელები" ყველაფერს ანადგურებდნენ, გტაცებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, სახლში ვარ ჩასული. 1990 წელია. რაღაც მოუსვენრობამ შემიპყრო და ღამის 4 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე. 39 წლის ვიყავი მაშინ. როგორც იქნა, ჩამთვლიმა და მესიზმრება, ვითომ ჩემი სახლის ნახევარი ჩამოინგრა... მეზობლის ხმამ გამაღვიძა. საათს შევხედე, დილის 5-ის ნახევარია. ჩემმა გულმა იმ წუთში სხვანაირად დაიწყო ფეთქვა. ფანჯარა გავაღე და ნუგზარ, რა მოხდა, რეზო მოკვდა-მეთქი, ხომ? გაოგნდა, - არა, გოგო, საიდან მოიტანე, არ გარდაცვლილა, ავარიაში მოყვა და სურამში, ტრავმატოლოგიურში გადაიყვანესო. თურმე, ხევის "ტეკთან" ვიღაც "კამაზით" დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა, მერე კი სურამში, მორგში გადაუყვანიათ... ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ტრავმა იყო. სიყვარულით გავთხოვდი, მანამდე 7 წელი გვიყვარდა ერთმანეთი და სიკვდილმა ეს ახალგაზრდა კაცი ხელიდან გამომგლიჯა...

თუმცა, ცხოვრება მაინც გაგრძელდა და მივხვდი, უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ვიდრე მანამდე გახლდით... რამდენიმე წლის მერე ჩემი ვაჟი, მამუკა დაქორწინდა. ქალაქში უნდოდა გადასვლა და თბილისში ვერა, მაგრამ იმდენი მოვახერხე, რომ რუსთავში ვუყიდე ბინა. წლების შემდეგ კი თქვა, ისეთ მაგარ ადგილას ვცხოვრობ, აქ რა მინდაო? და ისევ სოფელს დაუბრუნდა. დღეს მხარში მიდგას, რესტორანს ის მართავს, თანაც - წარმატებულად...

286809995-584861906530910-8091464177378998769-n-1658215521.jpg

- ანუ ქმრის გარდაცვალების შემდეგ სამტრედიაში, რესტორანში მუშაობა მიატოვეთ?

- დიახ, სამტრედიიდან ჩამოვედი და მოხუცებულ მამამთილს ვუვლიდი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. ქათმებს ვზრდიდი, ვბარავდი, ვთოხნიდი, ღვინოს ვწურავდი. არ მინდოდა ვინმესთან შევრცხვენილიყავი... ერთი მეზობელი გვყავდა, მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელსაც ვიცოდი, მიწის დამუშავება გაუჭირდებოდა და შევკრებდი ხოლმე ქალებს, მარგალიტას დავეხმაროთ-მეთქი. დავბარავდით და მერე ყველა ჩემთან მიმყავდა სავახშმოდ. ახლა ძალიან ცივილიზებული გახდა სამყარო, თითქოს ერთმანეთს არავინ დაეძებს. არადა, ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო სიყვარული და ერთურთის პატივისცემა. ისევ ღმერთმა უნდა გადაგვარჩინოს, ქვეყნად ისეთები ხდება...

მოკლედ, გავრისკე და 1995 წელს ხევის "ტეკთან" მაღაზია გავხსენი, რომელიც კარგად მუშაობდა, თან გამუდმებით წინსვლაზე ვფიქრობდი და ვინაიდან რესტორანში მუშაობის სპეციფიკა ძალიან კარგად ვისწავლე, გადავწყვიტე, ბედი მეცადა და რესტორნის გახსნაზე მეფიქრა.

