“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილოგრამი ხარ, მთავარია, შეიყვარო საკუთარი თავი” - გზაპრესი

“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილოგრამი ხარ, მთავარია, შეიყვარო საკუთარი თავი”

ხატია ბურჯანაძე და გიორგი მახარაშვილი ზოგს შეყვარებული წყვილი ჰგონია, ზოგს - ცოლ-ქმარი. რაკი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, გადავწყვიტე, თქვენთვის უკეთ გამეცნო ისინი. ძველმა იუთუბერებმა, რომლებსაც მაყურებელი „ტუზდაცემულის“ სახელით იცნობდა, ვიდეოები ჩაწერეს და ასე წარდგნენ მაყურებლის წინაშე. საკმაოდ კარგადაც გამოუვიდათ და მათი გამომწერთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც ხატია ამბობს, მასზე ბევრი კარგი კომენტარიც იწერება და, რა თქმა უნდა, უარყოფითიც, აქცენტს კი ხშირად მის წონაზე ამახვილებენ.

- რაც ეკრანზე გამოვჩნდი, იმატა დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებულმა მეგობრობის თხოვნებმა. რატომ გადაწყვიტეს, რომ დიეტოლოგი მჭირდება და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, არ მესმის. არადა, ბავშვობაში ძალიან გამხდარი ვყოფილვარ, რის გამოც თურმე, ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ მოდელი გავხდებოდი.

- ხატია, ეკრანს მიღმა ვინ ხარ?

- ეკრანს მიღმა ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, მყავს ბევრი მეგობარი და ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

- რატომ დაიწყეთ ვიდეოების ჩაწერა. გიორგის თავისი მაყურებელი კარგა ხანია იცნობს, თქვენ კი ახლახან გამოჩნდით.

- წლების წინ იუთუბერები ვიყავით. ახლა ძალიან ვხალისობ და მეცინება, ძველ ვიდეოებს რომ ვუყურებ, მაგრამ მაშინ ბევრი მაყურებელი გვყავდა. გადავწყვიტეთ, ხალხს მეც გავეცანი. ამიტომ ავტვირთეთ ის ვიდეოები, რომლებსაც ერთად ვიღებდით.

- ისეთივე ხართ რეალურად, როგორიც ეკრანზე ჩანხართ?

- ეს არ არის ეკრანისთვის შექმნილი იმიჯი, სინამდვილეშიც ასეთი მხიარული ვარ. ვინც მიცნობს, ამაში დამეთანხმება.

- თქვენს გამოჩენას მოჰყვა ბევრი არასასურველი კომენტარი, ბულინგიც. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?

- მე იმ ადამიანის აზრი არ მაინტერესებს, ვისაც არ ვიცნობ და პატივს არ ვცემ. ამიტომ არც მათი კომენტარებისთვის მიმიქცევია ყურადღება. ეს ყველაფერი გულთან არ მიმაქვს, პირიქით, მე და გიორგი ბევრს ვხალისობთ მსგავს კომენტარებზე.

- ბევრი ჭორი გავრცელდა თქვენს ურთიერთობაზე. ამბობენ, რომ ხართ ცოლ-ქმარი, შეყვარებულები. რეალურად, ვინ ხართ ერთმანეთის?

- ბავშვობის მეგობრები ვართ. თითქმის მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვიცნობთ და მხარში ვუდგავართ.

- დღეს ძალიან აქტუალური თემაა წონის პრობლემა. არაერთი მოზარდი მიმართავს დიეტას, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია. რას ურჩევდით ამ ადამიანებს?

- არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილოგრამი ხარ ან გარეგნულად ხარ თუ არა ლამაზი, მთავარია, შენ შეიყვარო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. თუ თავს არ შეიყვარებ, სხვაც ვერ შეგიყვარებს.

- ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

- დიახ, ასეა, მაგრამ ჯერჯერობით ჩემს პირადში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მე და გიორგი ვიწყებთ საერთო ბიზნესს, უნდა ავისრულოთ ჩვენი ბავშვობის ოცნება. დღეს მთლიანად ამ საქმეზე ვარ გადართული და პირადი ურთიერთობისთვის დრო არ მრჩება, მარტო ვარ.

- რა ბიზნესზეა საუბარი?

- ორივე მუხრანში ვცხოვრობთ, აქ კი ახალგაზრდებისთვის არ არის არანაირი შეკრების ადგილი, სადაც მეგობრები ყავას დალევენ და გაერთობიან. გადავწყვიტეთ, მუხრანელი და არა მხოლოდ მუხრანელი ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადგილი მოვაწყოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით გამოგვივა.

- ემიგრანტების დიდი ნაწილი თქვენი მაყურებელია. რას ეტყოდით მათ?

- მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ასეთი სითბოსა და სიყვარულისთვის; არა მხოლოდ მათ, ყველა ჩვენს მაყურებელს, ვისაც ვუყვარვართ და სითბოს, სიყვარულს გვინაწილებენ. ემიგრანტებს კი ვუსურვებ, მალე დაუბრუნდნენ სამშობლოს.

293614981-1449758625471376-2667242227726424046-n-copy-1659339120.jpg

- შესაძლებელია თუ არა, სოციალური პლატფორმა იქცეს შემოსავლის წყაროდ?

- პირადად ჩემთვის ასე არ მომხდარა. სოციალურ ქსელს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც მხარეც. ის საფრთხისშემცველია მოზარდებისთვის, რადგან ბევრი არასასურველი და არასაჭირო ინფორმაცია მიეწოდებათ.

- იუთუბზე აღარ აქტიურობთ, ხომ?

- იცით, ვგეგმავთ დავუბრუნდეთ ჩვენს იუთუბარხს და მაყურებლებს ბევრი საინტერესო ვიდეო შევთავაზოთ. ასე რომ, დაგველოდეთ...

ფიქრია რობაქიძე