რით შეაშინა ეროსი მანჯგალაძემ გრიმიორი ლონდონში წასვლამდე - გზაპრესი

რით შეაშინა ეროსი მანჯგალაძემ გრიმიორი ლონდონში წასვლამდე

თეატრში თავის „სამფლობელოში“ - საგრიმიორო ოთახში როცა შედის, ჯერ ფანჯარასთან მიდის; იქიდან ხელმარჯვნივ ქაშვეთის ეკლესიის გუმბათი მოჩანს, მარცხნივ - სამების ტაძრის (ოღონდ ღამით...). ყოველ მისვლაზე და წამოსვლის წინ ტაძრებს შეავლებს თვალს - პირჯვარს იწერს; მისთვის ეს რიტუალია... რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი გრიმიორი ნათელა წიკლაური თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონია. უქმე დღე - ორშაბათი არასდროს არ უყვარდა, იმიტომ, რომ იმ დღეს თეატრში არ მიდიოდა. წელს, თეატრმა განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა... ის 50 წელზე მეტია, აქ მუშაობს.

- სპექტაკლის ყურების შესაძლებლობა გაქვთ ხოლმე?

- ყოველთვის არა, იმიტომ, რომ ყველა ერთად გრიმს ვერ გაიკეთებს. მსახიობები სცენებისა და სურათების მიხედვით ხან რიგრიგობით იკეთებენ გრიმს, ხან რომელიმეს ვხვდებით მცირე ფოიეში და იქ მიდის ცვლილებები, ზოგჯერ ამ ოთახში შემოდიან...

- ამ სფეროთი როდის დაინტერესდით?

- სკოლა თეთრიწყაროს რაიონის ულამაზეს და ისტორიულ სოფელში - ლასტის ციხეში (მანგლისთან ახლოსაა) დავამთავრე. თბილისში სამხატვრო-საგრიმიოროზე ვსწავლობდი, პირველი გამოშვება ვარ. იცით, რატომ ჩავაბარე? ჩემმა მოქანდაკე მამიდაშვილმა მირჩია: სამხატვრო კოლეჯში ახალი ფაკულტეტი იხსნება და გთხოვ, ერთ წელს შეელიე; ძალიან საინტერესო სამუშაო გექნება თეატრებში, კინოში და ა.შ. დავუჯერე და კმაყოფილი ვარ. თეატრიც და თეატრის ხალხიც პირველივე დღიდან საკუთარი ოჯახივით შემიყვარდა და ასე გრძელდება.

კოლეჯში საოცარი პედაგოგები გვყავდა: უსაყვარლესი აპოლონ გამყრელიძე, სერგო ისაბეგოვი, ნინა პეტროვა, ჟორა ფესვიანიძე. სტუდენტებს ხშირად გვიტარებდნენ ლექციას სხვადასხვა თეატრში. პირველი დიდი სიხარული ის იყო, რომ ყველა სპექტაკლს ვესწრებოდით, მერე ვსწავლობდით გრიმის, პარიკის, წვერ-ულვაშ-წამწამის გაკეთებას და ა.შ. ქალთა განყოფილებაში ნინა პეტროვასთან მიმამაგრეს. ადრე ასე იყო - გრიმიორი ან მარტო ქალებთან მუშაობდა, ან მარტო მამაკაცებთან. ქალბატონმა ნინამ ჩემი თავი მსახიობ ქალბატონებს ასე წარუდგინა: გაიცანით, ჩვენი სტუდენტია, კარგი და მშრომელი გოგოო.

- რთული იყო თავიდან?

- ჩემი ძვირფასი მსახიობები პირველი გაუბედავი ნაბიჯების დროს მხარში მედგნენ. ვერ აღგიწერთ, როგორ მიმიღეს, როგორ ჩამიხუტეს, უცხოობა წამითაც არ მიგრძნია. მერე თანდათან ხელიც და გონებაც გავიწაფე. ბედნიერი ვიყავი, რადგან სულ ამას მეუბნებოდნენ: ნათელა, შენ მოდი ჩვენთანო...

- მსახიობების უმრავლესობა გრიმს თავად იკეთებს. ამის გამო ალბათ საქმე შეგიმცირდათ, არა?

