პარალელები უკრაინაში მიმდინარე ომსა და რომის იმპერიაში განვითარებულ სისასტიკეს შორის - გზაპრესი

პარალელები უკრაინაში მიმდინარე ომსა და რომის იმპერიაში განვითარებულ სისასტიკეს შორის

ახმეტელის თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა უილიამ შექსპირის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, “ტიტუს ანდრონიკუსის” ჩვენებით შედგა.

გმირები, ფსევდოგმირები, ომი, სასტიკი ძალადობა, შურისძიება და თავგანწირვის საოცარი მაგალითები მაყურებელმა თეატრის სცენაზე ქართველი მსახიობებისა და უკრაინელი რეჟისორის, ოლექსანდრ ჟურაველის თანამშრომლობის შედეგად ნახა.

უკრაინიდან დევნილმა რეჟისორმა არაერთი პარალელი გაავლო წარსულსა და დღევანდელ პოლიტიკურ თუ საომარ პროცესებს შორის. გმირებსა და ანტიგმირებთან ერთად გვიჩვენა ტირანი, რომელმაც არაერთი ადამიანის ბედი და სიცოცხლე საკუთარ არაჯანსაღ ამბიციებსა და სირეგვენეს გადააყოლა. ნამუშევარში მნიშვნელოვანი, მოცულობითი და იმპრესიულია ქალის მიმართ ძალადობის სისასტიკე.

292264974-780536416444774-1754402594874869760-n-copy-1658736411.jpg

რეჟისორის თქმით, ტიტუს ანდრონიკუსი იმ უკრაინელი და ქართველი გმირების კრებითი სახეა, ვინც ამჟამად უკრაინაში ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთის წინააღმდეგ ომში იბრძვის. იბრძვიან ქართველი და უკრაინელი მებრძოლები მხარდამხარ და ამის პარალელურად, ქმნიან ერთობლივ კულტურულ პროდუქტს უკრაინელი რეჟისორი და ქართველი მსახიობები.

ნამუშევარი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელობა არ აქვს როდის, სად მიმდინარეობს ან ვის ინტერესებში შედის - ყველა ომი დამანგრეველია და ადამიანები ომში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მტაცებლებად გვევლინებიან.

შორენა ლაბაძე