საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ მეორის ცხოვრების დეტალები
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2002 წლის 17 ოქტომბერს, პირველი პატრიარქი წმინდანად შერაცხა.
1917 წელს, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სწორედ კირიონ მეორე გახლდათ პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს, მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, მცხეთისა და თბილისის ეპარქიები გაერთიანდა და მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.
წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორე, ერობაში გიორგი საძაგლიშვილი 1855 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მამა, იერონიმე მღვდელი გახლდათ. ოჯახი გორის მაზრის სოფელ ქვენიქოზში ცხოვრობდა. პირველი დაწყებითი განათლება მან მამის დაარსებულ ანანურის სამრევლო სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო და ამის შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა. მოგვიანებით კიევის სასულიერო აკადემიაში გაიღრმავა ცოდნა, პარალელურად დისერტაცია წარადგინა და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიანიჭეს. ოდესის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 1883 წელს, იმდროინდელი საქართველოს ეგზარქოსის გადაწყვეტილებით საქართველოში დაბრუნდა და თელავის, გორისა და ქუთაისის სასწავლებლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. გარკვეული პერიოდი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ზედამხედველი გახლდათ, ასწავლიდა ქართული სიტყვიერების ისტორიას, რუსულ ენას და საღმრთო ისტორიას. 1993 წლიდან კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებასთან არსებული სკოლების ინსპექტორად განაგრძო მუშაობა. როგორც წყაროებიდან ირკვევა, მოკლე დროში ქართლის მთიანეთში ამ საზოგადოებაზე დაქვემდებარებული 19 სკოლა დააარსა. 1896 წელს კირიონ მეორეს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, მას ცოლ-შვილი დაეღუპა. ამ ტრაგედიის შემდეგ ის ბერად აღიკვეცა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა.
1897 წელს კირიონ მეორე ალავერდის ეპისკოპოსად დაინიშნა. საკუთარი ხარჯით აღადგინა ალავერდის საკათედრო ტაძარი. 1901 წელს რუსეთის უწმინდესმა სინოდმა წარმატებული მოღვაწეობისთვის, წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ეს სიგელი დღესაც საქართველოს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება. გორში ეპისკოპოსად მოღვაწეობის დროს ბევრი სამრევლო სკოლა დააარსა. მისი საქმიანობა მეფის რუსეთისთვის მიუღებელი იყო და დასჯის მიზნით რუსეთში გაგზავნეს. რამდენიმე წელი კირიონ მეორემ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაატარა. ჯერ კამენეც-პოდოლსკში, შემდეგ პოზაისკის მონასტერში წინამძღვარი გახლდათ... 1905 წელს, რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, სამშობლოში დააბრუნეს და სოხუმის ეპისკოპოსად დანიშნეს. თავდაუზოგავად ებრძოდა ის რუსეთის იმპერიას. მის წინააღმდეგ დევნა კვლავ გრძელდებოდა და სოხუმის ეპარქიიდან აფხაზთა გაქართველების ბრალდებით გაათავისუფლეს, რადგან იქ წირვა ქართულად მიდიოდა. ისევ რუსეთში, კოვნოში გადაიყვანეს. 1907 წლის სექტემბერში კირიონს ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე საქართველოში ჩამოსვლის უფლებაც კი არ მისცეს. კოვნოდან მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა...
სიცივეში, შიმშილში, მონასტრიდან მონასტერში გაუთავებელი დევნა, უდაბნოში ცხოვრება უწევდა და სულ სიკვდილის მოლოდინში იყო. 1908 წელს, თბილისში ეგზარქოსი ნიქოზი მოკლეს, რაშიც ქართველი სამღვდელოება და მათი წინამძღოლი კირიონ მეორე დაადანაშაულეს. ამ უკანონო ბრალდებით ის დააპატიმრეს კიდეც. ჟანდარმების თანხლებით მონასტერში გაგზავნეს და ცოტა ხანში სინოდიდან ბრძანება მოუვიდათ, რომ სანაქსარის უდაბნოში გადაეყვანათ. იანვარში, ავადმყოფი ეპისკოპოსი ჟანდარმების თანხლების სანაქსარის უდაბნოში მიიყვანეს. ცივ, ნოტიო ოთახში მოათავსეს და გადაცმული პოლიცია მეთვალყურედ დაუნიშნეს. რუსეთის მთავრობა ეპისკოპოსის მისამართით არანაირ ცილისწამებას არ ერიდებოდა. მისმა დევნამ მწვავე ხასიათი მიიღო და ეს იმდენად თვალსაჩინო ყოფილა მაშინ, რომ ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყო კირიონის გათავისუფლების მოთხოვნით. ადამიანის უფლების დაცვის ლიგის თავმჯდომარეს, დეპუტატ ჟორჟ ლორანს 1909 წლის 10 მარტს, ბრიუსელიდან ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ხომიაკოსთვის ეპისკოპოსის წამებისგან დაცვა უთხოვია, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ამ გზამ გაჭრა. თუ როგორ ებრძოდნენ კირიონ მეორეს, ამას ვორსოგოვის სიტყვებიც მოწმობს: “ეპისკოპოს კირიონს ჩამოვახრჩობ და მთელ საქართველოს სისხლით მოვრწყავო”, - ეს ფრაზები 1908 წელს გაზეთში დაიბეჭდა... მკვლელობაში ეპისკოპოსის დადანაშაულებას საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა, მის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. გამოძიებით ბრალი არ დადასტურდა, თუმცა რუსეთიდან მაინც არ გამოუშვეს, მღვდლობის უფლება ჩამოართვეს და მისი დევნა-შევიწროება კვლავ გაგრძელდა.