- ახლა ნამდვილად ასეა, მაგრამ ადრე სხვანაირად იყო... გრიმიორები არ ვართ ძალიან დატვირთულები, თუ არ ვიგულისხმებთ იმას, როცა საჭიროა პარიკების მომზადება. მათ ჩვენ ვქსოვთ.

- როცა მსახიობი თქვენი გრიმით უკმაყოფილო დარჩა და გისაყვედურათ ან შენიშვნა მოგცათ - ასეთი შემთხვევა ყოფილა?

- შეიძლება რამე არ მოსწონებიათ, მაგრამ არ უთქვამთ... პირიქით, გეფიცებით, სულ მადლობას მეუბნებოდნენ. ერთხელ გამიბრაზდა მკაცრი და მომთხოვნი ქალბატონი, ასაკოვანი მსახიობი თამარ თარხნიშვილი. ჩათვალა, რომ პარიკი ისე ვერ მოვარგე, როგორც წინა სპექტაკლზე. ძალიან ვუყვარდი და მეც მიყვარდა. - ქალბატონო თამარ, ზუსტად ის პარიკია, არ შემიცვლია-მეთქი. არ შევეკამათე, სიმართლე ვუთხარი. მერე მეუბნება: შემთხვევით, უკუღმა მხრიდან ხომ არ დამახურეო? - არა, ქალბატონო თამარ, უკუღმა საერთოდ შეუძლებელია-მეთქი. ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი და მერე ისე თბილად აღარ მხვდებოდა, როგორც მედიკო ჩახავა, სალომე ყანჩელი... მსახიობების საგრიმიოროში მორიგ შესვლაზე, ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა თამარმა მითხრა: მოდი ახლოს, უნდა ჩაგეხუტოო... ჩემთვის ჯილდო იყო ის ჩახუტება.

„ხანუმაში“ ეროსი მანჯგალაძე ულვაშსა და პარიკს იკეთებდა. ჩვენი უძვირფასესი მთავარი გრიმიორი, აპოლონ გამყრელიძე მაშინ უკვე ასაკში იყო და ერთ დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა. უსაყვარლესი კაცი იყო... ერთხელ მითხრა: ნათელა, გენაცვალე, მშრომელი გოგო ხარ და ერთ რამეს გთხოვ, დამეშურე - ყოველდღე რაღაც მკითხე და ცოდნა გაიღრმავეო. უცნაური რამ დამემართა. მანამდე სულ ვეკითხებოდი და იმის შემდეგ „ჩავიკეტე“ - აღარაფერი მიკითხავს; მარტო გვერდით მივუჯდებოდი და მის მუშაობას ვაკვირდებოდი... მოკლედ, იმ დღეს მთხოვა ბიძია აპოლონმა, რომ ეროსისთვის მიმეტანა პარიკი, სადაც ორი ერთნაირი ულვაში იდო. წებო და გრიმები მსახიობებს ოთახში აქვთ. - შეიძლება, ბატონო ეროსი-მეთქი? - მობრძანდი, წიკლაუროო! - ასე მეძახდა, თან ისე საყვარლად, რომ ჩემი გვარი უფრო მეტად შემიყვარდა... პარიკი დავდე, ულვაშები ავიღე და ვეუბნები: ბატონო ეროსი, რომელი ულვაში უნდა გაგიკეთოთ-მეთქი? აი, აქ დავუშვი შეცდომა! ორივე ულვაში თითქმის ერთნაირი იყო. კაცი გაგიჟდა: ეს როგორ მითხარი? მე როლზე ვფიქრობ, ჩემი გონება ამაზეა გადართული... იმიტომ მეკითხები, რომ ერთი ჩემია და მეორე - სხვისიო? - არა, ბატონო ეროსი, ორივე თქვენია-მეთქი! - რომელსაც საჭიროდ ჩათვლი, ის ულვაში გამიკეთეო! სწორი და კარგი შენიშვნა მომცა!