აქვე გეტყვით, ბავშვობიდან თონეში ვაცხობდი პურს. პატარები თონეს რომ ვერ ვწვდებოდით, ცომის ჩაკვრის დროს ხან ჩემს დას ვეკავე ფეხებით, ხან პირიქით, მე ვიჭერდი, რომ არ ჩავარდნილიყო. ჰოდა, ახლა ჩემს ყველა რესტორანში თონე გვაქვს, პური ადგილზე რომ გამოვაცხოთ. სხვათა შორის, თავიდან სწორედ ამ იდეამ ამიტაცა: როგორია, შედიხარ რესტორანში, სადაც ეზოში თონეა და იქ პურს თეთრ ხალათში გამოწყობილი რესტორნის მეპატრონე აცხობს... სხვათა შორის, მგონია, რომ ამ იდეამ გაამართლა.

მოკლედ, 1996 წელს რიკოთზე რესტორნის მშენებლობა დავიწყე. არ მქონდა ფული, მიწაც უნდა გადამეფორმებინა, სხვანაირად მშენებლობას ვერ დავიწყებდი, ამისთვის კი თანხმობა მჭირდებოდა. იქ სოფელი აჯანყდა, მიუხედავად იმისა, რომ მიცნობდნენ და პატივს მცემდნენ, - აქ შენ ქათმების დაკვლას დაიწყებ, ჭირიანებს მოიტან და მერე წყალში გადაყრიო (იცინის). მაგრამ არაფერს შევუშინდი. ჩემი რძალი იყო ხაშურის ქალაქვაჭრობის მთავარი ბუღალტერი (რომელიც სამწუხაროდ, ასევე გარდაცვლილია; 3 თვეში, მიყოლებით დავკარგე ძმა და რძალი). მან მითხრა, 7.000 დოლარი მაქვს და თუ გვეყოფა, დაგეხმარებიო. ხარაგაულში, იმ ადგილას გავიფორმე მიწა, სადაც ახლა "ჯარგვალია". ლამის მთელი სოფლის ბიჭები მეხმარებოდნენ, ნისიად იმუშავეს, რომ რაღაც გამეკეთებინა. იმ 7.000 დოლარით კასპიდან აგური და ცემენტი მოვიტანეთ, მეტი ვერაფერი. დანარჩენი, ყველაფერი სვანეთიდან ჩამოვიტანეთ, ნისიად. თონე დავდგით ეზოში, ისეთ ადგილას, რომ ხალხს ცხობის პროცესი ენახა. მდინარე "გადმოვიყვანეთ" ეზოში. მე და მანანამ ყველანაირი ჭურჭელი სახლიდან მოვიტანეთ და გაიხსნა რესტორანი, ვაკურთხეთ კიდეც. მერე "ჯარგვალი" რომ მივაწერეთ, მეგრელი სტუმრებით აივსო იქაურობა. იმერულ-მეგრული სამზარეულო რომ კარგად იმუშავებდა, თავიდანვე გავთვალე. ქვევრები ჩავყარეთ, ღვინოს იქვე ვაყენებდით. მიყურებენ ჩემი ძმა და რძალი, როგორ ვმუშაობ, როგორ ვეპატიჟები ხალხს, როგორ ვცდილობ მომსახურების პარალელურად, მათ სიურპრიზიც მოვუწყო და უკვირთ. 5-ჯერ მაინც უნდა მივსულიყავი სუფრასთან, ხომ არაფერი გნებავთ-მეთქი? ერთ მაგიდასთან სამტრედიელები ისხდნენ. მიცნეს და მეც ყველა დავპატიჟე, მერე კიდევ სხვებს მოვემსახურე უფასოდ და ჩემი რძალი ქმართან მისულა: კაცო, ეს ყველას პატიჟებს, რაღა გვეშველებაო? (იცინის)...

- ეს ხომ მართლაც ზარალი იყო რესტორნისთვის....

- არა, ჩემო კარგო, სიკეთე არასდროს იკარგება! როცა ადამიანს პატივს სცემ, ამით რამეს კი არ კარგავ, პირიქით, ადამიანებს შეიძენ; ის ვიღაც შემდეგშიც შენთან მოვა და სხვასაც მოიყვანს...

