“უძველესი კულტურის მქონე ერს იტალიელის ცეკვა გაგვიკვირდა?!” - გზაპრესი

“უძველესი კულტურის მქონე ერს იტალიელის ცეკვა გაგვიკვირდა?!”

იტალიელმა ალესანდრო კარუზომ “ტიკ-ტოკზე” გამოქვეყნებული ვიდეოებით ქართველების, განსაკუთრებით კი ქალბატონების გული დაიპყრო. იტალიაში მცხოვრები შმაგი მეძმარიაშვილი ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ტიკ-ტოკზე” ატვირთულმა მისმა ვიდეომ და სიტყვებმა ბევრი გაანაწყენა, მერე კი უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა ვიდეოს ავტორისა და ზოგადად, ქართველი მამაკაცების მისამართით.

შმაგი საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა: ხელოვნებაზე, სიმღერასა და პოეზიაზე შეყვარებული. მღერის, წერს ლექსებს და მხატვრული კითხვის ოსტატიც გახლავთ.

- წარმოშობით იმერელი ვარ. წყალტუბოში არსებობს სოფელი მუხიანი. გავიზარდე თბილისში, დავამთავრე 29-ე საშუალო სკოლა და სწავლა კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავაგრძელე. რაც შეეხება ოჯახს, გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მამა ინჟინერია, დედა - კულინარი. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სითბოთი და სიყვარულით სავსე. ჩემი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) სერგო მუქერია წერდა ლექსებს, იყო თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი. მისი შესრულებული არაერთი სიმღერა ამშვენებს ქართულ ოქროს ფონდს, მაგალითად: „სამტრედია, სამტრედია“, „თხამ ვენახი შეჭამა“... ამ ყველაფერმა განაპირობა ხელოვნებისადმი ჩემი სიყვარული. მუსიკალური განათლება არ მაქვს, ბავშვობაში ქორეოგრაფიით უფრო ვიყავი გატაცებული. მერე და მერე გამიჩნდა ინტერესი, როგორც სიმღერის, ასევე - პოეზიის მიმართ. ჩემი პირველი სტუდიური ჩანაწერი იყო „მე ავმღერდები“, რომელსაც გიორგი ბექაურთან ერთად ვასრულებდი. ეს იყო პირველი სიმღერა ჩემს ლექსზე. მახსოვს, რადიოში რომ მივიტანეთ, ემოციებით ვიყავი აღსავსე, თან მიხაროდა და თან ვნერვიულობდი. დღესაც ყოველი ახალი ნამუშევარი, ეს იქნება ლექსი თუ სიმღერა, დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ამ სიმღერამ, იმ დროისათვის და ამ გადმოსახედიდან, დიდი წარმატება მომიტანა. გიორგი ბექაურს უკვე იცნობდა საზოგადოება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა იდეამ გაამართლა, რისთვისაც მადლობას ვუხდი გიორგის, კარგ ქართველს. შემდეგ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება, მეტი ინტერესი და ამოცანა გამიჩნდა - არაერთი ღონისძიების მონაწილე და ორგანიზატორი ვიყავი, მუსიკა და პოეზია ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი ადამიანი გამეცნო ამ სფეროში და ასე გავიცანი ქალბატონო ნანა ცინცაძე. მახსოვს მასთან პირველი ზარი, მისი თავმდაბლობა, ჩვენი დიალოგი და ჩემი ემოციები. ქალბატონი ნანა გაეცნო ჩემს ლექსებს. არ დამავიწყდება რჩევები, რომლებიც მისგან მივიღე. შემდეგ ჩავწერე სიმღერა მის ლექსზე „უბერებელი არხოტის დილა“, რომლის პრემიერაც გია ჯაჯანიძის შოუში შედგა. ეს იყო პირველი სოლო სიმღერა, რომელიც მსმენელმა შეიყვარა. ამას მოჰყვა კონცერტები, გასტროლები და ბევრი ტკბილი მოგონება დამრჩა.

- რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ წასვლა?