26685138-1998947543761745-6760669115826323175-o-copy-1658735249.jpg

ერთხელ კიდევ... არ ვიცი, ამის თქმა ღირს?.. გასტროლზე ლონდონში უნდა ეჩვენებინათ „რიჩარდ მესამე“ და სიაში მეც ჩამსვეს. ეროსიმ დამინახა თეატრში, დამიძახა და მითხრა: წიკლაურო, ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ ძალიან ფრთხილად მოიქეცი; სპექტაკლისთვის მასალას ყუთში რომ ჩაალაგებ, იქიდან რომ არავინ ამოგაცალოს რამე (ერთი ადამიანი დამისახელა), გასაღები ყუთთან არ დატოვო; მერე შეიძლება, ლონდონში სპექტაკლის ჩაშლა დაგაბრალონო! ძალიან შევწუხდი. ეროსი თავზე მომეფერა. მადლობა გადავუხადე. მსგავსი რამ გაგებული არ მქონდა... ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იმ დროს და ახლაც.

- რომელ მსახიობთან მეგობრობთ ან მეგობრობდით გამორჩეულად?

- ვერავის გამოვარჩევ, ყველა ჩემი მეგობარია. ისინიც პატივისცემით მექცევიან. მიყვარს ჩემი მსახიობები, განსაკუთრებით მიყვარდა (არავისთვის საწყენი არ იქნება) საოცარი ქალბატონები: მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, ზინა კვერენჩხილაძე, ზაზა ლებანიძე, მარინა თბილელი, იზა გიგოშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო?! „გრუშეს“ როლისთვის გრძელი თმა ვერ იშოვეს და იზამ მითხრა, ჩემს შვილს აქვს გრძელი თმა, შევაჭრიო. მოიტანა და ულამაზესი თმის ერთი ღერიც არ დამიკარგავს, ისე მოვქსოვე პარიკი. ქართული თმა უმაღლესი ხარისხისაა. პარიკი იზას საკუთრება იყო და თეატრიდან როცა წავიდა, თან წაიღო. მერე თათულისთვის (დოლიძე. - ავტ.) სხვა პარიკი მოვქსოვე.

საზღვარგარეთიდან მსახიობებს აუცილებლად რაღაც სუვენირი მოჰქონდათ ჩემთვის, ხელცარიელი არასოდეს ჩამოსულან. ყველაფერი შენახული მაქვს. სიყვარულით ვიხსენებ ერთ ეპიზოდს: სოხუმში გასტროლებზე ვართ. სასტუმროში სალომე და მედეა ყოველთვის ერთ ნომერში ცხოვრობდნენ, მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს სალომემ ჩუმად მითხრა: ნათელა, დილით კარზე მოგიკაკუნებ და იცოდე, ერთად წავიდეთო. - კი, ბატონო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ აჩმაზე მეპატიჟებოდა. - ქალბატონი მედიკო არ წამოვიდოდა? - ვკითხე სალომეს. - რას ამბობ! იმან რომ გაიგოს, აჩმა ვჭამე, მომკლავსო (მსახიობები წონას აკონტროლებდნენ)... 3-4-ჯერ გავეპარეთ მედიკოს.

- როცა უამრავი საქმე გქონიათ, ცაიტნოტში ყოფილხართ?

- მუშაობასა და ნერვიულობაში ზოგჯერ ღამე მითენებია. სპექტაკლისთვის - „ქალი-გველი“ მთავარმა მხატვარმა გოგი მესხიშვილმა ესკიზები მომიტანა. მკაცრად გამაფრთხილა: არავითარ შემთხვევაში, არავის არაფერი გაუკეთო თავის ნებაზე, მიჰყევი ესკიზებს, თუ არა და, შენ დაისჯებიო!.. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მსახიობს არ მოსწონებია მხატვრისა და რეჟისორის გადაწყვეტილება მის როლთან დაკავშირებით და ცოტა სხვანაირი უნდა, დავუშვათ, პარიკი... ეს ტრადიცია გრძელდება, ამიტომ ყველას უარს ვეუბნები. გოგიმ მომცა დავალება: უნდა გამეკეთებინა მოცულობით დიდი, მაგრამ ძალიან მსუბუქი პარიკი. ვიფიქრე - როგორ, რანაირად, სწორი თმით გავაკეთო, ხვეულით?.. ჰოდა, ბევრი ფიქრის შემდეგ, ჩვეულებრივი თმის კრეპი გავაკეთე, რომელიც დავწანი და ორი საათი ვხარშე. თმა რომ გავშალე, საკმაოდ გაფუვდა... ისე გამიხარდა, თითქოს ამერიკა აღმოვაჩინე. პარიკი ძალიან მოეწონა მხატვარსაც, რეჟისორსაც. ნინო კასრაძის გმირს ახურავს.