ერთი წელი მოვუნდი ვალების გასტუმრებას, ორი წლის მერე წელში გასწორდა რესტორანი და, ჩემს ადგილზე სხვა ხომ დაიწყებდა ამით ტკბობას? მე პირიქით, ვიგრძენი, რაღაც ახალი მჭირდებოდა... ჰოდა, ეს რესტორანი ძმას და ჩემს ვაჟს ჩავაბარე, მე კი პარტნიორი მოვძებნე და უბისის ზღაპარზე დავიწყე ფიქრი. ისეთ ადგილას გადავწყვიტე ახალი რესტორნის აშენება, ვერავინ რომ ვერ იფიქრებდა, იქ მშენებლობის წამოწყება ხელსაყრელი თუ იქნებოდა. მაგრამ ვფიქრობ, პრინციპულ და გაბედულ ადამიანებთან არის უფალი! ჰოდა, წავედი, დიდი ტრაქტორი წავიყვანე და ერთ დღეში გავაკეთებინე ჩასასვლელი დიდი ფართო გზა იქამდე, სადაც რესტორნის აშენება მინდოდა, ქვევითაც მოვასწორებინე ყველაფერი. მერე ერთგვარი პლაჟი მოვაწყვეთ, ქოლგები შევკერეთ და ნავები ისე ჩავდგით, რომ მათზე ქეიფი შესაძლებელი ყოფილიყო, ხის სახლი ააგეს ბიჭებმა. ცხადია, თონესაც თვალსაჩინო ადგილი მივუჩინე - იქაც მე უნდა მეცხო პური.

22552968-162212504365011-2092218531321669996-o-1658215507.jpg

- ალბათ ცნობილი ადამიანების მასპინძლობამაც მოგიწიათ...

- კი, ბევრი იყო ასეთი შემთხვევა, მთავრობის წევრებიც ხშირად მოდიოდნენ, მაგრამ ახლა ჩემთვის განსაკუთრებულ ერთ ამბავს გამოვარჩევ: ჩავაკრავდი ხოლმე თონეში პურს, მერე ამოვიდოდი, ხელებს დავიბანდი და სტუმრებთან მივდიოდი იმის გასარკვევად, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. ერთხელაც მაგიდასთან დასხდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ახალგაზრდა ბიჭი ახლდათ, ეტყობოდა, მათი შვილი იყო. მივედი, - რას მიირთმევთ-მეთქი? უცნაური შეკვეთა მივიღე: ერთი მოხარშული კალმახი, ერთი ცივი, გუშინდელი პური, ნაბეღლავი და ორი ნაჭერი ჭყინტი ყველიო. გამიკვირდა... როცა ანგარიშის გასწორება მოინდომა, უარი ვუთხარი, არაფერია საჭირო-მეთქი. ეს კაცი გაგიჟდა, - ქალბატონო, ვინ ბრძანდებით? რას ჰქვია, არ მახდევინებთო? მეპატრონე ვარ და მინდა გაგიმასპინძლდეთ-მეთქი. გადაირივნენ, მადლობა გადამიხადეს. მერე მითხრეს, რომ ზღვისპირეთიდან მოდიოდნენ, სადაც მოიწამლნენ და ამიტომ შეუკვეთეს ასეთი სადილი. მე ორი ცხელი პური ქაღალდში გავუხვიე და მივაწოდე, გზაში მიირთვით-მეთქი. ლამის გადაირია და ცოლს გასძახა: მანქანიდან წიგნი მომიტანეო. წიგნს გაუკეთა ასეთი წარწერა: "საქართველოს ტრასებზე კაცს რად უნდა საგზალი, როცა გზაში ასეთი მასპინძლები გხვდებიან. ქალბატონ ნუნუს დიდი სიყვარულით. პატივისცემით, პოეტი გიზო ნიშნიანიძე". ეს რომ ვნახე, ლამის გადავირიე: ვაიმე, ბატონო გიზო, შეიძლება ჩაგეხუტოთ-მეთქი? - მოდი, გენაცვალე, მოდი, შვილოო, - მითხრა. ეს იყო საოცრება...