- მეექვსე წელი დაიწყო, რაც იტალიაში, ქალაქ მილანში ვცხოვრობ. აზრად არ მქონია ემიგრაციაში წამოსვლა და ჩემი ქვეყნის დატოვება, მაგრამ ასე მოხდა. ყველაზე ტკბილი წლები და მოგონებები მაკავშირებს ჩემს ქალაქთან - პირველი სიყვარული, დრო, როდესაც მეგობრებთან ერთად დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში ინსტრუმენტებით, ვუკრავდით, ვმღეროდით და გარშემო ყველაფერი ანათებდა. მახსოვს, როგორ ვუკითხავდით ლექსებს გოგონებს... ერთხელ, ჯერ ათენში და შემდეგ იტალიაში გავემგზავრე. დიდ სითბოს ვგრძნობდი ემიგრანტებისგან და ვაფასებდი მათ ასეთ დამოკიდებულებას. წარმატებული კონცერტების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, მაგრამ გადავწყვიტე, იტალიაში წავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მქონია პრეტენზია, მეწოდებინა საკუთარი თავისთვის ან ვოკალისტი, ან პოეტი, მსურდა, ამ მიმართულებით განვვითარებულიყავი.

293364724-618060062837044-4500959181964322183-n-copy-1658736300.jpg

- შორიდან ალბათ მკაფიოდ ჩანს, რა ხდება საქართველოში. ემიგრანტები ხშირად გვსაყვედურობენ აქ დარჩენილებს, რომ ბევრი რამ სწორედ ჩვენი ბრალია. საინტერესოა, რას იტყვით საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?

- ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, რა ხდება საქართველოში. შორიდან დანახული ბევრად ლამაზია, ერთ დიდ ტკბილ და ბედნიერ ოჯახს ჰგავს. გული მწყდება რიგ საკითხებზე და ხშირად დავფიქრებულვარ შეცდომებზე, რომელშიც წვლილი ყველა ქართველს მიგვიძღვის - მეც, თქვენც და თითოეულ ადამიანს. ამ წლების განმავლობაში ვცდილობ, თავი დავიმკვიდრო, გავიჩინო უცხოელი მეგობრები და მათთან ერთად ბევრი კარგი პროექტი გავაკეთო. ჩემი სამშობლო ჩემს ფიქრებშია დახატული ისეთი, როგორიც მინდა, რომ იყოს. 4 წლის შემდეგ პირველად, ახლახან მოვახერხე ჩამოსვლა და საოცარი ემოციები დამეუფლა. როგორც მუზეუმში, ისე ვაკვირდებოდი ყველაფერს. ბევრი რამ დამხვდა შეცვლილი. მივესალმები პროგრესსა და წარმატებას, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება...

- რაც შეეხება პოეზიის განსაკუთრებულ სიყვარულს, როგორც ვიცი, თვითონაც წერთ ლექსებს, დეკლამატორიც ხართ; თქვენ მიერ წაკითხული ლექსები მსმენელს მოსწონს.

- სკოლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩემი საყვარელი პოეტია გალაკტიონი, მისი შემოქმედება განსხვავებულ ემოციებს აღმიძრავს. პირველად საჯაროდ წავიკითხე ნანა მეფარიშვილის ლექსი „თუ გიყვარს“, ჭაბუკა ამირანაშვილის მუსიკაზე, რომელიც შექმნა ფილმისთვის „სვანი“. დიდი მოწონება დაიმსახურა; რა თქმა უნდა, იყო ნეგატიური გამოხმაურებაც. დღესაც ბევრი მწერს კომენტარებში, რომ თურმე ხმას ვიბოხებ და ეს არაბუნებრივია. ლოგიკურია, სასაუბრო ხმა განსხვავებულია “შემოქმედებითი” ხმისგან. ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებდი ერთ-ერთ სოციალურ ქსელს და გადავწყვიტე, ჩემ მიერ წაკითხული ლექსებიც დამედო. მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც მოიწონა ჩემი შემოქმედება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვარ პროფესიონალი და რასაც ვაკეთებ, არის ემოციებითა და შეგრძნებებით ნაკარნახევი. მიუხედავად ნეგატიური კომენტარებისა, მაინც ვეცდები, იმ ხალხის გული გავახარო, ვისაც ჩემი ლექსით მცირედ სიამოვნებას ვანიჭებ. უარყოფით კომენტარებს პოზიტივით ვხვდები და ვცდილობ, ჩემი სიმშვიდით მაგალითი მივცე ყველას, ვინც აგრესიულია.