კარგა ხანს სანაქსარის მონასტერში გამოკეტილი ჰყავდათ, შემდეგ 1912 წლიდან ხერსონის ეპარქიაში გადაიყვანეს. ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ამბობდა, “ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია და ძალა ტანჯვაშია”.
1914 წელს კირიონ მეორეს, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან გაგზავნილი წერილით მძიმე მდგომარეობიდან გათავისუფლება და სამშობლოში დაბრუნების უფლება უთხოვია. ამის შემდეგ მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობა მოუხსნეს, თუმცა ისევ რუსეთში დატოვეს. განსხვავება ის იყო, რომ კვლავ მღვდლობის უფლება მისცეს. სამშობლოში დაბრუნებამდე პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქიაში მუშაობდა. მშობლიურ სამშობლოში მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს დაბრუნდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციით ისარგებლა ქართველმა სამღვდელოებამ და საგანგებო საეკლესიო კრებაზე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა კირიონთან დელეგაცია გაგზავნა, რათა იგი საქართველოში დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში. კირიონმა მათ ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ მოწვევას მტკიცე უარით უპასუხა, თუმცა ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით, 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი გამოემგზავრა. სამშობლოში დაბრუნებულს არაგვის ხეობაში ას ოცამდე ცხენოსანი შეეგება და დიდი ზეიმით მოაცილეს. ამავე წლის 8 ენკენისთვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ყველამ ერთხმად აირჩია კირიონ მეორე. კათოლიკოსმა ურთულესი გზა გაიარა, ამას უამრავი დოკუმენტი მოწმობს, მათ შორისაა ქართველი სტუდენტების წერილი, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ეპისკოპოსს. 1908 წლის 8 მაისით დათარიღებული წერილიდან ჩანს, როგორ ოცნებობდნენ ახალგაზრდები ავტოკეფალიის აღდგენასა და ქვეყნის მწყემსმთავრად კირიონ მეორის კურთხევაზე. “ჩვენ, ხარკოვის ქართველ სტუდენტთა ჯგუფი, ვიჩქარით გიძღვნათ სალამი შეუპოვარ მებრძოლს, თავისუფლებისათვის, ტანჯვა-ვაების ამტანს, ჩაგრულთათვის დაუღალავ მუშაკს და ვდებთ პირობას, რომ თქვენი მიწა-წყლის ახალგაზრდა შვილნი, თქვენი უმცროსი ძმები, თქვენთან ერთად გაილაშქრებს საერთო მტრის წინააღმდეგ და მტრის შემუსვრით ააყვავებენ გათელილ კუთხეს და ჩაგრულ ერს. ვინატროთ, რომ მალე, სულ მალე, მტერი შემუსვრილიყოს, ჩაგრული ერი გათავისუფლებულიყოს და ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მინიჭებოდეს, თქვენ კი მის პირველ მმართველ კათოლიკოსად გვენახოთ... თქვენ აღიკვეცეთ ბერად იმიტომ, რომ უფრო მეტი დრო გქონოდათ ნაყოფიერი მუშაობისათვის, ამ აზრისათვის სრულიად არ გიმტყუნიათ... როს ხედავდის თქვენი ერის დაჩაგვრას და გატიალებას, თქვენ მაშინ მზად იყავით ერთი ხელის დაკვრით დაუძინებელი მტერი მიწასთან გაგესწორებინათ, მაგრამ ამ დროს დაგაშორეს საყვარელ სამშობლოს და ცივი რუსეთისკენ გამოგისტუმრეს. მიუხედავად იმისა, როგორი ძნელი იყო სამშობლოს დატოვება, მაინც არ დასთმეთ, ისევ განაგრძეთ ბრძოლა...”