იცით, ფული ჩემთვის ყოველთვის იგივე იყო, რაც გამხმარი ფოთოლი, მასზე შეყვარებული არ ვარ, მაგრამ ღმერთმა მაინც მომცა. ნაქირავებში ვცხოვრობდი, არც ბინა მქონდა, არც მანქანა, მაგრამ ხალხს მაინც ვეპატიჟებოდი, ყველასთვის მინდოდა პატივი მეცა - ესაა ცხოვრება, წუთია წუთისოფელი და არ ღირს ყველაფერი თანხის შენახვას შეალიო...

- სამი რესტორნის მმართველი, როგორც მითხრეს, მცხეთაში საკუთარი ხელით უმასპინძლდებოდით სტუმრებს...

- დიახ, მცხეთაში ძალიან ლამაზი რესტორანი ავაშენეთ... სხვათა შორის, იმ პერიოდში ყველაზე მეტ პრობლემას წავაწყდი. ვაგონში ვცხოვრობდი, სადაც პატარა გაზი მქონდა და მარტო, იქ ვამზადებდი ყველაფერს. არც მანქანა მქონდა და დიდუბიდან პარკებაკიდებული, სამარშრუტო ტაქსით მივდიოდი რესტორნამდე, იქ მუშაობა რომ ამეწყო. ბევრი ვიწვალე, ავაწყვე კიდეც საქმე, მაგრამ... საბოლოოდ, მიზეზების გამო, მისი გაყიდვა მომიხდა. ეს იყო ჩემი დიდი გულისტკივილი, მარცხი. გავყიდე რესტორანი და გავისტუმრე ვალი, ხოლო რაც დამრჩა, ის თანხა ბანკში შევიტანე... ყურებჩამოყრილი, მარცხით გამწარებული ჩამოვედი თბილისში, სადაც ჩემს ქალიშვილს ბინა ჰქონდა დაგირავებული. შვილის მეგობრები მოდიოდნენ და მამხნევებდნენ... გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოვახერხე და თბილისში შევიძინე რესტორანი, რომელიც ჩემებურად გადავაკეთე, მერე საკმაოდ გაითქვა სახელი. ჟურნალისტებიც მოვიდნენ გახსნის დღეს, მე კი, მიმზიდველი სიუჟეტები რომ გამოსულიყო, ხბოები და ინდაურები დავაბი ეზოში. იქვე დედლებიც დასეირნობდნენ (იცინის)... საღამოებს თავად ვუძღვებოდი, ახალ-ახალ იდეებს ვახორციელებდი. ამ რესტორანში მეძინა კიდეც და ბოლოს ახლობლებმა მთხოვეს: წადი აქედან, ბინა იქირავე, ნორმალურად რომ გამოიძინო, თორემ ასე დაიღუპებიო. მართლები იყვნენ, მაგრამ თავს არ ვზოგავდი, რომ ჩემი დაწესებულება საუკეთესო ყოფილიყო...

სამაგიეროდ, ახლა დადგა დრო, როცა თავს დასვენების უფლებას ვაძლევ, საქმეებს კი ჩემი ვაჟი წარმატებულად უძღვება და მადლობა უფალს ამისთვის. სხვათა შორის, ჩემი შვილიშვილებიც ჩემს გზას გაჰყვნენ და თავიანთ ბიზნესს წარმატებულად უძღვებიან. მიხარია, შრომა რომ უყვართ, ნულიდან დაიწყეს მათაც ყველაფერი და მშობლებს არ შეჰყურებენ ხელებში...

290670165-1057382101552084-7493579265608324213-n-1658215491.jpg

- დაბოლოს, შევაჯამოთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

- არ უნდა იყო მორიდებული. მიზანდასახული, გამბედავი, რისკიანი ადამიანები აღწევენ წარმატებას. მშრომელი, კეთილი და მიმწოლი უნდა იყო, ოცნებები რომ აისრულო. ასევე, იმედიანად უნდა იყო განწყობილი და უფლის გჯეროდეს. ვერაფერს იშოვი, თუ ღვთის წყალობა არ მოგვყვება. მე ვფიქრობ, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის გავჩნდი ამქვეყნად და ყველას იმავეს ვთხოვ, ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი...

ლიკა ქაჯაია