"გალიაში გამოკეტილ ჩიტს დავემსგავსე, რომელსაც გულით სწადია ისევ იფრინოს" - გზაპრესი

"გალიაში გამოკეტილ ჩიტს დავემსგავსე, რომელსაც გულით სწადია ისევ იფრინოს"

სიცოცხლით სავსე გოგონა - მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო, მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა. უკვე 11 ოპერაცია ჩაუტარდა და კიდევ რამდენიმეა საჭირო, რომ გოგონამ ოცნება აიხდინოს: "რაც ყველაზე მეტად მინდა, არის ის, რომ გავიგო, რატომ მიმატოვა შეყვარებულმა და რას ფიქრობს ჩემზე. მინდა დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას, ისევ შევძლო ხატვა, ფოტოების გადაღება, ცურვა, ცეკვა და მეგობრებთან ერთად გართობა. აქამდე ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, ახლა კი გალიაში გამოკეტილ ჩიტს დავემსგავსე, რომელსაც გულით სწადია ისევ იფრინოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია... მეგობრებო, თქვენი იმედი მაქვს და მადლობას გიხდით ყველას მხარში დგომისთვის...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დავამთავრე 31-ე სკოლა. ვიდრე ავარიაში მოვყვებოდით, ვცხოვრობდი ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებით, არც მდიდარი ვყოფილვარ, არც ღარიბი, მაგრამ თითქოს არც არაფერი მაკლდა. ბევრი მიზანი მქონდა დასახული და ოცნებების ასასრულებლად შეძლებისდაგვარად ვიბრძოდი. 2 წელი ვსწავლობდი ფოტოგრაფიას და ძალიან მინდა, პროფესიონალი ფოტოგრაფი გავხდე. მომწონს ფოტომოდელობაც. ასევე, 4 წელი ვცეკვავდი "ერისიონში", 7 თვე დავდიოდი სამეჯლისოზე და 7 თვე - სამოდელო სტუდიაში, 9 თვე - ჰიპ-ჰოპზეც. მოკლედ, ძალიან მიყვარდა და მიყვარს ხელოვნება. ხშირად, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვხატავდი ან ფოტოებს ვიღებდი, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპია იყო, მაგრამ ამ ავარიამ სრულიად შემიზღუდა ცხოვრება, ვეღარც ვხატავ, ვეღარც ფოტოებს ვიღებ და ვერაფერს ვაკეთებ, რისი კეთებაც სულით და გულით მიყვარს...

- ახლა რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?

- ჩემი ოცნებაა, ისევ დავინახო სამყარო და ადამიანები იმ ფერებში, როგორშიც ვხედავდი... ავარიაში მოვყევი 2021 წლის 15 იანვარს. იმ დღემ დაანგრია ჩემი ცხოვრება. ამ ტრაგედიის დროს შეყვარებულიც ჩემთან ერთად იყო, რომელმაც რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ, მალევე მიმატოვა. საჭესთან ჩემი დიდი ხნის მეგობარი იჯდა, რომელმაც ერთხელაც არ მომიკითხა. მისი მშობლები საავადმყოფოს კართან იქამდე იდგნენ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ არ მოვკვდებოდი და მათი შვილი ციხეში არ წავიდოდა... ავარიის მომენტები სიზმარივით მახსოვს.

- როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე ოპერაცია ჩაგიტარდა...

- დიახ, უკვე გავიკეთე 11 ოპერაცია და კიდევ რამდენიმეა ჩასატარებელი... მქონდა ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობა, ჩემივე ძვლები თვალებში მქონდა შერჭობილი. ცალი თვალი საერთოდ აღარ მაქვს. მხოლოდ დიდ სინათლეებს ვხედავ. ფილტვები დათრომბილი მქონდა. დავკარგე მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი და მარჯვენა ფეხის ხუთივე თითი, ასევე მივიღე მარცხენა ფეხის წვივის სამივე ძვლის მოტეხილობა... მოკლედ, ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, თუმცა, ღმერთის წყალობით, გადავრჩი...

ავარიაში რომ მოვყევი, 18 წლის ვიყავი და ჩემს მეცხრამეტე დაბადების დღეს რეანიმაციაში, მძინარე მდგომარეობაში შევხვდი... როდესაც გავიღვიძე, მიამბეს, რომ ჩემს დაბადების დღეზე, ოჯახის წევრები ტორტითა და ბუშტებით მოსულან საავადმყოფოსთან...

რეანიმაციაში ყოფნის რაღაც მომენტები მახსოვს. ხელები საწოლის სახელურებზე ბინტით დაბმული მქონდა, რადგან ვცდილობდი, მილები, რაც სხეულზე მქონდა დამაგრებული, როგორმე მომეგლიჯა. ვერ ვიაზრებდი, სად ვიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ხშირად ვტიროდი. მეგონა, რომ იმ მომენტში შემეძლო ლაპარაკი და ვცდილობდი მეთხოვა ხელების ახსნა, რათა შინ გავეშვით...

