ზღაპრად მოთხრობილი “ციფრული ნარკომანია” მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე - გზაპრესი

ზღაპრად მოთხრობილი “ციფრული ნარკომანია” მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

“ზღაპარი დაკარგულ დროზე” - მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ბავშვებს კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა. სტუდენტი რეჟისორის, გიორგი ქლაინის სადიპლომო სპექტაკლი პატარებსა და მათ მშობლებს ციფრულ მოწყობილობებთან გატარებული გაფლანგული დროის შესახებ შეახსენებს.

ნამუშევარი ევგენი შვარცის პიესის ახალი ინსცენირებაა, რომლის ავტორებიც ანანო მირიანაშვილი და გიორგი ქლაინი არიან.

მოწყობილობებზე დამოკიდებულება, მავნე გამოსხივება, უარყოფითი გავლენა ტვინის ფუნქციონირებასა და განვითარებაზე, ჩამორჩენა ასაკობრივი განვითარების პროცესში, სიმსუქნე, ძილისა და ფსიქიკური დარღვევები, აგრესიულობა, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, რეალობასთან დაშორება, ურთიერთობების გართულება - ეს იმ უარყოფითი გავლენების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბავშვებზე ციფრულ მოწყობილობებთან გადაჭარბებული კონტაქტი იწვევს. კვლევების მიხედვით, ყოველი მეთერთმეტე ბავშვი 8-18 წლის ასაკში უკვე “ციფრული ნარკომანია”.

291918522-718879679399932-3872656427347090608-n-1658735365.jpg

გარდა ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემებისა, ციფრული მოწყობილობების გადაჭარბებით მოხმარება მოზარდებს ცხოვრების ეტაპებს შორის ყველაზე ძვირფასსა და ნაყოფიერს - ბავშვობის პერიოდს ართმევს. ეს თითქმის პანდემიაში გადაზრდილი პრობლემა რეჟისორს ზღაპრად აქვს მონათხრობი - სილაღით, ხალისით, იუმორით, სიჭრელითა და სიმსუბუქით.

სპექტაკლში როლს ცხრა ბავშვი ასახიერებს. ნამუშევარში მათი მონაწილეობა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის გამოცხადებულ მსახიობთა შერჩევაზე გადაწყდა. პროექტის სცენოგრაფიაზე, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, ნინო-ნუცა ჭყონიამ იმუშავა. ქორეოგრაფია დავით მეტრეველს, მუსიკალური გაფორმება კი ლევან გვაზავას ეკუთვნის.

შორენა ლაბაძე