„რუსეთში ჩემი ვოიაჟი დასრულდა, ვერ დავაყენე ეკონომიკური მდგომარეობა სულიერზე მაღლა“ - გზაპრესი

„რუსეთში ჩემი ვოიაჟი დასრულდა, ვერ დავაყენე ეკონომიკური მდგომარეობა სულიერზე მაღლა“

ქუთაისს არასდროს აკლდა მუსიკალური კომფორტი. ფალიაშვილის მშობლიურ ქალაქს ვოკალურ-ინსტრუმენტული მელოდიისთვის ყოველთვის ჰყავს ათეულობით გამორჩეული შემსრულებელი. „გზა“ გაგაცნობთ გიორგი გამეზარდაშვილს, რომელსაც ქუთაისისთვის აჩქარებული სუნთქვა, სიყვარული და ნაბიჯ-ნაბიჯ დევნა შეუძლია გამორჩეულად, თავისებურად. ბლიც-ინტერვიუ მომღერალთან მდინარე რიონის პირთან დაიგეგმა და უნდა ვაღიარო, რომ ჯორჯოს ბავშვური გულწრფელობისა და არამატერიალისტური ბუნების გამო ხშირად თემიდან გადახვევამაც მოგვიწია.

- ვინ არის ჯორჯო?

- ჯორჯო არის რიგითი ქართველი, გიორგი გამეზარდაშვილი, რომელსაც უყვარს ადამიანები და სიმღერა. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანი, ვინც თავის სათქმელს ამბობს სიმღერით...

- რას ნიშნავს შენთვის სიმღერა?

- სიმღერა ჩემთვის არის ყველაფერი: სიხარულის, სევდის, ხასიათის გამოხატულება...

- რას ნიშნავს შენთვის ქუჩის მუსიკოსობა?

- ყველგან გიწევს ცოცხლად დაკვრა და შესრულება. ეს რთულია, განსაკუთრებით რთულია იმპროვიზაცია და ამ ყველაფერს მოიცავს ქუჩის მუსიკა. ქუჩაში შესრულება უდიდესი აკადემიაა. საბედნიეროდ, მე მომიწია ამის გავლამ. აქ გრძნობ ხალხის ზუსტ რეაქციას.

სიმღერა ბაღში დავიწყე. ნიჭი ჩემში, ზუსტად არ მახსოვს, ვინ აღმოაჩინა, მაგრამ ჩემი სამუსიკო სასწავლებლის ისტორია იწყება ამ სასწავლებლის დირექტორის გაცნობის დღიდან... ჯერ მუსიკალურში დავიწყე სწავლა, საშუალო სკოლაში კი 1 წლის შემდეგ შევედი... პირველი ჩემი სიმღერა იყო გოგი დოლიძის „ქართველების ერთად ყოფნა“. მისი შემოქმედება ძალიან მიყვარს...

- პედაგოგების ოჯახში გაიზარდე. რას ფიქრობდნენ ოჯახის წევრები შენს გატაცებაზე, პროფესიულ არჩევანზე?

- ოჯახის წევრები ბავშვობიდან ცდილობდნენ, მაქსიმალური განათლება მოეცათ ყველა განხრით, მაგრამ მუსიკა ჩემია და ასე იყო ყოველთვის... მამა საკმაოდ კრიტიკულია და ეს ჩემთვის სტიმულია. რაც შეეხება დედას, ძალიან განიცდის ჩემი და სიგარეტის „ურთიერთობას“, დანარჩენ საკითხებში გვერდით მიდგას...

- ქუთაისი სიმღერის ქალაქია. მას არაერთი მელოდია თუ ტექსტი მიუძღვნეს. მათ შორის შენთვის გამორჩეული რომელია და რატომ?

- მართლაც, ქუთაისზე უამრავი სიმღერა დაწერილა და კიდევ დაიწერება, თუმცა ჩემთვის არის გამორჩეული 2 სიმღერა: ზურა მანაგაძის „დედულეთო“ და ნუნუ დუღაშვილის „ქუთაისო“.

ზოგადად კი, საოცრად მიყვარს და ჩემს სულთან ახლოსაა გოგი ცაბაძე და მისი რეპერტუარიდან სიმღერა „პაწაწინა სამოთხე“, რომელიც ალბათ ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- გარკვეულ ხანს რუსეთში იყავი. რატომ აღარ გააგრძელე იქ კარიერის აწყობა?

- რუსეთში ჩემი ვოიაჟი გასაგები მიზეზით დასრულდა, ვერ დავაყენე ეკონომიკური მდგომარეობა სულიერზე მაღლა. მუსიკა და სიმღერა ერთგვარი სასაუბრო ენაა, ეს ენა რუსეთში სხვანაირია და მე ვერ გავაგებინე ამ ენაზე იქაურ ხალხს ვერაფერი, სამწუხაროდ...

- ლაუნჯ-მელოდიებს ასრულებს. რა მომხიბვლელობა აქვს ამ სტილს?

- რაც შეეხება ლაუნჯს და კაფეს, აქ სრულდება გემოვნებით შერჩეული სიმღერები და მსმენელი ნაღდია; ვიღაც მოდის და იცის, რასაც მოუსმენს. უგემოვნო მსმენელისთვის წამება იქნება ასეთი სიმღერების მოსმენა. ჩემთვის ლაუნჯი არის კომფორტის ზონა.

- სხვა პოზიცია, ტექნიკური სამსახური და მელოდია ავსებს ერთმანეთს თუ ორ საწინააღმდეგო „მეს“ ბადებს შენში?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ორ სფეროს ემსახურო. ჩემს შემთხვევაში, სამწუხაროდ, საწინააღმდეგო მეს ბადებს ნამდვილად და იმედია, ძალიან მალე მხოლოდ საყვარელ საქმეს მივუძღვნი მთელ ჩემს დროს.

- სოციალურ ქსელში გავრცელებული შენი ქუჩაში ნამღერი „გელოდები სახლთან“ ძალიან პოპულარულია...

- ეს სიმღერა სპონტანურად მოვიდა ჩვენთან. თაზო მონიავა საოცრად კულტურული და ნიჭიერი ადამიანი იყო... მე და საბა საფარელმა შევქმენით ამ სიმღერის აკუსტიკური ვერსია და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს დღემდე კაფეებსა თუ ვიწრო გემოვნებიან წრეებში... ამ სიმღერის საავტორო უფლებები ინდირა ჯგერენაიას ეკუთვნის...

- შვილზე მიამბე...

- მყავს 10 წლის შვილი. ძირითადად, კვირა დღეს ვატარებთ ერთად, დილით მივდივართ ეკლესიაში, ვესწრებით მსახურებას. ჩემს შვილს მოსწონს ბუნება, ასტროლოგია და მეც, რითაც შემიძლია, ვაკმაყოფილებ მის ცნობისმოყვარეობას, შემდეგ ვსადილობთ, ვსეირნობთ და საღამოს მიმყავს შინ... ძალიან აინტერესებს სამყაროს შექმნა და საიდუმლოებები, უყვარს ამაზე საუბარი და ხშირად ვლაპარაკობთ ამ თემებზე.

როლანდ ხოჯანაშვილი