ჩემთან რეანიმაციაში ხშირად მოდიოდა ბებია, რომელიც მელაპარაკებოდა, მამხნევებდა და ცრემლებს მწმენდდა. აი, დედას რეანიმაციაში მოსვლის მომენტები არ მახსოვს. მახსოვს ასევე რეანიმატოლოგის ხმა, რომელიც მეუბნებოდა: "მარიამ, გაიღვიძე. აბა, ცოტა ხნით გამოფხიზლდი და მერე ისევ დაგაძინებთ". როდესაც სრულიად გამომაფხიზლეს, გონს მოვედი და დავიწყე ნორმალური აზროვნება, მაშინაც ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი. იმისდა მიუხედავად, რომ ვერაფერს ვხედავდი, მაინც ვცდილობდი დამეწერა რაც მაინტერესებდა და ამაში ექიმები მეხმარებოდნენ. მაშინ ლაპარაკი არ შემეძლო იმის გამო, რომ ტრაქეაში მილი მქონდა ჩადგმული. პირველი ის ვიკითხე, სად ვარ-მეთქი? - არაფერი გახსოვს, რა მოხდაო? დავწერე - "არა". შემდეგ მითხრეს, რომ ავარიაში მოვყევი, როცა დაბადების დღიდან მოვდიოდი. დავსვი კითხვა: "როდის მოვყევი ავარიაში?" და როდესაც მითხრეს დრო, - წითელი მუსტანგით მოვყევი ავარიაში-მეთქი? როცა გავიაზრე, რაც მოხდა, ისტერიკული ტირილი ამიტყდა და ამის შემდეგ პირველი კითხვა იყო: "როგორ არიან დანარჩენები?" ეს ამბავი პირველმა ვინც გამაგებინა, იყო ერთ-ერთი ექთანი რუსკა, რომელსაც ძალიან მივეჯაჭვე, სულ მას ვკითხულობდი და ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. სხვა ექთანებთან და ექიმებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ხშირად აღნიშნავ, რომ მეგობრებზე, ვისთანაც ერთადაც მანქანაში იყავი, გული გწყდება...

- იცით, როცა გონს მოვედი, ჩემს მდგომარეობაზე მეტად, მათზე ვინერვიულე და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ადამიანებმა მე მიმატოვეს. ყველაზე მეტად ჩემი შეყვარებულის მხარში დგომა და გამხნევება მჭირდებოდა მაშინაც, ახლაც... დედას ერთადერთი მოსვლა მახსოვს რეანიმაციაში, როცა ნათლიასთან ერთად მოვიდა და ეს იყო რეანიმაციიდან გამოწერამდე ორი დღით ადრე, 28 მარტს. მაშინ ამომიღეს ტრაქეადან მილი და პირველი სიტყვები, რაც ვთქვი, იყო: "დედა, მიყვარხარ". მერე ტირილი დავიწყე და ჩავეხუტე, ცოტა ვილაპარაკეთ, მერე კი ჩემები სახლში წავიდნენ... რადგან ლაპარაკი შემეძლო, გადავწყვიტე შეყვარებულისთვის დამერეკა, რომელიც სიგიჟემდე მენატრება და მიყვარს. როდესაც ყურმილი აიღო, - შენი ხმის გაგონებას დიდი ხანია, ველიო, - მითხრა და დასძინა: - მეგონა, როდესაც გაიღვიძებდი, არ გეხსომებოდა ჩემი თავი ან აღარ გენდომებოდა ჩემთან ყოფნა, აღარ გეყვარებოდი და ამის ყველაზე მეტად მეშინოდა, შენი ნახვა მინდაო. ვთხოვე ექიმს, რომ შემოეშვა და იმანაც დაურეკა, ცოტა ხნით ვნახავო, შემიშვითო. ექიმმა ნება დართო და მოვიდა. მეუბნებოდა, რომ ძალიან ვენატრებოდი და ძალიან ბევრი რამ მოხდა, რასაც ერთი სული ჰქონდა, როდის მომიყვებოდა. ცოტა ვილაპარაკეთ. მეკითხებოდა, ვხედავდი თუ არა მის სახეს? ვგრძნობდი, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, როცა მელაპარაკებოდა. მალევე მოვიდა ექიმი და უთხრა, რომ წასვლის დრო იყო. მან სთხოვა, კიდევ ცოტა ხანს დავრჩებიო... წასვლის წინ მკითხა: შეიძლება ლოყაზე გაკოცო? აქ პირბადით და სტერილური რაღაცებით შემომიყვანეს და ამიტომ გეკითხებიო, მერე კი ჩუმად მაკოცა ლოყაზე და გაიპარა სახლში. დღემდე ახსოვს ჩემს ლოყას მისი კოცნა. მეუბნებოდა, რომ ყოველდღე ჩემთან უნდოდა ყოფნა, რომ მას უნდა გამოვეყვანე საავადმყოფოდან და სახლში წავეყვანე. თუმცა, გამოწერის დღეს არ მოვიდა და ტელეფონიც გათიშული ჰქონდა... გამოწერიდან ხუთ დღეში სახლში მომაკითხა. მაშინაც მეკითხებოდა, ვხედავდი თუ არა მის სახეს? ისევ მკითხა: "შეიძლება გაკოცო ლოყაზე?" მაკოცა და წავიდა... მას შემდეგ ერთი თვე არ გამოჩენილა, მერე მირეკავს, გვიან ღამით და მეუბნება, რომ ძალიან მოენატრა ჩემი ხმის გაგონება. რაღაც პერიოდი მირეკავდა ხოლმე, შემდეგ კი საერთოდ გაქრა. არადა, იმ საუბრის მერე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მიმატოვებდა. არასანდო და სანდო წყაროებიდან რაღაცები ვიცი მის შესახებ: როგორ იყო, სად იყო და რას აკეთებდა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ძალიან მენატრება და მიყვარს. ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემზე. ჩემს სიზმრებში მხოლოდ ის არის... ამ ყველაფრის გადატანაში მეგობრები და ოჯახის წევრები ძალიან დამეხმარნენ, თუმცა მისი გვერდში დგომა მაინც ძალიან მჭირდებოდა...