- წლების განმავლობაში ალბათ უამრავი პარიკი გაგიკეთებიათ, როგორ უვლით?

- გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული, დაახლოებით 2010 წლამდე რაც პარიკებია თეატრში, ძირითადად ჩემი მოქსოვილია, ნაწილია - ჩემი თანამშრომლების. ბოლო პერიოდში უამრავი ხელოვნური პარიკი შემოვიდა საქართველოში. ახლახან დაიდგა სპექტაკლი „ტანგო“, სადაც არც ერთი არაა ჩემი. ხელოვნური პარიკების ხარისხით უკმაყოფილო ვარ. ისინი ულამაზესია თავიდან, რაღაც დროის მანძილზე, მაგრამ მერე უხეშდება, ითელება, ფუჩეჩი ხდება. ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკები ძვირი ღირს და ჯერჯერობით ჩვენთან არ შემოაქვთ.

ნამდვილ თმას ჩრჩილი უჩნდება, ამიტომ პირველ რიგში, პარიკი არ უნდა იდოს ცელოფანში. აპოლონ ბიძია მიყვებოდა, სეზონის ბოლოს როგორ ჩაჰქონდათ პარიკები ეზოში და საავიაციო ბენზინში რეცხავდნენ. თეატრებს საავიაციო ბენზინს და ასევე, ათ თუ ოც ლიტრ სპირტს აძლევდნენ. ახლა პარიკებს შამპუნებსა და ბალზამებში ვრეცხავთ.

samushao-otaxshi-copy-1658735201.jpg

- მთავარი გრიმიორი ბრძანდებით და რა საფეხურები გაიარეთ? პედაგოგობის სურვილი არ გაგჩენიათ?

- ჯერ ხარ გრიმიორი, მერე - უფროსი გრიმიორი და ოდესღაც ხდები მთავარი გრიმიორი. პედაგოგი კარგა ხანია ვარ, ბევრი მოსწავლე მყოლია. სამხატვრო სასწავლებლებს ჯგუფების გახსნის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ იმის შესაძლებლობა არ იყო, რომ თეატრში 30 ბავშვისთვის გესწავლებინა. მოსწავლეები ახლაც მყავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ცოდნა და ეს სპეციალობა, ადრე თუ გვიან, დაიკარგება! ვხედავ, რომ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, მაღალი ხელფასი უნდათ, რომელიც უცბად არ მოდის, ის ცოდნას მოაქვს. ბოლოს და ბოლოს, ხელფასით თუ ვერ დაკმაყოფილდები, კინოს, ტელევიზიას შეითავსებ, კერძო შეკვეთებს აიღებ.

- საერთოდ, ამ სპეციალობით ახალგაზრდები ინტერესდებიან?

- ნაკლებად... ბევრი ეუფლება ვიზაჟისტის პროფესიას, მაგრამ რანაირად იქსოვება ულვაში, წვერი თუ წამწამი, ამის სწავლა არ უნდათ, რადგან შრომატევადია. ასეთი მიდგომა არ მომწონს. პირველ რიგში, საქმე უნდა გიყვარდეს, მთავარი ფული არ არის. სხვათა შორის, მარტო საქართველოს თეატრებშია პარიკის ქსოვის ტრადიცია. უცხოეთში ვყოფილვარ და იქაური კოლეგებისგან ვიცი, რომ თეატრი ესკიზის მიხედვით შეკვეთას აძლევს სხვაგან და მერე იღებენ მზა პარიკებს. მინიმუმ, ორი მქსოველი სპეციალისტი მაინც უნდა ჰყავდეს თეატრს. თუმცა, საქსოვი მანქანა რომ გვქონდეს, რა თქმა უნდა, შრომა გაადვილდებოდა. რასაც სავარაუდოდ, ერთი თვე ვანდომებ, მანქანა ორ საათში აკეთებს.

ნანული ზოტიკიშვილი