“ბრძოლის ნებასა და შიშს შორის დიდი სხვაობაა” - გზაპრესი

“ბრძოლის ნებასა და შიშს შორის დიდი სხვაობაა”

იარაღის მუზეუმის იდეა ეთნოგიდს, ქართული საბრძოლო იარაღების კოლექციონერ დავით ნასარიძეს ეკუთვნის. ამბობს, რომ კმაყოფილ და ბედნიერ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. უცხოელ სტუმრებს ქართული საბრძოლო იარაღის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის და ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უძველესი საბრძოლო ტრადიციების ქვეყანა გვაქვს და მსოფლიო სამხედრო ხელოვნების განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ექსპონატების შეგროვება წლების წინ გადაწყვიტა და აბანოთუბანში, ერთ პატარა ოთახში გამოფინა ხმლები, ხანჯლები, წიგნები ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ, სათამაშო ჯარისკაცები…კონტაქტურ მუზეუმში ჩოხების ჩაცმა, ექსპონატების შეხება თუ ფოტოების გადაღება ყველას შეუძლია. საგამოფენო სივრცეში სტუმრობა ქართველი ბავშვებისთვის უფასოა - ჩვენი რესპონდენტის სურვილია, მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს, რომ საქართველო უძველესი სამხედრო ტრადიციების ქვეყანაა.

- აფხაზეთიდან ვარ, წარმოშობით - რაჭველი. ბებიაჩემი გვარად ჟვანია იყო, მამამისი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახლდათ. 1992 წლამდე აფხაზეთში ვიყავით. მე და ჩემი ძმა ბებია-ბაბუასა და ბიძასთან ერთად ჯერ რაჭაში, მერე ქუთაისსა და წყალტუბოში ვცხოვრობდით. მშობლები აფხაზეთში დარჩნენ, თუმცა ბოლოს მაინც მოუხდათ იქაურობის დატოვება. ჯერ კიდევ ბავშვობისას დავიწყე სათამაშო ჯარისკაცების შეგროვება. სხვა ბევრი კოლექციაც მქონდა - მწერების, მარკების, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი მაინც ისტორიისა და ლიტერატურის მიმართ გამიჩნდა. ვკითხულობდი წიგნებს ინდიელებზე, ვუყურებდი ფილმებსაც. ინდიელის ეს 3 ფიგურა სწორედ ბავშვობიდან შემომრჩა, აქ ხელმეორედ შევავსე ჯარისკაცუნების კოლექცია - ზოგი ვიყიდე, ზოგიც მაჩუქეს.

- რამდენი ხანია, რაც მუზეუმი არსებობს და რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?

- ამ კოლექციის შექმნას დიდი შრომა, ფანატიზმი და თავგანწირვა სჭირდება. კორონამდე სხვაგან მქონდა მუზეუმი, იქვე მინდოდა სამჭედლოს გაკეთებაც, მაგრამ ვერ მოვახერხე, აქ კი ძალიან პატარა ფართობია. როდესაც ეთნოგიდი გავხდი, ხან ჯაჭვის პერანგით ვატარებდი ტურებს, ხან ჩოხაში გამოწყობილი.

მეომარი ხალხი ვართ, დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე და მინდოდა, უცხოელებთან ჩვენს საბრძოლო კულტურასა და ტრადიციებზე გვესაუბრა. ჩვენ არ გვაქვს სამხედრო მუზეუმი, არც სახელმწიფო მუზეუმშია აქცენტი იარაღებზე. არადა, აქამდე ჭამა-სმამ და ჩაცმამ კი არა, საბრძოლო ტრადიციებმა მოგვიყვანა. მხოლოდ ის ერები ტოვებენ კვალს და რჩებიან, რომლებიც ან თავად ქმნიან იარაღს, ან კარგად ითვისებენ საომარ ტექნიკას. ვის ომში აღარ ვიბრძოდით, რომელ ქვეყანაში აღარ და ქართული იარაღის შესახებ მშობლიურ ენაზე ერთი წიგნიც კი არ არსებობს. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი, არაილუსტრირებული წიგნები შემოგვრჩა, რითაც თანამედროვე ბავშვებს ვერ დააინტერესებ. ამიტომაც გადავწყვიტე მუზეუმის გაკეთება და რაც წლების განმავლობაში შევაგროვე, გამოვფინე.

- ექსპონატების თავმოყრა იოლი არ იქნებოდა.…

- ჩოხებს, რა თქმა უნდა, ქამარ-ხანჯალი სჭირდებოდა და ვიყიდე. ბოლოს იმდენი დამიგროვდა, რომ გადავწყვიტე, მუზეუმს შევწირავ-მეთქი, მაგრამ მუზეუმს მოოქრული, მოვერცხლილი იარაღი სჭირდებოდა. პანდემია განსაკუთრებით ტურიზმს დაეტყო, ბევრი გიდი სოფელში წავიდა, ბევრმაც დატოვა საქართველო, რადგან ბანკის ვალი დაიდო. მე პანდემიის პერიოდში იარაღებს ვყიდულობდი. სამჯერ დავკეტე მუზეუმი და გადავიტანე სხვა ადგილას. 2 წელიწადი საერთოდ უმუშევარი ვიყავი, თუმცა ექსპონატების სანახავად სახლში მოდიოდნენ და მოჰყავდათ ბავშვებიც, მსტუმრობდნენ ბლოგერებიც. იუთუბიზე მილიონ-ნახევარზე მეტი ნახვა ჰქონდა ჩემს ერთ ოთახში ჩატეულ მუზეუმს. დიდი რისკი იყო კონტაქტური მუზეუმის ხელახლა გახსნა. ვფიქრობდი, რომ ტურისტი აღარ ჩაიცვამდა ჩოხას და იარაღს ხელს აღარ მოჰკიდებდა, რადგან კონტაქტის ყველას ეშინოდა. უკვე 7 თვეა, აქ ვარ, საგამოფენო სივრცეში სტუმრობა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა, მაგრამ რატომღაც მაინც არ ინტერესდებიან.