- ქართველი ქალბატონების ნაწილი გააღიზიანა ვიდეომ “ტიკ-ტოკზე”, რომელშიც ამბობდით: იტალიელ მაჩოზე ნაკლები წვერ-ულვაში გვამშვენებს ქართველ ბიჭებს თუ მათზე ნაკლები გვარიშვილობა და სისხლი გვაქვსო?!. ალბათ იტალიელ ალესანდრო კარუზოს გულისხმობდით, რომელმაც დააინტერესა ქართველები, განსაკუთრებით - ქალბატონები.

- გარკვეულმა ნაწილმა არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი და თუ ვინმეს რამე სტკიოდა და აწუხებდა, ყველაფრის მიზეზი მე აღმოვჩნდი... როდესაც პირველად ვნახე ქართულ სიმღერებზე გადაღებული იტალიელის ვიდეოები, მეც და ჩემი სამეგობროც პოზიტიურად შევხვდით. მინდა, სათქმელი სწორად და ამომწურავად გადმოვცე. როგორ შეიძლება, ადამიანმა ქართულ სიმღერაზე იცეკვოს და მე ეს არ გამიხარდეს მაშინ, როდესაც იტალიელებთან ხშირად ვსაუბრობ, თუ რამდენად კარგია ჩვენი ქვეყანა; საინტერესოა თავისი უძველესი კულტურული ძეგლებით, არქიტექტურით, კულინარიით, სიმღერებითა და ქორეოგრაფიით; რამდენად გამორჩეულები ვართ, თუნდაც დამწერლობით!