ძალიან საინტერესო პიროვნება გახლდათ, სასულიერო თანამდებობას ამოფარებული დიდი სიყვარულით მუშაობდა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ქართული ფოლკლორისა და ძირითადად, ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე. მის ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს პირად ფონდში დაცული მრავალი ნაშრომი, გამოკვლევა და მონოგრაფია. მაგალითად, ქართული ეკლესიის ისტორია, მართლმადიდებელი საქართველოს 12-საუკუნოვანი ბრძოლა ისლამის წინააღმდეგ.
კირიონ მეორეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ისტორიული ძეგლების დაცვის საქმეში, უამრავი ღვაწლი აქვს ქვეყნის და ერის წინაშე. მისივე ინიციატივით ჩატარდა მცხეთის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, ალავერდის ტაძრის შეკეთება, საეკლესიო ბიბლიოთეკების ჩამოყალიბება და ბევრი რამ, რომლის ჩამოთვლაც ალბათ შორს წაგვიყვანს.
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის დოკუმენტების გამოყენების განყოფილებაში დაცულია კირიონ მეორის პირადი ფონდი. არქივში 1923 წელს შემოსულა მასალა. კერძოდ დაცულია 217 საქმე, რომელიც მოიცავს XVI-XIX საუკუნეების მასალას. ფონდშია: ხელნაწერი და ნაბეჭდი შრომები, ისტორიული ნარკვევები, პატრიარქის მიერ შეკრებილი მასალა ქართულ, პოლონურ, ლიტვურ, რუსულ ენებზე.
მათ შორის არის ის სიტყვა, რომელიც კათოლიკოსად არჩევის დღეს წარმოთქვა:
“106 წელმა განვლო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიას რუსეთის ძველმა მთავრობამ კანონური ავტოკეფალური ურთიერთობა მოუსპო და სინოდს დაუმორჩილა. ამ ხნის განმავლობაში ქართველი ერის სარწმუნოებრივი უფლება შელახული იყო. ავტოკეფალია ჩვენი ეკლესიის მტერს თავზარსა სცემდა და ვაი იმას, ვინც ამ სიტყვას გაბედულად წარმოთქვამდა. ჩვენი ეკლესიის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, მიზეზი კი ამგვარი მოქმედებებისა იყო მისი უფლებააყრილობა. დღეს დრო იცვალა, რუსეთის რევოლუციის ტალღებში საქართველოს ეკლესიამაც იგრძნო შვება და ეს შვება მისი ავტოკეფალიის აღდგენაში გამოიხატა. ამა წლის მარტის 12-ში, სვეტიცხოველში ქართველი ერის მიერ აღდგენილ იქნა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალური უფლებები და ეს რუსეთის დროებითმა მთავრობამაც დაადასტურა, აქედან იწყება ჩვენი ეკლესიის ახალი ხანა...” არანაკლებ საინტერესოა მისი წარმოთქმული სიტყვა დამოუკიდებლობის დღეს: “დიდება ღმერთსა სულმოთელსა, ყოვლისა კეთილისასა. დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა, 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღედ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენი ნეტარხსენებულსა წინაპართა მუდმივი ტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისადმი და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენის ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდის წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერისავით გვიან გამოცხვა. მადლობა ღმერთს, ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალ ტანჯულ ქართველ ერს. ესე უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა, აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი, 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა, თავისუფალ საქართველოში, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან. ერთობაში არის ძალაო ამბობენ და თუ ასეა, ახლანდელი მომენტი მით უმეტეს ყველასაგან მოითხოვს ძმურ შეერთებას და შრომას. თავისუფლება ის წმინდა და ის ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც ჩვენ გამოგვზარდა და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზე დაატყდება, დაკრავს მას, ველურ კაცის ხარისხედ ჩამოდის იგი, მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის, თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა, თავისუფლება ღვთიური ნიჭია, ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მოპოვებული თავისუფლება... მაშ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს, გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში... მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო, ერთს ქართულ ოჯახში და რომელიც არაერთხელ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში, გაუფრთხილდით მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს, ლოცვა-კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეს და მარად ფარვიდეს ქართველ ერს. ამინ”.
კირიონ მეორის სახელს უკავშირდება კახეთის დედოფალ თინათინის დაკარგული საფლავის აღმოჩენა. საფლავი შუამთის მონასტერში აღმოუჩენიათ... ამ და სხვა საინტერესო ამბებს საქართველოს პირველ კათოლიკოს-პატრიარქზე, “გზის” მომდევნო ნომერში გაგაცნობთ.
თეა ხურცილავა