280861342-136426412305415-8055874753295525855-n-copy-1659338957.jpg

- ტურიზმში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი და განსავითარებელი, შეგიძლიათ პრობლემების შესახებაც გვესაუბროთ?

- უკვე 7 წელი იქნება, რაც ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ვატარებ ეთნოტურებს. თავდაპირველად ტურისტები და მომლოცველები დამყავდა. გადავწყვიტე, უფრო მეტი კოლორიტული ელემენტი შემეტანა ჩემს საქმიანობაში და რომელ კუთხეშიც წავიდოდი, იქაური სამოსი ჩამეცვა, იქაურ ტრადიციებზე მელაპარაკა. თავიდან ტურისტული სააგენტოებიც კი არ ინტერესდებოდნენ ჩემით, მათთვის მისაღები იყო შორტებიანი გიდი, რომელიც მძღოლის ფუნქციასაც ითავსებდა.

ბევრი რამის სწავლა მომიხდა, რომელ კუთხეში როგორი ჩოხა ეცვათ, როგორი ხანჯალი უნდა გკეთებოდა ან როგორი ქუდი გხურებოდა. კარგა ხანს ხურჯინით დავდიოდი, სადაც მედო რამდენიმე ჩოხა, ჩაჩქანი, დამბაჩა, ნალი და საქართველოს დროშა. რესტორნებში უცხოელებისთვის საღამოს რომ გეგმავდნენ, სუფრის გასაძღოლად მეპატიჟებოდნენ, ოღონდ მეუბნებოდნენ, ჩოხის გარეშე მოდიო. საერთოდ აღარ მივდიოდი ეროვნული სამოსის გარეშე. ერთხანს ძალიან გამიჭირდა, მერე ბევრმა გამიცნო, ხშირად ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ. სხვა ჯგუფის გიდებიც კი მეკითხებოდნენ, შეიძლება, ჩემმა ტურისტებმა შენთან ფოტო გადაიღონო?

არ გვაქვს ტურიზმის სფეროში ისეთი კანონები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის კიდევ უფრო განვითარებას. მაგალითად, შეუძლებელია ბრძოლის დადგმა ტურისტებისთვის. უცხოეთში კაჟიანი თოფი და დამბაჩა ცეცხლსასროლ იარაღად არ ითვლება, არც მშვილდ-ისარი და არბალეტი. 6 თვით ადრე ვერ შევათანხმებ, რომ ტურისტები მოისურვებენ ბრძოლის ინსცენირების ნახვას. არადა, ევროპაში არაერთი მოქმედი ციხესიმაგრეა, სადაც ბრძოლებსაც დგამენ და გამოფენა-გაყიდვაც იმართება. ეს არ არის გათვლილი მხოლოდ ტურისტებისთვის, საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები შედიან სკოლებში და მოსწავლეებს უყვებიან, როგორ ეცვათ უწინ, რითი იკვებებოდნენ, როგორ იკერებოდა ჯაჭვის პერანგი, როგორ იქმნებოდა იარაღი. ამით წარსულით აინტერესებენ მოსწავლეებს და ისტორიას აყვარებენ. სხვათა შორის, ტურისტებს სურთ, საქართველოშიც ნახონ მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ისე უნდა დახვდე ტურისტს და ისეთი რამ შესთავაზო, რომ ერთი ნახვით შეუყვარდეს აქაურობა და ჩვენი კოლორიტულობა, გამორჩეულობა იგრძნოს. როდესაც ჩამოდიან, მათ აქვთ მოლოდინი, რომ დახვდებათ ჩოხაში გამოწყობილი გიდი, იქნება სუფრა, მოისმენენ მრავალხმიან სიმღერას. აქ კი ყველაფერი, ძირითადად, რესტორანში ხდება და თანაც, დროში შეზღუდულად. ეს ვერ შეაყვარებთ აქაურობას, ვერ გახდის საქართველოს მათ საყვარელ ქვეყნად. არ მინდა იფიქრონ, რომ საქართველო მხოლოდ ერთხელ სანახავად ღირს ან ბიუჯეტური ქვეყანაა და გემრიელი საჭმლის გარდა, ფულს ვერაფერში დახარჯავ.

- არაერთხელ აღნიშნეთ ჩვენი საბრძოლო შემართებისა და კულტურის შესახებ. დღეს ხშირად გვესმის, რომ ქართველებს ომის გვეშინია.…

- ვისაც უნდა, დღესაც იბრძვის. მე არ ვიცი ქვეყანა, რომელსაც პროცენტულად ჩვენზე მეტი მებრძოლი ჰყავდეს უკრაინაში ან ავღანეთში ამხელა კონტინგენტი ჰყავდეს. ბრძოლის ნებასა და შიშს შორის დიდი სხვაობაა. მე ჩემი ბრძოლა მაქვს აქ; ყველა ისე იბრძვის, როგორც შეუძლია. არ ვერევი პოლიტიკაში, რაც ძალიან მაწუხებს, იმაზე, რა თქმა უნდა, პროტესტს გამოვთქვამ. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, განათლებაში უნდა შევიტანოთ პატრიოტული მოტივები, ქვეყნის და რაც მთავარია, შრომის სიყვარული უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას, ჭირშიც და ლხინშიც ერთად დგომა უნდა შეგვეძლოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა მოვინდომოთ ერთი გზით სიარული და ეს გზა საბოლოოდ სადღაც მიგვიყვანს!

ნინო ჯავახიშვილი