გავიგეთ, რომ იმღერა და დავუკარით ტაში. კიდევ ერთხელ ვამბობ - მივესალმები, თუმცა, მისი ვიდეოებიდან გამომდინარე, ამ ადამიანში ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა... უძველესი კულტურის მქონე ერს იტალიელის ცეკვა გაგვიკვირდა?! ან შეგვეფერება მსგავსი გადამეტებული რეაქცია მაშინ, როდესაც ჩვენი კულტურა არაფრით ჩამოუვარდება ევროპულს?! ადამიანს აქვს პლატფორმა, რომლის ამჟამინდელი იდეოლოგია ითვალისწინებს სხვადასხვა ერის ერთ სივრცეში გაერთიანებას, მაგრამ მიკვირს, რომ ჩემი ვიდეოს გავრცელების წუთიდან არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც დაფიქრდებოდა, თუ რა შეიძლებოდა მდგარიყო ამ მესიჯის მიღმა. წამოვიდა აგრესია, დაიწყეს ლანძღვა, გაღიზიანების მიზეზი უფრო მეტად აღმოჩნდა ის, რომ ვახსენე ქართული მოდგმა და სისხლი... რატომღაც დაბოღმილ ადამიანად შემრაცხეს და იმის მტკიცებაში იყვნენ - სად გვყავს ჩვენ ქართველი ვაჟკაცები, როცა უცხოეთში ამდენი ქალია სამუშაოდ წასული და თავიანთი შემოსავლით არჩენენ ამ ქართველ ვაჟკაცებსო!.. ნუთუ მათ წრეში, სამეგობროში არ არიან საუკეთესო ქართველი მამები და ქმრები?! თურმე მუქთახორები ვართ ქართველი კაცები. ერთი სიტყვით, უამრავი უტაქტო კომენტარი იყო. არც მეუღლე მყავს და არც არავინ გამიგზავნია სამუშაოდ. მესმის მათი ტკივილი და მხოლოდ ამიტომ ვინარჩუნებდი სიმშვიდეს. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ეს მესიჯი მივუძღვენი იმ საზოგადოებას, რომელიც სხვისას ეთაყვანება, ქართველს კი აკნინებს, მის ღირსებას ლახავს... ამის უამრავი მაგალითია და ჩემზე უკეთ ეს იმ ქალბატონებმა იციან, რომლებმაც უღირს ადამიანად შემრაცხეს. სად არის ეს ხალხი, როდესაც ჩვენი სპორტსმენები იმარჯვებენ ან როცა ქართული ხმა იპყრობს მსოფლიოს? მაშინ რატომ არ დასცემენ ხოლმე პატრიოტული სულისკვეთებით ყიჟინას? მხოლოდ სოციალურ ქსელში, ერთმანეთის დასანახავად წერენ ტრაფარეტულ წინადადებებს. ვისაც სიმართლე დავანახვე, ისინი გაჩუმდნენ და ვინც არაფერ შუაში იყო, მათ გოლგოთის გზა გამომატარეს. ვიმსახურებდი მსგავს დამოკიდებულებას?.. თუ ვიმსახურებდი, კეთილი, მივესალმები და მადლობას გადავუხდი თითოეულს, მაგრამ მაინც ჩემს აზრზე დავრჩები. ჩემი არც სახელი იციან, არც გვარი, არც ჩემი საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ იციან რამე - მაინც მლანძღავენ! აქ რაც ხდება უღირსი ქართველების ხელით, ამას ბევრი არ ამბობს, რადგან ეშინიათ! 50 ევროს გამო მზად არიან, თანამემამულეები უსახლკაროდ დატოვონ! ასეთები 10 წუთში 100 ევროს რომ იდებენ ჯიბეში, მე ხელისგულები მაქვს გადატყავებული, რათა ჩემი ნაშრომი პატიოსნად შეერგოს ჩემს ოჯახს, ჩემი არსებობით სხვას არ ვაძულებ ქართველობას!

italieli-2-copy-1658736281.jpg

- ასეთივე რეაქცია გაქვთ ხოლმე მაშინაც, როდესაც ქართველ კაცებს უცხოელი გოგონები მოსწონთ?..

- სწორი იქნებოდა გეკითხათ, როგორი რეაქცია გვაქვს, როცა ქართველი მანდილოსანი ატორღიალებულია ვიღაცას და ქართველ კაცს ამაყად ჩაუვლის... აქ დავასრულებ ამ თემაზე საუბარს.

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც პატივს სცემენ წარსულს, ღირებულებებს, ადათ-წესებს, ასეა?

- დიახ, ასეა, გავიზარდე ოჯახში, სადაც ქალის სიტყვა ფასობს და მისი აზრი პატივსაცემია. მახსოვს, ბავშვობაში მამა რომ გამომხედავდა, გასაგები ხდებოდა, სად ვუშვებდი შეცდომას. ისე გავიზარდე, არ მახსოვს ხმამაღალი სიტყვა, ჩვენს ოჯახში სიმშვიდე სუფევდა, სითბო, თავმდაბლობა, ღირსება; სტუმართმოყვარეები, მეგობრულები, ჭირისა და ლხინის გამზიარებლები იყვნენ ჩემი მშობლები და მეც ამ მაგალითზე მზრდიდნენ.

- ბოლოს ისიც მითხარით, რა გეგმები გაქვთ - აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას ახლო მომავალში?

- საერთოდ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ. თუ რამე შემოქმედებითი სიახლეა ჩემ ირგვლივ, ხასიათისა და განწყობის ამბავია. ამიტომ წინასწარ არ შემიძლია არაფრის თქმა, მით უმეტეს, ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის რთულია მომავლის დაგეგმვა. რაც შეეხება დაბრუნებას, ჯერჯერობით არც ეს მაქვს გადაწყვეტილი.

ნინო ჯავახიშვილი