ისედაც, ბევრი მეგობარი დავკარგე... ჰოდა, ჩემს თავს ილუზიები შევუქმენი, თითქოს სიზმარში ვარ და როცა გავიღვიძებ, ეს ყველაფერი შეიცვლება - ასე მიმარტივდება ცხოვრების გაგრძელება, ასე მირჩევნია...

292099598-1059298475021756-1214990360933318813-n-copy-1658215792.jpg

- სოციალურ ქსელში აქტიური ხარ და პოპულარულიც...

- სოციალურ ქსელებში ჩემი პირველი გამოჩენა "დედების ფონდის" დამსახურებაა. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ ოპერაციის გასაკეთებლად დიდი თანხა იყო საჭირო და ახლაც ფულის შეგროვებას ვცდილობთ ისევ ოპერაციისთვის, რომელიც მჭირდება, მხოლოდ ჩემი სახსრებით კი ამას ვერ მოვახერხებდი და ვერც ახლა მოვახერხებ... ჰოდა, როცა გზას ვეძებდი ფულის შესაგროვებლად, ერთ-ერთმა ადამიანმა მომწერა, რომ მიმემართა "დედების ფონდისთვის". როდესაც მათ დავუკავშირდით, მოითხოვეს ავარიამდე და ავარიის შემდეგ გადაღებული ვიდეოები, ფოტოები... ჩემი დღევანდელი სახით ვიდეოების გადაღებაზე ცოტა დაფიქრება დამჭირდა, რადგან მეგონა, შეყვარებულმა იმიტომ მიმატოვა, რომ მახინჯი ვარ. თუმცა, სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა გადამეღო ვიდეო, რადგან ამის გარეშე ფულს ვეღარ ვაგროვებდი და ვერც ოპერაციას გავიკეთებდი, მე კი ცხოვრება მიყვარს...

როდესაც "დედების ფონდმა" დადო ჩემი ვიდეო, დაიწერა უამრავი კარგი კომენტარი, რამაც გამაბედნიერა და გამაბედვინა სხვა ვიდეოების გადაღება, ატვირთვა. უკვე აღარ მეშინოდა ხალხის რეაქციის, ცუდი კომენტარების. წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ უფრო თავისუფლად, ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ყველა ძალიან თბილ, პოზიტიურ წერილებს მწერს. ბედნიერი ვარ ამით. სულ მინდოდა პოპულარული ვყოფილიყავი და ახლა, უამრავი "მიმდევარი" მყავს. ვცდილობ მაგალითი და სტიმული ვიყო სხვებისთვის. მინდა, როდესაც გამოვკეთდები, პროფესიონალი ფოტოგრაფი გავხდე და ბევრი საქველმოქმედო ღონისძიება მოვაწყო. ხალხის დახმარება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გავიგე, რომ გერმანიაში თვალის უჯრედოვან გადანერგვაზე ატარებენ კვლევებს. მინდა, მეც მქონდეს მეორე თვალი, ორივედან ვხედავდე და ამაშიც მჭირდება ხალხისგან ფინანსური დახმარება, რადგან ჩემს ოჯახს არანაირი სახსრები არ აქვს საიმისოდ, რომ გერმანიაში გამგზავნონ.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აქამდე დამეხმარა და მეხმარება. აქამდე ხალხის დახმარებით მოვედი და ამის მერეც მათი იმედი მაქვს...

P.S. თუ მარიამის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ თიბისი ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE71TB7166645064300035 (ლეილა გერცი)

ასევე, საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE62BG0000000162441132 (მიმღები მარიამ ტატანაშვილი)

ან თავად დაუკავშირდეთ მარიამს სოციალური ქსელის მეშვეობით - "მარიამის დღიურები"...

წინასწარ გიხდით მადლობას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.

ლიკა ქაჯაია