გაძვირებული რკინიგზა და მედიათეკა, სადაც კონდიციონერი ისევ არ მუშაობს - გზაპრესი

გაძვირებული რკინიგზა და მედიათეკა, სადაც კონდიციონერი ისევ არ მუშაობს

თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა გაძვირდა. 25 ივლისიდან ბილეთების ფასებია: მეორე კლასი - 34 ლარი, პირველი - 74 ლარი, ბიზნესკლასი - 124 ლარი. აქამდე ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლის მეორე კლასით მგზავრობა 25 ლარი ღირდა.

ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი, ბატონი მალხაზი გვესაუბრება.

- ყურადღებას თუ აქცევთ, ყველაფერი ძვირდება ქვეყანაში, ადამიანების შემოსავალი კი არ იმატებს. წარმოუდგენელია, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, რომ ისედაც გაღატაკებულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს.

რკინიგზამდე სანამ მივალთ, ერთ სახასიათო მაგალითზე მოგახსენებთ. ვაკის პარკის შესასვლელში უკვე წლებია, მედიათეკა ფუნქციონირებს. წინა ხელისუფლების მერმა უგულავამ გახსნა დიდი ზარ-ზეიმით და აბონენტს სამ თვეში ერთხელ, მხოლოდ შვიდი ლარის გადახდა უწევდა. შეგეძლო, ამ სიმბოლურ ფასად გამოგეყენებინა ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. ვინც იცნობს აღნიშნულ სივრცეს, გახსნის დღიდან მედიათეკაში სიცოცხლე დუღდა და გადმოდუღდა. ასევე, კვირა არ გავიდოდა, იქ საინტერესო შეხვედრა არ გამართულიყო. რამდენადაც ვიცი, ესეც უფასოდ ხდებოდა, უბრალოდ წინასწარ იყო საჭირო თავისუფალი სივრცის დაჯავშნა. არაერთი საინტერესო დისკუსიის მომსწრე ვყოფილვარ განათებული მედიათეკის სივრცეში.

- მერე რა მოხდა?

- ხომ გახსოვთ, “ქართული ოცნება” როგორი ლოზუნგებით მოვიდა - კომუნალური გადასახადების, საწვავის ფასების განახევრება, უფასო ფული, ასობით ქარხანა და მისთანები. მაღალ მატერიებს რომ შევეშვათ, სულ ცოტა ხანში მედიათეკის გამოყენების საფასური გააორმაგეს ისე, რომ მომხმარებლისთვის არაფერი უკითხავთ. თან არ დაგავიწყდეთ, თანდათანობით მომსახურება გააუარესეს: ზამთარში გათბობა აღარ მუშაობდა და ზაფხულში - კონდიციონერი. ამან კლიენტების უკმაყოფილება გამოიწვია. ფეხებზე ეკიდათ. ისეთი სისტემა ჩამოყალიბდა, არავინ არაფერზე იყო პასუხისმგებელი და მედიათეკის მშვენიერ იდეასაც ნელ-ნელა დედა ეტირებოდა.

- ეს როდემდე გაგრძელდა?

- სანამ “უფროსობას” მაშველ რგოლად კოვიდპანდემია არ გამოეცხადა. იქ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, რის გამოც ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. მთელი ორი წელი აღარ მუშაობდა - პირბადით თუ მის გარეშე საყინულეში ჯდომა მაინც შეუძლებელი იყო. აჩრდილების საუფლოს დაემსგავსა ცოტა ხნის წინ სიცოცხლით სავსე დაწესებულება.

- მაგრამ პანდემია ხომ თითქმის დასრულდა?

- კი ბატონო და ამ გაზაფხულიდან თითქოს მედიათეკამაც მინავლებული სიცოცხლე განაახლა. შევდივარ როგორღაც და მისაღებში ახალმოყვანილ თანამშრომელს ვეკითხები, - რამე ცვლილებები ხომ არ გაქვთ-მეთქი? - დიახ, მომსახურება გაძვირდა, თვეში 20 ლარი გახდაო, - მიპასუხა. - ასე რატომ გააძვირეს, გადაწყვეტილება ვინ მიიღო, ხომ არ იცით: მედიათეკების გაერთიანება ხომ დედაქალაქის მერიას ეკუთვნის, მასში შემავალი ააიპ-ია და ასე როგორ შეიძლება-მეთქი?! - მე სამწუხაროდ, ვერაფერს გიპასუხებთ, უბრალოდ, კოვიდპანდემიის შემდეგ რაც გავიხსენით, ასეთი საფასურიაო, - მისთვის რა უნდა მეთქვა?.. შიდა სივრცეში შევედი, გადავხედე და არა მგონია, მეშლებოდეს... იქ ძირითადად უცხოელი სტუდენტები იყვნენ, ძველი ნაცნობებიდან ვინც ადრე დადიოდა, ვერავინ ვნახე. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია - ბევრი თვეში ოც ლარს ვერ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სახლიდან თავის დაღწევა და აქ მოსვლა ამოსუნთქვა იყო. უცხოელებს არაფერს ვერჩი, მაგრამ იმას მივმართავ, ვისაც პირდაპირ ეხება ეს ბრწყინვალე იდეა - მედიათეკების გაერთიანება თავის დროზე, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვისაც არ წამოიწყეს?!.

- აგრძელებს მედიათეკა მუშაობას?

- აგრძელებს კი არა!.. ამას წინათ შევამჩნიე, რომ სიცარიელე იყო შიგნით, მივედი ახლოს და რას ვხედავ, წარწერაა: კონდიცირების სისტემის რემონტის გამო მედიათეკა სექტემბრამდე არ იმუშავებსო!.. აქ რომ გავჩერდე და აღარაფერი მოგიყვეთ, თქვენთვის ალბათ ყველაფერი გასაგები იქნება. მომხმარებელი ისედაც კანტიკუნტად ჰყავდათ და საკუთარი უნიათობა-უსაქმურობის გამო ისინიც “დაიფრინეს”!..

ჰოდა, წარმოიდგინეთ, დაახლოებით ეს კატეგორია “ამბიონიდან” რომ გადმოდგება და ქადაგებს ერეკლე მეორის დაცვის აუცილებლობაზე. ბიჭო, სად ერეკლე და სად თქვენ - ორი წელი ვაკის მედიათეკაში კონდიციონერი ვერ შეგიკეთებიათ და თქვენ მიიყვანთ ამ გასაცოდავებულ ხალხსა და ქვეყანას ტაძრამდე? მეტი არ იყოს ჩემი მტერი...

- რკინიგზაზე ჩამოვარდა სიტყვა და ვეღარ მივუბრუნდით...

- მოდი, ამაზე აღარაფერს გეტყვით და, ვისაც კითხვები გაუჩნდება, თუნდაც სახელმწიფო სტატისტიკას მიმართოს. უბრალოდ აღვნიშნავ, უსინდისობა-უპასუხისმგებლობა აქ გაცილებით მაღალ დონეზე გრძელდება და ჩვენი საშველი არ იქნება, სანამ საზოგადოება არ გამოფხიზლდება და ვიღაც-ვიღაცებს შინ არ გაუშვებს.

გიორგი მეფარიძე